ბრძანება N 21142

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.08.2023
№ დოკუმენტი 21142
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21142

25.08.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

------ -----------ის (პ/ნ -------------------)

(მის.:----------------------------------------)

2023 წლის 11 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №88) განიხილა ------ -----------ის (პ/ნ -------------------) №83006/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 10 აგვისტოს №EL219563 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ არასწორად იყო ინფორმირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადასთან დაკავშირებით. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 10 აგვისტოს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----ის“ კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან გამოცხადდა -----აში რეგისტრირებული №----- მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე ------ -----------ე (პ/ნ -------------------) .

შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, მითითებული ავტომობილი საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოყვანილ იქნა 2022 წლის 9 დეკემბერს ზემოაღნიშნული პირის მიერ და ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ბოლო ვადად განესაზღვრა 2023 წლის 7 თებერვალი.

ვინაიდან, ---- --------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების/დეკლარირების ვადის დარღვევას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „------ის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 10 აგვისტოს შედგენილ იქნა №EL219563 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ------ -----------ეს (პ/ნ -------------------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-7 – მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით) ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სამართალდარღვევისთვის გამოყენებული სანქცია უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და მიყენებული ზიანის მოცულობას. კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევის ადეკვატური უნდა იყოს. ამასთან, ქმედება არ არის ჩადენილი განმეორებით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმის ნაცვლად, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ------ -----------ის (პ/ნ -------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. 2023 წლის 10 აგვისტოს №EL219563 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა შეიცვალოს გაფრთხილებით;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ არასწორად იყო ინფორმირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადასთან დაკავშირებით. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან გამოცხადდა სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე (მომჩივანი) .

შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მომჩივანის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა).

გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა №EL219563 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა .

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმის ნაცვლად, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6);

ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:163(1,15); 165;

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი;