ბრძანება N 21915

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.10.2025
№ დოკუმენტი 21915
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21915

16 ოქტომბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----------ის“ (ს/ნ -----------------)

(მის.: -------------------------------------)

2025 წლის 28 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 7 აგვისტოს (ოქმი №64) და 25 სექტემბრის (ოქმი №81) სხდომებზე განიხილა შპს „-----------ის“ (ს/ნ -----------------) 2025 წლის 28 ივლისის №--------/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ივნისის №225-8 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ აქტი ამ ნაწილში ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რადგან კანონმდებლობის შესაბამისად აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. გადასახადის გადამხდელი ასევე არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ შემოწმებით კომპანიას შეეცვალა დღგ-ის ბრუნვა 1 598 327 ლარით, რაც გულისხმობს, რომ კომპანიამ განახორციელა 5 327 757 ერთეული კვერცხის რეალიზაცია სასაქონლო ზედნადებების გარეშე, აღნიშნული კი ბაზრის ათვისების შესაძლებლობების მიხედვით არარეალურია. ამასთან, არცერთი სავაჭრო ობიექტი არ მოახდენდა ამ ოდენობის პროდუქციის შეძენას სასაქონლო ზედნადებებისა და შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე. გადასახადის გადამხდელი ასევე მიუთითებს, რომ არასწორად არის განსაზღვრული კვერცხის დების პერიოდი, რომელმაც შემოწმების მიხედვით შეადგინა 100 კვირა, აღნიშნულ პერიოდზე წარმადობამ კი 471,1 ცალი. განმარტავს, რომ რეალობა სრულებით განსხვავებულ სურათს იძლევა, კერძოდ, კვერცხის დების პეროდი იწყება 20-21 კვირიდან და სრულდება 71 კვირაზე, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც კვერცხის დება იწყება უფრო გვიან, 23-24-ე კვირაზე. აცხადებს, რომ აღნიშნული ასევე დასტურდება მომწოდებელი კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ბროშურითაც, რომლის მიხედვითაც კვერცხის დების პერიოდი იწყება 19-20 კვირიდან ხოლო წარმადობა შეადგენს 438,4 ერთეულს. მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ კვერცხის დებაზე სხვა ბევრი გარემოებაც ახდენს ზეგავლენას, როგორებიცაა სტრესი, მოვლის ხარისხი, საკვების ხარისხი, ტემპერატურა, სინათლე, ტენიანობა და სხვა. აღნიშნული გარემოებები კი შემოწმების მხრიდან არ იქნა გათვალისწინებული.

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ დანაკლისს (ფრინველის დაცემას). აცხადებს, რომ ფრინველების ტრანსპორტირებისას დანაკლისი შეადგენს 2-5%-ს, რაც მომწოდებლის ვებ გვერდზე განთავსებული ბროშურიდანაც დასტურდება. მგზავრობის დასრულებიდან მომდევნო 10 დღის განმავლობაში დანაკლისი იზრდება 4-5%-ით, კვერცხის დების პერიოდის დასრულებისთვის კი აღნიშნული შეადგენს 15%-ს. განმარტავს, რომ მის შემთხვევაში დანაკლისმა 2022 წელს შეადგენდა 19,2%, ხოლო 2023 წელს 20,5%, რაც უნდა მოხვედრილიყო გაანგარიშებაში, შემოწმებამ კი დაცემის სტანდარტული 15%-იც არ გაითვალისწინა. შემოწმებამ ასევე არ გაითვალისწინა სხვა გარემოებები, რომლებმაც გაზარდეს დანაკლისი მაგალითად, ვენტილაციის გათიშვის გამო დაცემული დიდი რაოდენობის ფრინველი.

