გადაწტვეტილება №26699/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.03.2026
№ დოკუმენტი 26699/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26699/2/2026

26 მარტი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "--------" (ს/ნ "--------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,13.03.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "--------"-ის 23.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26699/2/2026).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2025 წლის №041-84 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 4.02.2026 წლის №2179 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 95 155,2 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 48 086,97

დღგ - 12 483,75

საშემოსავლო გადასახადი - 35 603,22

ჯარიმა - 36 993,70

საურავი - 10 074,53

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ფეხსაცმელების და ტანსაცმლის იმპორტი-რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.11.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

მეწარმეს საკუთრებაში გააჩნია 1 საკონტროლო სალარო აპარატი ("--------"), დოკუმენტური რეალიზაცია არ გააჩნია. ბუღალტრული აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა ორისში. შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში დეკლარირებული სმფ-ის ნაშთი შეადგენს -188 270 ლარს, ხოლო 2024 წლის ბოლოს სმფ-ის ნაშთი 391 581 ლარია. დეკლარირებული და ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხული მონაცემების მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში საშუალო ფასნამატი შეადგენს 40,2%-ს. ბუღალტრულ პროგრამაში არ ხდება საქონლის რაოდენობრივ-სახეობრივი აღრიცხვა, მათ შორის, რეალიზაციის აღრიცხვა ხდება სსაში დაფიქსირებული ნავაჭრი თანხებიდან გამომდინარე.

2025 წლის 12 ნოემბრის №24904 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ადგილზე ჩატარდა სმფ-ის ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, რომლის შედეგადაც სმფ-ის ნაშთმა საბაზრო ფასით შეადგინა 556 881 ლარი, ხოლო თვითღირებულებით - 284 994 ლარი (65.6% აუდირებული ფასნამატი), შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს 1.11.2025 წწ მდგომარეობით შეადგინა - 292 890 ლარი თვითღირებულებით.

მეწარმე არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხორციელდება საქონლის დადგენილი წესით ჩამოწერები, არ ხდება კონტროლი მარაგების მოძრაობაზე. არ არის დაცული საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის მოთხოვნები (ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის სწორად და სრულად აღრიცხვა) და შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ: დამუშავდა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული შესყიდვები. შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაიყო ჯგუფებად და რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი (საშუალოდ 65,2%). შედეგად, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.

გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, მეწარმეს სრულად არ აქვს ჩათვლილი იმპორტის დღგ-ის თანხები ჯამში - 35 302 ლარის ოდენობით, რაც დაექვემდებარა ჩათვლას.

წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის 1.01.2022 წლის მდგომარეობით სმფ-ს ნაშთი შეადგენს 188 270 ლარს, ხოლო 1.01.2025 წლის მდგომარეობით 391 581 ლარს. შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლის მიხედვით დაკორექტირდა მეწარმის მიერ დეკლარირებული წლიური საშემოსავლო გადასახადის 2022, 2023 და 2024 წლის საანგარიშო პერიოდის დეკლარაციები.

შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2025 წლის №041-84 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.02.2026 წლის №2179 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 145-ე მუხლზე, 155-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება, რომელზეც გავრცელდა აუდირებული ფასნამატი საქონლის კატეგორიების შესაბამისად, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და საბოლოოდ დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანს არ აქვს წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები შემოწმებით განსაზღვრული სანქციის არამართლზომიერებასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქცია განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

1.დასაბუთების ვალდებულების დარღვევა - საგადასახადო მოთხოვნაშიც და ბრძ. № 2179-შიც არ არის მითითებული კონკრეტული ნორმები თითოეული კომპონენტის (ძირი, ჯარიმა, საურავი) გასათვალისწინებლად, რითაც ირღვევა საგადასახადო კოდექსის 61 § 5 და გენ. ადმ. კოდექსის 53-54-ეები (მოტივირების სტანდარტი). მოთხოვნის ცხრილში სამართლებრივი გრაფა ცარიელია.

