ბრძანება N 14323

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.06.2024
№ დოკუმენტი 14323
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 14323

19 ივნისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------;

იურ. მის.: ----------)

2024 წლის 6 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 ივნისის სხდომაზე (ოქმი №63) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2024 წლის 6 ივნისის №90052/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 აპრილის №225-6 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემოწმების აქტის მიხედვით 01.01.2021 წლის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს 315 519 ლარს, ხოლო დოკუმენტურად მიღებული და რეალიზებული საქონლის მიხედვით, ფასნამატი არ არემატება 20%-ს. აღნიშნულის გათვალისწინებით ბევრად შემცირდება დამატებით დარიცხული თანხები, რაც არ იქნა შესწავლილი შემოწმების დროს და კომპანიას არასწორად დაერიცხა თანხები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 იანვრის №479 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 11 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 29 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 16 აპრილის №8863 ბრძანება და 17 აპრილის №225-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 507 905 ლარი, მათ შორის, გადასახადი 306 202 ლარი, ჯარიმა 153 184 ლარი, საურავი 48 519 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა რკინა-კავეულით, საღებავებით, ელ. ტექნიკით, სხვა საქონელით. ასევე ეწეოდა ხე-ტყის მასალის ყიდვა-გაყიდვას. გადამხდელს არ გააჩნია საბუღალტრო აღრიცხვის მოწესრიგებული სისტემა, მან ვერ წარმოადგინა და ვერც დაადასტურა მასთან ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არსებობა, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტის შეფასება. მის მიერ დეკლარირებული და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული (მ.შ. დოკუმენტური შეძენების) მონაცემების შედარებისას, ასევე მასთან ჩატარებული სმფ-ების ფაქტიური აღრიცხვის შედეგების გათვალისწინებით, გამოვლინდა არსებითი სხვაობები. ამასთან, საგამოძიებო სამსახურის დადგენილების მიხედვით, რომლის საფუძველზეც დაინიშნა აღნიშნული შემოწმება, დგინდება, რომ საწარმოს ხელმძღვანელი პირების მიერ ყალბი შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებების გამოწერით ხდებოდა ხე-ტყის მასალის რეალიზაცია, რაც დასტურდება გადამხდელის სასაქონლო ზედნადებების პარამეტრების (მ.შ. ტრანსპორტირების საწყისი და საბოლოო მისამართების) შესწავლის საფუძველზეც. ზემოთაღნიშნული გარემოებების საფუძველზე, გამოყენებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ანალიზი ჩაუტარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს, მ.შ. დოკუმენტურ შეძენებს და რეალიზაციის დეკლარირებულ მონაცემებს. 2021 წლის სმფ-ების საწყის ნაშთად აღებულ იქნა გადამხდელის მიერ ანგარიშგების პორტალზე ატვირთულ ანგარიშში დაფიქსირებული ღირებულება 315 519 ლარი, რაც თავის მხრივ შესაბამისობაშია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირებული დოკუმენტური შეძენების და დეკლარირებული რეალიზაციის მონაცემებთან 2018-2020 წლებში. ასევე გათვალისწინებულ იქნა გადამხდელთან 14.11.2023 წელს განხორციელებული სმფ-ების ინვენტარიზაციის მონაცემები და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ----------ში განთავსებულ მაღაზიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურებული სმფ-ების შესახებ (ხანძრის შემთხვევა დადასტურდა შსს-საგან გაცემული ცნობით). საკითხი შესწავლილ იქნა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 08.07.2019 წლის №22708 ბრძანების დანართი №10-ის დებულებებიდან გამომდინარე. კერძოდ, წლების და შინაარსობრივი ნიშნით მოხდა სასაქონლო ჯგუფების გამოყოფა, უპირატესად გადამხდელის დოკუმენტური, ხოლო არარსებობის შემთხვევაში ინვენტარიზაციით დადასტურებული ფასნამატების გამოყვანა და გამოყენება. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე შედგა სმფ-ების მოძრაობის ანგარიში. ანგარიშის შედეგად გამოვლენილი სხვაობა შემოწმების მიერ დაემატა შესამოწმებელი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების მიერ, მათ შორის, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსავლების, აგრეთვე დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების/განაცემების, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების და სხვა მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი შემოსულობების და განაცემების მოძრაობის ანგარიში. საკითხი შესწავლილ იქნა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 08.07.2019 წლის №22708 ბრძანების დანართი №9-ის დებულებებიდან გამომდინარე. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის სალაროში დარჩენილი არაგონივრული ნაშთი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რომელიც დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2024 წლის 13 ივნისს 12:00 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადამხდელს არ გააჩნია საბუღალტრო აღრიცხვის მოწესრიგებული სისტემა, შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი და ვერ დადასტურდა ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არსებობა, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

