გადაწყვეტილება №23686/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23686/2/2024
31 ოქტომბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 11.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23686/2/2024).
დავის საგანი:
1. სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ სარგებლად განხილვა;
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 31.05.2024 წლის №081-122 საგადასახდო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 16.07.2024 წლის №16811 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 305 580,94 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 184 343
დღგ - 17 926
მოგების გადასახადი - 75 488
საშემოსავლო გადასახადი - 90 929
ჯარიმა - 92 135
საურავი - 29 102,94
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 31.05.2024 წლის №081-122 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 16.07.2024 წლის №16811 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ სარგებლად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით. შემოწმებისთვის არ არის წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვა და წარმოებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მათ შორის: პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი. დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ნაღდი ფულის მოძრაობის უწყისი, ასევე, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის, ბოლოსთვის და თითოეული საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაცია.
შემოწმების პროცესში ჩატარდა ფულის მოძრაობის ანალიზი, გათვალისწინებულ იქნა ყველა შესაძლო მიღებული და გახარჯული ფულადი სახსრები. ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვის სიტუაციური სახელმძღვანელოს №0256 მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ გაშიფრულ იქნა 206 770 ლარის ღირებულების საქონელი, რომელზეც არ ფლობს ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, მაგრამ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით და ფორმა №2-ების მიხედვით დასტურდება აღნიშნული საქონლის მიწოდება დამკვეთებთან, შესაბამისად, ფულადი სახსრების ანალიზისთვის ხარჯად განისაზღვრა აღნიშნული თანხის 75%. ფულადი სახსრების ის ნაწილი, რომელიც უნდა ყოფილიყო საწარმოში ნაშთის სახით, არ არის ასახული წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების შესაბამის დანართებში და ასევე, საწარმოში არ ფიქსირდება, როგორც სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი (საწარმოში ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრაზე შესაბამისი კონტროლის პროცედურა 9.02.2024 წ).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი 429 581 ლარი (აგროსილი), შესაბამის საანგარიშო პერიოდების ბოლოს განხილულ იქნა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად, რაზეც გადამხდელს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ვინაიდან არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, შემოწმებით შესწავლილ იქნა ფულის მოძრაობის ანალიზი, გათვალისწინებულ იქნა ყველა შესაძლო მიღებული და გახარჯული ფულადი სახსრები.
გადასახადის გადამხდელის მიერ გაშიფრულ იქნა 206 770 ლარის ღირებულების საქონელი, რომელზეც არ ფლობდა ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, მაგრამ გამოწერილი მიღება-ჩაბარების აქტებით და ფორმა 2-ების მიხედვით დასტურდება აღნიშნული საქონლის მიწოდება დამკვეთებთან, შესაბამისად, ფულადი სახსრების ანალიზისთვის ხარჯად განისაზღვრა აღნიშნული თანხის 75%. ხოლო სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების ბოლოს განხილულ იქნა დირექტორის ხელფასად. საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლების განმარტებით, სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა შემოწმების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ ხარჯებთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების შედეგად დამატებით დაბეგრილია 429 580 ლარი, როგორც დირექტორის მიერ მიღებული ფულადი სახსრები, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ჯამურად. აღნიშნული თანხა არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან შემოწმებით დადგენილ ერთობლივი შემოსავლისა (1 623 915 ლარი) და დამატებით დაბეგრილი სალაროს ნაშთის (429 580 ლარი) შედარებით ჩანს, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უმუშავია 26,4%-იან მოგებაზე. აღნიშნულ ფასნამატზე მუშაობა ფაქტიურად შეუძლებელია ფირმისთვის, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ტენდერებში მონაწილეობის მიღება და მაღალი კონკურენციის პირობებში დაბალი ფასნამატის შეთავაზებით ტენდერის მოგება და შესაბამის სამუშაოების შესრულება.
