გადაწყვეტილება №20011/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.08.2023
№ დოკუმენტი 20011/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20011/2/2023

16 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 19.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20011/2/2023).

 

დავის საგანი:

კომპანიის ორ ობიექტზე ჩატარებული ნაღდი ფულის ინვენტარიზაციით გამოვლენილი ფიქტიური ნაშთის საწარმოს პასუხისმგებელი პირის ხელფასად მიჩნევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №006-603 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №11967 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 15 747 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 10 313

დღგ - 2 785

საშემოსავლო გადასახადი - 7 407

ქონების გადასახადი - 121

ჯარიმა - 4 660

საურავი - 774

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.03.2022 წლის №6665 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ადგილებზე (----------) სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციით დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი ნაკლებია საბუღალტრო პროგრამაში ასახულზე. შესაბამისად, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სალაროში ნაღდი ფულის ფიქტიური ნაშთი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გამო, საწარმოს ბუღალტრულ პროგრამაში, სალაროს ანგარიშზე დაფიქსირებული ნაღდი ფულის ნაშთიდან ფიქტიური ნაშთი ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელი პირის, დირექტორის მიერ მიღებულ შემოსავლად და ნაშთის აღმოჩენის მომენტში (17.03.2022 წელს) გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს, ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №006-603 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №11967 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 17.03.2022 წელს განხორციელდა კომპანიის მაღაზიების ---------- და ---------- რაიონებში მდებარე ფილიალების შემოწმება ნაღდი ფულის ნაშთის განსაზღვრის მიზნით. აღნიშნულ პერიოდში კომპანიაში არ იყო დასრულებული 2022 წლის მარტის პერიოდი, რადგან სალაროს ოპერაციების შემოსავლისა და გასავლის ოპერაციები შემოდის მომდევნო თვის პირველ რიცხვში და კომპანიის ბუღალტერიაში ამ პერიოდისთვის ანუ 1.03.2022 წლიდან 26.03.2022 წლის ჩათვლით ბუღალტერს გატარებული ჰქონდა მხოლოდ შემოსავლის ნაღდი ფულის შემოსავლის ოპერაციები, რომელიც ჩანს კომპანიის საგადასახადო პორტალიდან - სალარო აპარატების ფისკალური მაჩვენებლების შესახებ განყოფილებაში.

კომპანიის მიმდინარე პერიოდის საბუთები შემოდის შემდეგი პერიოდის დასაწყისში. შესაბამისად, 2022 წლის მარტის პერიოდის საბუთები შემოდის 2022 წლის 1-2 აპრილს და ამის შემდეგ სრულდება სალაროს გასავლის ოპერაციები, როცა შემოსავლები ბუღალტერს უკვე გატარებული აქვს.

შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდა შედარება კომპანიის ფილიალებში (მაღაზიებში) რეალური ფულის ნაშთების კომპანიის არასრულ ორისში დაფიქსირებულ სალაროს ნაშთთან, რადგან იგი შედგებოდა მხოლოდ შემოსავლებისა, რომელიც ბუღალტერმა გაატარა და დაფიქსირებულია RS.GE-ის პორტალზე სალარო აპარატი ---------- ფილიალის ფისკალური №---------- და ---------- არსებული ფილიალი ფისკალური №---------- ნავაჭრის ჯამი და მაკონტროლებელი ორგანოების დაფიქსირებული ვარაუდი იმის შესახებ, რომ სალაროს თანხები გატანილია დამფუძნებლის მიერ, არ შეესაბამება სიმართლეს.

იმის დასამტკიცებლად, რომ დამფუძნებელს სალაროდან ნამდვილად არ აქვს ფული გატანილი, წარმოდგენილია 2022 წლის მარტის თვის გასვლის ოპერაციები და სალაროს ბუღალტრული ბარათები 2022 წლის მარტის დასრულებული პერიოდისთვის, 31 მარტის მდგომარეობით.

მაღაზიების ნავაჭრი თანხის ძირითადი ნაწილი შედის კომპანიის ანგარიშსწორების ანგარიშზე ანგარიშვალდებული პირების მიერ, რომლებიც წარმოადგენენ მაღაზიების მენეჯერებს და აკონტროლებენ ფულის მიღებისა და გასვლის ოპერაციებს ანუ ითავსებენ მოლარის ფუნქციებს. წარმოდგენილია 2022 წლის მარტში ---------- რაიონში და ---------- ზე მდებარე ფილიალების სალაროს გასავლის დოკუმენტების სია:

---------- ფილიალის (----------) სალაროს გასვლის დოკუმენტების სია:

