ბრძანება N 23584

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.09.2023
№ დოკუმენტი 23584
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23584

26 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ --------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 15 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №92) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 15 აგვისტოს №83057/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 აგვისტოს №081-157 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადში განსაზაღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ საწარმოს არ ჰქონდა იმ ოდენობის ნაშთი, რომ გამოეწვია დამატებული ღირებულების გადასახადში 51 111 ლარის, ხოლო საშემოსავლო გადასახადში 97 541 ლარის დარიცხვა, ვინაიდან სულ მთლიანი ბრუნვა შეადგენს 201 850 ლარს. შედეგად, ითხოვს დარიცხული გადასახადის გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 მაისის №10058 და 19 ივნისის №13933 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 4 დეკემბრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 2 აგვისტოს №18945 ბრძანება და 3 აგვისტოს №081-157 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 246 669 ლარი, მათ შორის, გადასახადი 149 282 ლარი, ჯარიმა 81 427 ლარი და საურავი 15 960 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

● საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს მალფუჭებადი საქონლის (ხილ-ბოსტნეული) იმპორტი, ადგილობრივი შეძენა და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე, ასევე სურსათით ვაჭრობა, შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 211 240 ლარს (დღგ-ის გარეშე). საწარმოს დირექტორის განმარტებით შესამოწმებელ პერიოდში სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული, შესაბამისად შემოწმების შედეგად შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები როგორც ხილ-ბოსტნის ნაწილში, ასევე სურსათით ვაჭრობაში განსაზღვრული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ: ხილ-ბოსტნეულის ნაწილში შესამოწმებელ პერიოდში, თითოეულ თვეში შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობების მიხედვით გაანგარიშებული იქნა, საქონლის სახეობების მიხედვით, დოკუმენტების გარეშე თვის ბოლოს არსებული საქონლის ნაშთის რაოდენობა, რომელიც ჩაითვალა იმავე თვეში რეალიზებულად (მომდევნო თვეში შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობების გათვალისწინებით) კონკრეტული თვის დოკუმენტური საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით, ხოლო იმ პერიოდში, როცა არ ფიქსირდებოდა საქონლის სარეალიზაციო ფასი გავრცელებული იქნა კონკრეტული საქონლის სარეალიზაციო ფასნამატი. აღნიშნულის შედეგად დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რომელსაც დაემატა დოკუმენტებით დადგენილი შემოსავალი, ხოლო სურსათით ვაჭრობის ნაწილში გამოყენებული იქნა მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი ობიექტის აუდირებული ფასნამატი 15% (აღნიშნული ემთხვევა საწარმოს დირექტორის მიერ წარმოდგენილ განმარტებაში დაფიქსირებულ ფასნამატს). შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილი საქონლის რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამურად განისაზღვრა 495 185 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე). შემოწმების შედეგად დადგენილი სხვაობა 283 945 ლარი (დღგ-ის გარეშე) 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161- ე და 2021 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების შედეგად ვაჭრობის ნაწილში (ხილ-ბოსტანი, სურსათით ვაჭრობა) დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 322 000 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). საწარმოს დირექტორის განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ გააჩნდა ნაღდი ფულის ნაშთი. შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფულის ნაშთის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს დირექტორს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია. შესაბამისად, შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, ფულის ნაშთი 322 000 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად განაცემთა ინფორმაციის არასრულად წარმოდგენისთვის შესამოწმებელ პერიოდზე 100 ლარის ოდენობით.

● საწარმოს 2022 წლის ივნისში შეძენილი აქვს სატვირთო ავტომობილი და მისაბმელი, რომლის საშუალებითაც შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებდა საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურებას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და მესამე მხარეებისგან მიღებული ინფორმაციის, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლით დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურებით მიღებული შემოსავლების ნაწილი, ხოლო იმ მიმართულებაზე, სადაც გადამხდელს არ უფიქსირდება საბანკო ჩარიცხვით მიღებული შემოსავალი, თუმცა იდენტიფიცირდება გადაზიდვის მიმართულება, გამოყენებული იქნა შემოწმებით დადგენილი გადაზიდვების საშუალო ფასი. აღნიშნული ანალიზის შედეგად დადგინდა საერთაშორისო გადაზიდვების შედეგად მიღებული შემოსავლების ოდენობა, რომელიც შეადგენს 128 094 ლარს, ასევე შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული იმ ხარჯების ოდენობა, რომელიც უკავშირდება აღნიშნულ გადაზიდვებს, კერძოდ: გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა განმარტების საფუძველზე გაანგარიშებულ იქნა გადაზიდვასთან დაკავშირებული სამივლინებო ხარჯები და ხელფასის სახით გადახდილი თანხების რაოდენობა. საწარმოს დირექტორის განმარტებით მივლინების ხარჯი შეადგენდა 15 დოლარს, ხოლო დაქირავებული მძღოლისათვის ხდებოდა ხელფასის სახით 1 კილომეტრზე 10 ცენტის ანაზღაურება, რომლითაც დადგენილი იქნა შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნულ გადაზიდვებზე მძღოლისთვის გადახდილი ხელფასი. საწარმოს დირექტორის განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ გააჩნდა ნაღდი ფულის ნაშთი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154- ე მუხლის შესაბამისად, შემოწმების შედეგად გადაზიდვის მომსახურების ნაწილში გამოვლენილი ფულის ნაშთი (მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობა) 53 000 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს მძღოლისთვის გადახდილი ხელფასი არ აქვს დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით, შედეგად გადაზიდვის მომსახურების მიმართულებების და გავლილი მანძილის გათვალისწინებით გაანგარიშდა მძღოლზე გადახდილი ხელფასის ოდენობა, რაც შეადგენს 15 165 ლარს (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). შემოწმების შედეგად დაქირავებულ პირებზე გადახდილი თანხა 15 165 ლარი (საშემოსავლოს გადასახადის გარეშე) დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის“ თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული, შესაბამისად შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

