ბრძანება N 11363
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11363
03 ივნისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
ყოფილი დირექტორის ფ/პ ------- (პ/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 8, 27 იანვრის და 4 მარტის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3, 10, 24 აპრილის და 22 მაისის სხდომებზე (ოქმები №25, №27, №30 და №42) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) ყოფილი დირექტორის ფ/პ ------- (პ/ნ -------) 2025 წლის 8 იანვრის №93600/1/2025, 27 იანვრის №93940/1/2025 და 4 მარტის №94430/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის №006-486 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შემოწმების პროცესში იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და შესაბამისად ვერ შეძლო შემოწმებაში მონაწილეობის მიღება. ხოლო, დღეის მდგომარეობით შეუძლია შემოწმებას წარუდგინოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია. მომჩივანი ითხოვს დამატებით მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობას.
საჩივრის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შპს „-------“ (ს/ნ -------) მის მიმართ შედგენილი 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული 2023 წლის 5 ოქტომბრის №24627 ბრძანება და ამავე თარიღის №006-486 საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე გაეგზავნა 2023 წლის 5 ოქტომბერს, თუმცა გადასახადის გადამხდელი ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 2023 წლის 17 ნოემბერს განხორციელდა აღნიშნული ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 2023 წლის 7 დეკემბერს. თუმცა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2025 წლის 22 იანვრის №17253/01 წერილით დგინდება, რომ შპს „-------“ (ს/ნ -------) დირექტორი ფ/პ ------- (პ/ნ -------) დაკავებულ იქნა 2022 წლის 14 მარტს და 2024 წლის 8 ნოემბერს გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან. ხოლო, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით დგინდება, რომ კომპანია მის მიმართ შედგენილ 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტს, მის საფუძველზე გამოცემულ 2023 წლის 5 ოქტომბრის №24627 ბრძანებას და ამავე თარიღის №006-486 საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2024 წლის 23 დეკემბერს.
ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შპს „-------“ (ს/ნ -------) დირექტორ ------- (პ/ნ -------) 2024 წლის 18 დეკემბერს ჩაჰბარდა 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული 2023 წლის 5 ოქტომბრის №24627 ბრძანება და ამავე თარიღის №006-486 საგადასახადო მოთხოვნა. ხოლო, შემოსავლების სამსახურში საჩივრები წარმოდგენილია 2025 წლის 8, 27 იანვარს და 4 მარტს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცულია გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადა.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომჩივანი არის პირი, რომელიც არ ეთანხმება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას და მას ასაჩივრებს დავის განმხილველ ორგანოში. ამასთან, ამ რეგლამენტის მიზნებისთვის, მომჩივნად ასევე ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც სადავო საკითხის/საკითხების შესაბამის პერიოდში/პერიოდებში ასრულებდა საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობას და აღნიშნული საკითხის/საკითხების საგადასახადო შემოწმების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ ამ საწარმოზე/ორგანიზაციაზე დამატებით დარიცხული თანხა 100 000 ლარს აღემატება და იწვევს აღნიშნული ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას - მხოლოდ შესაბამის დავასთან მიმართებით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ------- (პირადი ნომერი: -------) შპს „-------“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: -------) დირექტორად დარეგისტრირდა რეგისტრაციის შესახებ 2022 წლის 03 თებერვლის № ------- გადაწყვეტილებით, ხოლო 2025 წლის 27 თებერვლის №------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) დირექტორის ------- (პ/ნ -------) განცხადება დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნის თაობაზე.