ბრძანება N 23410

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.11.2024
№ დოკუმენტი 23410
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23410

04 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2024 წლის 20 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №112) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2024 წლის 20 სექტემბრის №156934/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 აგვისტოს №002-170 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს. განმარტავს, რომ შემოწმებით არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ხილ-ბოსტნეული არის სპეციფიკურად მალფუჭებადი პროდუქტი, რომელსაც ტრანსპორტირებისას (მსოფლიო სტანდარტით) აქვს მინიმუმ 3-5%-იანი ბუნებრივი შრობა-დანაკარგი (ფუჭდება და წონაში იკლებს), საქონლის 2-3 დღით ბაზარზე დაყოვნებისას დანაკარგი თითქმის 10-20%-მდე ადის, ხოლო 5 დღეზე მეტი ხნით დაყოვნებისას 50-80%-მდე, ზოგ შემთხვევაში 100%-მდეც. აცხადებს, რომ იმპორტირებული საქონლის ძირითადი მყიდველები არიან ადგილობრივი გადამყიდველები და კერძო პირები, რომლებიც საქონელს იღებენ კონსიგნაციით, შედარებით დაბალ ფასებში, სასაქონლო ზედნადებების გარეშე. იშვიათად (15-20%) მსხვილი მაღაზიები და ჰიპერმარკეტები, რომლებიც ყოველთვის სასაქონლო ზედნადებებით იღებენ გადარჩეულ, მაღალი ხარისხის საქონელს გაცილებით მაღალ ფასში, რაც ბაზრისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. განმარტავს, რომ სასაქონლო ზედნადებით გაყიდულ საქონელზე ზედნადებში უთითებს, რომ ეს პროდუქტი არის გადარჩეული, რაც შემოწმებით არ იქნა გათვალისწინებული. გადამხდელი აღნიშნავს, რომ იმპორტირებული ხილ-ბოსტნეულის რეალიზაციით მიღებული მოგება საქართველოს ბაზარზე საშუალოდ მერყეობს 15-25%-ის ფარგლებში. აცხადებს, რომ შემოწმებით კომპანიის შემოსავლები დათვლილია ერთეულ შემთხვევებში მსხვილ მაღაზიებზე და ჰიპერმარკეტებზე გაყიდულ გადარჩეულ საქონელზე გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ფასების მიხედვით, რომელიც მთლიანი პარტიის მხოლოდ 15-20%-ს შეადგენს და მისი გავრცელება დანარჩენ 80-85%-ზე, მალფუჭებად ხილ-ბოსტნეულზე დაუშვებელია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 ივნისის №14375 ბრძანების საფუძველზე შპს „---ს“ (ს/ნ ---) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 19 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 აგვისტოს №19170 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №002-170 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 3 985 351 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 2 493 387 ლარი, ჯარიმა 1 246 694 ლარი და საურავი 245 270 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში შემოტანილი აქვს 7 268 868 ლარის საბაჟო ღირებულების პროდუქცია. დღგ-ით დასაბეგრი დეკლალირებული ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 9 193 710 ლარს. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტურად (სასაქონლო-ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) უფიქსირდება 1 550 558 ლარის ღირებულების (დღგ-ის გარეშე) საქონლის რეალიზაცია, რაც არის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის 16.8%. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 21 ივნისის №14607 ბრძანებით დაინიშნა საწარმოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა. შესწავლას დაექვემდებარა ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა და დადგინდა, რომ შპს „---ს“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი 21 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 15 180 ლარს (გარგარი). შემოწმების ხელთ არსებული გადასახადის გადამხდელის მოწოდებული სააღრიცხვო დოკუმენტაციით არ დგინდება უდოკუმენტოდ საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების მოცულობა/დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, ამასთან გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი არ აქვს სააღრიცხვო ინფორმაცია-დოკუმენტაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 49-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე მუხლების და ფაქტობივი გარემოების გათვალისწინებით, შემოწმებამ გადამხდელის შემოსავლების/დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაანგარიშება განახორციელა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, უდოკუმენტოდ რეალიზებულად განხილული შესაბამისი სახეობის/კატეგორიის საქონლის თვითღირებულებაზე განხორციელდა შესაბამისი პერიოდის სახეობის/კატეგორიის საქონლის დოკუმენტური (ამავე საწარმოს) ფასები, ხოლო იმ საქონელზე, რომლებზეც იმავე თვეში არ ფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია, გავრცელებულ იქნა შესაბამისი პერიოდის შესაბამისი კატეგორიის ფასნამატები.

საერთო ჯამში, შეწონილმა დოკუმენტურმა ფასნამატმა შეადგინა 90%. საწარმოს დაუკორექტირდა (გაეზარდა) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, შესაბამისად დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. აგრეთვე, შემოწმებით განსაზღვრული შემოსავალი განხილულ იქნა სრულად მიღებულად. მიღებული ფულადი შემოსავლების და ხარჯების გათვალისწინებით, ჩატარდა საწარმოს ფულის მოძრაობის ანალიზი. შესამოწმებელი პერიოდის საწყისი ნაშთი მიჩნეულ იქნა ნულად, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფულის ნაშთის განსაზღვრისას შემოწმება დაეყრდნო 2024 წლის მაისის თვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების: დეკლარაციაში დაფიქსირებულ ნაღდი ფულის ნაშთს, რომელმაც შეადგინა 750 ლარი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზით გამოვლენილი განკარგვადი შემოსავალი, შემოწმებით დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, შესაბამისად საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით არ დგინდება უდოკუმენტოდ საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, შემოწმებით მართლზომიერად გავრცელდა უდოკუმენტოდ რეალიზებულ საქონელზე შესაბამისი პერიოდის სახეობის/კატეგორიის საქონლის დოკუმენტური (ამავე საწარმოს) ფასები, ხოლო იმ საქონელზე, რომლებზეც იმავე თვეში არ ფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია, შესაბამისი პერიოდის შესაბამისი კატეგორიის ფასნამატები. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმებით შეწონილმა დოკუმენტურმა ფასნამატმა შეადგინა 90%. საწარმოს დაუკორექტირდა (გაეზარდა) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, შესაბამისად დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. აგრეთვე, შემოწმებით განსაზღვრული შემოსავალი განხილულ იქნა სრულად მიღებულად. მიღებული ფულადი შემოსავლების და ხარჯების გათვალისწინებით, ჩატარდა საწარმოს ფულის მოძრაობის ანალიზი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზით გამოვლენილი განკარგვადი შემოსავალი, შემოწმებით დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101; 154.