გადასახადის გადამხდელი ასევე არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ გამოსავლიანობას. მიუთითებს, რომ რეალური გამოსავლიანობა შეადგენდა 0,59%-ს, ნაცვლად შემოწმების მიერ განსაზღვრული 79%-ისა. აცხადებს, რომ გამოსავლიანობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს ფრინველის მოვლის ხარისხი, ხოლო მოცემულ შემთხვევაში სხვადასხვა გარემოებების გამო ვერ ხდებოდა მოვლის საჭირო ხარისხის შენარჩუნება.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 601 მუხლებზე მითითებით, გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 ნოემბრის №23929 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----------ის“ (ს/ნ -----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 მაისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 23 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 30 ივნისის №14265 ბრძანება და ამავე თარიღის №225-8 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 520 222 ლარი, მათ შორის, გადასახადი 287 681 ლარი, ჯარიმა 143 243 ლარი, საურავი 89 298 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კვერცხის წარმოება. -----დან შემოჰყავს -----ის ჯიშის ქათმები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით შესამოწმებელ პერიოდში ქათამი შემოყვანილია ორჯერ, გარდა ამისა პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ნაშთად უფიქსირდება 19 500 ფრთა ქათამი. გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში კვერცხის წარმოებასთან დაკავშირებული კალკულაციები არ მოუწოდებია. წარმოდგენილია ბუღალტრული პროგრამა ორისი, სადაც გატარებულია ძირითადად სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული კვერცხი. შემოწმებამ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პროგრამა ჩათვალა არასრულყოფილად. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ბრუნვები დათვლილ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ შესწავლილ იქნა მომწოდებლის მიერ განსაზღვრული გამოსავლიანობა და ------ის ჯიშის ქათმების კვერცხის დების მაჩვენებელი, გაკეთდა კვერცხის დების ამსახველი ცხრილი ყოველ კვირაში, კვერცხის წარმოებაში კვერცხის მტვრევის დანაკარგის გათვალისწინებით (3%). გარდა ამისა, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა ქათმის სიკვდილიანობა ანალოგიური საქმიანობის მქონე კომპანიების მიხედვით. შედარდა გადამხდელის დეკლარირებულ მონაცემებს და დადგინდა დამატებით სარეალიზაციო კვერცხის რაოდენობა შესამოწმებელ პერიოდზე. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე პირს დაერიცხა გადასახადი და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან, ქათმების კვერცხის დების პერიოდთან, წარმადობასთან, დანაკლისთან და გამოსავლიანობასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა მიწოდებული შესაბამისი აღრიცხვა წარმოებული კვერცხის, მისი გამოსავლიანობისა და ქათმის დაცემასთან დაკავშირებით, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა შედარებულიყო მომწოდებლის მიერ დადგენილ ნორმებთან. შემოწმების მიერ ვერ იქნა განსაზღვრული შესაბამისობაში იყო თუ არა მხოლოდ სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული კვერცხი რეალურად წარმოებულ კვერცხთან. შედეგად, წარმოება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გამოყენებულ იქნა თავად მომწოდებლის მიერ ვებ გვერდებზე ასახული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც წარმოების პროცესი მიმდინარეობს 100 კვირის განმავლობაში. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი ბროშურა გამოცემულია 2019 წელს, ხოლო შემოწმების მიერ გამოყენებულია იმავე მომწოდებლის 2021 წლის ბროშურა. აუდიტის დეპარტამენტი აქვე მიუთითებს, რომ პირს შემოწმების პროცესში კონკრეტულად შემოყვანილ ქათამზე თანდართული არც ბროშურა წარუდგენია და არც 100 კვირიანი კვერცხის დების საკითხი დამდგარა ეჭვქვეშ.

