გადაწყვეტილება №19365/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19365/2/2023
03 აგვისტო 2023
გადაწყვეტილება
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ "-------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------"-ის 8.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19365/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 18.01.2021 წლის №191 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.06.2021 წლის №081-173 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5300 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 552 350 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 289 268
ბუნებრ. რესურ. სარგ. მოსაკრებელი - 39
დღგ - (-35 322)
მოგების გადასახადი - 321 372
საშემოსავლო გადასახადი - 3 179
ჯარიმა - 170 273
საურავი - 92 809
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 22.12.2016 წლიდან 1.01.2020 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2020 წლის 24 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
- 2019 წლის იანვრის თვეში კომპანიას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება უკრაინულ კომპანიასთან მზესუმზირის მარცვლის მოწოდებასთან დაკავშირებით. ხელშეკრულების თანახმად, მყიდველს საქონელი უნდა მიეღო 2019 წლის 30 ივლისამდე, ხოლო თავად პროდუქცია უნდა ყოფილიყო 2018 წლის მზესუმზირის მოსავალი. ამასთან, განსაზღვრულია პირგასამტეხლო გამყიდველის მიერ საქონლის ვადაგადაცილებით მიწოდების შემთხვევაში: 10 კალენდარული დღით დაგვიანების შემთხვევაში საქონლის ღირებულების 0.03% ყოველ კალენდარულ დღეზე, ხოლო 10 კალენდარულ დღეზე მეტი ხნით დაგვიანების შემთხვევაში 0.05%.
2019 წლის აპრილიდან 2019 წლის აგვისტომდე საანგარიშო პერიოდებში გადასახადის გადამხდელს დოლარის საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული აქვს ავანსები არარეზიდენტი კომპანიისათვის, სულ 710 200 აშშ დოლარის ოდენობით. არარეზიდენტზე გადარიცხული თანხები კომპანიას მობილიზებული აქვს ბანკიდან სესხის აღების გზით, რაზედაც იხდის საპროცენტო ხარჯს. აღნიშნული საქონელი კომპანიას დღემდე არ მიუღია. ასევე, არ განუხორციელებია პირგასამტეხლოს დარიცხვა. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა კორექტირებული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, საქონლის მიწოდება გადავადდა 2020 წლის 30 ნოემბრამდე, მაგრამ ხელშეკრულებით არ ირკვევა როდის მოხდა პირველ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ასევე არ არის მითითებული გადავადების მიზეზი. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას ფინანსური შედეგების მიხედვით უფიქსირდება ზარალი (3 745 108 ლარი).
შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, არარეზიდენტ პირზე გადარიცხული თანხები განხილულ იქნა სესხად. ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული იურიდიულ პირებზე გაცემული სესხის წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტისა და 983 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გაცემული სესხი და მისაღები პროცენტები დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. ამასთან, მოგების გადასახადის ჩასათვლელ თანხაში გათვალისწინებულ იქნა 2019 წლის მაისის თვეში სესხის ნაწილის დაბრუნება 205 500 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა;
- საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა სულ 1 800 ლარის ოდენობით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.08.2020 წლის №25412 ბრძანება და №081-207 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.01.2021 წლის №191 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების, ასევე საჩივარში მითითებული გარემოებების/არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს შინაარსის გათვალისწინებით ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის და აღნიშნულის გათვალისწინებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერების საკითხი. შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმები განხილული იქნა ერთ სამართალდარღვევად და შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებული იქნა გაფრთხილება; - დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 იანვრის №191 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 20 მაისის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა შემცირდა 1 800 ლარით და ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებული იქნა გაფრთხილება, აღნიშნულზე, გამოიცა ამავე დეპარტამენტის 10.06.2021 წლის №081-173 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.10.2021 წლის №32551 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 20.05.2022 წლის გადაწყვეტილებით (№14891/2/2021) საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.
შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5300 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
ა)გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაცია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შპს N1-სთვის გადახდილი საავანსო თანხა გადახდის თარიღების შესაბამისად ჩაითვალა კომპანია N2-ს მიმართ არსებული ვალდებულების გაქვითვად ან უზრუნველყოს წარდგენილი დოკუმენტების შპს N1-ს და კომპანია N2-ს შორის დადებული საგარანტიო შეთანხმება და ურთიერთშედარების აქტები) სათანადო წესით დამოწმება;
ბ)აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, მითითებული დოკუმენტაციის გათვალისწინებით, უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის მიერ არარეზიდენტზე ავანსის სახით გადარიცხული თანხების სესხად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება;
გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5300 ბრძანება, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, 983 მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 20 მაისის დასკვნის შინაარსზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასახულ გარემოებებზე, კერძოდ, რომ გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელმა დადგენილ ვადაში წარადგინა დამატებითი დოკუმენტაცია სადავო საკითხთან დაკავშირებით. გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციით:
- მზესუმზირის მარცვლის მოწოდებასთან დაკავშირებით, 2019 წლის იანვრის თვეში უკრაინულ კომპანიასთან (შპს N1) გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გადასახადის გადამხდელს საქონელი უნდა მიეღო 2019 წლის 30 ივლისამდე, ხოლო თავად პროდუქცია უნდა ყოფილიყო 2018 წლის მზესუმზირის მოსავალი. ამასთან, განისაზღვრა პირგასამტეხლო მომწოდებლის მიერ საქონლის ვადაგადაცილებით მიწოდების შემთხვევაში;
- 2019 წლის აპრილიდან 2019 წლის აგვისტომდე პერიოდში გადასახადის გადამხდელს მომწოდებელი კომპანიისთვის გადარიცხული აქვს ავანსის სახით 710 200 აშშ დოლარი, საიდანაც 2019 წლის მაისის თვეში უკან დაბრუნებულია 75 000 დოლარი, რაც შემოწმებით გათვალისწინებული იქნა სესხის გაანგარიშების დროს;
- საქონელი გადასახადის გადამხდელს არ მიუღია და არ განხორციელებულა პირგასამტეხლოს დარიცხვა;
- გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებითი წარდგენილი იქნა შპს N1-ს და კომპანია N2-ს შორის დადებული საგარანტიო შეთანხმება და ურთიერთშედარების აქტები, საიდანაც გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შპს N1-სთვის გადახდილი საავანსო თანხა გადახდის თარიღების შესაბამისად ჩაითვალა კომპანია N2-ს მიმართ არსებული ვალდებულების გაქვითვად და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვეღარ მიიღებს ნედლეულს. შპს N1 და კომპანია N2 წარმოადგენენ ურთიერთდაკავშირებულ კომპანიებს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში ასახულ გარემოებებზე. მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარდგენილია შპს N1-ს და კომპანია N2-ს შორის დადებული საგარანტიო შეთანხმება და ურთიერთშედარების აქტები, საიდანაც გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შპს N1-სთვის გადახდილი საავანსო თანხა გადახდის თარიღების შესაბამისად ჩაითვალა კომპანია N2 -ს მიმართ არსებული ვალდებულების გაქვითვად და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვეღარ მიიღებს ნედლეულს. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მითითებული დოკუმენტაციის გათვალისწინებით, ფაქტობრივად, დასტურდება, გადასახადის გადამხდელის მიერ არარეზიდენტზე გადახდილი თანხებით კომპანია N2-ს მიმართ არსებული ვალდებულების გაქვითვის ფაქტი, თუმცა აღნიშნული დოკუმენტაცია არ არის დამოწმებული შესაბამისი წესით. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი წესით დამტკიცებული დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაზიარებულ უნდა იქნეს გადამხდელის არგუმენტაცია.
საქმეში არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაცია იმის თაობაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შპს N1-სთვის გადახდილი საავანსო თანხა გადახდის თარიღების შესაბამისად ჩაითვალა კომპანია N2 -ს მიმართ არსებული ვალდებულების გაქვითვად ან უზრუნველყოს წარდგენილი დოკუმენტების ( შპს N1-ს და კომპანია N2-ს შორის დადებული საგარანტიო შეთანხმება და ურთიერთშედარების აქტები) სათანადო წესით დამოწმება. ხოლო აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მითითებული დოკუმენტაციის გათვალისწინებით, უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის მიერ არარეზიდენტზე ავანსის სახით გადარიცხული თანხების სესხად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5300 ბრძანება ეწინააღმდეგება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20.05.2022 წლის №14891/2/2021 გადაწყვეტილებას (შემდგომში - გადაწყვეტილება), რადგან :
1. დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელისაგან რაიმე დამატებითი მტკიცებულება მოთხოვნილი არ ყოფილა;
2. პირიქით, ხაზია გასმული, რომ საჭიროა წარდგენილი დოკუმენტაცია შეფასდეს მისი შინაარსის გათვალისწინებით.
გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის №5300 ბრძანებაში არ არის შეფასება მიცემული ავანსად გადახდილი 75 000 აშშ დოლარის საკითხზე. ამ საკითხზე საკმაოდ ფართოდაა ნამსჯელი ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში და მისი კვალიფიკაციის შეცვლა არანაირ დამატებით დოკუმენტებს არ საჭიროებს.