შესამოწმებელ პერიოდში საკმაოდ დიდი თანხები იქნა გახარჯული საქონლის (სკვერში დასამონტაჟებელი სკამები, ურნები, სასრიალოები და ა.შ.) და სამუშაო მასალების ტრანსპორტირებისათვის, რისთვისაც იყენებდა ფიზიკური პირების ერთჯერად მომსახურებას, რომლებიც ახდენდნენ მათ საკუთრებაში არსებული სატვირთო მანქანებით საქონლის ტრანსპორტირებას. აღნიშნულ პირებთან ანგარიშსწორება ხდებოდა ნაღდი ფულის სახით, ხოლო გადასახადის გადახდა ხდებოდა მათ მიერ, ვინაიდან გააჩნდათ მცირე ბიზნესის სტატუსი და თავად ახდენდნენ მიღებული თანხების დეკლარირებას.
ითხოვს გათვალისწინებულ იქნას წარმოდგენილი არგუმენტაცია და მოეხსნას საგადასახადო შემოწმების აქტის აღნიშნული საკითხში დამატებით დარიცხული თანხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 3.09.2024 წლის №85515-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ განხორციელდა ფულის მოძრაობის ანალიზი, რის საფუძველზეც გათვალისწინებულ იქნა ყველა შესაძლო მიღებული და გახარჯული ფულადი სახსრები. ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვის №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით. გადასახადის გადამხდელის მიერ გაშიფრულ იქნა 206 770 ლარის ღირებულების საქონელი, რომელზეც არ ფლობს ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, მაგრამ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით და ფორმა №2-ის მიხედვით დასტურდება აღნიშნული საქონლის მიწოდება დამკვეთებთან. შესაბამისად, ფულადი სახსრების ანალიზისთვის ხარჯად განისაზღვრა აღნიშნული თანხის 75%. ფულადი სახსრების ის ნაწილი, რომელიც უნდა ყოფილიყო საწარმოში ნაშთის სახით არ არის ასახული წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების შესაბამის დანართებში ასევე საწარმოში არ ფიქსირდება როგორც სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი (საწარმოში ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრაზე შესაბამისი კონტროლის პროცედურა 9.02.2024 წ).
მომჩივანს არ წარმოუდგენია, რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის დირექტორზე გაცემულ სარგებლად განხილვა მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით 92 135 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 31.05.2024 წლის №081-122 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 29 102,94 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ, არ ჰქონდა დაბეგრილი გაცემული სესხი, უფიქსირდებოდა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები, არასრულად ჰქონდა ასახული ხელფასის სახით გაცემული თანხები და ა. შ. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
იმ შემთხვევაში თუ არ დაკმაყოფილდება მომჩივნის მოთხოვნა, ვინაიდან არასდროს ჰქონია განზრახვა გადასახდელი გადასახადების შემცირებისა და გადახდისაგან თავის არიდების, ითხოვს, გათვალისწინებულ იქნას აღნიშნული და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად სრულად მოეხსნას ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დარიცხული ჯარიმა-საურავის თანხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისაგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ სარგებლად განხილვა;
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ნაღდი ფულის მოძრაობის უწყისი, ასევე, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის, ბოლოსთვის და თითოეული საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაცია.
შემოწმების პროცესში ჩატარდა ფულის მოძრაობის ანალიზი, გათვალისწინებულ იქნა ყველა შესაძლო მიღებული და გახარჯული ფულადი სახსრები. გადასახადის გადამხდელის მიერ გაშიფრულ იქნა საქონელი, რომელზეც არ ფლობს ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, მაგრამ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით და ფორმა №2-ების მიხედვით დასტურდება აღნიშნული საქონლის მიწოდება დამკვეთებთან, შესაბამისად, ფულადი სახსრების ანალიზისთვის ხარჯად განისაზღვრა აღნიშნული თანხის 75%.
სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი, შესაბამის საანგარიშო პერიოდების ბოლოს განხილულ იქნა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად, რაზეც გადამხდელს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის დირექტორზე გაცემულ სარგებლად განხილვა მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისაგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 269(7)