გადაწყვეტილება №22278/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.06.2024
№ დოკუმენტი 22278/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22278/2/2024

03 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 16.02.2024 და 17.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №22278/2/2024, №22283/2/2024).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2023 წლის №007-389 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 26.01.2024 წლის №1257 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 33 755.52 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 21 314

ჯარიმა - 5 921

საურავი - 6 520.52

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ავეჯის წარმოება და რეალიზაცია.

მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2023 წლის №17534 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 18.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, სადაც სადავო საკითხზე მითითებულია შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ არის რეგისტრირებული დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად. პირველადი საგადასახადო დოკუმენტების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ რეალიზებულ საქონელზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით წარმოეშვება დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება 25.05.2021 წელს. საგადასახადო კოდექსის 156-ე, 158-ე, 159-ე და 165-ე მუხლების გათვალისწინებით რეალიზებულ საქონელზე (იმ პერიოდიდან, როდესაც უწევდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია) დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით დაეკისრა ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2023 წლის №32536 ბრძანება და №007-389 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 3.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.01.2024 წლის №1257 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საგადასახადო შემოწმებით მომჩივნის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის შემდგომ, თუ დგება საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული პირობები, რომელიც პირს ანიჭებს უფლებას გაიუქმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია, აღნიშნული პირობების დადგომის შემდგომ პერიოდზე, არ მიიჩნიოს მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად და განახორციელოს ამ ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 26.01.2024 წლის №1257 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 282-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურმა ჯარიმის პატიების ნაწილში მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა შემდეგი მიზეზით: გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.

ინდ. მეწარმის ყველა საგადასახადო ვალდებულება სრულად მქონდა შესრულებული, გაუგებარია, რას ემყარება შემოსავლების სამსახურის დავის განხილვის საბჭოს ასეთი მსჯელობა. რაც შეეხება არცოდნას, 2020 წელს მის მიერ დამზადებული და რეალიზებული ავეჯის გარკვეული ნაწილი უკან დაბრუნდა მყიდველის მხრიდან დაწუნების გამო, რა თქმა უნდა ამაზე არ შეუდგენია არანაირი დოკუმენტი, ვინაიდან, სატელეფონო კონსულტაციისას აუხსნეს, რომ უკან დაბრუნების შემთხვევაში ტრანსპორტირების დოკუმენტი უნდა გამოეწერა მყიდველს და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ის იქნებოდა რეგისტრირებული rs.ge-ზე. მის მიერ გამოწერილ ასეთი ზედნადებებს 100 000-იან ბრუნვაში არ ითვალისწინებდა და იცოდა, რომ ბრუნვიდან გამომდინარე არ მოუწევდა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაცია. ვინაიდან 2020 წელი იყო პანდემიის წელი, არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მსგავს საკითხებზე მიეღო შემოსავლების სამსახურში დამატებითი ინფორმაცია, რაც შეეხება ზედნადების გამოწერაზე მის ცოდნას, აღნიშნული ინფორმაცია სატელეფონო საუბრით მიიღო. იმის დასამტკიცებლად, რომ მართლა არ იცოდა და შეგნებულად არ აურიდებია თავი გადასახადებისგან, კიდევ რა მტკიცებულება უნდა გააჩნდეს?!

ნიმუშად წარმოადგენს რამდენიმე მყიდველისგან წერილობით დასტურს, იმის შესახებ, რომ ნაყიდი ავეჯი დაუბრუნეს უკან (საჩივრებს ახლავს 17.02.2024 წლით დათარიღებული ურთიერთშეთანხმების აქტები). ეს არის ერთადერთი საშუალება, რითაც დაამტკიცებს, რომ „საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდი სამართლებრივი შეცდომის არეალში“, როგორც ამას მიუთითებს გადაწყვეტილებაში შემოსავლების სამსახური. ითხოვს აღნიშნული დოკუმენტების მხედველობაში მიღებას მისი არცოდნის დასტურად და გათავისუფლდეს ჯარიმისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ არის რეგისტრირებული დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად. პირველადი საგადასახადო დოკუმენტების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ რეალიზებულ საქონელზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით წარმოეშვება დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება 25.05.2021 წელს.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1„ა,ბ“); 165; 282.