ბრძანება N 23141
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23141
30 ოქტომბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---ს (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2024 წლის 16 აგვისტოს
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №110) განიხილა ი/მ ---ის (ს/ნ ---) 2024 წლის 16 აგვისტოს №91475/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 ივნისის №065-22 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, თუმცა მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას არ არის დაცული ვალდებულების ობიექტურად და სამართლიანად განსაზღვრის პრინციპები. არ ეთანხმება საბოლოო სმფ-ების ნულად მიჩნევას და აუდირებული ფასნამატის გამოყენებას. აცხადებს, რომ საგადასახადო ორგანომ მოცემულ შემთხვევაში არ გამოიყენა მეწარმის მოძიების ყველა შესაძლებლობა. კერძოდ, მიუთითებს, რომ საგადასახდო შემოწმების აქტის საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნისთანავე საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ მეწარმეს და შეადგინეს გამოკითხვის ოქმი, სადაც მეწარმემ დააფიქსირა, რომ მას საწყობში მიბარებული ჰქონდა სმფ-ები. განმარტავს, რომ საგადასახადო დავის პერიოდში მეწარმის მიერ აღწერილ იქნა სმფ-ები, რომელთა მოცულობამ თვითღირებულებით შეადგინა 273 921 ლარი. აცხადებს, რომ შემოწმებას 2023 წლის საბოლოო ნაშთი უნდა დაეტოვებინა უცვლელი და 2024 წელს რეალიზებულად განეხილა 2023 წლის საბოლოო ნაშთსა და სახეზე არსებულ ნაშთს შორის სხვაობა.
განმარტავს, რომ შემოწმებამ დაარღვია შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითება „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ ფასნამატის კონკრეტული მეთოდის შერჩევასთან დაკავშირებით. აღნიშნავს, რომ სმფ-ები არსებობდა და შესაძლებელი იყო ინვენტარიზაციის ფასნამატის განსაზღვრა. გარდა ამისა, მომჩივანთან ჩატარებული იყო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 13 თებერვლის №3464 ბრძანებით დანიშნული ინვენტარიზაცია შედეგების გამოყვანით. ამასთან, შემოწმების შედეგად მეწარმის მიმართ 2020 წლის 28 ივლისს შედგენილი იყო საგადასახადო შემოწმების აქტი. მიუთითებს, რომ მეწარმეს საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, 2021 წლის შემდეგ სმფ-ები არ შეუძენია, იგი ახორციელებდა სმფ-ების ამოყიდვას. შესაბამისად, აუდირებული ფასნამატის გამოყენების წინაპირობის არსებობის შემთხვევაშიც, შემოწმებას უნდა მოეძებნა „მილევად რეჟიმში“ მყოფი მეწარმის ფასნამატი. გადამხდელი მიიჩნევს, რომ მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები გამოანგარიშებულ უნდა იქნას სახეზე არსებული სმფ-ების მოცულობისა და მათი საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით გამოანგარიშებული ფასნამატის ან წინა შემოწმების/ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის გამოყენებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 აპრილის №8925 ბრძანების საფუძველზე ი/მ --- გის (ს/ნ ---) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 2 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 21 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 ივნისის №14993 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №065-22 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 607 504 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 348 662 ლარი, ჯარიმა 166 528 ლარი და საურავი 92 315 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
პირს საგადასახადო ორგანოში დეკლარაციები წარმოდგენილი აქვს 2023 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდის ჩათვლით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 17 აპრილის №8879 ბრძანებით დაინიშნა ი/მ ---ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის ჩატარება. აღნიშნული შემოწმების ფარგლებში ვერ დადგინდა პირის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, ვერც ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილი და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მდებარეობა. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი შპს „----ში“ 2023 წლის აპრილის თვემდე იჯარით ფლობდა სავაჭრო ფართს. პირი არ ეცნობა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდზე გაგზავნილ შეტყობინებებს და არ წარმოუდგენია სააღრიცხვო/დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. მიმდინარე საგადასახადო შემოწმება ვერ დაუკავშრიდა გადასახადის გადამხდელს, შესაბამისად შემოწმება ჩატარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით. ფასნამატად გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასნამატი ეკ. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე - 2021 წელს - 68%, 2022 წელს - 63% და 2024 წელს - 70%.