2.თანხობრივი აცდენა – მოთხოვნა VS. აქტ-ბრძანება ფაილთა შედარებით: ბრძ. № 26736 – ძირითადი 40 388 ლ; ჯარიმა 36 994 ლ (სულ 77 382 ლ). მოთხოვნა №041-84 – ძირითადი (გადასახადი) 48 086,97 ლარი; ჯარიმა იგივე; დამატებულია საურავი 10 074,53 ლ → სულ 95 155,20 ლ დამატებით დარიცხული 7 698,97 ლარი არ ეფუძნება ანგარიშს nor აქტს, რაც ეწინააღმდეგება სსკ 61 § 3 კავშირს „აქტი → ბრძანება → მოთხოვნა“.

3.არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია (დღგ) აქტი იყენებს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლებს იმპორტის დღგ-ის ჩათვლის საკითხზე, რაც მიუთითებს დაბეგვრის ობიექტზე/რეგისტრაციაზე, არა ჩათვლის წესზე; მიუხედავად ჩათვლის აღიარებისა, მაინც შეფარდებულია საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის სანქცია („გადასახადის შემცირება“), თუმცა გადასახადი გაზრდილია, არ შემცირებულა.

4. „არაპირდაპირი მეთოდი“ – პროცედურული სტანდარტის დარღვევა 5568 ბრძანებით (აუდიტის სახელმძღვანელო): საჭიროა ალტერნატიული მეთოდებით გადამოწმება, აუდიტორული სამუშაო ფურცლები, გადამხდელთან განხილვის ოქმები; აქტში მხოლოდ ფაქტი ფიქსირდება, Supporting evidence არ მოგენიჭა – შესაბამისად დარღვეულია სსკ 73 § 5 და 5568 ბრძ. IV თავის მოთხოვნები. 5. პროცედურული დარღვევა – განხილვის არქონა ბრძ. №2179-ში არსებული ფორმულირება „საბჭომ განიხილა საკმარისი მასალები“ ვერ ცვლის GEN-ადმ. კოდექსის 78-79-ე მუხლებით წერილობით განმარტებებსა და განხილვის ოქმებს; ასეთი დოკუმენტები მათთვის უცნობია და არ გადმოსცემენ. მომჩივანი ითხოვს სრულიად გაუქმდეს სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ ბრძანება №2179 (4.02.2026) და საგადასახადო მოთხოვნა №041-84 (4.12.2025).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტის 6.03.2026 წლის №------- წერილით, წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, საიდანაც ირკვევა, რომ მეწარმის მიერ წარმოდგენილია ბუღალტრული პროგრამა ორისი. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული და ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხული მონაცემების მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში საშუალო ფასნამატი 40,2%-ს შეადგენს. შემოწმებით გამოვლინდა, რომ ბუღალტრულ პროგრამაში არ ხდება საქონლის რაოდენობრივსახეობრივი აღრიცხვა, მათ შორის, რეალიზაციის აღრიცხვა ხდება სსა-ში დაფიქსირებული ნავაჭრი თანხებიდან გამომდინარე. 2025 წლის 12 ნოემბრის N24904 ბრძანების საფუძველზე გადამხდელის ობიექტში ჩატარდა სმფ-ის ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, რომლის შედეგადაც სმფ-ის ნაშთმა საბაზრო ფასით შეადგინა 556 881 ლარი, ხოლო თვითღირებულებით შეადგინა 284 994 ლარი (65.6% აუდირებული ფასნამატი), შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს 1.11.2025 წწ მდგომარეობით შეადგინა - 292 890 ლარი თვითღირებულებით. მეწარმე არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხორციელდება საქონლის სსკ-ით დადგენილი წესით ჩამოწერები, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ: დამუშავებულ იქნა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული შესყიდვები. შედეგად, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაყოფილ იქნა ჯგუფებად და რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი (საშუალოდ 65,2%). შედეგად, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, მეწარმეს სრულად არ აქვს ჩათვლილი იმპორტის დღგ-ის თანხები ჯამში - 35 302 ლარის ოდენობით. შემოწმებით აღნიშნული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები დაექვემდებარა ჩათვლას. მეწარმის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა ორისის და დეკლარირებული წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის 1.01.2022 წლის მდგომარეობით სმფ-ს ნაშთი შეადგენს 188 270 ლარს, ხოლო 1.01.2025 წლის მდგომარეობით 391 581 ლარს. შემოწმების შედეგად, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლის მიხედვით დაკორექტირდა მეწარმის მიერ დეკლარირებული წლიური საშემოსავლო გადასახადის 2022, 2023 და 2024 წლის საანგარიშო პერიოდის დეკლარაციები.

