ბრძანება N 22217
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22217
11 ოქტომბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 30 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №104) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) №91712/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი აგვისტოს №056-52 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს და შესაბამისად განხორციელებულ დარიცხვას. აცხადებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში ჯამურად თურქეთიდან იმპორტირებული აქვს 718 676 ლარის, ხოლო ადგილობრივად შეძენილი აქვს 45 763 ლარის ღირებულების საქონელი. გამოყენებული ფასნამატიდან გამომდინარე რეალიზებულად ჩათვლილია 1 211 935 ლარის საქონელი. აცხადებს, რომ არ მიუღია შემოწმების ცხრილები და ითხოვს ფასნამატის გაანგარიშების გავლას, რადგან გააჩნია ზედნადებებით რეალიზაცია და შემოწმებით დადგენილი ფასნამატი არ ემთხვევა ფაქტობრივ ფასნამატს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივლისის №16023 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 26 აგვისტოდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 29 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის პირველი აგვისტოს №17935 ბრძანება და №056- 52 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 554 874 ლარი, მათ შორის გადასახადი 293 413 ლარი, ჯარიმა 146 269 ლარი და საურავი 115 191 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შპს „-------“-ს საქმიანობის საგანს წარმოადგენს მეტალოპლასტმასის, ალუმინის პროფილებით და სამაგრი-სამონტაჟო დეტალებით ვაჭრობა, შესამოწმებელ პერიოდში ჯამურად თურქეთიდან იმპორტირებული აქვს 718 676.8 ლარის ღირებულების საქონელი, ადგილობრივად შეძენილი აქვს 45 763 ლარის ღირებულების საქონელი. დეკლარირებული ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდში წარმოადგენს 423 798 ლარს. ბიუჯეტში გადახდილი აქვს 136 359.47 ლარი, ბიუჯეტიდან დაბრუნებული აქვს 66 218.40 ლარი. გადასახადის გადამხდელი შემოწმების ბრძანებას გაეცნო ელექტრონულად 2024 წლის 10 ივლისს. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივლისის წერილით გადასახადის გადამხდელს დაევალა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე დოკუმენტაციის წარმოდგენა. აღნიშნულ წერილს გაეცნო 2024 წლის 10 ივლისს, თუმცა დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია, რაზეც შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N188874 და შეეფარდა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, საწარმოს დირექტორს უფიქსირდება საზღვრის კვეთა 2024 წლის 20 თებერვლიდან, შემოსვლა არ ფიქსირდება. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშროლების მიერ შედგენილ იქნა შპს „-------“-ს იურიდულ და საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის მისამართებზე გამოცხადების შესახებ ოქმები, გადასახადის გადამხდელი ვერ მოიძებნა.
ვინაიდან, გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, ასევე, არ იძებნება არც იურიდიულ და არც საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის მისამართზე, საგადასახადო შემოწმების ჯგუფის მიერ შემოწმების პერიოდის ბოლოსთვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი მიჩნეულ იქნა ნულად. არაპირდაპირი მეთოდით შეძენილ პროდუქციაზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოყენებული იქნა სხვა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი გადამხდელის აუდირებული ფასნამატი, რის შედეგადაც შემოსავალმა შეადგინა 1 211 935 ლარი დღგ-ის გარეშე. სხვაობა დეკლარირებულსა და შემოწმების მონაცემებს შორის დაიბეგრა დღგ-ით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის გათვალიწინებით. შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა ასევე ფულის მოძრაობის ანალიზი, რის საფუძველზეც გათვალისწინებული იქნა ყველა შესაძლო მიღებული და გახარჯული ფულადი სახსრები და მიღებული თანხა მიჩნეული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2024 წლის 26 სექტემბერს 12:00 საათზე, (ელექტრონულ საჩივარში მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოხდა დაკავშირება, ამავე საჩივარში მითითებულ წარმომადგენელთან) თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივლისის წერილით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაევალა დოკუმენტაციის წარმოდგენა. აღნიშნულ წერილს გაეცნო 2024 წლის 10 ივლისს, თუმცა დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, საწარმოს დირექტორს უფიქსირდება საზღვრის კვეთა 2024 წლის 20 თებერვლიდან, შემოსვლა არ ფიქსირდება. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშროლების მიერ შედგენილ იქნა შპს „-------“-ს იურიდულ და საკონტროლოსალარო აპარატის რეგისტრაციის მისამართებზე გამოცხადების შესახებ ოქმები, გადასახადის გადამხდელი ვერ მოიძებნა.
ვინაიდან, გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, საგადასახადო შემოწმების ჯგუფის მიერ შემოწმების პერიოდის ბოლოსთვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი მიჩნეულ იქნა ნულად. არაპირდაპირი მეთოდით შეძენილ პროდუქციაზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოყენებული იქნა სხვა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი გადამხდელის აუდირებული ფასნამატი, რის შედეგადაც შემოსავალმა შეადგინა 1 211 935 ლარი დღგ-ის გარეშე. სხვაობა დეკლარირებულსა და შემოწმების მონაცემებს შორის დაიბეგრა დღგ-ით. შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა ასევე ფულის მოძრაობის ანალიზი, რის საფუძველზეც გათვალისწინებული იქნა ყველა შესაძლო მიღებული და გახარჯული ფულადი სახსრები. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ საკითხის ზეპირი განხილვისას განიმარტა, რომ იმპორტირებულ საქონელზე ანაზღაურებულად ჩაითვალა საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75%. შედეგად მიღებული თანხა მიჩნეული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაზეც დარიცხული იქნა საშემოსავლო გადასახადი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, მართლზომიერია ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატის გამოყენება. ასევე, ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად მიღებული განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ხოლო, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს და შესაბამისად განხორციელებულ დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, არ იძებნება არც იურიდიულ და არც საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის მისამართზე, საგადასახადო შემოწმების ჯგუფის მიერ შემოწმების პერიოდის ბოლოსთვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი მიჩნეულ იქნა ნულად. არაპირდაპირი მეთოდით შეძენილ პროდუქციაზე, გამოყენებული იქნა სხვა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი გადამხდელის აუდირებული ფასნამატი, რის შედეგადაც დადგინდა შემოსავალი. სხვაობა დეკლარირებულსა და შემოწმების მონაცემებს შორის დაიბეგრა დღგ-ით. შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა ასევე ფულის მოძრაობის ანალიზი, რის საფუძველზეც გათვალისწინებული იქნა ყველა შესაძლო მიღებული და გახარჯული ფულადი სახსრები და მიღებული თანხა მიჩნეული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, მართლზომიერია ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატის გამოყენება. ასევე, ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად მიღებული განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ხოლო, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159;