საგადასახადო შემოწმებით ასევე დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ დეკლარირებული და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული (მ.შ. დოკუმენტური შეძენების) მონაცემების შედარებისას, ასევე მასთან ჩატარებული სმფ-ების ფაქტიური აღრიცხვის შედეგების გათვალისწინებით, გამოვლინდა არსებითი სხვაობები. 2021 წლის სმფ-ების საწყის ნაშთად აღებულ იქნა გადამხდელის მიერ ანგარიშგების პორტალზე ატვირთულ ანგარიშში დაფიქსირებული ღირებულება 315 519 ლარი, რაც თავის მხრივ შესაბამისობაშია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირებული დოკუმენტური შეძენების და დეკლარირებული რეალიზაციის მონაცემებთან 2018-2020 წლებში. ასევე გათვალისწინებულ იქნა გადამხდელთან 14.11.2023 წელს განხორციელებული სმფ-ების ინვენტარიზაციის მონაცემები და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ----------ში განთავსებულ მაღაზიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურებული სმფ-ების შესახებ (ხანძრის შემთხვევა დადასტურდა შსს-საგან გაცემული ცნობით). შემოწმების მიერ წლების და შინაარსობრივი ნიშნით მოხდა სასაქონლო ჯგუფების გამოყოფა, უპირატესად გადამხდელის დოკუმენტური, ხოლო არარსებობის შემთხვევაში ინვენტარიზაციით დადასტურებული ფასნამატების გამოყვანა და გამოყენება. ამასთან, შემოწმების მიერ, მათ შორის, არაპირდაპირი ანგარიშის მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსულობების, აგრეთვე დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების/განაცემების, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების და სხვა მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი შემოსულობების და განაცემების მოძრაობის ანგარიში. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის სალაროში დარჩენილი არაგონივრული ნაშთი განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. პირს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, საჩივარზე თანდართული ინფორმაცია გათვალისწინებულია საგადასახადო შემოწმებისას.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელს არ გააჩნია საბუღალტრო აღრიცხვის მოწესრიგებული სისტემა, შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი და ვერ დადასტურდა ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არსებობა, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. საგადასახადო შემოწმებით ასევე დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ დეკლარირებული და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული (მ.შ. დოკუმენტური შეძენების) მონაცემების შედარებისას, ასევე მასთან ჩატარებული სმფ-ების ფაქტიური აღრიცხვის შედეგების გათვალისწინებით, გამოვლინდა არსებითი სხვაობები. 2021 წლის სმფ-ების საწყის ნაშთად აღებულ იქნა გადამხდელის მიერ ანგარიშგების პორტალზე ატვირთულ ანგარიშში დაფიქსირებული ღირებულება 315 519 ლარი, რაც თავის მხრივ შესაბამისობაშია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირებული დოკუმენტური შეძენების და დეკლარირებული რეალიზაციის მონაცემებთან 2018-2020 წლებში. ასევე გათვალისწინებულ იქნა გადამხდელთან 14.11.2023 წელს განხორციელებული სმფ-ების ინვენტარიზაციის მონაცემები და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია მაღაზიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურებული სმფ-ების შესახებ (ხანძრის შემთხვევა დადასტურდა შსს-საგან გაცემული ცნობით). შემოწმების მიერ წლების და შინაარსობრივი ნიშნით მოხდა სასაქონლო ჯგუფების გამოყოფა, უპირატესად გადამხდელის დოკუმენტური, ხოლო არარსებობის შემთხვევაში ინვენტარიზაციით დადასტურებული ფასნამატების გამოყვანა და გამოყენება. ამასთან, შემოწმების მიერ, მათ შორის, არაპირდაპირი ანგარიშის მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსულობების, აგრეთვე დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების/განაცემების, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების და სხვა მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი შემოსულობების და განაცემების მოძრაობის ანგარიში. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის სალაროში დარჩენილი არაგონივრული ნაშთი განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. პირს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159; 275.