ბრძანება N 16675
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16675
22 ივლისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის: ----- )
2026 წლის 23 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 3 ივლისის სხდომაზე (ოქმი N 59) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) N 103042/1/2026 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 17 ივნისის N 13325 ბრძანებას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2011 წლიდან ----- შემოაქვს ინდივიდუალური ორთოპედიული სუპინატორები/ღაბაშები. 2017 წელს საბაჟო ორგანოს ექსპერტიზის დასკვნით პროდუქციას მიანიჭა სეს ესნ 9021 კოდი და კომპანია წლების განმავლობაში ეყრდნობოდა ამ გადაწყვეტილებას. 2025 წლის დეკემბერში იმპორტირებული საქონელს განესაზღვრა „წითელი დერეფანი“, რის შემდეგაც საბაჟომ მიიჩნია, რომ სეს ესნ-ის შესაბამისად 64-ე ჯგუფის საქონელია.
კომპანიამ გადაწყვიტა ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც, გამოიკითხნენ ის ექიმები, რომლებიც უშუალოდ უნიშნავენ პაციენტებს შპს ,,-----“ მიერ იმპორტირებულ პროდუქციას. ექსპერტიზამ დაადგინა, შპს „-----“ მიერ იმპორტირებული ორთოპედიული სუპინატორების/ღაბაშების სეს ესნ კოდია 9021 10 100 00. მომჩივანი მიუთითებს, რომ საქონელი არ წარმოადგენს მასობრივი მოხმარების სტანდარტულ ჩანადგამს. კომპანიის საქმიანობის მოდელის მიხედვით, კლინიკები 3D დიაგნოსტიკის საფუძველზე ადგენენ კონკრეტული პაციენტის პათოლოგიას და სწორედ ამ პათოლოგიის შესაბამისად განისაზღვრება და მიეწოდება პაციენტს ინდივიდუალური ორთოპედიული ღაბაში.
მომჩივანი არ აყენებს ეჭვქვეშ საქონლის ახალ კლასიფიკაციას და მზადაა გადაიხადოს შესაბამისი იმპორტის გადასახდელი, თუმცა მიუთითებს, რომ კოდის არასწორად მითითება გამოწვეული იყო საბაჟო დეპარტამენტის ძველი გადაწყვეტილებისადმი ნდობით და არა გადასახადისგან თავის არიდების განზრახვით. მომჩივანს ასევე მიაჩნია, რომ ვინაიდან აღნიშნულ საქმეზე არ დაწყებულა გამოძიება, ეს ფაქტი დამატებით ადასტურებს მომჩივნის მხრიდან იმპორტის გადასახდელის შემცირების განზრახვის არარსებობას და მიაჩნია, რომ კეთილსინდისიერებასთან ერთად აკმაყოფილებს სანქციისგან გათავისუფლების სტანდარტს.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტი იმ ნაწილში, რომლითაც შპს „-----“ (ს/ნ ----- ) და შპს „-----“ (ს/ნ ----- ) სოლიდარულად დაეკისრათ პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდათ ჯარიმა საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის – 4156.68 ლარის ოდენობით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 31 დეკემბერს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე N ----- საფოსტო გზავნილებით შემოტანილ, შპს „-----“ (ს/ნ ----- ) კუთვნილ საქონელზე (საბაჟო ღირებულება – 23092.68 ლარი), ამავე პირის მიერ წარდგენილი N ----- (15.12.2025) ინვოისის საფუძველზე, საფოსტო გადამზიდავი შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მიერ დარეგისტრირდა N -----/----- (31.12.2025) საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4. აღნიშნულ დეკლარაციას გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ის მიერ განესაზღვრა „ყვითელი დერეფანი“.
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა N -----/----- (31.12.2025) საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერების მიზნით, დეკლარაცია გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“. საქონლის დათვალიერებისას გაჩნდა ეჭვი საქონლის სეს ესნ-ის კოდის სისწორესთან დაკავშირებით.
საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2026 წლის 16 იანვრის ექსპერტიზის დასკვნის N ----- მიხედვით, საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელს (ფეხსაცმლის მოსახსნელი ორთოპედიული ღაბაშები) განესაზღვრა დეკლარირებულისგან (სეს ესნ კოდი 9021 10 100 00) განსხვავებული სეს ესნ კოდი - 6406 90 900 00.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 9021 კოდით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან. „6406 90 900 00“ სასაქონლო ქვესუბპოზიციაში შემავალი საქონელი კი იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით. შესაბამისად, საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის (საქონლის სეს ესნ-ის კოდი) არსებობამ გამოიწვია იმპორტის გადასახდელის შემცირება 4156.68 ლარით.
