გადაწყვეტილება №22621/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 22621/2/2024
27 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“ 19.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22621/2/2024).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №002-309 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 თებერვლის №4079 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 172 447 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 110 517
დღგ- 53 665
საშემოსავლო გადასახადი - 56 852
ჯარიმა - 55 573
საურავი - 6 357
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა კაფე-ბარით მომსახურება, ------------ გამზირზე, ხუთ ლოკაციაზე.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 დეკემბრის №30357 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 18 მაისიდან 2023 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 19 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელმა ითანამშრომლა შემოწმებასთან, წარდგენილია საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები და საქმიანობასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება. საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და არ გააჩნია გაანგარიშებები საქონლის და ფულის მოძრაობასთან დაკავშირებით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ვინაიდან საწარმო აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული საქონელი ჩაითვალა სრულად რეალიზებულად. მსგავსი აუდირებული კომპანიის მარჟის გამოყენებით და გაწეული ხარჯისა და შემოსავლის თანაფარდობით დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი, რამაც შეადგინა 436 045 ლარი. მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების გათვალისწინებით, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, შემოწმების მიერ ხარჯების სალდირებულად გამოქვითვის შემდგომ, დადგინდა განკარგვადი ფულის სხვაობა 227 411 ლარი (შემოწმებამ გაითვალისწინა გადახდილი ხელფასები, გადახდილი იჯარა, საქონლის შეძენის ხარჯი და ა.შ), რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე სახელფასო განაცემად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №33049 ბრძანება და №002-309 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 172 447 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 5 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 26 თებერვლის №4079 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პირი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო მიღებული შემოსავლის დადგენა, მიიჩნევს, რომ შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახდო ვალდებულებები. ასევე, მართლზომიერია რეალიზებულ საქონელზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება და ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად დადგენილი, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ შემოსავალსა და გამოსაქვით ხარჯს შორის გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ სარგებლად განხილვა.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება/არგუმენტი, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
1. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და სხვა აქტივების ნაშთი
შემოწმების ფარგლებში აუდიტორს არ შეუსწავლია კომპანიაში არსებული საქონლის ნაშთის შესახებ ინფორმაცია. არამედ, რახან საწარმოს შეჩერებული ჰქონდა ეკონომიკური საქმიანობა, მის მიერ ნაყიდი საქონელი სრულად ჩათვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად.
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აღნიშნულ მიდგომას. შემოწმებამ პრაქტიკულად ყველა აქტივი (მათ შორის, ლეპტოპი, ჩილიმები, სმფ და ყველა სხვა აქტივი) ჩათვალა რეალიზებულად. შემჭიდროვებულ ვადებში დავების განხილვის საბჭოს წარმოვუდგენთ მტკიცებულებას იმის დასადასტურებლად, რომ კომპანიას არ აქვს სრულად რეალიზებული აქტივები და დღეის მდგომარეობით უფიქსირდება ნაშთი. ამდენად, არსებული ნაშთის პროპორციულად შესამცირებელია დამატებით დარიცხული დღგ და საშემოსავლო გადასახადი.
კომპანიამ ეკონომიკური საქმიანობა შეაჩერა არა ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის გამო, არამედ მერიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. მერიასთან არსებული პრობლემები უკავშირდება მერიის ინიციატივას, რომ აღმაშენებლის გამზირზე არსებულ კაფე-ბარებს არსებითად უნდა შეემცირებინათ გარე სივრცეებში განთავსებული მაგიდები. აღნიშნული კი მნიშვნელოვნად ართულებდა ბიზნესის საწყის ეტაპზე მყოფი კომპანიის მოგებაზე გასვლის პერსპექტივებს.