მომჩივნის არგუმენტზე, დარიცხვის ბრძანებასა და საგადასახადო მოთხოვნაში თანხების ერთმანეთს არ დამთხვევაზე, მოპასუხე განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით მეწარმეს დღგში დაერიცხა გადასახადი 12 484 ლარი, წლიურ საშემოსავლო გადასახადში - 27 905 ლარი, სულ გადასახადი - 40 389 ლარი, ხოლო ჯარიმა დაერიცხა ჯამში 36 993 ლარი, ამასთან მიმდინარე გადასახდელები დაერიცხა 27 905 ლარი, შეუმცირდა 17 640 ლარი. საშემოსავლო გადასახადი - 27905+27905-17640=38170 ლარი, ჯარიმა - 36 993 ლარი, რაც დარიცხვის ბრძანებაში ასახულ თანხებს ემთხვევა. რაც შეეხება 4.12.2025 წ №041-84 საგადასახადო მოთხოვნას, დღგ-ის თანხა 12 484 ლარი, საშემოსავლო გადასახადი- 35 603 ლარი და ასევე ამას ემატება გადასახდელად დარიცხული გადასახადები, რომელთა გადახდის ვადა მოთხოვნის გამოცემის თარიღისთვის არ დამდგარა - 15.12.2025 წ - 2 566,17 ლარი. ჯამში საშემოსავლო გადასახადის თანხა ასახულია 38 170 ლარი, ჯარიმა - 36 993 ლარი და საურავი, რომელსაც პროგრამა ავტომატურად ითვლის 10 074 ლარი (რომლის ასახვაც ხდება მოთხოვნაში). ამრიგად, საგადასახადო აქტის მიხედვით დარიცხული თანხები, დარიცხვის ბრძანებასა და საგადასახადო მოთხოვნასთან შესაბამისობაშია.

საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სრულიად გაუქმდეს სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ ბრძანება №2179 (4.02.2026) და საგადასახადო მოთხოვნა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა ფეხსაცმელების და ტანსაცმლის იმპორტი-რეალიზაცია.მეწარმეს საკუთრებაში გააჩნია 1 საკონტროლო სალარო აპარატი,დოკუმენტური რეალიზაცია არ გააჩნია.შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში დეკლარირებული სმფ-ის ნაშთი შეადგენს -188 270 ლარს, ხოლო 2024 წლის ბოლოს სმფ-ის ნაშთი 391 581 ლარია. დეკლარირებული და ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხული მონაცემების მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში საშუალო ფასნამატი შეადგენს 40,2%-ს. ბუღალტრულ პროგრამაში არ ხდება საქონლის რაოდენობრივ-სახეობრივი აღრიცხვა, მათ შორის, რეალიზაციის აღრიცხვა ხდება სსაში დაფიქსირებული ნავაჭრი თანხებიდან გამომდინარე.გადამხდელის საქმიანობის ადგილზე ჩატარდა სმფ-ის ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, რომლის შედეგადაც სმფ-ის ნაშთმა საბაზრო ფასით შეადგინა 556 881 ლარი, ხოლო თვითღირებულებით - 284 994 ლარი.შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს 1.11.2025 წწ მდგომარეობით შეადგინა - 292 890 ლარი თვითღირებულებით.მეწარმე არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხორციელდება საქონლის დადგენილი წესით ჩამოწერები, არ ხდება კონტროლი მარაგების მოძრაობაზე. არ არის დაცული სსკ-ის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის მოთხოვნები და შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე,სსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.შემოწმების შედეგად გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5),163,164.