გადაწყვეტილება №25798/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25798/2/2025
03 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 3.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25798/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 16.07.2024 წლის №16823 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2025 წლის №024-15 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.08.2025 წლის №18364 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 702 523.77 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 092 382
დღგ - 88 598
მოგების გადასახადი - 303 229
საშემოსავლო გადასახადი - 688 961
ქონების გადასახადი - 11 594
ჯარიმა - 532 322
საურავი - 1 077 819.77
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2019 წლიდან 1.01.2020 წლამდე პერიოდის, საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედურ აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. კომპანიას აქვს როგორც ჩათვლის უფლებით, ისე ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვა. მსხვილ გადამხდელთა ოფისში მიმდინარეობდა ობიექტის რისკის მიმოხილვის პროცედურა, რომლის ფარგლებში, შემოწმების მიერ, მოთხოვნილი იქნა ბუღალტრული ჩანაწერები და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია, რათა განხორციელებულიყო გამოვლენილი რისკების გაქარწყლება. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა მხოლოდ ბანკის ამონაწერები და ორისის პროგრამა, სადაც ფიქსირდება მხოლოდ ჯამური თანხობრივი მონაცემები. აღნიშნული ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოვლინდა დამატებით რისკ ფაქტორები, რომელთა დაკავშირებით ეცნობა გადასახადის გადამხდელს, თუმცა მისი მხრიდან რაიმე განმარტება არ გაკეთებულა. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, გააჩნია საცალო რეალიზაციის პროგრამა აპექსი, თუმცა მის მიწოდებაზე უარი განაცხადა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაინიშნა შემოწმება, რის ფარგლებშიც, ასევე მოხდა დამატებით ინფორმაციის მოთხოვნა, რომელიც არ იქნა წარდგენილი, მიწოდებული იქნა მხოლოდ საბანკო ამონაწერები. ვინაიდან, ვერ ხდებოდა დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის თანახმად და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, ფასნამატის გაანგარიშების მიზნით, დაინიშნა საკონტროლო შესყიდვა გადასახადის გადამხდელის ყველა ობიექტზე. მიღებული მონაცემები დამუშავდა და საცალო რეალიზაციაზე გავრცელდა, შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, დოკუმენტური ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 20%. ასევე, დამუშავდა ინფორმაცია მსგავსი ტიპის სავაჭრო ობიექტების ფასნამატის შესახებ, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ფასნამატი მერყეობს 20%-დან 35%-მდე. შესაბამისად, შემოწმების მიერ გაანგარიშებული ფასნამატი მიესადაგება მსგავსი სავაჭრო ობიექტების აუდირებული ფასნამატის მინიმალურ პროცენტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გაანგარიშდა 2019 წლის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ ბრუნვასთან მიმართებით, რომელიც გადანაწილდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. ამასთან, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ფიზიკური პირებისგან საქონლის შეძენა (ხილ-ბოსტნეული, ხორცი, ყველი) შესყიდვის აქტებით, თუმცა გადასახადის გადამხდელის მხრიდან მათი მიწოდება არ მომხდარა, რომლიდანაც შესაძლებელი იქნებოდა შესყიდული საქონლის რაოდენობის და კონკრეტული პროდუქციის სახეობის იდენტიფიცირება, ასევე არ იდენტიფიცირდება ფიზიკური პირების მონაცემები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესყიდულ პროდუქციაზე გავრცელდა ხილ-ბოსტნეულის აუდირებული ფასნამატი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით;
2. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე გაანგარიშებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, დეკლარირებული ხელფასი და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, ასევე ხარჯში გათვალისწინებული იქნა ფიზიკური პირებისგან შესყიდულ პროდუქციაზე, №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, შესყიდვის ხარჯი. მიღებული სხვაობა, შემოწმების მიერ, ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით;
3. გადასახადის გადამხდელს 2019 წელს უფიქსირდება ფიზიკური პირებისგან საქონლის შეძენა, თუმცა შემოწმებისათვის არ წარდგენილა შესყიდვის აქტები, რითაც შესაძლებელი იქნებოდა, როგორც ფიზიკური პირების იდენტიფიცირება, ასევე შესყიდული პროდუქციის რაოდენობის და სახეობის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით და გადასახადის გადამხდელის ხარჯი განსაზღვრა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემოწმების მიერ, განხორციელდა მოგების გადასახადის დარიცხვა. გადასახადის გადამხდელს ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №33796 ბრძანება და 30.12.2022 წლის №024-91 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11289 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:
- პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია და საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით, საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით, ფასნამატის შესახებ);
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა/გამოკვლევა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
გ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, იმ საქონელზე, რომლის შეძენაზეც გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნება წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტი, ხარჯის განსაზღვრისათვის იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში დაფიქსირებული მინიმალური ფასით;
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 მაისის №11289 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივლისის №024-49 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.10.2023 წლის №26754 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 22.03.2024 წლის №21341/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა და გადასახადის გადამხდელის საჩივარი 16.07.2024 წლის №16823 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ:
- პირველ და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია და საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით, საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით, ფასნამატის შესახებ);
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
გ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, იმ საქონელზე, რომლის შეძენაზეც გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნება წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტი, ხარჯის განსაზღვრისათვის იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში დაფიქსირებული მინიმალური ფასით;
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 16.07.2024 წლის №16823 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მაისის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 2 088 739 ლარით, აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2025 წლის №024-15 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 14.08.2025 წლის №18364 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე დადგენილ გარემოებებს, კერძოდ:
- აუდიტის დეპარტამენტის მიერ, ფასნამატის გავრცელების პროცესში, სრული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებიდან გამოკლებულია ისეთი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც არ უნდა განხორციელებულიყო ფასნამატის გავრცელება. კერძოდ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებას გამოაკლდა რესტორნის, სალონის და დოკუმენტური რეალიზაციის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებები. ამასთან, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს მიერ საგადასახადო შემოწმებისათვის არ იქნა წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა, დოკუმენტური რეალიზაციის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გამომიჯვნა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გათვალისწინებით, კატეგორიების მიხედვით. ყოველივე ზემოაღნიშნული მონაცემების შესწავლის და დამუშავების შედეგად, შემოწმების მიერ განხორციელდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის განსაზღვრისთვის, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, გამოყენებულია სიტუაციური სახელმძღვანელო №0256, რომლის შინაარსის გათვალისწინებით, გაანგარიშებულ იქნა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები, კერძოდ, გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელის რენტაბელობა არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, რის შედეგადაც განსაზღვრულ იქნა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის ოდენობა;
- გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარუდგენია რაიმე ახალი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, შესაბამისად, შემოწმების მიერ, აღნიშნულ ნაწილში არ განხორციელდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება. ამასთან, 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე შემოწმებით არ მომხდარა სარგებლის გაანგარიშება, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში, შემოწმების მიერ არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელდა შეძენილი საქონლის კატეგორიებად დაყოფა, ასევე კატეგორიებად დაიყო საკონტროლო შესყიდვის შედეგად შეძენილი საქონელი. აღნიშნული ინფორმაციის წარდგენის შემდგომ, შემმოწმებლების მიერ მოხდა შეძენაში კატეგორიის წილის პროპორციულად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების ჩაშლა და შესაბამის კატეგორიას მიესადაგა საკონტროლო შესყიდვის დროს შეძენილ კატეგორიაზე დადგენილი ფასნამატი. რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილ მაგალითს კარტოფილის ფასნამატთან დაკავშირებით, ვინაიდან ხილ-ბოსტნეულის კატეგორია შედგება საკმაოდ მრავალფეროვანი დასახელების პროდუქციისგან და ისეთ პირობებში, როდესაც აღნიშნული კარტოფილის მიყიდვის ფაქტს არ ადასტურებს მეორე მხარე, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება, აუდიტის დეპარტამენტი ვერ იხელმძღვანელებდა მხოლოდ კარტოფილის ფასნამატით, შესაბამისად, ხილ-ბოსტნეულის კატეგორიაზე გამოყენებული იქნა აუდირებული ფასნამატი.
იურიდიული პირებისგან სასაქონლო ზედნადებით შეძენილ ხილ-ბოსტნეულთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა კატეგორიებად დაყოფილ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე ფასნამატის გავრცელება, შესაბამისად, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაში მონაწილეობას იღებს, როგორც ფიზიკური პირებისგან შეძენილი, ასევე იურიდიული პირებისგან მიღებული პროდუქცია. ამდენად, ფასნამატის გავრცელება მოხდა, როგორც ფიზიკური პირებისგან შეძენილ საქონელზე, ასევე იურიდიული პირებისგან განხორციელებულ შეძენაზე.