ქათმების დანაკლისთან დაკავშირებით კი შემოწმება მიუთითებს, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით ქათმის ჩამოწერა ხდებოდა 100 კვირის გასვლის შემდგომ. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იყო საწარმოს პერსონალის მიერ შედგენილი აქტი, რომელშიც მითითებული იყო დაღუპული ქათმების კონკრეტული რაოდენობა, თუმცა აღნიშნული აქტის რეალობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები, მათ შორის შემოსავლების სამსახურისთვის ან სურსათის უვნებლობის სამსახურისთვის მიმართვის ფაქტი არ ფიქსირდება. შესაბამისად, აღნიშნული აქტი და დაცემული ქათმის რაოდენობა არ იქნა გათვალისწინებული შემოწმების პროცესში. ასევე აღნიშნავს, რომ ბუღალტრულ პროგრამაში, რომელსაც გადასახადის გადამხდელი სრულყოფილად მიიჩნევს, ქათმის დაცემა აღრიცხული არაა და მთელი პერიოდის შემოყვანილი ქათმის რაოდენობაა ასახული. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა ასევე წარადგინა მომწოდებლის წერილი, სადაც მომწოდებელი განმარტავს შესაძლო სიკვდილიანობის მაჩვენებელს მათ შორის მგზავრობის დროს, თუმცა გადამხდელის მხრიდან ვერ დასტურდება შესაბამისი ფაქტის რეალობა. აქედან გამომდინარე, შემოწმების მიერ თავად იქნა გათვალისწინებული ყოველთვიური დაცემის კოეფიციენტი (0,76%) ანალოგიური აუდირებული კომპანიების მონაცემების მიხედვით. ასევე გათვალისწინებულ იქნა კვერცხის ტეხის კოეფიციენტიც (3%). გარდა ამისა, შემოწმების მიერ ჩატარდა შეძენილი საკვებისა და კვერცხის ფირფიტების ანალიზი. რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ შეძენილი და გახარჯულია იმაზე მეტი რაოდენობის საკვები, ვიდრე ნორმით საჭირო იყო შემოწმების მიერ გათვალისწინებული ქათმის გამოსაკვებად. ხოლო რაც შეეხება ფირფიტებს, შეძენილია და გახარჯულია ასევე იმაზე მეტი, ვიდრე საჭირო იყო შემოწმებით დადგენილი კვერცხის რაოდენობისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი პოზიცია და მტკიცებულებები გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარდგენილი არ ყოფილა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო დეპარტამენტიდან დამატებით გამოთხოვილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად 2020 წლიდან 2025 წლის ჩათვლით შპს „-------ის“ კუთვნილი ცოცხალი ქათმების (სეს ესნ კოდი 0105) იმპორტისას ჩატარებული ვეტერინარული კონტროლის დროს დაცემული ფრინველების არსებობა არ დადასტურებულა. სხვა ორგანიზაციების მიერ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში მსგავსი საქონლის დეკლარირების შემთხვევაში კი 2020 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით, 010511 და 010594 სეს ესნ სასაქონლო პოზიციებით დეკლარირებული საქონელი წითელ დერეფანში შერჩეული იქნა 22 საბაჟო დეკლარაციის შემთხვევაში. აქედან 21 საბაჟო დეკლარაციის დათვალიერების ინსპექტირების აქტების მიხედვით, შეუსაბამობა ან რაიმე სახის სამართალდარღვევა, აგრეთვე საქონლის ნაკლებობა (მათ შორის, დათვალიერების აქტში ტრანსპორტირებისას დაცემული ქათმები) არ გამოვლენილა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----------ის“ (ს/ნ -----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.განსაზღვრულ დანაკლისს (ფრინველის დაცემას).განსაზღვრულ გამოსავლიანობას.ითხოვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 601 მუხლებზე მითითებით საგადასახადო მოთხოვნის ბათილობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №23929 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 მაისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №14265 ბრძანება და №225-8 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 520 222 ლარი, მათ შორის, გადასახადი 287 681 ლარი, ჯარიმა 143 243 ლარი, საურავი 89 298 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა,რომ შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კვერცხის წარმოება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით შესამოწმებელ პერიოდში ქათამი შემოყვანილია ორჯერ, გარდა ამისა პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ნაშთად უფიქსირდება 19 500 ფრთა ქათამი. გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში კვერცხის წარმოებასთან დაკავშირებული კალკულაციები არ მოუწოდებია. წარმოდგენილია ბუღალტრული პროგრამა ორისი, სადაც გატარებულია ძირითადად სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული კვერცხი. შემოწმებამ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პროგრამა ჩათვალა არასრულყოფილად. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ბრუნვები დათვლილ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ შესწავლილ იქნა მომწოდებლის მიერ განსაზღვრული გამოსავლიანობა და ანალოგიური ჯიშის ქათმების კვერცხის დების მაჩვენებელი, გაკეთდა კვერცხის დების ამსახველი ცხრილი ყოველ კვირაში, კვერცხის წარმოებაში კვერცხის მტვრევის დანაკარგის გათვალისწინებით (3%). გარდა ამისა, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა ქათმის სიკვდილიანობა ანალოგიური საქმიანობის მქონე კომპანიების მიხედვით. შედარდა გადამხდელის დეკლარირებულ მონაცემებს და დადგინდა დამატებით სარეალიზაციო კვერცხის რაოდენობა შესამოწმებელ პერიოდზე. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე პირს დაერიცხა გადასახადი და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1);

ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შემდეგ ნორმებს: 53; 601;