ბრძანება N 20841

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.09.2025
№ დოკუმენტი 20841
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20841

25 სექტემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------------“-ის (ს/ნ -------------------)

(მის: --------------------------------------------)

2025 წლის 28 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 და 11 სექტემბერს გამართულ სხდომებზე (ოქმი №72 და №75) განიხილა შპს „--------------“-ის (ს/ნ -------------------) №-------/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი ივლისის №021-54 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების დაქირავებით მუშაობის ფარგლებში მიღებულ ანაზღაურებად განხილვას და გადახდილი თანხის გადასახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანი განმარტავს, რომ შემოწმების აქტში მითითებულ ინდივიდუალურ მეწარმეებთან, ნამდვილად დადებულია ხელშეკრულებები მომსახურებაზე, სადაც თვალნათლივ ჩანს თუ რა სამუშაოები უნდა შეესრულებიათ და შესაბამისად თუ რა ოდენობის ანაზღაურება უნდა მიეღოთ შესრულებული სამუშაოებისთვის. სამუშაოების დამთავრების შემდეგ აღნიშნულ პიროვნებებთან კანონის სრული დაცვით ფორმდებოდა (გაფორმებულია) შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტები, შესაბამისად ხდებოდა შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება უნაღდო ანგარიშსწორების წესით. თავის მხრივ ინდ. მეწარმეების მიერ ხდებოდა მიღებული შემოსავლების დეკლარირება და გადასახადების გადახდა ბიუჯეტში. გაუგებარია რატომ მიიჩნია შემოწმებამ მითითებული პიროვნებები კომპანიის თანამშრომლებად. თანამშრომლად განხილვის გარემოებად მიჩნეულია, რომ მათზე ხდებოდა თვეების მიხედვით რეგულარულად თანხების გაცემა, რაც არასწორია, კერძოდ ი/მ ----------ძეს 2022 წელს მომსახურების თანხა ჩარიცხული არ აქვს აპრილიდან ივლისამდე პერიოდში, სექტემბრის თვეში, 2023 წლის თებერვლის თვეში, 2024 წლის ივლისის და აგვისტოს თვეებში. ასევე ამავე პიროვნებას მომსახურეობის თანხები მიღებული აქვს თვეში რამოდენიმეჯერ. აღნიშნული პიროვნებები რომ არ იყვნენ მათი თანამშრომლები და ასრულებდნენ მომსახურეობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ კომპანიასთან სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში ზოგიერთ თვეებში მათ მიერ კომპანიისგან მიღებული თანხები ნაკლებია მათ მიერ აღნიშნულ თვეებში დეკლარირებულ მონაცემებთან, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მითითებული ინდ. მეწარმეები გარდა იმისა, რომ ურთიერთობდნენ მათ კომპანიასთან ასევე სამუშაოებს ასრულებდენ სხვა კომპანიაშიც.