საცალო რეალიზაციის თანმდევ ხარჯთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხი აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმების პროცესში გავლილი და შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელთან ერთად. აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაშიფვრა, ასევე გადასახადის გადამხდელს უნდა გაეშიფრა საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგები, თუმცა გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა არც რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების და არც ნაშთების გაშიფვრა, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი ვერ იქნა დადასტურებული.
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებას, მასში დაფიქსირებულ პოზიციებს და შემოწმების აქტსა და გადაანგარიშების დასკვნაში დაფიქსირებულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგენს პოზიციებს და აღნიშნავს შემდეგს:
I. დღგ და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი
შემოწმების აქტით დამატებით თანხების დარიცხვა გამოწვეულია აუდიტორის მიერ: საკონტროლო შესყიდვებში და ფასნამატის დადგენაში დაშვებული შეცდომებით, საქონლის რამდენიმე კატეგორიაზე გაყალბებული ფასნამატის გამოყენებით, საქონლის დაჯგუფებაში და შემოსავლების გაანგარიშებაში დაშვებული შეცდომებით.
2022 წლის 20-22 დეკემბერს, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საკონტროლო შესყიდვებით და სხვა მეთოდების გამოყენებით, სარეალიზაციო ფასები დააფიქსირეს 704 საქონელზე, თუმცა შემოწმების აქტში ფასნამატის და შესაბამისად, შემოსავლების გასაანგარიშებლად გამოყენებული იყო მხოლოდ 121 დასახელების საქონელი, რომლითაც გაანგარიშდა 30 კატეგორიის საქონლის ფასნამატი, საიდანაც დაწყვილების (გაერთიანების) შემდეგ მიიღეს 27 კატეგორია (თევზის, ყველის და ხილბოსტნეულის კატეგორიაზე საკონტროლო შესყიდვა არ განხორციელებულა). შემოსავლების გაანგარიშების ცხრილით, აუდიტორებმა გამოიყენეს 29 კატეგორია, კერძოდ დაამატეს ყველის და ხილბოსტნეულის კატეგორია).
კატეგორიების მიხედვით წლიური შემოსავლების გაანგარიშებაში დაშვებულია რამდენიმე შეცდომა:
ა) მიუხედავად იმისა, რომ არცერთი დასახელების ყველის ფასი საკონტროლო შესყიდვებში არ იყო დაფიქსირებული, გაანგარიშებაში ყველის კატეგორიის ფასნამატად გამოყენებულია 21.57%, რაც მიუთითებს ფასნამატის გაყალბებაზე აუდიტორების მიერ;
ბ) შემოწმების აქტში, პირველ საკითხში აუდიტორი მიუთითებს, რომ „გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ფიზიკური პირებისგან საქონლის შეძენა (ხილ-ბოსტნეული, ხორცი, ყველი) შესყიდვის აქტებით, თუმცა გადასახადის გადამხდელის მხრიდან მათი მიწოდება არ მომხდარა, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა შესყიდული საქონლის რაოდენობის და კონკრეტული პროდუქციის იდენტიფიცირება, ასევე არ იდენტიფიცირდება ფიზიკური პირის მონაცემები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესყიდულ პროდუქციაზე გავრცელებული იქნა ხილ-ბოსტნეულის აუდირებული ფასნამატი.“
აუდიტორმა არ იცოდა ფიზიკური პირიდან შესყიდული საქონლის დასახელება, კერძოდ, რა შეიძინა ფიზიკური პირიდან ვაშლი, ატამი, ხორბალი თუ კარტოფილი, ასევე, არც საკონტროლო შესყიდვით არ უცდია აღნიშნულის გაგება, გაუგებარია რომელი პროდუქტის ან კანონის მიხედვით განსაზღვრა აუდირებული ფასნამატი აუდიტორმა.
გაანგარიშებაში, აუდიტორმა ხილ-ბოსტნეულის კატეგორიის შემოსავლების მისაღებად, სასაქონლო ზედნადებებით შეძენილ 3 923 299 ლარის საქონელზე ფიზიკური პირის 55%-იანი აუდირებული ფასნამატი გაავრცელა და მიიღო შეწონილი 20.28%-იანი ფასნამატი (ხილ-ბოსტნეულის გარეშე 17.12%), ფიზიკური პირიდან შემოსავლების გაანგარიშებისას 3 261 138 ლარის საქონელზე ისევ, 55%-იანი აუდირებულ ფასნამატი გაავრცელა;
გ) ხორც-პროდუქტების კატეგორიის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ საკონტროლო შესყიდვა განხორციელდა 17 პროდუქტზე, 121 დასახელების საქონელში მოხვდა მხოლოდ ერთი პროდუქტი (ბიბილოს ქათამი), რომლის ფასნამატი 3.6%-ია. გაანგარიშებაში კატეგორიის ფასნამატი რატომღაც 17%- ია აღებული. ამდენად, ფასნამატი ამ შემთხვევაშიც გაყალბებულია;
დ) ფასნამატის გაანგარიშებაში გამოყენებული 121 დასახელების საქონლიდან 32 საქონელზე შეძენის ფასი აუდიტორების მიერ უფრო დაბალი იყო აღებული, ვიდრე საკონტროლო შესყიდვამდე უახლესი თარიღით, დოკუმენტურად დადასტურებული შეძენის ფასი.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 მაისის №11289 ბრძანების თანახმად, აღნიშნული 32 დასახელების საქონლის შეძენის დამადასტურებელი 27 სასაქონლო ზედნადების მონაცემები მიეწოდა აუდიტორებს იმ მოტივით, რომ მითითებული სასაქონლო ზედნადებები თითქოსდა არ იძებნებოდა შეძენის ერთიან ბაზაში. გადაანგარიშების შესახებ 2023 წლის 30 ივნისის დასკვნით შემოწმებით დარიცხული თანხები აუდიტორების მიერ არ შემცირდა, რითაც ფაქტობრივად გააყალბეს დასკვნა.
2023 წლის 30 ივნისის დასკვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და საჩივარს დაერთო შეძენის ერთიანი ბაზიდან ამობეჭდილი 27 სასაქონლო ზედნადები, თუმცა საჩივარი შემოსავლების სამსახურის მიერ 2023 წლის 30 ოქტომბრის №26754 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 22.03.2024 წლის №21341/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად. შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა 2023 წლის 11 აგვისტოს საჩივარი და ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
ზემოთ აღნიშნული სასაქონლო ზედნადებების განხილვისას აუდიტორები დაეთანხმნენ 16 პროდუქციის შეძენის ფასის სისწორეში, რასაც ადასტურებს მათ მიერ მეილზე გადმოგზავნილი წერილი, რომლითაც ადასტურებენ გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებული კონკრეტული თარიღისათვის ამ ფასების არსებობას და გაანგარიშების ფასებთან სხვაობას ხსნიან იმით, რომ მათ მიერ გამოყენებულია შეწონილი ფასნამატი, რაც ეწინააღმდეგება „პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის მეთოდურ მითითებას, რომელიც ფასნამატის დასადგენად საკონტროლო შესყიდვის უახლესი თარიღით შესყიდვის ფასის გამოყენებას მოითხოვს.
შემოსავლების სამსახურის 16.07.2024 წლის №16823 ბრძანების აღსრულების ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ჩატარებული შეხვედრაზე გადასახადის გადამხდელი დაეთანხმა მათ წინადადებას, რომ ფასნამატი კატეგორიების მიხედვით გაანგარიშებულიყო არა შემოწმების აქტში გამოყენებული 121 დასახელების საქონლის ფასნამატის მიხედვით, არამედ იმ 704 დასახელების საქონლის მიხედვით, რომელთა სარეალიზაციო ფასები დაფიქსირებული ქონდათ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს.
ამასთან, სიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ გაანგარიშებული ფასნამატი ორივე მხარისთვის იქნებოდა მისაღები და არ გახდებოდა სადაო.
ზემოაღნიშნული პროცესის მიმდინარეობის პერიოდში, გადასახადის გადამხდელსა და აუდიტორებს შორის მუდმივად არსებობდა კომუნიკაცია, რა დროსაც ხდებოდა სადაო ან დასაზუსტებელი საკითხების შეჯერება. ხდებოდა როგორც კატეგორიებში შესატანი საქონლის დასახელებების და შესაბამისად, კატეგორიების ღირებულების, ისე მათი ფასნამატების დაზუსტება და ა.შ.
აუდიტორებმა კომუნიკაციისას მოითხოვეს მიწოდებულიყო მონაცემები ფასნამატის გაანგარიშებაზე, რაც გადაეგზავნათ მათ მიერვე, 2023 წლის თებერვალში გადმოგზავნილი ფასნამატის გაანგარიშება.
