გადაწყვეტილება №24486/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24486/2/2024
11 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 20.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24486/2/2024).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, გავრცელებული ფასნამატი და ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 21.10.2024 წლის №041-58 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 17.12.2024 წლის №26515 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
599 120,19 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 387 654,42
დღგ - 160 405
საშემოსავლო გადასახადი - 227 249,42
ჯარიმა - 193 827
საურავი - 17 638,77
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ----ს ბაზრობის ტერიტორიაზე შერეული ტანსაცმლის იმპორტი და რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის 17.10.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 19.09.2023 წლიდან 1.09.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: კომპანია დაფუძნებულია 19.09.2023 წელს. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს იმპორტირებული აქვს 1 834 429 ლარის პროდუქცია. დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 1 725 725 ლარს, ხოლო ბიუჯეტში გადახდილი თანხების ჯამი შეადგენს 339 800 ლარს. გადამხდელის განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროს ნაშთი შეადგენს 0 ლარს, ხოლო დებიტორ-კრედიტორული დავალიანების ნაშთი არ ფიქსირდება. შემოწმების პროცესში მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმოდგენილი იქნა მას შემდეგ, რაც გადამხდელი ორჯერ დაჯარიმდა ინფორმაციის წარუდგენლობისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საწარმოს მიერ იმპორტირებულ საქონელზე გავრცელდა სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის შესაბამისი აუდირებული ფასნამატები. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 891 179 ლარით. ამასთან, ამავე მეთოდით საწარმოში ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც დარჩენილი ფულადი სახსრების ნაშთი 1 136 247 (გროსი) ლარი ჩაითვალა დირექტორზე --- (პ/ნ ----) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.10.2024 წლის №041-58 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.12.2024 წლის №26515 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლითაც ირკვევა, რომ შპს „-----ს შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული აქვს 1 834 429 ლარის პროდუქცია, ხოლო დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 1 725 725 ლარს. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროს ნაშთი შეადგენს 0 ლარს, ხოლო დებიტორ-კრედიტორული დავალიანების ნაშთი არ ფიქსირდება. შემოწმების პროცესში მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმოდგენილი იქნა მას შემდეგ, რაც გადამხდელი ორჯერ დაჯარიმდა ინფორმაციის წარუდგენლობისთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, საწარმოს მიერ იმპორტირებულ საქონელზე გავრცელდა სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის შესაბამისი აუდირებული ფასნამატები, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაზარდა, ხოლო ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგადაც დარჩენილი ფულადის სახსრების ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და ფულადი სახსრების ნაშთის ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ ფულადი სახსრების ნაშთის გაანგარიშებისას საინვოისო ღირებულებები სრულად არის გათვალისწინებული ხარჯებში, ასევე სრულად არის გათვალისწინებული შემოწმების პროცესში წარდგენილი ყველა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საერთოდ არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტს და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებულია 1 834 429 ლარის პროდუქცია. დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 1 823 247, ხოლო ბიუჯეტში გადახდილი თანხების ჯამი შეადგენს 339 800 ლარს. პროდუქციაზე ფასნამატი განსაზღვრულია საბითუმო და საცალო პოზიციაზე 5-10% ოდენობით; შესაბამისად, რეალიზებული საქონლის ფასნამატი საბაზრო პირობებიდან გამომდინარე დაბალია საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე, ასევე ზემოთაღნიშნული ფასნამატი გამოწვეულია არსებული კონკურენციით. კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე არ არის გათვალისწინებული შემდეგი გარემოებები: არასწორად არის გამოთვლილი ფასნამატის პროცენტი (არ არის გათვალისწინებული/შედარებითი მეთოდით რეალიზებული პროდუქციის) და გამოვლენილი საქონლის რეალიზაციის თანხით გაიზარდა მისაღები შემოსავალი. დღგ-ის ჭრილში შემოწმებით მიღებული დამატებით დასაბეგრი შემოსავალი გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვების პროპორციულად, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი, რომელიც შესაბამის პერიოდში დაიბეგრა საზოგადოების დირექტორზე-გაცემულ ხელფასად.
შეძენილი საქონელი იმპორტირებულია ჩინეთიდან და თურქეთიდან. იმპორტირებულ საქონელზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციას (ჩეკები, გადახდის ქვითრები და სხვა) წარმოადგენს. შესაბამისად, უცხოელ მომწოდებელზე სრულად არის თანხა გადახდილი. დებიტორულ/კრედიტორული დავალიანება არ ირიცხება. აღნიშნულის გამო, შემოწმების შედეგად კომპანიას დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი ჯარიმა. შემოწმების შედეგები ამ ნაწილში უნდა დაექვემდებაროს კორექტირებას. შემოწმების პროცესში აღნიშნული დოკუმენტაციის გათვალისწინება, გამოიწვევს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირებას. ითხოვს, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, წარმოდგენილი არგუმენტაციისა და დოკუმენტაციის შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას (შემცირება).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, საწარმოს მიერ იმპორტირებულ საქონელზე გავრცელდა სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის შესაბამისი აუდირებული ფასნამატები, რის შემდეგაც გავრცელებული იქნა საშუალო აუდირებული ფასნამატი (54,9%) შეძენილი სმფ-ების თვითღირებულებაზე. შედეგად გადამხდელის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა.
ამასთან, ამავე მეთოდის გამოყენებით საწარმოში ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც დარჩენილი ფულადის სახსრების ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ რეალიზებული საქონლის ფასნამატი საბაზრო პირობებიდან გამომდინარე დაბალია საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე, რაც გამოწვეულია არსებული კონკურენციით. მიაჩნია, რომ შემოწმების პროცესში აღნიშნული დოკუმენტაციის გათვალისწინება, გამოიწვევს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირებას.
საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ მიიჩნევს, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, გავრცელებული ფასნამატი და ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, საწარმოს მიერ იმპორტირებულ საქონელზე გავრცელდა სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის შესაბამისი აუდირებული ფასნამატები. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 891 179 ლარით. ამასთან, ამავე მეთოდის გამოყენებით საწარმოში ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც დარჩენილი ფულადის სახსრების ნაშთი 1 136 247 (გროსი) ლარი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101; 154.