ვინაიდან მითითებული საქონლის საბაჟო ღირებულება აჭარბებდა 15 000 ლარს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის მასალები, საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 23 იანვრის N ----- წერილით, ქვემდებარეობით გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 2026 წლის 2 ივნისის N ----- წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ წარდგენილი მასალების შესწავლის შედეგად არ დაწყებულა გამოძიება. ამასთან, საბაჟო დეპარტამენტს ეთხოვა კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად მოქმედება.
დადგინდა, რომ შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში 23092.68 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის 4156.68 ლარით შემცირებას და რადგან პირს აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის არ დაეკისრა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, 2026 წლის 17 ივნისს გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის N 13325 ბრძანება, რომლითაც შპს „-----“ (ს/ნ ----- ) სოლიდარულად (შპს „-----“ (ს/ნ -----) ერთად) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 4156.68 ლარის (საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.
საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2026 წლის 16 იანვრის ექსპერტიზის დასკვნის N ----- მიხედვით, საქონლის კლასიფიკაცია განხორციელდა საქონლის ფუნქციური დანიშნულებისა და ობიექტური მახასიათებლების საფუძველზე. ექსპერტიზაზე წარდგენილი საქონელი – ფეხსაცმლის ორთოპედიული ღაბაშები იყო სერიული სამრეწველო წარმოების და განკუთვნილი ფეხსაცმელში გამოსაყენებლად სიარულისას კომფორტის ასამაღლებლად, ტერფის თაღის მხარდაჭერისა და დატვირთვის გადანაწილებისთვის. ის არ ახდენდა ანატომიური დეფექტის ან ინვალიდობის კომპენსირებას, არ წარმოადგენდა სამედიცინო ორთეზს, არ იყო დამზადებული ინდივიდუალური პარამეტრების მიხედვით და არ იყო განკუთვნილი დაავადებების სამკურნალოდ. საქონლის ძირითად მახასიათებელს განსაზღვრავს მისი ფუნქცია, როგორც ფეხსაცმლის კუთვნილება, რომელიც გამოიყენება ფეხსაცმლის შიგნით და არ გააჩნია დამოუკიდებელი დანიშნულება მის გარეშე. 6406 სასაქონლო პოზიცია მოიცავს ფეხსაცმლის ნაწილებს, მათ შორის ელემენტებს, რომლებიც გამოიყენება ფეხსაცმლის შიგნით მისი ფუნქციური შევსებისთვის. შესაბამისად, იმპორტიორის მიერ მითითებული 9021 კოდი არ შეესაბამება საქონლის ფაქტობრივ მახასიათებლებს და ინტერპრეტაციის ზოგად წესებს. ღაბაშებს გააჩნდათ მკვეთრი დაყოფა - Men / Women და მიბმა ფეხსაცმლის ზომებთან -----. საქონლის ცალკეულ შეკვეთებად დაყოფა კი გავლენას არ ახდენს მის კლასიფიკაციაზე. კლასიფიკაცია ხორციელდება ექსკლუზიურად საქონლის ფუნქციური დანიშნულებისა და ობიექტური მახასიათებლების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა. დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად.
ამავე კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.
ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-5 მუხლის მიხედვით კი, თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არ დგება:
ა. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში. ამასთანავე, საქმის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, თუ იმპორტის გადასახდელის ოდენობა შემცირდა იმ საქონელზე, რომლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტს, რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ბრძანებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს მიერ შპს „-----“ მიმართ სასაქონლო ექსპერტიზა განხორციელებულია მხოლოდ 2026 წელს (ექსპერტის დასკვნა N ----- 16.01.-----). ამასთან, მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ ფიქსირდება აღნიშნული კომპანიის მიმართ წინა წლებში განხორციელებული სხვა ექსპერტიზის დასკვნა.
საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2026 წლის 16 იანვრის ექსპერტიზის დასკვნის N ----- მიხედვით კი, საქონლის კლასიფიკაცია განხორციელდა საქონლის ფუნქციური დანიშნულებისა და ობიექტური მახასიათებლების საფუძველზე. ექსპერტიზაზე წარდგენილი საქონელი – ფეხსაცმლის ორთოპედიული ღაბაშები იყო სერიული სამრეწველო წარმოების და განკუთვნილი ფეხსაცმელში გამოსაყენებლად სიარულისას კომფორტის ასამაღლებლად, ტერფის თაღის მხარდაჭერისა და დატვირთვის გადანაწილებისთვის. ის არ ახდენდა ანატომიური დეფექტის ან ინვალიდობის კომპენსირებას, არ წარმოადგენდა სამედიცინო ორთეზს, არ იყო დამზადებული ინდივიდუალური პარამეტრების მიხედვით და არ იყო განკუთვნილი დაავადებების სამკურნალოდ. საქონლის ძირითად მახასიათებელს განსაზღვრავს მისი ფუნქცია, როგორც ფეხსაცმლის კუთვნილება, რომელიც გამოიყენება ფეხსაცმლის შიგნით და არ გააჩნია დამოუკიდებელი დანიშნულება მის გარეშე. 6406 სასაქონლო პოზიცია მოიცავს ფეხსაცმლის ნაწილებს, მათ შორის ელემენტებს, რომლებიც გამოიყენება ფეხსაცმლის შიგნით მისი ფუნქციური შევსებისთვის. შესაბამისად, იმპორტიორის მიერ მითითებული 9021 კოდი არ შეესაბამება საქონლის ფაქტობრივ მახასიათებლებს და ინტერპრეტაციის ზოგად წესებს. ღაბაშებს გააჩნდათ მკვეთრი დაყოფა - Men / Women და მიბმა ფეხსაცმლის ზომებთან (----- და ა.შ.), საქონლის ცალკეულ შეკვეთებად დაყოფა კი გავლენას არ ახდენს მის კლასიფიკაციაზე. კლასიფიკაცია ხორციელდება ექსკლუზიურად საქონლის ფუნქციური დანიშნულებისა და ობიექტური მახასიათებლების საფუძველზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის N 21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი N 1) მე-3 მუხლის (საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესები) მე-2 პუნქტის თანახმად, კარების, ჯგუფებისა და ქვეჯგუფების სახელწოდებები მოცემულია მხოლოდ ინფორმაციის ძიების გაადვილებისთვის. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია რომელიმე სასაქონლო პოზიციის სუბპოზიციებში ხორციელდება ასეთი სუბპოზიციების დასახელებებისა და სუბპოზიციებთან დაკავშირებული შენიშვნების, ასევე mutatis mutandis, სეს ესნ-ის მე-3 მუხლით გათვალისწინებული წესების დებულებათა შესაბამისად, იმ პირობით, რომ მხოლოდ ერთი და იგივე დონის სუბპოზიციებია შესადარისი. მოცემული წესის მიზნებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე შენიშვნები შესაბამისი კარისა და ჯგუფისთვის, თუ კონტექსტი არ მოითხოვს სხვაგვარად. გამომდინარე აქედან, საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2026 წლის 16 იანვრის ექსპერტიზის დასკვნის N ----- მიხედვით, საქონლის (ფეხსაცმლის ღაბაშები (სუპინატორებს - შემადგენლობა - პოლიურეთანი (ძირითადი ფუნქციური ფენა), პლასტმასი, საფეიქრო მასალები) სავაჭრო ნიშნით Aetrex (Compete Orthotics)) სეს ესნ კოდად განისაზღვრა - 6406 90 900 00.
რაც შეეხება საჩივრით წარმოდგენილ შპს „-----“ (ს/ნ -----) მიერ გაცემულ შეფასების დასკვნას N -----, საგულისხმოა, რომ შპს „----- “ (ს/ნ ----- ) არ იძებნება სსიპ „-----“ აკრედიტირებულ პირთა რეესტრში.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-4 მუხლის მე-14 ნაწილის მიხედვით, შესაბამისობის შემფასებელი პირი არის პირი, რომელიც პროფესიული საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს შესაბამისობის შეფასებას. რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასებას ახორციელებს აკრედიტებული ან კანონით პირდაპირ განსაზღვრული სხვა პირი. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აკრედიტაცია არის ოფიციალური საექსპერტო შეფასება, რომლის საფუძველზედაც აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციის მოწმობის გაცემით ოფიციალურად აღიარებს შესაბამისობის შემფასებელი პირის კომპეტენტურობას შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული (სპეციფიკური) საქმიანობის განხორციელებისათვის, ხოლო 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აკრედიტაციის ცენტრი აწარმოებს და მუდმივად აახლებს აკრედიტებულ პირთა რეესტრს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას. შესაბამისად, წარმოდგენილი შეფასების დასკვნა ვერ იქნება მიჩნეული კომპეტენტური (აკრედიტირებული) პირის მიერ განხორციელებულ საექსპერტო შეფასებად. ასევე არ დასტურდება, რომ შეფასების დასკვნა N ----- გაცემულია N ----- (31.12.-----) საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით დეკლარირებულ საქონელზე.
ამასთან, სასაქონლო კოდის განსაზღვრა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის N 21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მიხედვით, რომელიც მომზადებულია საერთაშორისო კონვენციის 2022 წლის რედაქციის საფუძველზე, შეფასების დასკვნაში N ----- კი მითითებულია, რომ დასკვნის შედგენისას გამოყენებულია საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2017 წლის რედაქცია.
კანონმდებლობა ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და არგუმენტები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
მომჩივნის მოთხოვნაზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163- ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო აქტით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში საბაჟო ღირებულების საქონელზე არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის თანხის ოდენობის შემცირებას. ექსპერტიზამ დაადგინა სწორი კლასიფიკაცია, რის შემდეგაც კომპანიას დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და ჯარიმა.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 167(1); 163(11);.