2. მოგების მარჟის გამოყენება
შემოწმების აქტში აუდიტის დეპარტამენტი უთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის შემოსავლების გასაანგარიშებლად გამოიყენა სხვა მსგავსი აუდირებული კომპანიის მოგების მარჟა, თუმცა შემოწმების აქტში არ უთითებს რომელი კომპანიის მოგების მარჟა იქნა გამოყენებული. აუდიტორის მიერ მომჩივნისთვის მიწოდებული გაანგარიშების ფაილში მითითებულია ერთადერთი კომპანია, შპს „------------“, ხოლო მის მოგების მარჟად მითითებულია 2.09 (მიღებული შემოსავლების და ხარჯების თანაფარდობა).
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს აქვს არაერთი პრეტენზია. კერძოდ, შემოწმების დოკუმენტებიდან არ ირკვევა:
ეწევა თუ არა შესადარისი კომპანია იდენტურ ბიზნეს საქმიანობას;
- აქვს თუ არა შესადარის კომპანიას მსგავსი ხარჯები, რაც გადასახადის გადამხდელს.
- იმყოფება თუ არა შესადარისი კომპანია ბიზნესის განვითარების იმ სტადიაზე, რა სტადიაზეც არის
გადასახადის გადამხდელი;
- შესადარისი კომპანიის საქმიანობის ადგილი (რეგიონი და ტერიტორია);
- რა პერიოდიდან არის აღებული შესადარისი კომპანიის მოგების მარჟა;
- შესადარისი კომპანიის მოგების მარჟა დეკლარირებული მონაცემია, თუ აუდიტის პროცესში
არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებისას გამოყვანილი მოგების მარჟა;
- რამდენად საკმარისია მხოლოდ ერთი შესადარისი კომპანიის მოგების მარჟა.
ეწევა თუ არა შესადარისი კომპანია იდენტურ ბიზნეს საქმიანობას:
ბიზნეს საქმიანობის იდენტურობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოგების მარჟის მაჩვენებელზე. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ სხვადასხვა ტიპის ბიზნესს ახასიათებს სხვადასხვა ტიპის მომგებიანობა. მაგალითად, სამშენებლო ბიზნესში მოქმედი კომპანიის მოგების მარჟა არის არსებითად განსხვავებული კაფე-ბარების მოგების მარჟისგან. კაფეების მოგების მარჟა ხშირ შემთხვევაში განსხვავდება ბარების მოგების მარჟისგანაც. კაფე-ბარების მოგების მარჟა კი განსხვავდება ღამის კლუბების მოგების მარჟისგან.
მოგების მარჟებს შორის სხვაობა შესაძლოა გამოწვეული იყოს განსხვავებული ხარჯების არსებობით, მომხმარებლების მხრიდან შედარებით მაღალი ან დაბალი მოთხოვნით და სხვა მრავალი ისეთი ფაქტორით, რომელიც ყველა ბიზნესის ტიპს აქვს ინდივიდუალური. ამდენად, შესადარისი კომპანიის შერჩევისას უმნიშვნელოვანესია, რომ აირჩეს ისეთი კომპანია, რომელიც ახორციელებს იდენტური (ან უმეტესწილად მსგავსი) ტიპის ბიზნეს საქმიანობას, რომელსაც აქვს იგივე (ან მეტწილად იდენტური) ტიპის ბიზნეს რისკები და დანახარჯები. აღნიშნული ზრდის იმის ალბათობას, რომ შესადარისი კომპანიის მოგების მარჟა იყოს გადასახადის გადამხდელის მოგების მარჟის მსგავსი.
შედეგად, თავშივე არასწორია არაიდენტური ბიზნეს საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის მოგების მარჟის გამოყენება გადასახადის გადამხდელის მიმართ, რადგან მაღალია ალბათობა, რომ ასეთი კომპანიის მოგების მარჟა არ იქნება შესადარისი გადასახადის გადამხდელის მოგების მარჟასთან.
