ბრძანება N 28940
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 28940
30 დეკემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 4 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №103) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 4 დეკემბრის №194302/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 ნოემბრის №068-18 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
მომჩივანი არ ეთანხმება შეძენილი საქონლის ღირებულების 75%-ის ხარჯად აღიარებას და ითხოვს რეალიზებული საქონლის სრული თვითღირებულების ხარჯებში გათვალისწინებას. მიუთითებს, რომ შემმოწმებლისთვის წარდგენილი აქვს საქონლის შეძენის ყველა დოკუმენტი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივნისის №11816 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 5 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 7 ნოემბრის №24607 ბრძანება და ამავე თარიღის №068–18 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 144 791 ლარი, მათ შორის გადასახადი 75 425 ლარი, ჯარიმა 37 079 ლარი და საურავი 32 287 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შპს „-------“ საქმიანობაა ბიტუმით ვაჭრობა. აღნიშნული საწარმო დაფუძნდა და დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2021 წლის 7 სექტემბერს. კომპანიას მინიჭებული აქვს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს საქონლის ნაწილი შეძენილი ჰქონდა ადგილობრივ ბაზარზე სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, ხოლო საქონლის ნაწილის დოკუმენტური შეძენა არ ფიქსირდებოდა. კომპანიის მიერ რეალიზაცია ხორციელდებოდა ადგილობრივ ბაზარზე სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე. გადამხდელს შემოწმებისთვის რაიმე სახის ბუღალტრული ჩანაწერი არ წარუდგენია. 2025 წლის 4 ივნისს საწარმოში ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციაც, რომლის თანახმად, კომპანიას საკონტროლო-სალარო აპარატი არ გააჩნდა, შესაბამისად, არ ჰქონდა ნაღდი ფულის ნაშთიც. გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა საბანკო ამონაწერი. შემმოწმებელი ჯგუფის მიერ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მასალების დამუშავება. საწარმო 2023 წლის იანვრის შემდეგ ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებდა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გადამხდელის შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, ვინაიდან შპს ,,-------“ 2023 წლის იანვრის შემდეგ ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებდა, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს კუთვნილი სმფ-ის ნაშთი მიჩნეულ იქნა 0-ის (ნული) ტოლად. 2023 წლის იანვრის თვეში შეძენილი 6 160 კგ ბიტუმი, რომლის დოკუმენტური რეალიზაციაც არ ფიქსირდებოდა, შემმოწმებელი ჯგუფის მიერ ჩაითვალა რეალიზებულად დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით. აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით. ხოლო საქონლის იმ ნაწილზე, რომლის დოკუმენტური შეძენაც არ ფიქსირდებოდა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) გათვალისწინებით, შემოწმებამ ხარჯში გაითვალისწინა საბაზრო ღირებულების 75%. ასევე, ხარჯებში გაითვალისწინა სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები და ბიუჯეტში გადახდილი თანხები. აღნიშნული გაანგარიშების შედეგად მიღებული ნაღდი ფულის ნაშთი კი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს საქონლის ნაწილი შეძენილი ჰქონდა ადგილობრივ ბაზარზე სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, ხოლო საქონლის ნაწილის დოკუმენტური შეძენა არ ფიქსირდებოდა. კომპანიის მიერ რეალიზაცია ხორციელდებოდა ადგილობრივ ბაზარზე სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე. გადამხდელს შემოწმებისთვის რაიმე სახის ბუღალტრული ჩანაწერი არ წარუდგენია. 2025 წლის 4 ივნისს საწარმოში ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციაც, რომლის თანახმადაც, კომპანიას საკონტროლოსალარო აპარატი არ გააჩნდა, შესაბამისად, არ ჰქონდა ნაღდი ფულის ნაშთიც. გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა საბანკო ამონაწერი. შემმოწმებელი ჯგუფის მიერ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მასალების დამუშავება. საწარმო 2023 წლის იანვრის შემდეგ ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებდა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გადამხდელის შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, ვინაიდან შპს ,,-------“ 2023 წლის იანვრის შემდეგ ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებდა, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს კუთვნილი სმფ-ის ნაშთი მიჩნეულ იქნა 0-ის (ნული) ტოლად. 2023 წლის იანვრის თვეში შეძენილი 6 160 კგ ბიტუმი, რომლის დოკუმენტური რეალიზაციაც არ ფიქსირდებოდა, შემმოწმებელი ჯგუფის მიერ ჩაითვალა რეალიზებულად დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით. საქონლის იმ ნაწილზე, რომლის დოკუმენტური შეძენაც არ ფიქსირდებოდა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) გათვალისწინებით, ხარჯში გათვალისწინებული იქნა საბაზრო ღირებულების 75%. ასევე, ხარჯებში გაითვალისწინა სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები და ბიუჯეტში გადახდილი თანხები. აღნიშნული გაანგარიშების შედეგად მიღებული ნაღდი ფულის ნაშთი კი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება შეძენილი საქონლის ღირებულების 75%-ის ხარჯად აღიარებას და ითხოვს
რეალიზებული საქონლის სრული თვითღირებულების ხარჯებში გათვალისწინებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქონლის ნაწილი შეძენილი ჰქონდა ადგილობრივ ბაზარზე სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, ხოლო საქონლის ნაწილის დოკუმენტური შეძენა არ ფიქსირდებოდა. კომპანიის მიერ რეალიზაცია ხორციელდებოდა ადგილობრივ ბაზარზე სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე. გადამხდელს შემოწმებისთვის რაიმე სახის ბუღალტრული ჩანაწერი არ წარუდგენია. გადამხდელის შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, ვინაიდან მომჩივანი 2023 წლის იანვრის შემდეგ ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებდა, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს კუთვნილი სმფ-ის ნაშთი მიჩნეულ იქნა 0-ის (ნული) ტოლად. 2023 წლის იანვრის თვეში შეძენილი 6 160 კგ ბიტუმი, რომლის დოკუმენტური რეალიზაციაც არ ფიქსირდებოდა, შემმოწმებელი ჯგუფის მიერ ჩაითვალა რეალიზებულად დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით. საქონლის იმ ნაწილზე, რომლის დოკუმენტური შეძენაც არ ფიქსირდებოდა, ხარჯში გათვალისწინებული იქნა საბაზრო ღირებულების 75%. ასევე, ხარჯებში გაითვალისწინა სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები და ბიუჯეტში გადახდილი თანხები. აღნიშნული გაანგარიშების შედეგად მიღებული ნაღდი ფულის ნაშთი კი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101; 154