2024 წლის 27 სექტემბრის წერილით აუდიტორებმა ითხოვეს:
ა) 12 562 333 ლარის ღირებულების „სხვა“ კატეგორიაში შემავალი საქონლის გადანაწილება კატეგორიების მიხედვით.
rs.ge-ზე ატვირთული სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, ამ საქონლის ღირებულების ნაწილი გადანაწილდა უკვე არსებულ კატეგორიებში და დაემატა 5 კატეგორია: 1. ყველის, 2. თევზის, 3. ხილბოსტნეულის, 4. „სხვა“ და 5. საცალო რეალიზაციის თანმდევი ხარჯის კატეგორია;
ბ) 16 პროდუქტზე კატეგორიების და ფასნამატების დაზუსტება.
ამ 16 კატეგორიიდან 12 პროდუქტი გადატანილი იქნა შესაბამისი კატეგორიების ფასნამატის გაანგარიშებაში, მათ შორის იყო კარტოფილი, რომელიც საკვები პროდუქტებიდან გადაიტანა ხილბოსტნეულის კატეგორიაში და მიიღო ხილ-ბოსტნეულის ფასნამატი 1.3056.
წინასწარი შეთანხმების შემდეგ, 2024 წლის 22 ოქტომბერს გადმოეგზავნათ 28 კატეგორიის მიხედვით ფასნამატის საბოლოოო გაანგარიშება, რომელშიც ხილ-ბოსტნეულის ფასნამატი 30.56%-ია (გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებული 32 პროდუქტის ფასი სრულად არის ასახული ახალ გაანგარიშებაში) და რომელიც მისაღები იყო გადასახადის გადამხდელისთვის.
შეთანხმების მიუხედავად, 2025 წლის 6 მაისის დასკვნაში, როგორც ფიზიკური პირებიდან, ისე იურიდიული პირებიდან სასაქონლო ზედნადებებით შეძენილ ხილ-ბოსტნეულზე გამოყენებულია 55%- იანი ფასნამატი.
შემოწმების აქტში და ზოგადად, ყველა წინა გაანგარიშებაში 55%-იანი აუდირებული ფასნამატი გამოყენებულია მხოლოდ ფიზიკური პირებისგან შეძენილ ხილ-ბოსტნეულზე, ხოლო სასაქონლო ზედნადებებით შეძენებზე გამოყენებულია საშუალო შეწონილი ფასნამატი.
როგორც ზემოთ აღნიშნა, 2022 წლის 29 დეკემბრის შემოწმების აქტში პირველ საკითხში აუდიტორი მიუთითებს, რომ „გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ფიზიკური პირებისგან საქონლის შეძენა (ხილ-ბოსტნეული, ხორცი, ყველი) შესყიდვის აქტებით, თუმცა გადასახადის გადამხდელის მხრიდან მათი მიწოდება არ მომხდარა, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა შესყიდული საქონლის რაოდენობის და კონკრეტული პროდუქციის იდენტიფიცირება, ასევე არ იდენტიფიცირდება ფიზიკური პირების მონაცემები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესყიდულ პროდუქციაზე გავრცელებული იქნა ხილბოსტნეულის აუდირებული ფასნამატი.“.
აუდიტორებმა 2021 წლის 21 დეკემბერს მოითხოვეს 2019-2022 წლების შესყიდვის აქტები. მიწოდების ბოლო ვადა იყო 28 დეკემბერი. თითქმის 31 634 597 ლარის ღირებულების საქონლის შესყიდვის აქტების ასე მოკლე ვადაში მიწოდება ფაქტიურად შეუძლებელი იყო.
განსახილველია, რამდენად იყვნენ აუდიტორები დამოკიდებულნი, ხილ-ბოსტნეულის ფასნამატის გასაანგარიშებლად, გადასახადის გადამხდელის მხრიდან ფიზიკური პირებიდან შეძენილი საქონლის შეძენის აქტების მიწოდებაზე და მათი მიწოდების შემთხვევაში, შეძლებდნენ თუ არა ისინი საკონტროლო შესყიდვებით დაფიქსირებული ფასებით ხილ-ბოსტნეულის ფასნამატის გაანგარიშებას.
„პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითებიდან მუხლების ამონარიდებზე (მე-17 მუხლი (დაჯგუფება), მე-19 მუხლი (ფასნამატის დადგენა)) მითითებით განმარტავს, რომ ისინი შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით ჩატარებისას არეგულირებენ საქონლის დაჯგუფების და ფასნამატის დადგენის საკითხებს და აღნიშნავს, რომ საქონლის კატეგორიების ანუ ჯგუფების, მათი ღირებულების და ფასნამატის დადგენა აუდიტორების მიერ ისეა შესრულებული, რომ დარღვეულია მეთოდური მითითების მოთხოვნები, რაც ჩანს შემდეგი მონაცემებით:
2022 წელს ჯამური შეძენები შეადგენს 86 818 000 ლარს, მათ შორის: ხილ-ბოსტნეული 12 012 605 ლარი - 13.83% წილი საერთო შესყიდვაში, ფიზიკური პირებიდან 9 346 175 ლარი - 10.76% წილი საერთო შესყიდვაში და სასაქონლო ზედნადებებით 2 666 430 ლარი - 3.07% წილი საერთო შესყიდვაში;
ყველი - 3 429 146 ლარი - 3.95% საერთო შესყიდვაში, მათ შორის ფიზიკური პირებიდან 1 286 627 ლარი - 1.48% საერთო შესყიდვაში და იურიდიული პირებიდან 2 142 519 ლარი - 2.47% საერთო შესყიდვაში;
თევზი - 3 429 146 ლარი -3.95% საერთო შესყიდვაში, მათ შორის ფიზიკური პირებიდან 99 703 ლარი - 0.115% საერთო შესყიდვაში და იურიდიული პირებიდან 1 261 400 ლარი - 1.45% საერთო შესყიდვაში
საერთო შესყიდვაში, ჯამურად 19.35% წილის მქონე სამი კატეგორიის საქონლის ფასები, ფაქტიურად არ აისახა საკონტროლო შესყიდვებში, ხოლო საბავშვო ჰიგიენა, რომლის წლიური შეძენა 110 965 ლარია, ხოლო წილი საერთო შესყიდვებში მხოლოდ 0.13%-ია, 704 საქონლიდან 25-შია დაფიქსირებული, ხოლო ფასნამატის გაანგარიშებაში 6 პროდუქტითაა წარმოდგენილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პასუხი არის ცალსახა - არ იყვნენ დამოკიდებულნი.
საკონტროლო შესყიდვებით სარეალიზაციო ფასების დაფიქსირების შემთხვევაში, კატეგორიის ფასნამატის დადგენა თავისუფლად შეიძლებოდა იურიდიული პირების მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, რადგან ჯამში 2 666 430 ლარის შესყიდვა, რომლის წილი მთლიან შეძენაში 3.07%-ია, სავსებით საკმარისია ხილ-ბოსტნეულის კატეგორიის ფასნამატის დასადგენად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ისევე როგორც ყველისა და თევზის კატეგორიებზე, რომელთა ფასები ასევე არ იყო დაფიქსირებული საკონტროლო შესყიდვის აქტებში, ხილ-ბოსტნეულის კატეგორიაზე უნდა გავრცელდეს საშუალო შეწონილი ფასნამატი და მასზე ე.წ. აუდირებული ფასნამატის გავრცელება უკანონოა.
აღნიშნულზე განიხილავს საკითხებს, რომელიც დაფიქსირებულია შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში:
- შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელდა შეძენილი საქონლის კატეგორიების დაყოფა.
აღნიშნავს, რომ დაყოფა მოხდა 32 კატეგორიად, საკონტროლო შესყიდვის 27 კატეგორიას დაემატა 5 კატეგორია (ყველი, თევზი, ხილ-ბოსტნეული, ხარჯი და „სხვა“ კატეგორია);
- ასევე კატეგორიებად დაიყო საკონტროლო შესყიდვის შედეგად შეძენილი საქონელი.
აუდიტორების თხოვნით, საკვები პროდუქტების კატეგორიიდან ამოიღო კარტოფილი და ხილბოსტნეულის ფასნამატი გაანგარიშდა 1.3056%, დანარჩენი 27 კატეგორია დადგინდა 2022 წლის დეკემბერში აუდიტის დეპარტამენტის მიერ;
- აღნიშნული ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, შემმოწმებლების მიერ მოხდა შეძენაში კატეგორიის წილის პროპორციულად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების ჩაშლა და შესაბამის კატეგორიას მიესადაგა საკონტროლო შესყიდვის დროს შეძენილ კატეგორიაზე დადგენილი ფასნამატი, აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს.