განსახილველ საქმეში შემმოწმებელმა გამოიყენა შპს „-----------“-ის მოგების მარჟა. აღნიშნული ინფორმაცია აქვს მხოლოდ აუდიტორის მიერ მიწოდებული გაანგარიშების ფაილიდან, სადაც აუდიტორს მითითებული აქვს მხოლოდ ორი მონაცემი - „-------------“ და „------------“ (სრული შემოსავლების და სრული ხარჯების თანაფარდობა). შემოწმების აქტში აუდიტორი საერთოდ არ ახსენებს რომელი კომპანიის მოგების მარჟა გამოიყენა. შემოწმების აქტში აუდიტორი უთითებს, რომ შესადარისი კომპანია ახორციელებს მსგავს (და არა იდენტურ) ბიზნეს საქმიანობას, თუმცა საერთოდ არ განმარტავს კონკრეტულად რა სახის ბიზნეს საქმიანობას ახორციელებს ეს კომპანია. ასევე, არსად არ არის მითითებული კომპანიის საიდენტიფიკაციო მონაცემები.
ამდენად, ამ ეტაპზე გაურკვეველია კონკრეტულად რომელი კომპანია გამოიყენა შემოწმებამ შესადარისად და შედეგად, არ შეუძლია გადაამოწმოს, რა სახის ბიზნეს საქმიანობას ახორციელებს აღნიშნული კომპანია, აქვს თუ არა იმდენად იდენტური ბიზნეს საქმიანობა, რომ ჩაითვალოს სანდო შესადარის ბიზნესად.
აქვს თუ არა შესადარის კომპანიას გადასახადის გადამხდელის მსგავსი ხარჯები: როდესაც აუდიტის დეპარტამენტი იყენებს სხვა კომპანიის მოგების მარჟას გადასახადის გადამხდელის შემოსავლის არაპირდაპირი მეთოდით დათვლისთვის, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება შესადარისი კომპანიისა და გადასახადის გადამხდელის ხარჯების იდენტურობას. ხარჯებს შორის განსხვავება არსებითად აისახება მოგების მარჟის მოცულობაზე და იძლევა არასათანადო მონაცემს.
მოგების მარჟა მხოლოდ მაშინ არის შესადარისი და ადეკვატური მონაცემი, თუკი შესადარის კომპანიას (მოცემულ შემთხვევაში შპს „---------“-ს) აქვს მსგავსი ხასიათის და მსგავსი მოცულობის ხარჯები. თუკი ასეთი ხარჯები განსხვავებულია გადასახადის გადამხდელის ხარჯებისგან, შპს „----------“- ის მოგების მარჟა ვერ იქნება შესადარისი გადასახადის გადამხდელის მოგების მარჟასთან და ამდენად, შპს „-----------“-ის მოგების მარჟის მისადაგება გადასახადის გადამხდელისთვის არ არის სამართლიანი.
განსახილველ საქმეში აუდიტის დეპარტამენტს საერთოდ არ მიუწოდებია ინფორმაცია, თუ რა სახის და რა მოცულობის დანახარჯები გააჩნდა შპს „-----------“-ს და ამდენად, საიდან გამოიანგარიშა აუდიტორმა შესადარისი კომპანიის მოგების მარჟა. ამდენად, ამ ეტაპზე შეუძლებელია გადასახადის გადამხდელმა განახორციელოს სიღრმისეული შედავება ამ საკითხთან დაკავშირებით.
იმყოფება თუ არა შესადარისი კომპანია ბიზნესის განვითარების იმ სტადიაზე, რა სტადიაზეც არის გადასახადის გადამხდელი:
ბიზნესის განვითარების სტადია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კომპანიის მოგების მარჟაზე. ამდენად, შესადარისი კომპანიის მოგების მარჟის გამოყენებისას მნიშვნელოვანია შეფასდეს ბიზნესის განვითარების რა სტადიაზეა გადასახადის გადამხდელი და რა სტადიაზეა შესადარისი კომპანია. ბიზნეს გარემოში კარგად ადაპტირებული კომპანია, რომელსაც უკვე შექმნილი აქვს მუდმივი კლიენტების ბაზა, გაცილებით მაღალ მოგების მარჟაზე მუშაობს, ვიდრე კომპანია, რომელიც ახალია ბაზარზე და კლიენტების მოსაზიდად პროდუქციას ყიდის გაცილებით დაბალ ფასებში.
