ბრძანება N 4384
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4384
07.03.2023
შპს „------“ (ს/ნ ------)
(ფაქტ. მის.:"-----")
2023 წლის 23 იანვრის და 15 თებერვლის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №14) განიხილა შპს „------“ (ს/ნ -----) №78371/1/2023 და №79094/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №007-398 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებას. მიაჩნია, რომ შემოწმებამ ხარჯები უნდა განსაზღვროს პირუტყვის შესყიდვის აქტებში მითითებული რაოდენობებითა და ფასებით. ასევე ხარჯების განსაზღვრის მიზნით, გამოიყენოს არაპირდაპირი მეთოდი, აღნიშნულ შესყიდვის აქტებში და სასაქონლო ზედნადებებში მითითებული ფასების გათვალისწინებით. (კომპანიას სასაქონლო ზედნადებებითაც აქვს პირუტყვი შეძენილი).
2. გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმებამ ხარჯებში უნდა გაითვალისწინოს პირუტყვის შეძენიდან ექსპორტამდე პერიოდში გამოკვების მიზნით გაწეული დანახარჯები (კერძოდ, თივაზე და ქატოზე), მათ შორის არაპირდაპირი მეთოდით.
3.მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმების ჩატარებისას დაშვებულია ტექნიკური შეცდომები. (ექსპორტის თარიღებთან და საინვოისო ღირებულებებთან დაკავშირებით) მიიჩნევს, რომ აღნიშნულის აღმოფხვრის მიზნით შემოწმებას უნდა დაევალოს ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების გადამხდელთან ერთად გადამოწმება და სათანადო საფუძვლის არსებობის გამოვლენისას შესაბამისი კორექტირების განხორციელება. მომჩივანის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი იქნება შესაბამისი გაანგარიშებები (ცხრილები).
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ივლისის №19108 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----“ (ს/ნ "-----") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 28 დეკემბრის №33476 ბრძანება და ამავე თარიღის №007-398 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 808 941 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 137 395 ლარი, ჯარიმა 568 698 ლარი, საურავი 102 848 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მსხვილფეხა რქოსანი საქონლით, წვრილფეხა რქოსანი საქონლით და ღორით ვაჭრობა, კერძოდ შესამოწმებელ პერიოდში კომპანია ადგილობრივი ფერმერებისაგან ყიდულობს საქონელს, რომლის რეალიზაციას ახორციელებს სრულად ექსპორტზე გატანის გზით აზერბაიჯანსა და სომხეთში. შეძენებს ძირითადად ახორციელებს შემგროვებლების მეშვეობით (რომლებიც თავისი განმარტებით არიან ორგანიზაციის დაქირავებული თანამშრომლები), რაზეც ახდენს საერთო შესყიდვის აქტით შეძენილი ცოცხალი საქონლის აღრიცხვას, ვერ ხდება მეორე მხარის იდენტიფიცირება და საქონლის შეძენის რეალური ფასების/რაოდენობების დადგენა. შესაბამისად შესყიდვის აქტები ვერ ჩაითვლება პირველად დოკუმენტებად, აღნიშნულიდან გამომდინარე 25%-იანი რენტაბელობის გათვალისწინებით (მენუალი №0256) დადგინდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება და მიღებულ ფულად სახსრებსა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების თვითღირებულებას შორის სხვაობა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ჩაითვალა შესაბამის პერიოდებში საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. (გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილი პირის განმარტებითა და წარმოდგენილი შედარების აქტით უფიქსირდება დებიტორული დავალიანება 197 658 ლარის ოდენობით, ამასთან შესამოწმებელი პერიოდის სრული ექსპორტირებული საქონლის ღირებულება შეადგენს 20 285 082 ლარს ხოლო ხარჯი 15 499 946 ლარს, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ბაზა შეადგენს 5 686 978 ლარს).
