გადაწყვეტილება №18020/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18020/2/2022
9.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ---------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 17.10.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18020/2/2022).
დავის საგანი:
სალაროში არსებული ფულადი ნაშთის სესხად განხილვა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2022 წლის №006-135 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 28.09.2022 წლის №24789 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 202 298 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 88 053
დღგ - 29 639
მოგების გადასახადი - 41 086
საშემოსავლო გადასახადი - 16 921
ქონების გადასახადი - 407
ჯარიმა - 88 053
საურავი - 26 192
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.04.2020 წლიდან 1.07.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო ინფორმაციის თანახმად, კომპანიას ყოველი თვის ბოლოს სალაროში უფიქსირდება დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც იზრდება/მცირდება პერიოდულად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შეადგენს 241 344 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში კომპანია რეგულარულად იღებს სესხს ბანკიდან, სულ შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე სესხის სახით ბანკიდან აღებული აქვს 2 381 785 ლარი. შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული 2021 წლის 30 დეკემბრის №42109 მეთოდური მითითების თანახმად, ყოველთვიური სალაროს ფულადი ნაშთიდან განსაზღვრული იქნა გონივრული ნაშთის ოდენობა (საკასო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით), ხოლო დარჩენილი ნაღდი ფულის ნაშთის ნაწილი, შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით, დაკვალიფიცირებული იქნა, როგორც არაგონივრული ნაშთის ოდენობა.
შემოწმებით არ გამოვლენილა ისეთი გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც დასაბუთებული იქნებოდა სალაროში არაგონივრული ნაშთის შენახვის საჭიროება. შემოწმებით გაანგარიშებული არაგონივრული ნაშთის ოდენობა, მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში, ჩაითვალა უფლებამოსილ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად, დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, მოგების გადასახადით, ხოლო იმ პერიოდებში, სადაც სალაროს ნაშთი მცირდება, შემოწმებით დაკვალიფიცირებული იქნა სესხის დაბრუნებად და დარიცხული მოგების გადასახადი დაექვემდებარა ჩათვლას.
გაცემული სესხის მიხედვით გაანგარიშებული სარგებლის თანხა, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2022 წლის №9100 ბრძანება და №006-135 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 28.09.2022 წლის №24789 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 73- ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2021 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით სალაროდან გატანილი თანხები სრულად არის დაბრუნებული კომპანიის ანგარიშზე (დანართის სახით წარმოადგენს საბანკო ამონაწერს). კომპანიის მიერ სრულად განულებულია ბანკის მიმართ არსებული სასესხო დავალიანება. მიმართა აუდიტის დეპარტამენტს წერილით, შემოწმების ვადის გაზრდასთან დაკავშირებით (დანართის სახით წარმოადგენს წერილს) რაზეც მიიღო უარი. შესაბამისად, არ ეთანხმება სალაროში არსებულ თანხის სესხად დაკვალიფიცირებას. ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას და სესხის ნაწილში დარიცხული გადასახადის თანხის და მასზე დაკისრებული ჯარიმა/საურავის გაუქმებას.
არასწორად არის დათვლილი სესხის ხაზი (2 381 785 ლარი ) და შესაბამისად აღნიშნულ ციფრს არ ეთანხმება. კომპანია სარგებლობდა სესხის ხაზით რომელსაც ეტაპობრივად ფარავდა (ხდებოდა სესხის ანთება და მალევე ჩაქრობა დაწესებული სასესხო ლიმიტის შესაბამისად) და არა ცალსახად სესხის აღება როგორც აუდიტის შესაბამისად არის განსაზღვრული, ციფრიც არარეალურია.
მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დარიცხული თანხების კორექტირება /შემცირება, როგორც გადასახადის თანხის, ასევე ჯარიმა-საურავის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ კომპანიას ყოველი თვის ბოლოს სალაროში უფიქსირდება დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც იზრდება/მცირდება პერიოდულად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შეადგენს 241 344 ლარს. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში კომპანია რეგულარულად იღებს სესხს ბანკიდან, სულ შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე სესხის სახით ბანკიდან აღებულია 2 381 785 ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სალაროს არსებული ფულადი ნაშთიდან, საკასო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, მოხდა გონივრული ნაშთის განსაზღვრა, ხოლო დარჩენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა უფლებამოსილ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად.
ამასთან პერიოდებში, სადაც სალაროს ნაშთი მცირდებოდა, შემოწმებით დაკვალიფიცირებული იქნა სესხის დაბრუნებად და დარიცხული მოგების გადასახადი დაექვემდებარა ჩათვლას.
მომჩივანი, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი არგუმენტების ანალოგიურად აღნიშნავს, რომ სალაროდან გატანილი თანხები სრულად არის დაბრუნებული კომპანიის ანგარიშზე 2021 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, სრულად განულებულია ბანკის მიმართ არსებული სასესხო დავალიანება. არ ეთანხმება სალაროში არსებული ნაშთის სესხად დაკვალიფიცირებას. მიაჩნია, რომ არასწორად არის დათვლილი აღებული სესხის თანხა და რომ შემოწმებით განსაზღვრული ციფრი არარეალურია.
მომჩივანი არ წარმოადგენს დოკუმენტაციას/მტკიცებულებას და შესაბამისად არგუმენტებს, რაც შემოწმებით დადგენილ გარემოებებს შეცვლიდა და შესაძლებელია დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გამხდარიყო. ამდენად, მომჩივნის არგუმენტები ზოგადი და დაუსაბუთებელია.
საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.