2019 წლის: ა) ყველის კატეგორიაზე 2 734 983 ლარი, მათ შორის ფიზიკური პირიდან შეძენა 1 403 114 ლარის და სასაქონლო ზედნადებით შეძენილი 1 331 869 ლარის საქონელზე; ბ) თევზის კატეგორიაზე 1 190142 ლარი, მათ შორის ფიზიკური პირიდან შეძენა 10 750 ლარის და სასაქონლო ზედნადებით შეძენილი 1 083 392 ლარის საქონელზე; გ) „სხვა“ კატეგორიაზე სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი 3 241 944 ლარის საქონელზე, მათ შორის 2 939 496 ლარზე, დღგ-ით დასაბეგრი საქონელი, გამოყენებულია საშუალო შეწონილი ფასნამატი, რომელსაც 7%-ით ზრდის ხილ-ბოსტნეულის აუდირებული ფასნამატი;
- შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ „რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილ მაგალითს კარტოფილის ფასნამატთან დაკავშირებით, ვინაიდან ხილ-ბოსტნის კატეგორია შედგება საკმაოდ მრავალფეროვანი დასახელების პროდუქციისგან აუდიტის დეპარტამენტი ვერ იხელმძღვანელებდა მხოლოდ კარტოფილის ფასნამატით, შესაბამისად, ხილ-ბოსტნეულის კატეგორიაზე გამოყენებული იქნა აუდირებული ფასნამატი.“
ზემოაღნიშნულიდან რჩება ორი ფასნამატი, რომლითაც შეიძლება ხილ-ბოსტნეულის შემოსავლების განსაზღვრა:
1. შეწონილი ფასნამატი, როგორც ეს ხდება თევზის კატეგორიაზე, ყველის კატეგორიაზე და „სხვა“ კატეგორიაზე - აღნიშნული კატეგორიების ფასნამატის განსაზღვრა აუდიტის სამსახურის ვალდებულებაა და არა გადასახადის გადამხდელის. აუდიტორს სრული შესაძლებლობა ქონდა საკონტროლო შესყიდვა განეხორციელებინა 80-ზე მეტი დასახელების ხილ-ბოსტნეულის პროდუქციიდან 100-ზე განეხორციელებინა საკონტროლო შესყიდვა ისე, როგორც ეს განახორციელა საბავშვო ჰიგიენის კატეგორიაზე - 15 დასახელების პროდუქტიდან საკონტროლო 25 შესყიდვა, ხოლო ფასნამატის გაანგარიშებაში 121-დან 6 დასახელების პროდუქტითაა წარმოდგენილი;
2. აუდირებული ფასნამატი, რომელიც მიღებულია პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ ყველა მუხლის დარღვევით.
იმას, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არასწორად დაგეგმა საკონტროლო შესყიდვა იმ სამ ძირითად კატეგორიაზე, სადაც ხდება ფიზიკური პირებიდან შესყიდვის აქტებით საქონლის შეძენა, მივყავართ ლოგიკურ კითხვამდე, ხომ არ მოხდა ეს შეგნებულად, რათა მათ შესაძლებლობა ჰქონოდათ გამოეყენებინათ აუდირებული ან საშუალო შეწონილი ფასნამატი.
მიაჩნია, რომ სარეალიზაციო ფასების ფიქსაციის დროს დაშვებული შეცდომების გამო, კომპანიამ ფინანსურად არ უნდა აგოს პასუხი, რისთვისაც ერთადერთი სწორი გამოსავალია ხილ-ბოსტნეულზე გავრცელდეს საშუალო შეწონილი ფასნამატი, როგორც ეს მოხდა ყველის, თევზის და „სხვა“ კატეგორიაზე.
აუდიტორებმა ფაქტიურად არ მოახდინეს შეძენილი პროდუქციის დაჯგუფება, რომლის შესაძლებლობაც მათ ქონდათ, თუნდაც სასაქონლო ზედნადებით შეძენილი საქონლის მონაცემების მიხედვით. ასეთი მცდელობა სწორი ფასნამატის დასადგენად მათ ქონდათ 2019 წელზე, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი დიდი შეცდომებით.
აუდიტორებმა 2025 წელს შემოსავლების გადაანგარიშებისას, ფიზიკური პირებიდან და სასაქონლო ზედნადებებით შეძენილ ხილ-ბოსტნეულზე საერთო შეწონილი ფასნამატი გაავრცელა და მიიღო 1.124% ფასნამატი, რაც ფაქტიურად ანულებდა ფასნამატზე დარიცხულ გადასახადებს. ამიტომ, აირჩიეს და ხილბოსტნეულის სრულ შესყიდვაზე, კანონის დარღვევით მიღებული 55%-იანი აუდირებული ფასნამატი გამოიყენეს. ამით, თვით სასაქონლო ზედნადებებით შეძენილ ხილ-ბოსტნეულთან ერთად, დაახლოებით 7%-ით გაიზარდა ყველის, თევზის და „სხვა“ კატეგორიების, როგორც დღგ-ისგან გათავისუფლებული, ისე დასაბეგრი ბრუნვები. შემოწმებით, 2019 წელს დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვაა 15 111 858 ლარი, გადაანგარიშებით 16 533 463 ლარი და გაიზარდა 1 421 606 ლარით, ასევე იზრდება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რითაც მძიმდება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნული ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივანს დაუმძიმდეს საგადასახადო ვალდებულებები.
II. დოკუმენტური რეალიზაციის და რეალიზაციის თანმდევი ხარჯის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების და ერთობლივი შემოსავლების გაანგარიშებისას დაშვებული შეცდომები
საგადასახადო შემოწმებისას აუდიტის დეპარტამენტს მიეწოდა „ორისის“ ბუღალტრული პროგრამა, სადაც ასახულია საქონლის შეძენის, ჯამური რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების და წლის ბოლოს საქონლის ნაშთის ბუღალტრული მონაცემები.
2019 წლის 12 თვის ბუღალტრული ჯამური შეძენაა 56 031 618 ლარი, მათ შორის დღგ-ით დასაბეგრი საქონელი 43 075 302 ლარი და დღგ-ისგან გათავისუფლებული 12 956 316 ლარი, წლის განმავლობაში ჩამოწერილია 55 205 307 ლარის საქონელი და ნაშთი შეადგენს 826 311 ლარს.
2019 წლის აპრილის თვის შეძენაა 4 645 032 ლარის საქონელი, მათ შორის დღგ-ით დასაბეგრი 3 548 099 ლარი და დღგ-ისგან გათავისუფლებული 1 096 933 ლარის საქონელი, ჯამურად ჩამოწერილია 4 399 219 ლარის საქონელი და ნაშთი 245 813 ლარია.
11 თვის ჯამური შეძენაა 51 386 586 ლარი, მათ შორის დღგ-ით დასაბეგრი საქონელი 39 527 203 ლარი და დღგ-ისგან გათავისუფლებული 11 859 383 ლარი. რეალიზაციის თანმდევი ხარჯი, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების ჩათვლით, ჩამოწერილია 50 806 088 ლარის ღირებულების საქონელი, ხოლო წლის ბოლოს ნაშთია 580 498 ლარია.
ამ მონაცემებით იხელმძღვანელა აუდიტორებმაც, რაც ნიშნავს, რომ მათ აღიარეს შეძენის ღირებულების რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების და საქონლის ნაშთის ჯამური მონაცემები და მათი დაცვა აუცილებელია შემოსავლების გაანგარიშების ყველა ეტაპზე.
2019 წლის 11 თვის სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი საქონლის კატეგორიებად დაყოფის შემდეგ, დღგ-ით დასაბეგრი, შეძენილი საქონლის ღირებულება, ხარჯის კატეგორიის 609 970 ლარის ჩათვლით, 39 527 203 ლარია.
2019 წელს სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი, დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის ღირებულება 6 675 572 ლარია. ბუღალტრული, 11 თვის დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის ღირებულებიდან ამ თანხის გამოკლებით, მიიღება ფიზიკური პირებიდან 11 თვეში, აქტით შეძენილი საქონლის დაზუსტებული ღირებულება 5 183 811 ლარი (11 859 383 - 6 675 572).
„პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-18 მუხლზე (იდენტიფიცირებადი რეალიზაციის გამოცალკავება) მითითებით აღნიშნავს, რომ აუდიტორმა rs.ge-ზე ატვირთული სასაქონლო ზედნადებებით რეალიზაციის (დოკუმენტურის) სრული თანხა (მათ შორის დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვა) 1 523 666 ლარი გაყო 1.18-ზე და მიიღო დღგ-ით დასაბეგრი შემოსავალი დღგ-ის გარეშე 1 291 243 ლარი. შემდეგ, შეძენაში კატეგორიების წილის პროპორციით განსაზღვრა დოკუმენტური რეალიზაციის კატეგორიების რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელიც გაამრავლა მათ მიერვე დადგენილ ფასნამატზე (მათ შორის ხილ-ბოსტნეულის აუდირებულ 1.55 ფასნამატზე) და მიიღო დღგ-ით დასაბეგრი შემოსავალი 969 852 ლარი და დღგ-ისგან გათავისუფლებული 321 390 ლარი, რაც მიაჩნია, რომ შეცდომა არ არის და სხვა უფრო მეტია.
გარდა გაანგარიშებაში დაშვებული შეცდომებისა, ფასნამატის გამოყენება იდენტიფიცირებად რეალიზაციებზე ეწინააღმდეგება მეთოდური მითითების მე-8 მუხლის მოთხოვნებს.
