გადაწყვეტილება №27395/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27395/2/2026
15 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ----- (ს/ნ ----- )
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 04.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- 22.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27395/2/2026 ).
დავის საგანი: საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 16.04.2026 წლის N EL312658 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 08.05.2026 წლის N 10323 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 14 300.8 ლარი..
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:
15.04.2026 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ კონტროლის ზონაში ----- მხრიდან N ----- მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოვიდა -----. უფლებამოსილი მებაჟე - ოფიცრის მიერ მოხდა მისი შეჩერება და ზეპირი გამოკითხვა. დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი მან განაცხადა, რომ ჰქონდა 2 000 000 -----.
ეჭვის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ----- სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების თაობაზე, რის შედეგად დეკლარირებული თანხის გარდა, დამატებით აღმოჩნდა არადეკლარირებული 2 000 000 -----, რომელიც განთავსებული იყო საბარგულში არსებულ ჩანთებში. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი N -----“.
დეკლარირებული და არადეკლარირებული ნაღდი ფულის ნომინალურმა ღირებულებამ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით ჯამში შეადგინა 143 008 ლარი.
საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის არასწორად დეკლარირებით გადმოტანის ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ 16.04.2026 წელს შედგენილია N EL312658 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის შეეფარდა ჯარიმა 14 300.80 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 08.05.2026 წლის N 10323 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-5, მე-6, მე-13, 27-ე, 71-ე მუხლებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 169-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საგადასახადო კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.
კანონმდებლობა ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის არასწორი დეკლარირებით გადმოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და არგუმენტები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია:
15.04.2026 წელს ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტიდან, შემოვიდა საქართველოში. ინტერვიურებისას დაადეკლარირა 2 000 000 (ორი მილიონი) -----, შემდეგ ავტომანქანის დეტალური დათვალიერებისას დამატებით აღმოჩნდა არადეკლარირებული 2 000 000 (ორი მილიონი) -----, საერთო ჯამში არასწორად დეკლარირებულმა თანხამ შეადგინა 4 000 000 (ოთხი მილიონი) -----. ეროვნული ბანკის კურსით 143 008 ლარი, რის გამოც დაჯარიმდა 14 300,8 ლარით.
ზემოაღნიშნულ ფაქტს აღიარებს, ადასტურებს და აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეული იყო მისი დაუდევრობით და წინასწარ განსაზღვრული თანხის დამალვას ადგილი არ ჰქონია. 15.04.2026 წელს საკუთარი ავტომობილით, მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილთან ერთად ----- ----- ის გავლით შემოვიდა საქართველოს საზღვარზე, 18.04.2026 წელს კი მისი ორი სრულწლოვანი შვილი საქართველოში მოფრინავდა თვითმფრინავით. 4 000 000 (ოთხი მილიონი) -----, განთავსებული იყო მისი მანქანის საბარგულში არსებულ ოთხ ჩანთაში, საიდანაც 2 ჩანთა ეკუთვნოდა, მის ორ სრულწლოვან შვილს, რომლებიც 18.04.2026 წელს საჰაერო გზით მოფრინავდნენ -----დან საქართველოში. ინტერვიურებისას წამიერად დაიბნა და დაადეკლარირა მხოლოდ 2 000 000 (ორი მილიონი) ----- ----- შემოტანა, ხოლო დანარჩენი ორი მილიონი ----- -----, რომელიც იდო მისი შვილების ჩანთებში აღარ გახსენებია, რადგანაც ჩათვალა, რომ ეს თანხა მის შვილებს უნდა წამოეღოთ (ასევე, აღსანიშნია რომ 4 000 000 ----- სრულად გათვალისწინებული ჰქონდა, ------ მშენებარე ბინის შესაძენად და მისი ღირებულების წინასწარ შენატანად).
ითხოვს, გაუქმდეს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმა 14 300,8 ლარი, რომელიც გამოიწვია მისმა დაუდევრობამ. საჩივარს ახლავს მისი სრულწლოვანი შვილების ავია ბილეთები.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.
მომჩივანი ფაქტს აღიარებს, ადასტურებს და აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეული იყო მისი დაუდევრობით და წინასწარ განსაზღვრული თანხის დამალვას ადგილი არ ჰქონია. 4 000 000 (ოთხი მილიონი) -----, განთავსებული იყო მისი მანქანის საბარგულში არსებულ ოთხ ჩანთაში, საიდანაც 2 ჩანთა ეკუთვნოდა, მის ორ სრულწლოვან შვილს, რომლებიც 18.04.2026 წელს საჰაერო გზით მოფრინავდნენ ----- საქართველოში. ინტერვიურებისას წამიერად დაიბნა და დაადეკლარირა მხოლოდ 2 000 000 (ორი მილიონი) ----- შემოტანა, ხოლო დანარჩენი ორი მილიონი -----, რომელიც იდო მისი შვილების ჩანთებში აღარ გახსენებია, რადგანაც ჩათვალა, რომ ეს თანხა მის შვილებს უნდა წამოეღოთ (ასევე, აღსანიშნია რომ 4 000 000 ----- სრულად გათვალისწინებული ჰქონდა, ქუთაისში მშენებარე ბინის შესაძენად და მისი ღირებულების წინასწარ შენატანად).
საჩივარს ახლავს ----- და ----- ----- სახელზე ავიაბილეთები, რომელიც თარიღდება 18.04.2026 წლით.
მომჩივნის არგუმენტზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 01.06.2026 წლის N ----- წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ საბაჟო პროცედურების ფარგლებში, განხორციელდა აღნიშნული პიროვნების ინტერვიურება, რა დროსაც დაადეკლარირა 2 000 000 -----. ა/მანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩნდა არადეკლარირებული 2 000 000 -----, რომელიც განთავსებული იყო საბარგულში არსებულ ჩანთებში. ჯამში არასწორად დეკლარირებულმა თანხამ შეადგინა 4 000 000 ----- (ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მიმდინარე დღის გაცვლითი კურსის თანახმად 143 008 ლარი).
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით ნაღდი ფულის გადაადგილება არ იბეგრება, თუმცა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით იგი ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას, რაც სადავო შემთხვევაში, მომჩივნის მხრიდან არ შესრულებულა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საბაჟოზე პირის შემოწმებისას აღმოჩნდა არადეკლარირებული ნაღდი ფული. ამის გამო მას დაეკისრა ჯარიმა, რომელიც გაასაჩივრა, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რის შემდეგაც დავა გაგრძელდა დავების განმხილველ ორგანოში.
გადაწყვეტილება:
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 169(3); 163 (1);.