დეკლარირებულ შემოსავალში გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებს უჭირავს 0.08%-იანი წილი. შემოსავალი შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა დღგის დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად აუდირებულ ფასნამატზე დაყრდნობით. აღნიშნულის შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის საფუძველზე დღგ-ის დასაბეგრ ბაზასა და დეკლარირებულს შორის გამოვლინდა სხვაობა, რამაც შეადგინა 1 174 408 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა ნაცვლად დეკლარირებული 94 439 ლარისა, შემოწმებით დაკორექტირდა 101 829 ლარით. ჩათვლის გრაფაში პირს არ ჰქონდა გათვალისწინებული საბაჟო დეკლარაცია ა---- შედეგად გადახდილი დღგ. შედეგად, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი დეკლარაციების წლიური საშემოსავლო გადასახადის მიხედვით, ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 2021 წელს - 749 785 ლარს, 2022 წელს - 54 721 ლარს, 2023 წელს - 10 411 ლარს. წლების მიხედვით დეკლარირებული ფასნამატია - 24%, 25% და 31%. ერთობლივი შემოსავლიდან გამოვქვითვას დაქვამდებარებული ხარჯებია 2021 წელს შეძენილი საქონელი - 433 739 ლარის, სხვა ხარჯები - 32 306 ლარის, 2022 წელს სხვა ხარჯები - 5 747 ლარის, 2023 წელს სხვა ხარჯები - 7 168 ლარის.
დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი შპს „---ში“ 2023 წლის აპრილის თვემდე იჯარით ფლობდა სავაჭრო ფართს. აღნიშნულის მიხედვით გადამხდელის საბოლოო სმფ-ის ნაშთი მიჩნეულ იქნა ნულის ტოლად. პირი არ ეცნობა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდზე გაგზავნილ შეტყობინებებს და არ წარმოუდგენია სააღრიცხვო/დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოწმების შედეგად 2021 წლის შემოსავალმა შეადგინა 1 138 555 ლარი (სხვაობა 388 770), შეძენილმა საქონელმა 495 020 ლარი (სხვაობა 61 281 ლარი), გამოქვითვას დაქვემდებარებულმა სხვა ხარჯებმა 19 747 ლარი (სხვაობა 12 559). 2022 წლის შემოსავალმა შეადგინა 70 969 ლარი (სხვაობა 16 247), გამოქვითვას დაქვემდებარებულმა სხვა ხარჯებმა 31 609 ლარი (სხვაობა 25 862). 2023 წლის შემოსავალმა შეადგინა 779 802 ლარი (სხვაობა 769 391), გამოქვითვას დაქვემდებარებულმა სხვა ხარჯებმა 7 155 ლარი (სხვაობა 14), ასევე შემოწმების მიერ რეალიზაციაში იქნა ჩართული და შესაბამისად შემცირდა 2023 წლის საბოლოო სმფ-ის ნაშთი 450 034 ლარის ოდენობით. შედეგად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 13 თებერვლის №3465 ბრძანების საფუძველზე, ი/მ ---ის (ს/ნ ---) ობიექტზე განხორციელდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია შედეგების გამოყვანით. გადამხდელი აღნიშნულ გარემოებაზე მითითებით ითხოვს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმებამ იხელმძღვანელოს ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის შესაბამისად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 13 თებერვლის №3465 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი გაავრცელოს მომიჯნავე 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 13 თებერვლის №3465 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი გაავრცელოს მომიჯნავე 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადამხდელი ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, თუმცა მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას არ არის დაცული ვალდებულების ობიექტურად და სამართლიანად განსაზღვრის პრინციპები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით შემოსავალი გაანგარიშებულ იქნა დღგის დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად აუდირებულ ფასნამატზე დაყრდნობით. აღნიშნულის შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის საფუძველზე დღგ-ის დასაბეგრ ბაზასა და დეკლარირებულს შორის გამოვლინდა სხვაობა, რამაც შეადგინა 1 174 408 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა ნაცვლად დეკლარირებული 94 439 ლარისა, შემოწმებით დაკორექტირდა 101 829 ლარით. შედეგად, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი გაავრცელოს მომიჯნავე 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 102; 105.