მაღაზიების შემოსავლების გაანგარიშებისთვის, ბუღალტრულ შეძენას 51 386 586 ლარს (მათ შორის დღგ-ით დასაბეგრი 39 527 203 ლარი, დღგ-ისგან გათავისუფლებული 11 859 383 ლარი) აკლდება სალონის და რესტორნის შეძენა 1 334 876 ლარი, სხვაობა 50 051710 ლარი არის მაღაზიების შეძენის ღირებულება.
ჯამურ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებას 50 806 088 ლარს აკლება სალონის, რესტორნის და დოკუმენტური რეალიზაციის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და სხვაობა არის მაღაზიების რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. შეძენის და რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების პროპორციით მიიღება თითოეული კატეგორიის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელიც უნდა გამრავლდეს კატეგორიის ფასნამატზე. მიღებულ შემოსავალს დაემატება დოკუმენტური რეალიზაციის შემოსავალი და მიიღება ჯამური შემოსავალი.
საქონლის ჩამოწერის შემდეგ ვიღებთ 580 498 ლარის საქონლის ნაშთს წლის ბოლოს, როგორც შეძენაში, ისე ჩამოწერაში, ფასნამატის გარეშე შესულია რეალიზაციის თანმდევი ხარჯიც.
მაღაზიების შემოსავლების გაანგარიშებისთვის, აუდიტორებს შეძენილი, დღგ-ით დასაბეგრი საქონელი 39 527 203 ლარის ნაცვლად, აღებული აქვთ 39 529 025 ლარი, ხოლო დღგ-ისგან გათავისუფლებულ 11 859 383 ლარის ნაცვლად 12 897 009 ლარი, ანუ 12 თვის შეძენა, სულ ჯამში 52 426 034 ლარის შეძენა.
არ გამოაკლო სალონის და რესტორნის 1 334 876 ლარის შეძენა და გამოაკლო დღგ-ით დასაბეგრი ხარჯის შეძენა 609 970 ლარი, რითაც შეცდომით მიიღო მაღაზიების შეძენის ღირებულება.
ჯამურ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებას გამოაკლო სალონის, რესტორნის და დოკუმენტური რეალიზაციის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და არ გამოაკლო ხარჯის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. შედეგად, მიიღო მაღაზიის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და მაღაზიების შეძენის პროპორციით გამოთვალა თვითოეული კატეგორიის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. კატეგორიის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების აუდიტორების ფასნამატზე გამრავლებით მიღებულ შემოსავალზე დოკუმენტური რეალიზაციის შემოსავლის დამატებით მიღებულია მაღაზიების ჯამური შემოსავალი, თუმცა ის შეცდომითაა გაანგარიშებული.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში საცალო რეალიზაციის ხარჯთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ „საკითხი აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმების პროცესში გავლილი და შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელთან ერთად. აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაშიფვრა, ასევე გადასახადის გადამხდელს უნდა გაეშიფრა საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგები, თუმცა გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა არც რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების და არც ნაშთების გაშიფვრა, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი ვერ იქნა დადასტურებული.“. აღნიშნულ განმარტებას ვერ დაეთანხმება, რადგან:
1. სასაქონლო ზედნადებებით 609 970 ლარის ხარჯის საქონლის შეძენა დადასტურებულია;
2. დადასტურებულია, რომ ხარჯის საქონლის რეალიზაცია არ ხდება;
3. დადასტურებულია, რომ ეს საქონელი სხვა რომელიმე ოპერაციით არ ჩამოწერილა.
ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების შესრულება არ მომხდარა ფიზიკური პირებისგან აქტით შეძენილ ხილ-ბოსტნეულზე, გარდა ამისა არ დაგვიდასტურებია შესყიდვის დოკუმენტის კანონიერება, თუმცა აღნიშნულს ხელი არ შეუშლია, რომ აუდიტორებს სრულ შესყიდვაზე გაევრცელებინა აუდირებული 55%-იანი ფასნამატი.
4. როცა პირის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრება, შეძენის პროპორციის მიხედვით ხდება ყველა კატეგორიის საქონლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაშიფვრა და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების დადგენა.
აღნიშნულის მსგავსად უნდა ჩამოწერილიყო ხარჯის კატეგორია ფასნამატის გარეშე, რაც აუდიტორმა არ გააკეთა და რითაც დაარღვია კანონი.
მოგების გადასახადის დარიცხვის ნაწილში მიუთითებს შემოწმების აქტში დაფიქსირებულ და განხორციელებულ დარიცხვის საფუძვლებზე და აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ მოხდა მოგების გადასახადის და შესაბამისი ჯარიმის დარიცხვა.
№0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, ტელევიზორი გაყიდულია 800 ლარად და არ არსებობს შესყიდვის სრულყოფილი დოკუმენტი.
განსახილველ შემთხვევაში, 2019 წელს დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული, დასაბეგრი საქონელი შეძენილია 12 271 021 ლარის ღირებულებით, მათ შორის სასაქონლო ზედნადებებით შეძენილია 6 106 804 ლარის საქონელი და ფიზიკური პირიდან შესყიდვის აქტებით 6 164 217 ლარის საქონელი (მათ შორის აპრილში 473 133 ლარის საქონელი). რეალიზაციიდან მიღებულია დეკლარირებული შემოსავალი 13 697 161 ლარი, 17.02%-იანი ფასნამატით.
აუდიტორმა 2019 წელს, პროპორციით ხარჯში ჩამოწერა 11 704 530 ლარის ღირებულების დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული საქონელი 35.36%-იანი ფასნამატით და მიიღო 15 843 391 ლარის შემოსავალი. კომპანიამ, 17.02%-იანი ფასნამატით და ფიზიკური პირიდან შეძენილი საქონლიდან ხარჯში ჩამოწერა 5 879 646 ლარის ღირებულების (მათ შორის აპრილის 473 133 ლარის) საქონელი, რაზედაც აუდიტორის შეფასებით, სრულფასოვანი შესყიდვის დოკუმენტი გადასახადის გადამხდელს წარდგენილი არ აქვს. ხოლო, რეალიზაციის თანხა 6 880 362 ლარი (5 879 646*1.1702). №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოთი ხარჯად ჩაითვლება რეალიზაციაში დაფიქსირებული თანხის 0.75% - 5 160 271 ლარი (6 880 362*0.75). ხარჯია 719 374 ლარი (5 879 646 - 5 160 271), ხოლო მოგების გადასახადია 126 948 (719 374/0.85*0.15) ლარი.
აუდიტორმა მოგების გადასახადი გაიანგარიშა შემდეგი თანმიმდევრობით:
კომპანიის მიერ მიწოდებული რეესტრიდან აიღო ფიზიკური პირებიდან შეძენილი საქონლის სრული ღირებულება 6 164 217 ლარი, გაამრავლა თავის აუდირებულ ფასნამატზე და მიიღო 8 546 620 ლარის შემოსავალი 1.38649% ფასნამატით.
შეძენის სრული ღირებულება 6 164 217 გაყო ფასნამატზე 1.38649-ზე და მიღებული 4 445 918 ლარი ჩათვალა ხარჯში, როგორც სიტუაციური სახელმძღვანელოთი ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯის გამოქვითვა 25%-იანი რენტაბელობით. სხვაობიდან გამოთვალა დასაბეგრი ხარჯი 1 718 299 ლარი (6 164 217-4 445 918) და მოგების გადასახადი 303 229 ლარი (1 718 299/0.85*0.15) (მოგების გაანგარიშება აუდიტორის მიერ).
ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯის გამოქვითვასთან დაკავშირებით №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით ფაქტობრივი გარემოებაა შემდეგი:
1. გადასახადის გადამხდელის შემოსავლები არ არის სადავო;
2. კომპანიას ერთობლივი შემოსავლებიდან სრულად აქვს გამოქვითული ამ საქონლის შეძენაზე გაწეული ხარჯი;
3. დადგენილია, რომ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს;
4. მინიმალური შესასყიდი ფასის დასადგენად სხვა გადამხდელებთანაც ვერ მოიპოვება ჩამოწერილი საქონლის შესყიდვის სრულფასოვანი დოკუმენტი.
ჩამოთვლილი ოთხივე პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შემოსავლებიდან 25%-იანი რენტაბელობით უნდა მოხდეს ხარჯის განსაზღვრა.