● ხილ-ბოსტნეულის და სურსათით ვაჭრობის ნაწილში, საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით დღგით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 211 240 ლარს (დღგ-ის გარეშე). თითოეულ თვეში შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობების მიხედვით გაანგარიშებული იქნა, საქონლის სახეობების მიხედვით, დოკუმენტების გარეშე თვის ბოლოს არსებული საქონლის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა იმავე თვეში რეალიზებულად (მომდევნო თვეში შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობების გათვალისწინებით) კონკრეტული თვის დოკუმენტური საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით, ხოლო იმ პერიოდში, როცა არ ფიქსირდებოდა საქონლის სარეალიზაციო ფასი გავრცელებული იქნა კონკრეტული საქონლის სარეალიზაციოს ფასნამატი. აღნიშნულის შედეგად, დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რომელსაც დაემატა დოკუმენტებით დადგენილი შემოსავალი, ხოლო სურსათით ვაჭრობის ნაწილში გამოყენებული იქნა მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი ობიექტის აუდირებული ფასნამტი 15%. შემოწმების შედეგად დადგენილ სხვაობაზე 283 945 ლარი (დღგ-ის გარეშე) გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამასთან, შემოწმების შედეგად, დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები და გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 322 000 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით

● საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების ნაწილში, საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს 2022 წლის ივნისში შეძენილი აქვს სატვირთო ავტომობილი და მისაბმელი, რომლის საშუალებითაც შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებდა საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურებას. შემოწმების მიერ გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურებით მიღებული შემოსავლების ნაწილი, ხოლო იმ მიმართულებაზე, სადაც გადამხდელს არ უფიქსირდება საბანკო ჩარიცხვით მიღებული შემოსავალი, თუმცა იდენტიფიცირდება გადაზიდვის მიმართულება, გამოყენებული იქნა შემოწმებით დადგენილი გადაზიდვების საშუალო ფასი. შემოწმების მიერ ასევე შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ გაწეული იმ ხარჯების ოდენობა, რომელიც უკავშირდება აღნიშნულ გადაზიდვებს, კერძოდ: გადაზიდვასთან დაკავშირებული სამივლინებო ხარჯები და ხელფასის სახით გადახდილი თანხების რაოდენობა. საწარმოს დირექტორის განმარტებით, მივლინების ხარჯი შეადგენდა 15 დოლარს, ხოლო დაქირავებული მძღოლისათვის ხდებოდა ხელფასის სახით 1 კილომეტრზე 10 ცენტის ანაზღაურება, რომლითაც დადგენილი იქნა შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნულ გადაზიდვებზე მძღოლისთვის გადახდილი ხელფასი. შემოწმების შედეგად გადაზიდვის მომსახურების ნაწილში გამოვლენილი ფულის ნაშთი (მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობა) 53 000 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, ვინაიდან საწარმოს მძღოლისთვის გადახდილი ანაზღაურება არ აქვს დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით, გადაზიდვის მომსახურების მიმართულებების და გავლილი მანძილის გათვალისწინებით გაანგარიშებული მძღოლზე გადახდილი ხელფასი (15 165 ლარს) დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ არის წარმოდგენილი მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადში განსაზაღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს მალფუჭებადი საქონლის (ხილ-ბოსტნეული) იმპორტი, ადგილობრივი შეძენა და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე, ასევე სურსათით ვაჭრობა, საწარმოს დირექტორის განმარტებით შესამოწმებელ პერიოდში სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული, შესაბამისად შემოწმების შედეგად შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები როგორც ხილ-ბოსტნის ნაწილში, ასევე სურსათით ვაჭრობაში განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით; დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რომელსაც დაემატა დოკუმენტებით დადგენილი შემოსავალი, ხოლო სურსათით ვაჭრობის ნაწილში გამოყენებული იქნა მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი ობიექტის აუდირებული ფასნამატი. შემოწმების შედეგად დადგენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების შედეგად ვაჭრობის ნაწილში დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი. ფულის ნაშთის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს დირექტორს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია. შესაბამისად, ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

საწარმოს 2022 წლის ივნისში შეძენილი აქვს სატვირთო ავტომობილი და მისაბმელი, რომლის საშუალებითაც შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებდა საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურებას. შემოწმების შედეგად გადაზიდვის მომსახურების ნაწილში გამოვლენილი ფულის ნაშთი (მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობა) ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.

საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს მძღოლისთვის გადახდილი ხელფასი არ აქვს დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით, შედეგად გადაზიდვის მომსახურების მიმართულებების და გავლილი მანძილის გათვალისწინებით გაანგარიშდა მძღოლზე გადახდილი ხელფასის ოდენობა.

შემოწმების შედეგად აღნიშნული თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101; 154; 159; 105; 275;