განსახილველ შემთხვევაში, შემოწმებას თავად აქვს დადგენილი, რომ გადასახადის გადამხდელი 2022 წლის განმავლობაში ოპერირებდა მხოლო 2 თვის განმავლობაში - 2022 წლის ივნისსა და ივლისში, ხოლო 2023 წლის განმავლობაში ოპერირებდა მხოლოდ 8 თვის განმავლობაში, იანვრიდან აგვისტოს თვის ჩათვლით. ამასთან, კომპანიის დანახარჯები ცხადყოფს, რომ საწარმო იმყოფებოდა ბიზნესის ე.წ. ---------- ფაზაში. გადასახადის გადამხდელის მხოლოდ იჯარის და ხელფასის ხარჯები ორჯერ აღემატებოდა სარეალიზაციოდ შეძენილი საქონლის თვითღირებულებას. ამდენად, ნათელია, რომ გადასახადის გადამხდელი ცდილობდა საქართველოში ისეთ ბაზარზე შესვლას, რომელიც საკმაოდ ათვისებული და კარგად გაჯერებულია ბიზნესის მიერ. კომპანიას უწევდა ზარალზე ოპერირება პირველი წლის განმავლობაში, რათა მოეზიდა და თავი გაეცნო კლიენტებისთვის.
ამდენად, თუკი შესადარისი კომპანია, შპს „-----------“ ბიზნესის განვითარების მსგავს სტადიაში არ იმყოფებოდა ამ პერიოდის განმავლობაში, მისი მოგების მარჟის გამოყენება გადასახადის გადამხდელის მიმართ არ არის სწორი და ვერ მოგვცემს სათანადო შედეგს.
შესადარისი კომპანიის საქმიანობის ადგილი (რეგიონი და ტერიტორია):
მოგების მარჟაზე ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქმიანობის ადგილი. მნიშვნელობა ენიჭება როგორც რეგიონს (ქალაქს), ასევე ამ რეგიონში (ქალაქში) არსებულ ტერიტორიასაც. მაგალითად, თბილისში, შარდენზე არსებული ბარი მუშაობს გაცილებით მაღალ მოგების მარჟაზე, ვიდრე მაგალითად გლდანში არსებული ბარი. ასევე, ----------- არსებულ ბარს შესაძლოა ჰქონდეს უფრო მაღალი მოგების მარჟა, ვიდრე -----------არსებ ულ ბარს. აღნიშნულს განაპირობებს ის, რომ სხვადასხვა ადგილზე, განსხვავებულია მომხმარებელთა სეგმენტი და მათი მსყიდველუნარიანობა.
განსახილველ შემთხვევაში მომჩივნისთვის უცნობია, რომელ რეგიონში (ქალაქში) და რა ადგილზე ჰქონდა ობიექტი გახსნილი შპს „-----------“-ს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. თუკი ეს ობიექტი გადასახადის გადამხდელის ობიექტთან ახლოს არ მდებარეობდა, მისი მოგების მარჟა შესაძლოა არსებითად განსხვავებული იყოს გადასახადის გადამხდელის მოგების მარჟისგან.
რა პერიოდიდან არის აღებული შესადარისი კომპანიის მოგების მარჟა:
პერიოდის იდენტურობა მნიშვნელოვანია, რათა გამოყენებული მოგების მარჟა იძლეოდეს რეალურ შედეგს. დროის სხვადასხვა პერიოდში კომპანიები საქმიანობენ განსხვავებული მოგების მარჟით, რაც გამოწვეულია სხვადასხვა გარე თუ შიდა სახელმწიფოებრივი, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებიდან გამომდინარე.
განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი ოპერირებდა 2022 წელს 2 თვის განმავლობაში და 2023 წელს 8 თვის განმავლობაში. შემმოწმებელს გაანგარიშების ფაილში გამოყენებული აქვს შპს „-----------“-ის მოგების მარჟის ერთი მონაცემი. საერთოდ გაურკვეველია რომელი პერიოდის მონაცემი აქვს აღებული აუდიტორს, ემთხვევა თუ არა ის გადასახადის გადამხდელის შესამოწმებელ პერიოდს და რატომ არის გამოყენებული შესადარისი კომპანიის მხოლოდ ერთი პერიოდის (სავარაუდოდ ერთი წლის) მოგების მარჟა.
შესადარისი კომპანიის მოგების მარჟა დეკლარირებული მონაცემია, თუ, აუდიტის პროცესში არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებისას გამოყვანილი მოგების მარჟა:
პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც აუდიტის დეპარტამენტი შესადარის მონაცემად იყენებს აუდირებული კომპანიის არა დეკლარირებულ, არამედ თავად აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს/მოგების მარჟას. სათანადო შესწავლის გარეშე დაუშვებელია ასეთი ფასნამატის/მოგების მარჟის პირდაპირ გამოყენება სხვა გადასახადის გადამხდელის მიმართ.
განსახილველ საქმეში მომჩივნისთვის უცნობია, თუ რა მონაცემს დაეყრდნო აუდიტის დეპარტამენტი შესადარისი კომპანიის, შპს „-----------“-ის მოგების მარჟის დასადგენად. იყო ეს კომპანიის მიერ დეკლარირებული, თუ აუდიტორის მიერ განსაზღვრული მოგების მარჟა. ამდენად, ამ მონაცემების/დოკუმენტების გაცნობამდე გადასახადის გადამხდელი ვერ ახერხებს ამ ნაწილში უფრო სიღრმისეულ შედავებას.
რამდენად საკმარისია მხოლოდ ერთი შესადარისი კომპანიის მოგების მარჟა:
განსახილველ საქმეში აუდიტის დეპარტამენტს გამოყენებული აქვს მხოლოდ ერთი შესადარისი კომპანიის მოგების მარჟა გადასახადის გადამხდელის შემოსავლების დასათვლელად.
ზოგადად, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საგადსახადო სამართალში მიღებული პრაქტიკაა რამდენიმე შესადარისი კომპანიის მონაცემების გამოყენება. განცალკევებულად აღებულ ერთ კომპანიას შესაძლოა ჰქონდეს ინდივიდუალური მიზეზები, რის გამოც მუშაობს მოგების ამა თუ იმ მარჟაზე (მაგალითად, ყიდიდეს უნიკალურ პროდუქტს, ჰქონდეს უნიკალური მუსიკა და ა.შ.). რამდენიმე შესადარისი კომპანიის მონაცემების მაჩვენებლის გამოყენება კი გარკვეულწილად უზრუნველყოფს, რომ გამოირიცხოს რეალური, საბაზრო მაჩვენებლიდან ინდივიდუალური მიზეზების გამო გადახრილი მოგების მარჟა.
ამდენად, მხოლოდ ერთი შესადარისი კომპანიის მოგების მარჟის მონაცემი ვერ იქნება სანდო და სათანადო მონაცემი არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლის გაანგარიშებისთვის.
