გადაწყვეტილება №27697/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27697/2/2026
24 აგვისტო 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ის 29.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27697/2/2026).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.07.2025 წლის №25435/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 3.02.2026 წლის №006-12 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 229 457,32 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 111 780,07
დღგ - 81 743,91
საშემოსავლო გადასახადი - 29 620,3
ქონების გადასახადი - 415,86
ჯარიმა - 58 085,9
საურავი - 59 591,35
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილი ხორბლის, სიმინდის, ქერის, ქატოს და სხვა საქონლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. აუდიტის დეპარტამენტის 13.05.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2022 წლიდან 13.02.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2025 წლის №006-117 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.06.2025 წლის №13852 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 17.07.2025 წლის №25435/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2026 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 3.02.2026 წლის №006- 12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განცხადების წარდგენისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა დაცულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ პირმა კანონით დადგენილ ვადაში განცხადება წარადგინა არაუფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში.
აუდიტის დეპარტამენტის 2.07.2026 წლის №60740-21-14 წერილის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2026 წლის დასკვნას, 3.02.2026 წლის №2143 ბრძანებას და 3.02.2026 წლის №006-12 საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 4.02.2026 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის 3.02.2026 წლის №006-12 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადის 30-ე დღე იყო 6.03.2026 წელი.
№3/1678-26 საქმეზე სარჩელის ნაწილობრივ წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 18.03.2026 წლის განჩინებაში აღნიშნულია, რომ 2.03.2026 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს ---ის წარმომადგენელმა, სასარჩელო მოთხოვნა იყო მათ შორის აუდიტის დეპარტამენტის 3.02.2026 წლის №2143 ბრძანების და 3.02.2026 წლის №006-12 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა. აღნიშნული განჩინებით შპს ---ს ნაწილობრივ (აუდიტის დეპარტამენტის 3.02.2026 წლის №2143 ბრძანების და 3.02.2026 წლის №006-12 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში) უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 17.07.2026 წლის (რეგისტრაციის თარიღი და ნომერი 21.07.2026 წლის №125073/01) წერილის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.03.2026 წლის განჩინება შპს ---ის წარმომადგენელს ჩაბარდა 18.03.2026 წელს.
№3ბ/1311-26 საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის 9.06.2026 წლის განჩინებით შპს ---ს წარმომადგენლის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15.07.2026 წლის წერილის (რეგისტრაციის თარიღი და ნომერი 16.07.2026 წლის №122056/01) მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 9.06.2026 წლის განჩინება კერძო საჩივრის ავტორს ჩაბარდა პირადად 12.06.2026 წელს.
აუდიტის დეპარტამენტის 3.02.2026 წლის №006-12 საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე საჩივარი წარდგენილია შემოსავლების სამსახურში 25.06.2026 წლის №CA00412611285838 წერილით (რეგ. №107698/21), რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში გამოიგზავნა 29.06.2026 წლის №58904-21-04 წერილით და დარეგისტრირდა №27697/2/2026 საჩივარი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასამართლოსთვის მიმართვის პერიოდის (2.03.2026 წლიდან 12.06.2026 წლამდე) გათვალისწინებით, მომჩივნის მიერ აუდიტის დეპარტამენტის 3.02.2026 წლის №006-12 საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია (შემოსავლების სამსახურში საჩივრის წარდგენის (25.06.2026 წლის №CA00412611285838 წერილის) გათვალისწინებით) კანონით დადგენილი 30 დღის ვადის გასვლის შემდეგ, საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა არ არის დაცული.
ამგვარად, ვინაიდან გასულია აუდიტის დეპარტამენტის 3.02.2026 წლის №006-12 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს№25435/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილი ხორბლის, სიმინდის, ქერის, ქატოს და სხვა საქონლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №25435/2/2025 გადაწყვეტილებით გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სადავო შესყიდვის აქტებზე ხელმოწერის ნოტარიულად დადასტურების აქტები; აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
გადაწყვეტილება:
საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301-ე მუხლის „ე“ .