შემოსავლების სამსახურის №5300 ბრძანებით კომპანიას დაევალა აპოსტილით დადასტურებული დოკუმენტაციის წარდგენა 15 კალენდარული დღის ვადაში. როგორც საკითხის შესწავლით გაირკვა, ამ დროში ამ საკითხის მოგვარება შეუძლებელია. საქართველოში ამ პროცედურას 20 სამუშაო დღე სჭირდება.
მიუხედავად იმისა, რომ აპოსტილით დამოწმების მოთხოვნას არ ითვალისწინებდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება, მზადაა წარადგინოს დოკუმენტაცია მოთხოვნილი სახით და ამისათვის ითხოვს, გონივრული ვადის განსაზღვრას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 იანვრის №191 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 20 მაისის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა შემცირდა 1 800 ლარით და ფულადი ჯარიმის ნაცვლად გადასახადის გადამხდელს შეეფარდა გაფრთხილება, ხოლო სადავო საკითხის ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 იანვრის №191 ბრძანების აღსრულების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 10.06.2021 წლის №081-173 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.10.2021 წლის №32551 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 20.05.2022 წლის გადაწყვეტილებით (№14891/2/2021) საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახური სადავო 20.03.2023 წლის №5300 ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებაში ყურადღებას ამახვილებს რა საქმეში არსებულ მასალებზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში ასახულ გარემოებებზე, მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარდგენილია შპს N1-ს და კომპანია N2-ს შორის დადებული საგარანტიო შეთანხმება და ურთიერთშედარების აქტები, საიდანაც გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შპს N1-სთვის გადახდილი საავანსო თანხა გადახდის თარიღების შესაბამისად ჩაითვალა კომპანია N2-ს მიმართ არსებული ვალდებულების გაქვითვად და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვეღარ მიიღებს ნედლეულს. აღნიშნავს, რომ მითითებული დოკუმენტაციის გათვალისწინებით, ფაქტობრივად, დასტურდება, გადასახადის გადამხდელის მიერ არარეზიდენტზე გადახდილი თანხებით კომპანია N2-ს მიმართ არსებული ვალდებულების გაქვითვის ფაქტი, თუმცა აღნიშნული დოკუმენტაცია არ არის დამოწმებული შესაბამისი წესით. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი წესით დამტკიცებული დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაზიარებულ უნდა იქნეს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია.
ამგვარად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაცია იმის თაობაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შპს N1-სთვის გადახდილი საავანსო თანხა გადახდის თარიღების შესაბამისად ჩაითვალა კომპანია N2-ს მიმართ არსებული ვალდებულების გაქვითვად ან უზრუნველყოს წარდგენილი დოკუმენტების ( შპს N1-ს და კომპანია N2-ს შორის დადებული საგარანტიო შეთანხმება და ურთიერთშედარების აქტები) სათანადო წესით დამოწმება. ხოლო, განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მითითებული დოკუმენტაციის გათვალისწინებით, უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის მიერ არარეზიდენტზე ავანსის სახით გადარიცხული თანხების სესხად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
რაც შეეხება, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტების აუდიტის დეპარტამენტისათვის წარდგენის ვადის გაზრდას, საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, საბჭოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, უზრუნველყოს შემოსავლების სამსახურის სადავო 20.03.2023 წლის №5300 ბრძანებაში მითითებული სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტების აუდიტის დეპარტამენტისათვის წარდგენა.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5300 ბრძანება;
3. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაცია იმის თაობაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შპს N1-სთვის გადახდილი საავანსო თანხა გადახდის თარიღების შესაბამისად ჩაითვალა კომპანია N2-ს მიმართ არსებული ვალდებულების გაქვითვად ან უზრუნველყოს წარდგენილი დოკუმენტების შპს N1-ს და კომპანია N2-ს შორის დადებული საგარანტიო შეთანხმება და ურთიერთშედარების აქტები) სათანადო წესით დამოწმება;
4.ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მითითებული დოკუმენტაციის გათვალისწინებით, უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის მიერ არარეზიდენტზე ავანსის სახით გადარიცხული თანხების სესხად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი თვლის, რომ შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5300 ბრძანება ეწინააღმდეგება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20.05.2022 წლის №14891/2/2021 გადაწყვეტილებას
მომჩივანი მზადაა წარადგინოს დოკუმენტაცია მოთხოვნილი სახით და ამისათვის ითხოვს, გონივრული ვადის განსაზღვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, არარეზიდენტ პირზე გადარიცხული თანხები განხილულ იქნა სესხად. გაცემული სესხი და მისაღები პროცენტები დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა;
შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5300 ბრძანება, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, საბჭოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, უზრუნველყოს შემოსავლების სამსახურის სადავო 20.03.2023 წლის №5300 ბრძანებაში მითითებული სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტების აუდიტის დეპარტამენტისათვის წარდგენა.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
982,983,291.