გადაწყვეტილება №19458/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.05.2023
№ დოკუმენტი 19458/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19458/2/2023

11.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“ 20.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19458/2/2023).

 

დავის საგანი:

ხელფასის სახით გაცემულად მიჩნეული თანხის შემცირება და სესხად გადაკვალიფიცირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2022 წლის №007-329 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7095 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 562 214,46 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 891 595

დღგ - 453 534

მიწაზე (არასასოფლო) ქონების გადასახადი - 960

მოგების გადასახადი - 4 062

საშემოსავლო გადასახადი - 432 874

ქონების გადასახადი - 165

ჯარიმა - 455 273

საურავი - 215 346,46

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზით გაირკვა, რომ საწარმო ბინების ნასყიდობის ხელშეკრულებებში აჩვენებდა რეალურისგან განსხვავებით მნიშვნელოვნად დაბალ ღირებულებებს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო ორგანომ, საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ ბინებზე განისაზღვრა საწარმოს მიერ დამატებით მიღებული/მისაღები შემოსავლის ოდენობა. შედეგად, გამოვლინდა სხვაობა შემოწმების მიერ დადგენილ შემოსავალსა და დეკლარირებულ შემოსავალს შორის. აღნიშნული სხვაობის თანხა შემცირებულ იქნა საზოგადოებაში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული, დამფუძნებლის მიერ შეტანილი სესხის თანხის ნაშთით, ხოლო დანარჩენი თანხა ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე (დირექტორზე "------" -ზე პ/ნ "------" ) გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, შემოწმების შედეგად დარიცხულ იქნა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2022 წლის №007-329 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7095 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43- ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებაზე და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, 4190 ანგარიშზე არსებულ ფულად ნაშთში არ არის გათვალისწინებული დამფუძნებლის მინდობილი პირების ჩარიცხული თანხები. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს გათვალისწინებულ იქნას საწარმოს მიერ დამფუძნებლისთვის/დირექტორისთვის 2021 წლის მარტში გადაცემული 4 ფართის საბაზრო ღირებულება, როგორც ვალის დაბრუნება. დადგენილ ნაშთთან მიმართებით კი მოთხოვნილია გაცემულ სესხად კვალიფიკაცია და შესაბამისად დაბეგვრა.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის მიხედვით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფულადი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტაციის გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269- ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის პირველი-22 ნაწილებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებელმა გაიანგარიშა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არსებული ფულადი ნაშთი 1 664 691 ლარის ოდენობით. აღნიშნული, 24.12.2022 წლის საჩივრის შესაბამისად გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში და მოთხოვნილი იქნა პერიოდის ბოლოსთვის ფულადი ნაშთის გაანგარიშებისას მონაწილეობა მიეღო დამფუძნებლის მინდობილი პირების მიერ ბანკში შეტანილ თანხებს, რაც წარმოადგენდა დამფუძნებლის შენატანს და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა განსაზღვრულიყო 874 225 ლარით.

შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი 1 664 691 ლარი კომპანიაში ვერ იქნებოდა მათივე მონაცემებზე დაყრდნობით. კერძოდ კი, თუ შევადარებთ შესამოწმებელი პერიოდის შემოსავლებსა და ხარჯებს, ნათლად ჩანს, რომ დაბეგრილ თანხასა და კომპანიის მოგებას შორის დიდი სხვაობაა.

შემოწმებით დადგენილი ფართების რეალიზაცია შეადგენს 3 796 536 ლარს (ბარტერის გარეშე), ხოლო გაცემულმა ხელფასის ხარჯმა შეადგინა 320 348 ლარი. შემმოწმებლისთვის მიწოდებული საბუღალტრო მონაცემებითა და საგადასახადო სისტემაში არსებული მონაცემებით დგინდება, რომ შეძენილმა და მშენებლობაზე გახარჯულმა საქონლის ღირებულებამ შეადგინა 2 444 000 ლარი. აღნიშნული თანხების შესაბამისად გაანგარიშებული საზოგადოების მოგება შეადგენს 1 032 188 ლარს, რასაც ასევე უნდა გამოაკლდეს დამფუძნებელზე მიწოდებული ბინების ღირებულება 400 318 ლარის ოდენობით, ვინაიდან აღნიშნული ოპერაციიდან კომპანიაში ფულადი სახსრები არ შემოსულა. საბოლოოდ, ამ მეთოდით გაანგარიშებული ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიაში რჩება 631 870 ლარი.

ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებების გათვალისწინებით უნდა გადაანგარიშდეს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დადგენილი ფულის ნაშთი და ხელფასის სახით დაბეგრილი თანხები ჩაითვალოს დამფუძნებელზე გაცემულ სესხად და დაიბეგროს შესაბამისი გადასახადებით.

იმ შემთხვევაში თუ არ დაკმაყოფილდება მოთხოვნა, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არასდროს ჰქონია განზრახვა გადასახდელი გადასახადების შემცირებისა და გადახდისაგან თავის არიდების, აღნიშნულის გათვალისწინებით საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად სრულად უნდა მოეხსნას ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დარიცხული ჯარიმასაურავის თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციის ანალიზით გაირკვა, რომ საწარმო ბინების ნასყიდობის ხელშეკრულებებში აჩვენებდა რეალურისგან განსხვავებით მნიშვნელოვნად დაბალ ღირებულებებს. აღნიშნულის გათვალისწინებით განსაზღვრული საწარმოს მიერ დამატებით მიღებული/მისაღები შემოსავლის ოდენობის მიხედვით გამოვლინდა სხვაობა შემოწმების მიერ დადგენილ შემოსავალსა და დეკლარირებულ შემოსავალს შორის. აღნიშნული სხვაობა, დამფუძნებლის მიერ შეტანილი სესხის თანხის ნაშთის გამოკლებით, ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად.

მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, ხელფასად კვალიფიკაციის ნაცვლად სესხად განხილვის საკითხი უკვე გათვალისწინებულია აუდიტის დეპარტამენტის მიერ. ამ მომენტისთვის სადავოა ფულის ნაშთის ოდენობა.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შემოსავალში გათვალისწინებულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით დადგენილი შემოსავალი, ხოლო ხარჯების ნაწილში გათვალისწინებულია ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი.

შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7095 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ფულადი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტაციის გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7095 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

მომჩივანი ითხოვს, რომ იმ შემთხვევაში თუ საბჭო არ დააკმაყოფილებს საჩივარს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად სრულად მოეხსნას დარიცხული ჯარიმა-საურავის თანხები.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

მომჩივანი ითხოვს გადაანგარიშდეს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დადგენილი ფულის ნაშთი და ხელფასის სახით დაბეგრილი თანხები ჩაითვალოს დამფუძნებელზე გაცემულ სესხად და დაიბეგროს შესაბამისი გადასახადებით.

ასევე,ითხოვს 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად სრულად მოეხსნას ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დარიცხული ჯარიმა საურავის თანხები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საწარმო ბინების ნასყიდობის ხელშეკრულებებში აჩვენებდა რეალურისგან განსხვავებით მნიშვნელოვნად დაბალ ღირებულებებს.

გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ ბინებზე განისაზღვრა საწარმოს მიერ დამატებით მიღებული/მისაღები შემოსავლის ოდენობა. შედეგად, გამოვლინდა სხვაობა შემოწმების მიერ დადგენილ შემოსავალსა და დეკლარირებულ შემოსავალს შორის. აღნიშნული სხვაობის თანხა შემცირებულ იქნა საზოგადოებაში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული, დამფუძნებლის მიერ შეტანილი სესხის თანხის ნაშთით, ხოლო დანარჩენი თანხა ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად.

შედეგად დარიცხულ იქნა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

136(3),101,154,269(7)