რომ შევაჯამოთ, გადასახადის გადამხდელის შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით დათვლისთვის აუდიტორს გამოყენებული აქვს სხვა კომპანიის მოგების მარჟა. გადასახადის გადამხდელისთვის უცნობია, კონკრეტულად რომელი კომპანიის მოგების მარჟა გამოიყენა აუდიტორმა, რა მონაცემებზე დაყრდნობით გამოიანგარიშა აუდიტორმა შესადარისი კომპანიის მოგების მარჟა, იყო ეს მონაცემები დეკლარირებული თუ აუდიტორის მიერ განსაზღვრული მონაცემები, რა პერიოდიდან არის აღებული შესადარისი კომპანიის მოგების მარჟა, რომელ ქალაქში და რა ადგილას საქმიანობს შესადარისი კომპანია, რა სახის და რა მოცულობის ხარჯები აქვს, ბიზნესის განვითარების რა სტადიაზეა აღნიშნული კომპანია და საერთოდ, რა ტიპის ბიზნეს საქმიანობას ეწევა შესადარისი ობიექტი. ასევე გაუგებარია, რატომ აქვს გამოყენებული აუდიტორს მხოლოდ ერთი კომპანიის მოგების მარჟა და არა რამდენიმე კომპანიის საშუალო ან მედიანური მონაცემი.
საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების აქტში უნდა მიეთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, საკანონმდებლო მოთხოვნა, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სათანადოდ გაეცნოს ადმინისტრაციული აქტის შინაარსს. შინაარსის გაცნობის შესაძლებლობა კი თავის მხრივ გულისხმობს გადასახადის გადამხდელისთვის გამოყენებული მეთოდების და გამოყენებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის თაობაზე სრული ინფორმაციის მიწოდებას. საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების მიუხედავად, შემოწმების აქტში საერთოდ არ არის მითითებული რელევანტური ინფორმაცია შესადარის კომპანიასთან დაკავშირებით. ამდენად, გამოცემული ადმინისტრაციული აქტი ამ ნაწილში იმდენად დაუსაბუთებელია, რომ პრაქტიკულად ვერ ახერხებს სათანადო შედავებას და დავის წარმოება უწევს მხოლოდ თეორიული დაშვებების დონეზე.
3. აუდიტორის მიერ განსაზღვრული ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად დაკვალიფიცირება მას შემდეგ, რაც შემმოწმებელმა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა (გაზარდა) კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი, გამოთვალა კომპანიაში არსებული ვირტუალური ფულის ნაშთი (რომელიც არის სხვაობა არაპირდაპირი მეთოდით დათვლილ შემოსავლებსა და კომპანიის მიერ გაწეულ ხარჯებს შორის) და აღნიშნული ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (2023 წლის ოქტომბრის თვეში) ჩათვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
არ ეთანხმება აუდიტორის მიერ გაანგარიშებულ ფულადი ნაშთის ოდენობას. აღნიშნული ნაშთი ექვემდებარება კორექტირებას წინა სადავო საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
ამასთან, არასწორად მიაჩნია აუდიტორის ერთპიროვნული გადაწყვეტილება ფულადი ნაშთის სახელფასო ანაზღაურებად განხილვასთან დაკავშირებით. მიაჩნია, რომ წინა სადავო საკითხებთან დაკავშირებით საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში (და ამდენად, ფულის ვირტუალური ნაშთის ოდენობის დატოვების შემთხვევაში), აღნიშნული ვირტუალური ნაშთი უნდა ჩაითვალოს კომპანიის მიერ გაცემულ სესხად და არა შრომის ანაზღაურებად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. ამასთან, მომჩივანმა დამატებით წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც არ არის შეფასებული შემოსავლების სამსახურის მიერ. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 თებერვლის №4079 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა კაფე-ბარით მომსახურება. საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და არ გააჩნია გაანგარიშებები საქონლის და ფულის მოძრაობასთან დაკავშირებით. ვინაიდან საწარმო აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული საქონელი ჩაითვალა სრულად რეალიზებულად. მსგავსი აუდირებული კომპანიის მარჟის გამოყენებით და გაწეული ხარჯისა და შემოსავლის თანაფარდობით დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი. კომპანიას დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, შემოწმების მიერ ხარჯების სალდირებულად გამოქვითვის შემდგომ, დადგინდა განკარგვადი ფულის სხვაობა
რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე სახელფასო განაცემად. . შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 5 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც თ არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 302(6);