გადამხდელის მიერ მოწოდებული ახსნა განმარტების მიხედვით შესამოწმებელ პერიოდის ბოლოსთვის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში გაწეული დოკუმენტური ხარჯების, გადახდილი ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი თანხების და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით უფიქსირდება ფულის ნაშთი რომელიც გატანილი აქვს დაუბეგრავად, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ფულის ნაშთი მიჩნეულ იქნა დირექტორზე გადახდილ ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მსხვილფეხა/წვრილფეხა რქოსანი საქონლით და ღორით ვაჭრობა. საქონლის შეძენას ძირითადად ახორციელებს შემგროვებლების მეშვეობით (რომლებიც თავისი განმარტებით არიან ორგანიზაციის დაქირავებული თანამშრომლები), რაზეც ახდენს საერთო შესყიდვის აქტით შეძენილი ცოცხალი საქონლის აღრიცხვას, აღნიშნული დოკუმენტი არ წარმოადგენს პირველად დოკუმენტს და არ ჩაითვალა ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად. ვინაიდან ვერ ხდება პირველადი დოკუმენტების აღრიცხვა, შემმოწმებლის მიერ გამოყენებულ იქნა მენუალი №0256. დადგინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება და მიღებულ ფულად სახსრებსა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულებას შორის სხვაობა ჩაითვალა შესაბამის პერიოდებში საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, რომ პირუტყვის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ხარვეზებს გავლენა არ უნდა მოეხდინა რენტაბელობაზე. შემოწმების მიერ საქმის გარემოებების საფუძვლიანი შესწავლის შემთხვევაში, დადგინდებოდა, რომ გადასახადის გადამხდელს 25%-იანი რენტაბელობის მაჩვენებელი კი არ ჰქონდა, არამედ რენტაბელობის რეალური მაჩვენებელი 2%-საც არ აღემატებოდა. ამ გარემოების დადგენა შემოწმებას შეეძლო როგორც გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი ნოტარიალური ახსნა-განმარტებებით, ისე საბაჟო ორგანოში გადამხდელის მიერ წარდგენილი შესყიდვის დოკუმენტაციით და მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელების აუდირებული მაჩვენებლებით. შესაბამისად, შემოწმებამ პირუტყვის შესყიდვის აქტებში მითითებული რაოდენობებითა და ფასებით უნდა განსაზღვროს ხარჯები, ასევე გამოიყენოს არაპირდაპირი მეთოდი ამ შესყიდვის აქტებში და სასაქონლო ზედნადებებში მითითებულ ფასებზე დაყრდნობით (კომპანიას სასაქონლო ზედნადებებითაც აქვს პირუტყვი შეძენილი).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს დოკუმენტში დაფიქსირებული შესყიდვის მინიმალური ფასის გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის პოზიციაზე, რომელიც აღნიშნავს რომ შემოწმებამ უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა კომპანიის ხარჯები, რომლებიც გაწეული იყო პირუტყვის შეძენიდან ექსპორტამდე პერიოდში გამოკვების მიზნით. კერძოდ, საუბარია თივაზე და ქატოზე, რომელთა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების ნაწილი გადამხდელს შემოწმებისათვის წარდგენილი ჰქონდა. ამასთან, გადამხდელს სრულად არ აქვს საკვების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგრამ აქვს შესაბამისი ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რასთან დაკავშირებითაც მოცემული ხარჯები ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნეს არაპირდაპირი მეთოდით. გადამხდელი აცხადებს, რომ მის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილ იქნება შესაბამისი დოკუმენტები/მტკიცებულებები და გაანგარიშებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებათა წარუდგენლობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს არაპირდაპირი მეთოდით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. ამავე კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, რომ შემმოწმებელს გაანგარიშებებისას დაშვებული აქვს გარკვეული ტექნიკური შეცდომები ექსპორტის თარიღებთან და საინვოისო ღირებულებასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ უკავშირდება შეცდომებს ვალუტის კურსში და მიღებული შემოსავლების ოდენობაში. გადამხდელი მიიჩნევს, რომ შემოწმებას უნდა დაევალოს ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების გადამხდელთან ერთად გადამოწმება და სათანადო საფუძვლის არსებობის გამოვლენისას შესაბამისი კორექტირების განხორციელება. თავის მხრივ, მომჩივანის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი იქნება შესაბამისი გაანგარიშებები (ცხრილის სახით).
საქმეში არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს შემოწმებისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ტექნიკური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტმა უზრუნველყოს დაშვებული შეცდომების გასწორება და საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. შპს „------“ (ს/ნ "-----") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს დოკუმენტში დაფიქსირებული შესყიდვის მინიმალური ფასის გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
გ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს არაპირდაპირი მეთოდით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს შემოწმებისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ტექნიკური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტმა უზრუნველყოს დაშვებული შეცდომების გასწორება და საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
5. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
6. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.