ბრძანება N 11528

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.06.2025
№ დოკუმენტი 11528
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11528

05 ივნისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 7 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 22 მაისის სხდომაზე (ოქმი №42) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2025 წლის 7 მაისის №95551/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 აპრილის №044-3 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ინვენტარიზაციის დანიშვნის პერიოდში კომპანიის დირექტორი არ იმყოფებოდა საქართველოში, არ ჰქონდა ჩართული ტელეფონი და შესაბამისად, ვერ მოხერხდა ადგილზე დათვალიერება. ასევე, აღნიშნული მიზეზით ვერ მოხერხდა დეკლარაციების გაგზავნა დროულად. მომჩივნის განმარტებით, 2025 წლის თებერვლის თვის დღგ-ს დეკლარაცია წარადგინა ამავე წლის 10 აპრილს და დაბეგრა 396 987 ლარი. ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას რეალიზაციაში და დარიცხული თანხის კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 თებერვლის №1709 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 20 თებერვლიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 7 აპრილის №6638 ბრძანება და ამავე თარიღის №044-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 360 195 ლარი, მათ შორის, გადასახადი 219 413 ლარი, ჯარიმა 108 936 ლარი და საურავი 31 846 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „-------“-ის (ს.ნ -------) საქმიანობას წარმოადგენს ჭურჭლის და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტი ჩინეთიდან და ადგილობრივი რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2023 წლის 20 თებერვალს, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 1 350 489 ლარის საქონელი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 12 თებერვლის №2383 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა საწარმოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათით ირკვევა, რომ ვერ დადგინდა ობიექტის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი და გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების განთავსების ადგილის მისამართი, შესაბამისად, ვერ მოხერხდა ბრძანებით განსაზღვრული პროცედურების განხორციელება. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე შემოწმების მიერ შესამოწმებელი პერიოდის საბოლოო სასაქოლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი განისაზღვრა ნული ლარის ოდენობით. ვინაიდან საწარმოს მხრიდან არ მომხდარა სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაციის წარმოდგენა, მის მიმართ შედგენილ იქნა სამართალდარღვევის ოქმი. ხოლო საგადასახადო შემოწმების მიერ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, შეძენილი საქონელი დაიყო ჯგუფების მიხედვით (ჭურჭელი, წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა). კომპანიას ასევე უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია (საერთო დეკლარირებული შემოსავლის 27%). შემოწმების მიერ მოხდა დოკუმენტური რეალიზაციის დაკავშირება (გაიშიფრა რეალიზაციის 60%) შეძენილი საქონლის თვითღირებულებებთან და განისაზღვრა დოკუმენტური ფასნამატი ჯგუფების მიხედვით (ჭურჭელი - 21,27%; წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა - 21,99%; სხვა - 21,37%), რომელიც გავრცელდა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების თვითღირებულებაზე, (საწყისი და საბოლოო ნაშთი ნულის ტოლია), რის შედეგადაც შემოსავალმა შეადგინა 1 641 299 ლარი, სხვაობა დეკლარირებულსა და შემოწმების მონაცემებს შორის დაიბეგრა დღგ-ით. კომპანიას დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.

შემოწმების მიერ განხორციელდა ფულის მოძრაობის ანალიზი, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი და ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხა, ხოლო ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა შეძენილი საქონლის თვითღირებულება, შეძენილი მომსახურებები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, საბაჟო მომსახურებები და გადახდილი ხელფასები. მიღებული სხვაობა 309 595 ლარის ოდენობით ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რის საფუძველზეც საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისიწნებით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩანიშნული იყო მ/წლის 22 მაისს 16:45 საათზე გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა საჩივარში მითითებულ ნომერზე ვერ მოხერხდა მომჩივანთან დაკავშირება. ასევე, მომჩივანს მითითებულ ნომერზე გაეგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომლითაც ეცნობა განხილვის დრო და ადგილი, მაგრამ მომჩივანი არ დაესწრო საჩივრის განხილვას.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 1 350 489 ლარის საქონელი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 12 თებერვლის №2383 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა საწარმოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, თუმცა ვერ დადგინდა ობიექტის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების განთავსების) ფაქტობრივი მისამართი და შესაბამისად, ვერ განხორციელდა ბრძანებით განსაზღვრული პროცედურა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ შესამოწმებელი პერიოდის საბოლოო სასაქოლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი განისაზღვრა ნული ლარის ოდენობით. ამასთან, ვინაიდან საწარმომ არ წარმოადგინა სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, შეძენილი საქონელი დაიყო ჯგუფების მიხედვით. შემოწმების მიერ მოხდა დოკუმენტური რეალიზაციის (საერთო დეკლარირებული შემოსავლის 27%) დაკავშირება (გაიშიფრა რეალიზაციის 60%) შეძენილი საქონლის თვითღირებულებებთან და განისაზღვრა დოკუმენტური ფასნამატი ჯგუფების მიხედვით, რომელიც გავრცელდა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულებაზე. ამასთან, შემოწმების მიერ განხორციელდა ფულის მოძრაობის ანალიზი, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი და ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხა, ხოლო ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა შეძენილი საქონლის თვითღირებულება, შეძენილი მომსახურებები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, საბაჟო მომსახურებები და გადახდილი ხელფასები. ხოლო მიღებული სხვაობა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელი ეცნობოდა ავტორიზებულ ვებ-გვერდზე გაგზავნილ შეტყობინებებს, თუმცა არ თანამშრომლობდა საგადასახადო შემოწმებასთან და ვერ განხორციელდა მასთან კომუნიკაცია, მათ შორის, სატელეფონო ზარის მეშვეობით. შესაბამისად, გადამხდელის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია და დაბეგვრასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის მხრიდან არც საგადასახადო დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ითხოვს 2025 წლის თებერვლის თვის დღგ-ს დეკლარაციაში დაბეგრილი თანხის რეალიზაციაში გათვალისწინებას და დარიცხული თანხის კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს საქმიანობას წარმოადგენს ჭურჭლის და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტი ჩინეთიდან და ადგილობრივი რეალიზაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა საწარმოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, თუმცა ვერ დადგინდა ობიექტის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების განთავსების) ფაქტობრივი მისამართი და შესაბამისად, ვერ განხორციელდა ბრძანებით განსაზღვრული პროცედურა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ შესამოწმებელი პერიოდის საბოლოო სასაქოლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი განისაზღვრა ნული ლარის ოდენობით. ამასთან, ვინაიდან საწარმომ არ წარმოადგინა სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, შეძენილი საქონელი დაიყო ჯგუფების მიხედვით. შემოწმების მიერ მოხდა დოკუმენტური რეალიზაციის დაკავშირება შეძენილი საქონლის თვითღირებულებებთან და განისაზღვრა დოკუმენტური ფასნამატი ჯგუფების მიხედვით, რომელიც გავრცელდა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულებაზე. ამასთან, შემოწმების მიერ განხორციელდა ფულის მოძრაობის ანალიზი, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი და ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხა, ხოლო ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა შეძენილი საქონლის თვითღირებულება, შეძენილი მომსახურებები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, საბაჟო მომსახურებები და გადახდილი ხელფასები. ხოლო მიღებული სხვაობა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

საწარმოს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159;