1. 8.03.2022 წ 2 500 ლარი თანხის შეტანა ანგარიშსწორების ანგარიშზე

2. 8.03.2022 წ 27,3 ლარი შპს ---------- ხარჯის გადახდა

3. 8.03.2022 წ 20 ლარი სს ---------- ხარჯის გადახდა

4. 12.03.2022 წ 2 800 ლარი თანხის შეტანა ანგარიშსწორების ანგარიშზე

5. 18.03.2022 წ 125 ლარი თანხის დაბრუნება მყიდველისათვის

6. 22.03.2022 წ 2 700 ლარი თანხის შეტანა ანგარიშსწორების ანგარიშზე

7. 23.03.2022 წ 14 ლარი შპს ---------- ხარჯის გადახდა

8. 25.03.2022 წ 29 ლარი თანხის დაბრუნება მყიდველისათვის

9. 27.03.2022 წ 4 000 ლარი თანხის შეტანა ანგარიშსწორების ანგარიშზე

10. 31.03.2022 წ 25 ლარი ---------- ხარჯის გადახდა

11. 31.03.2022 წ 50 ლარი ვაკის რაიონის გამგეობა

 

---------- ფილიალის (----------) სალაროს გასვლის დოკუმენტების სია:

1.1.03.2022 წ 40 ლარი შპს ---------- ხარჯის გადახდა

2. 2.03.2022 წ 14,45 ლარი შპს ---------- ხარჯის გადახდა

3.6.03.2022 წ 2 000 ლარი თანხის შეტანა ანგარიშსწორების ანგარიშზე

4. 7.03.2022 წ 10 ლარი შპს ---------- ხარჯის გადახდა

5. 10.03.2022 წ 2 000 ლარი თანხის შეტანა ანგარიშსწორების ანგარიშზე

6. 13.03.2022 წ 1 500 ლარი თანხის შეტანა ანგარიშსწორების ანგარიშზე

7. 15.03.2022 წ 22 ლარი შპს ---------- ხარჯის გადახდა

8. 18.03.2022 წ 12,2 ლარი შპს ---------- ხარჯის გადახდა

9. 18.03.2022 წ 2 000 ლარი თანხის შეტანა ანგარიშსწორების ანგარიშზე

10. 22.03.2022 წ 55 ლარი შპს ---------- ხარჯის გადახდა

11. 24.03.2022 წ 3 300 ლარი თანხის შეტანა ანგარიშსწორების ანგარიშზე

12. 30.03.2022 წ 20 ლარი ---------- ხარჯის გადახდა

13. 30.03.2022 წ 173,5 ლარი დაუდასტურებელი ხარჯების გადახდა

14. 31.03.2022 წ 2 500 ლარი თანხის შეტანა ანგარიშსწორების ანგარიშზე

 

აღნიშნული სააღრიცხვო დოკუმენტაცია სალაროს ნაშთის განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება არ შეესაბამება სინამდვილეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათილად უნდა იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №11967 ბრძანება და კომპანია უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №006-603 საგადასახადო მოთხოვნით საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დამატებით დარიცხული გადასახადის 7 407 ლარის, ჯარიმის - 3704 ლარის და შესაბამისი საურავის თანხებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტებზე სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის შედეგად ნაღდი ფულის ნაშთი დადგინდა საბუღალტრო პროგრამაში ასახულზე ნაკლები ოდენობით. შესაბამისად, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სალაროში ნაღდი ფულის ფიქტიური ნაშთი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტებზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მიერ სალაროს გასავლის ოპერაციებთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №11967 ბრძანება;

3. საბჭოს აპარატს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გაუგზავნოს 19.06.2023 წლის №104431/01 საჩივარი, საქმის მასალებთან ერთად;

4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ სალაროს გასავლის ოპერაციებთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

კომპანიის ორ ობიექტზე ჩატარებული ნაღდი ფულის ინვენტარიზაციით გამოვლენილი ფიქტიური ნაშთის საწარმოს პასუხისმგებელი პირის ხელფასად მიჩნევა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.03.2022 წლის №6665 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ადგილებზე სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციით დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი ნაკლებია საბუღალტრო პროგრამაში ასახულზე. შესაბამისად, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სალაროში ნაღდი ფულის ფიქტიური ნაშთი.

შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდა შედარება კომპანიის ფილიალებში (მაღაზიებში) რეალური ფულის ნაშთების კომპანიის არასრულ ორისში დაფიქსირებულ სალაროს ნაშთთან, რადგან იგი შედგებოდა მხოლოდ შემოსავლებისა, რომელიც ბუღალტერმა გაატარა და დაფიქსირებულია RS.GE-ის პორტალზე სალარო აპარატი ერთი ფილიალის ფისკალური და მეორე ფილიალი ფისკალური ნავაჭრის ჯამი და მაკონტროლებელი ორგანოების დაფიქსირებული ვარაუდი იმის შესახებ, რომ სალაროს თანხები გატანილია დამფუძნებლის მიერ, არ შეესაბამება სიმართლეს.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტებზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მიერ სალაროს გასავლის ოპერაციებთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“)