შემოწმების პერიოდში ძირითადად სარემონტო სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდნენ შპს „-----ი’’-ს სხვადასხვა ობიექტებზე, რომელთან დადებული ხელშეკრულებით მკაცრად განსაზღვრულია სამუშაოს დასახელება, სახეობები, მოცულობა და ღირებულება, რომელიც წარმოდგენილია ხარჯთაღრიცხვის სახით ხელშეკრულებაზე დანართად და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მენარდე (შპს --------ი) ვალდებულია მკაცრად დაიცვას წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვები. მითითებულ ხარჯთაღრიცხვებში კი საშემოსავლო გადასახადის ხარჯი გათვალისწინებული არ არის რის გამოც კომპანიამ ხარჯების ოპტიმიზაციის მიზწით სამუშაოები განახორციელა მცირე ბიზნესის სტატუსის ქვემ მყოფი ინდ. მეწარმეების მეშვეობით, ორმხივად ხელმოწერილი მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე. შემოწმებამ მითითებული ხელშეკრულებების საეჭვოობა მიიჩნია საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული გამოკითხვის ოქმების საფუძველზე, რომელიც კომპანიას არ გადაცემია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი მიუთითებს კომპანიის კეთილსინდისიერებაზე და ითხოვს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 აპრილის №7327 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------------“-ის (ს/ნ -------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 27 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის პირველ ივლისს გამოსცა №14373 ბრძანება და №021-54 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 233 714 ლარი, მათ შორის, გადასახადი 127 733 ლარი, ჯარიმა 63 869 ლარი და საურავი 42 112 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „--------------“-ის (ს/ნ -------------------) საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, რომელთა შესასრულებლად შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდებში იყენებდა ქვეკონტრაქტორებისგან - მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდივიდუალური მეწარმეებისაგან მიღებულ მომსახურებებს. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები, საბანკო ანგარიშების ამონაწერები, მომსახურების ხელშეკრულებები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, აგრეთვე საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული გამოკითხვის ოქმები. აღნიშნულის საფუძველზე ირკვევა, რომ რამდენიმე პირთან (-----------------ძე (პ/ნ --------), -----------ი (პ/ნ ------------), --------------ი (პ/ნ -----------), ---------ა (პ/ნ ------)) დაკავშირებით, შემოწმებას აქვს საკმარისი საფუძველი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, შეცვალოს მათ მიერ შესრულებული სამუშაოების კვალიფიკაცია და საწარმოს მიერ გაწეული შესაბამისი ხარჯები განიხილოს სახელფასო განაცემებად. ირკვევა, რომ აღნიშნულმა პირებმა მცირე ბიზნესის სტატუსი აიღეს საწარმოს მოთხოვნით, მათგან ორი მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებამდეც უკვე მუშაობდა საწარმოში დაქირავებულ პირებად და შემდეგაც, ოთხივე მათგანზე გადახდილი თანხები რეალურად წარმოადგენდა სახელფასო ანაზღაურებას, რომლის გაცემა ხდებოდა თვეების მიხედვით რეგულარულად. ამ პირთა დეკლარირებული შემოსავლები მთლიანად ან უმეტესად შედგებოდა აღნიშნული საწარმოდან მიღებული თანხებიდან, არ უფიქსირდებათ მშენებლობასთან/რემონტთან დაკავშირებით შეძენები და სამუშაოები მთლიანად სრულდებოდა დამკვეთის მიერ (საწარმოს) შეძენილი მასალებით. შეფასებისათვის ასევე გამოყენებული იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 6 მაისის №12359 ბრძანებით დამტკიცებული „კითხვარი სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ”, რომლის თანახმად ამ ფიზიკური პირების მიერ შესრულებული სამუშაოები აკმაყოფილებს დაქირავებით მუშაობის კრიტერიუმებს.

ზემოაღნიშნულის შედეგად, შემოწმებამ აღნიშნული ხარჯები გადააკვალიფიცირა როგორც სახელფასო განაცემები, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაკავებას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