აუდიტორმა ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნა დაარღვია;
1. კომპანიის ფაქტიური შემოსავალი აუდიტორმა აუდირებული ფასნამატით ისე გაზარდა, რომ არ იცოდა ხარჯში ჩამოწერილი საქონლის დასახელება, რაოდენობა, ერთეულის შეძენის და სარეალიზაციო ფასი. არ მოუხდენია საკონტროლო შესყიდვა და შესაბამისად, აუდიტორების მიერ დადგენილი შემოსავალი სადავოა;
2. აუდიტორებს ქონდათ ინფორმაცია ხარჯის (საქონლის) შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობაზე, რაც დასტურდება შემდეგით:
- 2022 წელოს 21 დეკემბერს აუდიტორებმა მოითხოვეს 2019-2022 წლების შესყიდვის აქტების 5 დღის ვადაში მიწოდება, რომელთა ჯამური ღირებულება 31 634 597 ლარია (2019 წელი 6 164 217 ლარი, 2020 წელი 6 574 390 ლარი, 2021 წელი 8 143 754 ლარი, 2022 წელი 10 752 236 ლარი). შესასრულებელი სამუშაოს დიდი მოცულობის გამო, აქტების მიწოდება 5 დღიან ვადაში ვერ მოესწრო და მიეწოდათ აქტებით შესყიდვების სრული რეესტრი მომწოდებლის პირადი ნომრის, შესყიდული საქონლის დასახელების, რაოდენობის და ერთეულის ღირებულების მონაცემებით;
- შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 მაისის №11289 ბრძანების შესაბამისად, აუდიტორებს მიეწოდათ 986 824 ლარის შესყიდვის აქტები და 3 479 626 ლარის მომწოდებელთან გაფორმებული შედარების აქტები.
3. 2022 წლის 29 დეკემბრის აქტში აღნიშნულია, რომ ვერ დადგინდა ფიზიკური პირებისგან აქტებით შეძენილი და ხარჯში ჩამოწერილი საქონლის დასახელება, შესაბამისად, ვერც გადასახადის გადამხდელთან და ვერც სხვა გადასახადის გადამხდელებთან ვერ მოიპოვებდა სრულფასოვან დოკუმენტს, რომლითაც დაადგენდა მინიმალური შესყიდვის ფასებს.
შემოწმების შედეგების გადაანგარიშების 2023 წლის 30 ივნისის დასკვნაში აღნიშნულია: „გაანგარიშების მიხედვით გადასახადის გადამხდელს უმძიმდება საგადასახადო ვალდებულება. ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივანის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, შემოწმების მიერ არ მომხდარა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.“.
კომპანიის მონაცემებით, სასაქონლო ზედნადებების მინიმალური ფასებით გადაანგარიშების შემთხვევაში, მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა ფაქტიურად ნულდებოდა, ამიტომ აუდიტორმა არ მოახდინა გადაანგარიშება და გააყალბა დასკვნა.
დინა გადაანგარიშება და გააყალბა დასკვნა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შემდგომ, 2024 წლის 24 თებერვალს აუდიტორებს მიეწოდათ ზემოაღნიშნული 3 479 626 ლარის შესყიდვის აქტები. აღნიშნულის პასუხად, აუდიტორებმა იმავე დღის წერილით აცნობეს, რომ „თქვენი წერილის მეორე ნაწილის მე-4 პუნქტში (ფ/პ-დან შეძენილ საქონელზე) ასახულ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან სრულად არ არის წარმოდგენილი შესყიდვის აქტები, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული №0256 მეთოდური სახელმძღვანელოს შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების დროს, ჩვენს მიერ გათვალისწინებულია თქვენს მიერ წარმოდგენილი პროგრამის რეპორტში დაფიქსირებული შესყიდვის ღირებულების ნაწილი შესაძლო სარეალიზაციო ფასიდან 25%-იანი რენტაბელობის გათვალისწინებით.“.
III. სალაროს ნაშთები
2019 წლის საანგარიშო პერიოდზე სალაროს არაგონივრულ ნაშთებზე გადასახადების გაანგარიშება არ მომხდარა, თუმცა ასეთი განხორციელდა 2023 წლის 30 ივნისს, 2020-2022 საანგარიშო პერიოდზე შედგენილი შემოწმების აქტით.
2020-2022 წლების სალაროს ნაშთების დასაზუსტებლად ითხოვდა შემდეგს:
ა) სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ, 2019 წელს ხდებოდა სოციალურად დაუცველ პირებზე ვაუჩერების გაცემა, რომლის საფუძველზეც, ეს პირები კომპანიის სავაჭრო ობიექტებიდან იღებდნენ მათთვის საჭირო კვების პროდუქტებს.
სავაჭრო ობიექტების სალარო აპარატებში ჩეკის ამორტყმა არ ხდება საბანკო ტერმინალებით თანხის გადახდისას, დანარჩენ შემთხვევაში, ჩეკი ამოდის პროგრამულად, გაყიდვების პარალელურად.
ვაუჩერებით პროდუქცია ტარდება, როგორც ნაღდი შესყიდვა და ხდება ჩეკის ამორტყმა. ფაქტიურად, გადასახადის გადამხდელთან დარჩენილი ვაუჩერების საფუძველზე, ანგარიშსწორება ხდება ვაუჩერის გამცემი პირების მიერ საბანკო ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვით, რომელთა შესაბამისად უნდა მომხდარიყო სალაროს ნაშთის შემცირებაც, რაც გადასახადის გადამხდელის მიერ არ მომხდარა.
2019 წელს ვაუჩერების საფუძველზე მიწოდების ჯამური თანხა, რომლითაც უნდა მომხდარიყო სალაროს შემოსავლების და შესაბამისად ნაშთის შემცირებაც შეადგენს 22 998 ლარს;
ბ) 2019 წლის 2 აგვისტოს, ფიზიკურ პირ ------- შეძენილია შპს -------ის 25%-იანი წილი 95 750 ლარად. ნოტარიულად გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ორივე მხარე ადასტურებს ნასყიდობის ფასის გადახდას.
თანხა ბანკიდან არ არის გადარიცხული და გამორჩენილია სალაროს გასავალშიც, ამიტომ ამ შემთხვევაში, სალაროს ნაშთი შესამცირებელი 95 750 ლარით.
გადაანგარიშების დასკვნაში აუდიტორი მიუთითებს „2019 წლის საანგარიშო პერიოდზე ჩვენს მიერ არ მომხდარა სარგებელის გაანგარიშება, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს ამ საკითხზე საგადასახადო შემოწმების აქტში არ უფიქსირდება დამატებით გამოვლენილი საგადასახადო ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ მოხდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).“.
გადასახადის გადამხდელი არ ითხოვდა 2019 წლის გადასახადების გადაანგარიშებას, მათი თხოვნა იყო სალაროს ნაშთების დაზუსტება (შემცირება), რაც თავისთავად შეამცირებს 2020 წლის საწყის ნაშთს და 2020-2022 წლების სალაროს არაგონივრულ ნაშთზე დარიცხულ გადასახადებს, თუმცა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 14 აგვისტოს №18364 ბრძანებით ამ საკითხის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
ითხოვს აუდიტორებს დაევალოს მოახდინონ 2019 წლის სალაროს ნაშთის დაზუსტება, რათა მისი გათვალისწინებით მოხდეს 2020-2022 წლების გადასახადების გადაანგარიშება.
ითხოვს ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებას და აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მოახდინოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ:
1. 2022 წლის 20-22 დეკემბერს კომპანიის 10 ფილიალში ჩატარდა საკონტროლო შესყიდვები საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლების მიერ, შედგა 12 ოქმი 241 დასახელების საქონლის სარეალიზაციო ფასის შესახებ, ამასთან, სხვა მეთოდებით დაფიქსირდა გასაყიდი ფასები, სულ 704 დასახელების საქონელზე.
თუ წინასწარ განზრახვა არ იყო, როგორ მოხდა, რომ არცერთი ჯგუფის მიერ არ დაფიქსირდა ისეთი მსხვილი კატეგორიების ფასები, როგორიცაა ხილ-ბოსტნეული, თევზი, ყველი, რომელთა წილი საერთო შესყიდვაში 20%-ია და სავაჭრო ფართის მოცულობითაც, ფაქტიურად შეუძლებელია მათთვის გვერდის ავლა;
2. მათი აზრით, აუდიტორებს თავიდანვე ქონდათ განზრახვა იმისა, რომ ამ საქონელზე აუდირებული ფასნამატი გამოეყენებინათ და დაგეგმეს საკონტროლო შესყიდვები ისე, რომ ამ საქონლის შესყიდვის ფასები არ დაფიქსირდა;
3. აქტში ხილ-ბოსტნეულზე აუდირებული, სადაო 55%-იანი ფასნამატის გარდა, ყველზე და ხორცზე გამოყენებული გაყალბებული ფასნამატი;
4. მას შემდეგ, რაც გადასახადის გადამხდელის მიერ ეცნობათ იმ 27 სასაქონლო ზედნადებების მონაცემები, რომლებითაც უნდა დაზუსტებულიყო 32 საქონლის უახლოესი შესყიდვის ფასი, 30.06.2023 წლის გადაანგარიშების დასკვნაში მიეთითა, რომ თითქოს ეს სასაქონლო ზედნადებები ბაზაში არ იძებნებოდა და არ მოახდინეს გადაანგარიშება და ფაქტიურად გააყალბეს დასკვნა;
5. მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ, შემოსავლების სამსახურისათვის საჩივრის (ხელახლა განხილვის მოტივით) დაბრუნების შემდგომ აღიარეს მათ, რომ 27 სასაქონლო ზედნადები არსებობს და მათში მართლაც უფრო დაბალი ფასებია დაფიქსირებული.
