ბრძანება N 3597

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.03.2023
№ დოკუმენტი 3597
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 3597

24.02.2023

"-------" (პ/ნ --------- )

(მის:--------- )

2022 წლის 14 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №18) განიხილა "--------" (პ/ნ --------) №77290/1/2022 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 28 ნოემბრის №ELC17789 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სამართალდარღვევის ოქმში მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალება არ ყოფილა მის საკუთრებაში და შესაბამისად არც მისი დეკლარირების ვალდებულება ჰქონია.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 31 დეკემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტის“ კონტროლის ზონაში შემოვიდა "-------" მართვის ქვეშ მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება (ს/ნ --------- , სატრანზიტო №--------), რომელსაც დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადად განესაზღვრა 2020 წლის 29 თებერვალი.

ვინაიდან, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირება დაკანონმდებლობით გათვალისწინებული გამოცხადების/დეკლარირების ვადა იყო დარღვეული, გამოვლენილი სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2022 წლის 28 ნოემბერს შედგენილი იქნა №ELC17789 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც"-------" დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

მომჩივანს მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაეგზავნა სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომელსაც გაეცნო 2022 წლის 28 ნოემბერს და ჩაითვალა ჩაბარებულად.

"--------" მიერ საჩივრის წარმოდგენის შემდგომ გაირკვა, რომ ავტომანქანის (ს/ნ "--------" , სატრანზიტო №"--------") მფლობელს წარმოადგენდა "--------" (პ/ნ ---------), რაც დასტურდება შსს მომსახურების სააგენტოდან 2022 წლის 22 დეკემბრის №MIA"--------" საპასუხო წერილით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წლის 27 დეკემბერს შედგენილ იქნა №EL195674 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც "--------" (პ/ნ "--------") "--------" (პ/ნ "--------") ერთად სოლიდარულად დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის ადგენს, რომ საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი. დეკლარანტი კი არის პირი, რომელიც საბაჟო ორგანოს თავისი სახელით წარუდგენს საბაჟო დეკლარაციას, დროებით შენახვის დეკლარაციას, საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციას, საქონლის გატანის ზოგად დეკლარაციას, რეექსპორტის დეკლარაციას ან რეექსპორტის შეტყობინებას, ან პირი, რომლის სახელითაც საბაჟო ორგანოს წარედგინება შესაბამისი დეკლარაცია ან შეტყობინება

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე3 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-7 – მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 52-ე მუხლის მიხედვით, თუ ერთი საბაჟო ვალდებულების შესრულება რამდენიმე პირის მოვალეობაა, ისინი იმპორტის გადასახადის გადახდისთვის სოლიდარულად არიან პასუხისმგებელი.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:

ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა;

ბ) პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;

გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-5 ნაწილის მიხედვით, კი თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა – იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

დადგენილია, რომ მომჩივანი და "--------" (პ/ნ "--------") წარმოადგენენ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის შემომტან და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ მის გადაზიდვაზე პასუხისმგებელ სუბიექტებს. შესაბამისად, მათი მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მომჩივნის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნის მიმართს საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად, "--------" (პ/ნ "--------") ერთად სოლიდარულად ჯარიმის დაკისრება მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. "--------" (პ/ნ "--------" ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.