ამავე კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი სამშენებლოსარემონტო სამუშაოების შესასრულებლად შესამოწმებელ პერიოდში იყენებდა ქვეკონტრაქტორებისგან - მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდივიდუალური მეწარმეებისაგან მიღებულ მომსახურებებს. შემოწმების საფუძველზე გაირკვა, რომ რამდენიმე პირთან (-----------ძე (პ/ნ -----------), ------------ი (პ/ნ -----------), -------------ი (პ/ნ -------------), ------------ა (პ/ნ ----------)) დაკავშირებით, შემოწმებას ქონდა საკმარისი საფუძველი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, შეეცვალა მათ მიერ შესრულებული სამუშაოების კვალიფიკაცია და საწარმოს მიერ გაწეული შესაბამისი ხარჯები განეხილა სახელფასო განაცემად. აღნიშნულმა პირებმა მცირე ბიზნესის სტატუსი აიღეს საწარმოს მოთხოვნით, მათგან ორი მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებამდეც უკვე მუშაობდა საწარმოში დაქირავებულ პირებად და შემდეგაც, გადახდილი თანხები რეალურად წარმოადგენდა სახელფასო ანაზღაურებას, რომლის გაცემა ხდებოდა თვეების მიხედვით რეგულარულად. ამ პირთა დეკლარირებული შემოსავლები მთლიანად ან უმეტესად შედგებოდა აღნიშნული საწარმოდან მიღებული თანხებიდან, არ უფიქსირდებათ მშენებლობასთან/რემონტთან დაკავშირებით შეძენები და სამუშაოები მთლიანად სრულდებოდა დამკვეთის მიერ (საწარმოს) შეძენილი მასალებით. შეფასებისათვის ასევე გამოყენებული იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 6 მაისის №12359 ბრძანებით დამტკიცებული „კითხვარი სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ”, რომლის თანახმად ამ ფიზიკური პირების მიერ შესრულებული სამუშაოები აკმაყოფილებდა დაქირავებით მუშაობის კრიტერიუმებს.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე და ზემოაღნიშნული პირების მიერ საგამოძიებო ორგანოს გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებულ პოზიციაზე, სადაც მიუთითებენ, რომ შპს „---------“-ში დასაქმებული იყვნენ მუშებად და სამეწარმეო საქმიანობას არ ახორციელებდნენ.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------------“-ის (ს/ნ -------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების დაქირავებით მუშაობის ფარგლებში მიღებულ ანაზღაურებად განხილვას და გადახდილი თანხის გადასახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანი მიუთითებს კომპანიის კეთილსინდისიერებაზე და ითხოვს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №7327 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა №14373 ბრძანება და №021-54 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 233 714 ლარი, მათ შორის, გადასახადი 127 733 ლარი, ჯარიმა 63 869 ლარი და საურავი 42 112 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები, საბანკო ანგარიშების ამონაწერები, მომსახურების ხელშეკრულებები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, აგრეთვე საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული გამოკითხვის ოქმები. აღნიშნულის საფუძველზე ირკვევა, რომ რამდენიმე პირთან დაკავშირებით, შემოწმებას აქვს საკმარისი საფუძველი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, შეცვალოს მათ მიერ შესრულებული სამუშაოების კვალიფიკაცია და საწარმოს მიერ გაწეული შესაბამისი ხარჯები განიხილოს სახელფასო განაცემებად. რადგან აღნიშნულმა პირებმა მცირე ბიზნესის სტატუსი აიღეს საწარმოს მოთხოვნით, მათგან ორი მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებამდეც უკვე მუშაობდა საწარმოში დაქირავებულ პირებად და შემდეგაც, ოთხივე მათგანზე გადახდილი თანხები რეალურად წარმოადგენდა სახელფასო ანაზღაურებას, რომლის გაცემა ხდებოდა თვეების მიხედვით რეგულარულად. ამ პირთა დეკლარირებული შემოსავლები მთლიანად ან უმეტესად შედგებოდა აღნიშნული საწარმოდან მიღებული თანხებიდან, არ უფიქსირდებათ მშენებლობასთან/რემონტთან დაკავშირებით შეძენები და სამუშაოები მთლიანად სრულდებოდა დამკვეთის მიერ (საწარმოს) შეძენილი მასალებით. შეფასებისათვის ასევე გამოყენებული იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 6 მაისის №12359 ბრძანებით დამტკიცებული „კითხვარი სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ”, რომლის თანახმად ამ ფიზიკური პირების მიერ შესრულებული სამუშაოები აკმაყოფილებს დაქირავებით მუშაობის კრიტერიუმებს.ზემოაღნიშნულის შედეგად, შემოწმებამ აღნიშნული ხარჯები გადააკვალიფიცირა როგორც სახელფასო განაცემები, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაკავებას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“);