მხოლოდ ის, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ოფისის აუდიტორები 27 სასაქონლო ზედნადებს ვერ ან არ მოძებნიან გადასახადის გადამხდელის ბაზაში, მიუთითებს მათ დაბალ კვალიფიკაციაზე;
6. შემოწმების აქტით, შემოსავლების გაანგარიშებაში და შემდგომ გადაანგარიშების დასკვნაშიც დაშვებულია ისეთი შეცდომები, რომლებიც მხოლოდ ამძიმებენ საგადასახადო ვალდებულებებს;
7. საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას, გარდა იმისა, რომ 2020 წლის დეკემბერში 125 691 ლარით ნაკლები შეამცირეს დარიცხული გადასახადი, ჯარიმა წლის განმავლობაში გაზარდეს 160 169 ლარით მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი თანხა არასრულად, მაგრამ მაინც შეამცირეს 274 335 ლარით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 16.07.2024 წლის №16823 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
- პირველ და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია და საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით, საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით, ფასნამატის შესახებ);
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
გ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, იმ საქონელზე, რომლის შეძენაზეც გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნება წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტი, ხარჯის განსაზღვრისათვის იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში დაფიქსირებული მინიმალური ფასით;
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 16.07.2024 წლის №16823 ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 2 088 739 ლარით, ხოლო საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მაისის დასკვნიდან ირკვევა შემდეგი:
- გადასახადის გადამხდელის მიერ მოხდა შეძენილი საქონლის კატეგორიებად დაყოფა, ასევე კატეგორიებად დაიყო საკონტროლო შესყიდვის შედეგად შეძენილი საქონელი. აღნიშნული ინფორმაციის წარდგენის შემდგომ მოხდა შეძენაში კატეგორიის წილის პროპორციულად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების ჩაშლა და შესაბამის კატეგორიას მიესადაგა საკონტროლო შესყიდვის დროს შეძენილ კატეგორიაზე დადგენილი ფასნამატი. აღნიშნული მონაცემების შესწავლის და დამუშავების შედეგად, განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია რაიმე ახალი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, შესაბამისად, შემოწმების მიერ არ განხორციელდა საგადასახადო აქტით დარიცხული თანხების კორექტირება;
- 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე, შემოწმების მიერ არ მომხდარა სარგებლის გაანგარიშება, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს ამ საკითხზე საგადასახადო შემოწმების აქტში არ უფიქსირდება დამატებით გამოვლენილი საგადასახადო ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ მოხდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
საყურადღებოა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ, გადაანგარიშების ეტაპზე დადგენილი გარემოებები, კერძოდ:
- აუდიტის დეპარტამენტის მიერ, ფასნამატის გავრცელების პროცესში სრული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებიდან გამოკლებულია ისეთი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც არ უნდა განხორციელებულიყო ფასნამატის გავრცელება. კერძოდ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებას გამოაკლდა რესტორნის, სალონის და დოკუმენტური რეალიზაციის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებები. ამასთან, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს მიერ შემოწმებისათვის არ იქნა წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა, დოკუმენტური რეალიზაციის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გამომიჯვნა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გათვალისწინებით, კატეგორიების მიხედვით. ყოველივე ზემოაღნიშნული მონაცემების შესწავლის და დამუშავების შედეგად, განხორციელდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის განსაზღვრისთვის, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, გამოყენებულია სიტუაციური სახელმძღვანელო №0256, რომლის შინაარსის გათვალისწინებით, გაანგარიშებულ იქნა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები, კერძოდ, გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელის რენტაბელობა არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, რის შედეგადაც განსაზღვრულ იქნა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის ოდენობა;
- გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია რაიმე ახალი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში არ განხორციელდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება. ამასთან, 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე შემოწმებით არ მომხდარა სარგებლის გაანგარიშება, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების მიერ არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით, საყურადღებოა ასევე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომ:
- გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელდა შეძენილი საქონლის კატეგორიებად დაყოფა, ასევე კატეგორიებად დაიყო საკონტროლო შესყიდვის შედეგად შეძენილი საქონელი. აღნიშნული ინფორმაციის წარდგენის შემდგომ მოხდა შეძენაში კატეგორიის წილის პროპორციულად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების ჩაშლა და შესაბამის კატეგორიას მიესადაგა საკონტროლო შესყიდვის დროს შეძენილ კატეგორიაზე დადგენილი ფასნამატი. კარტოფილის ფასნამატთან დაკავშირებით, ვინაიდან ხილ-ბოსტნეულის კატეგორია შედგება საკმაოდ მრავალფეროვანი დასახელების პროდუქციისგან და ისეთ პირობებში, როდესაც აღნიშნული კარტოფილის მიყიდვის ფაქტს არ ადასტურებს მეორე მხარე, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება, აუდიტის დეპარტამენტი ვერ იხელმძღვანელებდა მხოლოდ კარტოფილის ფასნამატით, შესაბამისად, ხილ-ბოსტნეულის კატეგორიაზე გამოყენებული იქნა აუდირებული ფასნამატი;
- იურიდიული პირებისგან სასაქონლო ზედნადებით შეძენილ ხილ-ბოსტნეულთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა კატეგორიებად დაყოფილ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე ფასნამატის გავრცელება, შესაბამისად, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაში მონაწილეობას იღებს, როგორც ფიზიკური პირებისგან შეძენილი, ასევე იურიდიული პირებისგან მიღებული პროდუქცია. ამდენად, ფასნამატის გავრცელება მოხდა, როგორც ფიზიკური პირებისგან შეძენილ საქონელზე, ასევე იურიდიული პირებისგან განხორციელებულ შეძენაზე;
- საცალო რეალიზაციის თანმდევ ხარჯთან დაკავშირებით, საკითხი აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმების პროცესში გავლილი და შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელთან ერთად. აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაშიფვრა, ასევე გადასახადის გადამხდელს უნდა გაეშიფრა საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგები, თუმცა გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა არც რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების და არც ნაშთების გაშიფვრა, შესაბამისად აღნიშნული საკითხი ვერ იქნა დადასტურებული.
მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, წარმოადგენს არგუმენტებს/პოზიციებს დარიცხვებთან და გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე და შესაბამისად, სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაფიქსირებულ აუდიტის დეპარტამენტის პოზიციებზე.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელმაც წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებულის ანალოგიური არგუმენტები/პოზიციები. ამასთან, დამატებით აღნიშნა, რომ შემოწმების აქტით თანხების დარიცხვა გამოწვეულია აუდიტორის მიერ ფასნამატის დადგენაში, საქონლის დაჯგუფებაში და შემოსავლების გაანგარიშებაში დაშვებული შეცდომებით. შემოსავლების გასაანგარიშებლად საქონელი დაყოფილი იქნა კატეგორიებად და მისი მიხედვით გაანგარიშებული ფასნამატი იქნა გამოყენებული, კერძოდ ყველის კატეგორიაზე გამოყენებულია 22%-იანი ფასნამატი, ხილ-ბოსტნეულზე ფიზიკური პირების აუდირებული 55%-იანი ფასნამატი, იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე 55%-იანი ფასნამატი, ხოლო დანარჩენზე საშუალო შეწონილი ფასნამატი. 32 დასახელების საქონლის შეძენის ფასები არასწორად იქნა დაფიქსირებული, მიაწოდეს სასაქონლო ზედნადების მონაცემები და მის საფუძველზე მოხდა გადაანგარიშება. მანამდე, აღნიშნავდნენ, რომ თითქოსდა ვერ იქნა მათ მიერ მოძიებული სასაქონლო ზედნადებები ერთიან ბაზაში, მხოლოდ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შემდგომ (რომ უნდა მომხდარიყო კომუნიკაცია), გადასახადის გადამხდელსაც დაევალა ფასნამატის გაანგარიშების წარდგენა და მხოლოდ მაშინ იქნა აღიარებული მათ მიერ, რომ სასაქონლო ზედნადებები არსებობდა და ფასები არასწორად იყო დადგენილი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაეგზავნათ კატეგორიების მიხედვით ფასნამატის გაანგარიშება, რომლის მიხედვით ხილ-ბოსტნეულზე ფასნამატი 31% იყო, სინამდვილეში კი გადაანგარიშების დასკვნით როგორც ფიზიკური პირებიდან, ისე იურიდიული პირებიდან სასაქონლო ზედნადებებით შეძენილ ხილ-ბოსტნეულზე გამოყენებულია 55%-იანი ფასნამატი, მაშინ როდესაც აქტში და ყველა წინა გაანგარიშებაში 55%-იანი აუდირებული ფასნამატი გამოყენებულია მხოლოდ ფიზიკური პირებისგან შეძენილ ხილ-ბოსტნეულზე, ხოლო სასაქონლო ზედნადებებით შეძენებზე გამოყენებულია საშუალო შეწონილი ფასნამატი. თევზის, ყველის და ხილბოსტნეულის კატეგორია, რომელიც შესყიდვების დაახლოებით 20%-ზე მეტია, არ ასახულა საკონტროლო შესყიდვაში, მაშინ როდესაც საბავშვო ჰიგიენის კატეგორიაზე, რომლის წილი მხოლოდ 0.13%-ია, 25 საკონტროლო შესყიდვაა, ხოლო ფასნამატის გაანგარიშებაში 6 დასახელების პროდუქტითაა წარმოდგენილი, გაუგებარია, რატომ გამორჩა შემმოწმებელს ეს სამი საქონელი. აუდიტორს შესყიდვის აქტები მიაწოდეს, მაგრამ გარდა ამისა, თუ არ მიეწოდებოდათ, კატეგორიის ფასნამატის დადგენა შეეძლოთ იურიდიული პირების სასაქონლო ზედნადებების მონაცემების მიხედვით, რაც საკმარისი იქნებოდა ხილ-ბოსტნეულის კატეგორიის ფასნამატის დასადგენად. მიაჩნია, რომ ხილ-ბოსტნეულის კატეგორიაზე უნდა გავრცელდეს საშუალო შეწონილ ფასნამატი და არა აუდირებული. გარდა ამისა, არის სხვა შეცდომებიც, კერძოდ 55%-იანმა ფასნამატის გავრცელებამ გაზარდა საშუალო შეწონილი ფასნამატი, რომელიც გავრცელდა თევზე და ყველზე. მეორეა მოგების გადასახადის გაანგარიშების საკითხი, რომელიც მიაჩნია, რომ არასწორად არის გაანგარიშებული. შემმოწმებელმა მოითხოვა შესყიდვის დოკუმენტების წარდგენა, თავდაპირველად ვერ მოასწრეს მიწოდება, მაგრამ შემდგომ მიაწოდეს შესყიდვის აქტების ქსეროასლები, რომელიც დოკუმენტაციის დიდი მოცულობის გამო არ მიიღეს და უთხრეს, რომ მათი მონაცემებით, ელექტრონულად არსებული ცხრილით გაიანგარიშეს. აუდიტორმა მოგების გადასახადი გაიანგარიშა მანუალზე დაყრდნობით და 25%-იანი რენტაბელობით გაიანგარიშა დასაბეგრი თანხა, მაგრამ მიიჩნევს, რომ მანუალი სულ სხვანაირად ითხოვს გადასახადის გაანგარიშებას, რაც დაფიქსირებული აქვს საჩივარშიც. რაც შეეხება სალაროს ნაშთს, 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე სალაროს არაგონივრულ ნაშთებზე გადასახადების გაანგარიშება არ მომხდარა, თუმცა ასეთი განხორციელდა 2020-2022 საანგარიშო პერიოდებზე შედგენილი შემოწმების აქტით. 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე მიწოდებული აქვთ სალაროს ნაშთზე მონაცემები ვაუჩერების საფუძველზე მიწოდებაზე და წილის შეძენაზე, მათ შორის ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც უნდა მომხდარიყო სალაროს შემოსავლების და შესაბამისად ნაშთის შემცირება, მათი თხოვნა იყო სალაროს ნაშთი დაზუსტებულიყო (შემცირებულიყო), რაც შეამცირებდა მომდევნო პერიოდის საწყის ნაშთს და 2020-2022 წლების სალაროს არაგონივრულ ნაშთზე დარიცხულ გადასახადებს, თუმცა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით ამ საკითხის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტებთან/პოზიციებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დაყოფა მოხდა კატეგორიებად, სადაც ერთ-ერთი კატეგორიაა ხილ-ბოსტნეული, რომელზეც გავრცელდა აუდირებული ფასნამატი, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაში მონაწილეობას იღებს, როგორც ფიზიკური პირებისგან შეძენილი, ასევე იურიდიული პირებისგან მიღებული საქონელი, შესაბამისად, აუდირებული ფასნამატის გავრცელება მოხდა როგორც ფიზიკური პირებისგან შეძენილ საქონელზე, ასევე იურიდიული პირებისგან განხორციელებულ შეძენაზე, მხოლოდ ხილ-ბოსტნეულის კატეგორიაზე, დანარჩენზე საშუალო შეწონილი ფასნამატი იქნა გამოყენებული. ამასთან, ფასნამატის გაანგარიშების პროცესში დოკუმენტური რეალიზაციის, რესტორნის, სალონის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება გამოაკლდა მთლიან რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებას, მათ შორის ვაუჩერებით რეალიზაციაც, ვინაიდან მასზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრისთვის გამოყენებულია სიტუაციური სახელმძღვანელო №0256, რომლის შინაარსის გათვალისწინებით გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები, კერძოდ, გამოყენებული იქნა გადასახადის გადამხდელის რენტაბელობა, რის შედეგადაც განისაზღვრა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის ოდენობა. მომჩივნის მოთხოვნა, რომ იმ პერიოდში, სადაც რენტაბელობა აჭარბებს 25%-ს ხარჯი დათვლილი იქნეს 25%-იანი რენტაბელობით, აღნიშნული არ შეესაბამება №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს პრინციპებს. რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებას, გაანგარიშებულია სწორად, ჯარიმის დარიცხვა ხდება ავტომატურად და ფიზიკურად შეუძლებელია შეცდომა, ხოლო სალაროს ნაშთი გაანგარიშებულია მეთოდური მითითების შესაბამისად. რაც შეეხება შიდა, ანუ თანმდევი ხარჯის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებას, რომელიც მისი განმარტებით, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებას უნდა გამოკლებოდა, აღნიშნულის დასადასტურებლად გადამხდელისგან მოთხოვნილი იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაშიფვრა, ვინაიდან ბუღალტრულად შეუძლებელია დადგენა თუ რას მოიცავდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, ასევე, ეთხოვა საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების გაშიფვრა, თუმცა მათი მხრიდან არცერთის გაშიფვრა არ მომხდარა და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მხრიდან მოთხოვნა არ იქნა დადასტურებული. აღნიშნულ ნაწილში საუბარია რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე და ნაშთებზე, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ იქნა მიწოდებული, სადაც მომჩივნის განმარტებით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაში შეყვანილია საქონელი, რომელსაც არ ყიდის, დაკავშირებულია შიდა მოხმარებასთან და აღნიშნულით გაზრდილია რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, გადასახადის გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაევალა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაშიფვრა იმის დასადასტურებლად, რომ აღნიშნული ხარჯი ნამდვილად იყო შეყვანილი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშებაში, თუმცა მათ მიერ გაშიფრვა არ მომხდარა.
საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 16.07.2024 წლის №16823 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ და რა გადაწყვეტილება მიიღო შემოსავლების სამსახურმა.
საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 16.07.2024 წლის №16823 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 16.07.2024 წლის №16823 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტებთან/პოზიციებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დაყოფა მოხდა კატეგორიებად, სადაც ერთ-ერთი კატეგორიაა ხილ-ბოსტნეული, რომელზეც გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. ამასთან, ფასნამატის გაანგარიშების პროცესში დოკუმენტური რეალიზაციის, რესტორნის, სალონის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება გამოაკლდა მთლიან რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებას, მათ შორის ვაუჩერებით რეალიზაციაც, ვინაიდან მასზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა გადასახადის გადამხდელის რენტაბელობა, რის შედეგადაც განისაზღვრა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის ოდენობა. მომჩივნის მოთხოვნა, რომ იმ პერიოდში, სადაც რენტაბელობა აჭარბებს 25%-ს ხარჯი დათვლილი იქნეს 25%-იანი რენტაბელობით, აღნიშნული არ შეესაბამება სიტუაციური სახელმძღვანელოს პრინციპებს. სალაროს ნაშთი გაანგარიშებულია მეთოდური მითითების შესაბამისად. რაც შეეხება შიდა, ანუ თანმდევი ხარჯის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებას, გადამხდელისგან მოთხოვნილი იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაშიფვრა, ასევე, ეთხოვა საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების გაშიფვრა, თუმცა მათი მხრიდან არცერთის გაშიფვრა არ მომხდარა და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მხრიდან მოთხოვნა არ იქნა დადასტურებული. აღნიშნულ ნაწილში საუბარია რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე და ნაშთებზე, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ იქნა მიწოდებული.
გადაწყვეტილება
საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 16.07.2024 წლის №16823 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)