გადაწყვეტილება №25198/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.06.2025
№ დოკუმენტი 25198/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 25198/2/2025

06 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს “-----” 22.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N -----/2/2025).

 

დავის საგანი:

დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.03.2025 წლის N ----- საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.05.2025 წლის N 10031 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

82 615,48 ლარი

მათ შორის:

დღგ - 48 647,84 ლარი

ჯარიმა - 16 316,31ლარი

საურავი - 17 651,33 ლარი

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:

საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს სარესტორნო მომსახურების გაწევა. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 3 მარტს.

აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 03.03.2022 წლიდან 01.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „-----“ (ს/ნ -----) საგადასახადო შემოწმების შედეგების განსაზღვრის მიზნით დამუშავებული და შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (სასაქონლო ზედნადებები, საბანკო ტერმინალი და 06 ივნისი 2025 N ----- 2 ამონაწერები, სალარო, წარდგენილი დეკლარაციები და სხვა), რომელთა დამუშავებისა და შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს მიერ 12 უწყვეტი კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული შემოსავალი აჭარბებდა 100 000 ლარს. შედეგად, გადასახადის გადამხდელს 05.01.2023 წლიდან განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. ამასთან, განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის საანგარიშო თვიდან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე თითოეული საანგარიშო თვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.03.2025 წლის N ----- საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.05.2025 წლის N 10031 ბრძანებთ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 174- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით, საბუღალტრო ჩანაწერებითა და მომჩივნის გაანგარიშებით შემოწმების მონაცემები შეიცავს რიგ უზუსტობებს. ითხოვს შესაძლებლობას, რომ კომპანიის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრის საკითხი, დასაბეგრი ბრუნვები და ჩასათვლელი თანხები შესწავლილ იქნას მისი მონაწილეობით.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

შემოსავლების სამსახურის 19.05.2025 წლის N 10031 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 27.03.2025 წლის N ----- საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).

მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმების შედეგები შეიცავს რიგ უზუსტობებს, თუმცა, არც შემოწმების მიმდინარეობისას და არც დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოადგენს აღნიშნული არგუმენტის დამადასტურებელ დოკუმენტურ მტკიცებულებებს.

საბჭო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

გადამხდელს განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. ამასთან, განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის საანგარიშო თვიდან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე თითოეული საანგარიშო თვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე.

 

გადაწყვეტილება:

საბჭო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 165;.