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ ფ/პ ------- (პ/ნ -------) დირექტორად ყოფნის პერიოდში დარიცხული გადასახადის თანხა აღემატება 100 000 ლარს და იწვევს აღნიშნული ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი უნდა იქნას დაშვებული განსახილველად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6482 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 5 ოქტომბრის №24627 ბრძანება და ამავე თარიღის №006-486 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 557 820 ლარი, მათ შორის, გადასახადი 302 249 ლარი, ჯარიმა 154 779 ლარი, საურავი 100 792 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობის სახეა საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით და ხორცპროდუქტებით. გადამხდელს 2022 წლის მარტის შემდგომ პერიოდზე არ წარმოუდგენია შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაციები. საგადასახადო შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენელთან დაკავშირება, გადამხდელს არ წარმოუდგენია პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა 2-ჯერ, თუმცა გადამხდელს შეტყობინება არ ჩაბარდა. გარდა ამისა, გადამხდელის მიერ არ იქნა მოწოდებული საბუღალტრო მონაცემები, არც სხვა საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, კერძოდ, გადამხდელის მიერ გამოწერილი და მიღებული ანგარიშ-ფაქტურებით, სასაქონლო ზედნადებებით, საბაჟო დეკლარაციებით, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა როგორც ერთობლივი შემოსავალი, ასევე, ხარჯები. შემოწმების მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ბანკებიდან და მესამე პირებისგან. ასევე, დაინიშნა ინვენტარიზაცია. თუმცა პასუხისმგებელი პირის არ ყოფნის გამო (მამის განცხადებით მისი შვილი იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში), ინვენტარიზაცია ვერ ჩატარდა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, საარქივო სამმართველოდან გამოთხოვილი საბაჟო დეკლარაციების და მათი დანართების, ასევე, სხვა ელექტრონულ მასალებზე (მათ შორის სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშფაქტურები) დაყრდნობით და მესამე პირებისაგან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე განისაზღვრა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება, ხოლო აღნიშნულის და დოკუმენტით რეალიზებული საქონლის შესაბამისად განხორციელდა თითოეული იდენტიფიცირებადი საქონლის ფასნამატის განსაზღვრა შესაბამისი პერიოდების მიხედვით, (ხოლო, არაიდენტიფიცირებად საქონელზე, ან ისეთ საქონელზე რომლის შესაბამისი სარეალიზაციო დოკუმენტი გამოწერილი არ ყოფილა, განისაზღვრა ფასნამატი შესაბამისი საქონლის ჯგუფიდან გამომდინარე) მიღებული ფასნამატებით განისაზღვრა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის სარეალიზაციო შემოსავალი, რომელსაც გამოაკლდა გაწეული ხარჯის ღირებულება (მათ შორის იმპორტირებულ საქონელზე საინვოისო ღირებულების 75%, ვინაიდან, არ არის წარმოდგენილი თანხის გადახდის დამადასტურებელი მასალები) და გაანგარიშდა თავისუფალი ფულადი სახსრები, რომელიც ჩათვლილ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ვალდებულებებს და განმარტავს, რომ შემოწმების პროცესში იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, შესაბამისად ვერ შეძლო შემოწმებაში მონაწილეობის მიღება. ხოლო, დღეის მდგომარეობით შეუძლია შემოწმებას წარუდგინოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ხოლო, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრასთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) ყოფილი დირექტორის ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრასთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობის სახეა საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით და ხორცპროდუქტებით. საგადასახადო შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენელთან დაკავშირება, გადამხდელს არ წარმოუდგენია პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია, საბუღალტრო მონაცემები, არც სხვა საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, კერძოდ, გადამხდელის მიერ გამოწერილი და მიღებული ანგარიშ-ფაქტურებით, სასაქონლო ზედნადებებით, საბაჟო დეკლარაციებით გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა როგორც ერთობლივი შემოსავალი, ასევე, ხარჯები. შემოწმების მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ბანკებიდან და მესამე პირებისგან. ასევე, დაინიშნა ინვენტარიზაცია. თუმცა პასუხისმგებელი პირის არ ყოფნის გამო, ინვენტარიზაცია ვერ ჩატარდა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, საარქივო სამმართველოდან გამოთხოვილი საბაჟო დეკლარაციების და მათი დანართების, ასევე, სხვა ელექტრონულ მასალებზე დაყრდნობით და მესამე პირებისაგან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე განისაზღვრა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება, ხოლო აღნიშნულის და დოკუმენტით რეალიზებული საქონლის შესაბამისად განხორციელდა თითოეული იდენტიფიცირებადი საქონლის ფასნამატის განსაზღვრა შესაბამისი პერიოდების მიხედვით, მიღებული ფასნამატებით განისაზღვრა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის სარეალიზაციო შემოსავალი, რომელსაც გამოაკლდა გაწეული ხარჯის ღირებულება და გაანგარიშდა თავისუფალი ფულადი სახსრები, რომელიც ჩათვლილ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.
დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159;