ბრძანება N 25101

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 03.11.2026
№ დოკუმენტი 25101
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25101

03 ნოემბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2026 წლის 24 და 30 ივნისის და 9 ივლისის

საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 15 და 22 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმი №93 და №95) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 8 ოქტომბრის №27958/2/2026 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2026 წლის 24 ივნისის №103067/1/2026, 30 ივნისის №103184/1/2026, 9 ივლისის №103347/1/2026 და №103350/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 მაისის №007-124 სგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 24 თებერვლის №4156 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 18 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 27 მაისის №11506 ბრძანება და ამავე თარიღის №007-124 საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2026 წლის 29 ივლისის №17043 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 8 ოქტომბრის №27958/2/2026 გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 29 ივლისის №17043 ბრძანება და საჩივარი, პირველი დავის საგნის (საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით) ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 8 ოქტომბრის №27958/2/2026 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა, რაზეც მომჩივანი მიუთითებს წარმოდგენილ საჩივარში. საბჭო აგრეთვე, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში 10.09.2026 წელს საჩივრის განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლის მიერ მითითებული იქნა, რომ გაანგარიშებებში დაშვებული იყო მექანიკური/ტექნიკური შეცდომები, რაც უნდა შესწავლილიყო აუდიტორთან ერთად.

საბჭოს აღნიშნულ სხდომაზე საჩივრის განხილვა გადაიდო საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, 2023 წლის დეკემბერში გამოყენებული ანანასის ფასი მკვეთრად განსხვავებულია და ძალიან მაღალია. ამ თვეში შესაძლებელია საშუალო ფასის გამოყენების საკითხის შესწავლა. ამდენად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი ამ დავის საგნის ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

დარიცხული თანხა: 3 063 184 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 808 954

დღგ - 707 973

მოგების გადასახადი - 19 360

საშემოსავლო გადასახადი - 1 081 619

ჯარიმა - 979 964

საურავი - 274 265

 

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:

შპს „---“ (ს/ნ ---) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 28 ოქტომბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2016 წლის 16 დეკემბერს. საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ხილით და ბოსტნეულით, ძირითადად ბანანით. საწარმო საქონლის შეძენას ახორციელებს იმპორტის სასაქონლო რეჟიმით სხვადასხვა ქვეყნებიდან: ეკვადორი, კოლუმბია, სამხრეთ აფრიკა და სხვა. დეკლარირებული ბრუნვის 22% წარმოადგენს რეექსპორტის ოპერაციებს, რომლის დროსაც მიწოდება ხდება ძირითადად სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქმენეთში. აგრეთვე, რეალიზაცია ხორციელდება ადგილობრივ ბაზარზე. დეკლარირებული ბრუნვის დაახლოებით 77%-ზე გამოწერილია სასაქონლო ზედნადები, ხოლო დანარჩენი ნაწილი რეალიზებულია საცალოდ. კომპანია საქმიანობას ახორციელებს 4 ობიექტზე:

1.---, ---- (მთავარი საწყობი); 2. ---, ---; 3. ---; 4.---, ---ის ქ. №---. ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა „ორისის“ საშუალებით, შემოწმებისთვის წარმოდგენილია მოთხოვნილი ინფორმაცია. როგორც შემოწმებით დგინდება, საცალო რეალიზაციის შემთხვევაში იკვეთება არაიდენტიფიცირებადი რეალიზაციები - როდესაც პროდუქციის შეძენის და რეალიზაციის სააღრიცხვო დოკუმენტაციით არ იდენტიფიცირდება ამავე პროდუქციის სახეობის, რაოდენობის, ზომის ერთეულისა და მიწოდების თარიღის შესაბამისად, პროდუქციის ერთეულის თვითღირებულება ან/და ამავე პროდუქციის ერთეულის რეალიზაციიდან მიღებული თანხა. კერძოდ, ბუღალტრულად ყოველი თვის ბოლოს ხდება ერთი ოპერაციის ფარგლებში საქონლის ჩამოწერა რაოდენობრივად და თანხობრივად. როგორც გადასახადის გადამხდელი განმარტავს, სავაჭრო ობიექტებიდან ხდება ყოველი თვის ბოლოს სასაქონლო ნაშთების გადაცემა ბუღალტერიაში და აღნიშნული ინფორმაციის შესაბამისად ჩამოიწერება რეალიზებული პროდუქტის თვითღირებულება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა სამეურნეო ოპერაციების ნაწილის მიმართ. შემოწმებით რაოდენობრივად (ძირითადად ყუთების მიხედვით) გაანგარიშებული იქნა ადგილობრივ ბაზარზე საცალოდ რეალიზებული პროდუქციის ოდენობა შემდეგნაირად: ბუღალტრულად ჩამოწერილ ადგილობრივად რეალიზებული პროდუქციის რაოდენობებს გამოაკლდა სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული რაოდენობა და კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ჩამოწერილი (ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი) რაოდენობები (აღნიშნული ცხრილი დეტალურად გავლილია გადასახადის გადამხდელთან ერთად).

გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებიდან თითოეული სახეობის (სულ 15) მიხედვით გაანგარიშდა ყოველთვიური დოკუმენტური საშუალო სარეალიზაციო ფასი. ყოველი კალენდარული თვის მიხედვით ცალ-ცალკე სახეობაზე შესაბამისად გავრცელდა აღნიშნული ფასები და დადგინდა საცალოდ რეალიზებული საქონლის სარეალიზაციო თანხა. შედეგად, საწარმოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 136-ე, 159-ე და 160-ე მუხლების თანახმად დაერიცხა დღგ და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმებით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, ადგილობრივ ბაზარზე საცალოდ რეალიზებული პროდუქციის სარეალიზაციო ღირებულების დასადგენად გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის, რეექსპორტის სასაქონლო რეჟიმის ბუღალტრულად აღრიცხულსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს შორის სხვაობის, აგრეთვე სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის დასადგენად ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგსა და საბუღალტრო მონაცემს შორის სხვაობის მიხედვით, რომელსაც ბოლოს გამოაკლდა საბუღალტრო ანგარიშზე „ვალდებულება პარტნიორზე“ კრედიტში ნაშთად არსებული თანხა, ჩაითვალა დირექტორის --- ის (პ/ნ ----) მიერ მიღებულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, საწარმოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 136-ე და 101-ე მუხლების თანახმად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივნის განმარტებით, საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია და ბუღალტრული ბაზა (პროგრამა „ორისი“) დაფუძნების დღიდან წარმოებს უწყვეტად და იგი სრულად იქნა მიწოდებული შემოწმებისთვის. ამას გარდა, განმარტავს, რომ საწარმოს ბრუნვის 77% აღრიცხულია ელექტრონული ზედნადებებით, 23% - პირველადი საგადასახადო დოკუმენტით - ჩეკითა და საბანკო ამონაწერით, სააღრიცხვო დოკუმენტაცია ბუნებაში არსებობს, ის არის უტყუარი და მისი მეშვეობით დაბეგვრის ობიექტის დადგენა სრულად შესაძლებელია.

მომჩივანი მიიჩნევს, ის გარემოება, რომ საცალო გაყიდვებისას მყიდველი ფიზიკური პირების იდენტიფიცირება ვერ ხდება, საცალო ვაჭრობისას არ წარმოადგენს კანონის დარღვევას. დამატებით, გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ 2020 წელს საწარმოში ჩატარდა სრული საგადასახადო შემოწმება და წინა შემოწმებისას საგადასახადო ორგანოს ბუღალტრულ აღრიცხვასთან მიმართებით არანაირი კითხვა არ გასჩენია და არაპირდაპირი მეთოდი არ გამოუყენებია.

დამატებით, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ ბანანი არის მალფუჭებადი პროდუქტი, რის გამოც, პირველი ხარისხის ბანანი (77%) მიეწოდება ქსელურ მარკეტებს მაღალ ფასად ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით და თუ მეორე ხარისხის პროდუქცია შეერია, შეიძლება უკან დაბრუნდეს საწარმოში, მეორე ხარისხის (გადამწიფებული/წუნდებული, მცირე შენახვის ვადის მქონე) ბანანი სასწრაფოდ რეალიზდება ბაზრობებზე ყუთებით, ხშირად თვითღირებულებით ან მასზე დაბალ ფასად, რათა თავიდან იქნეს აცილებული პროდუქტის სრული ლპობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საცალო რეალიზაციაზე ქსელური მარკეტების საშუალო მაღალი ფასის გავრცელებას. ამას გარდა, მომჩივანი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დავების განმხილველი ორგანო მიიჩნევს, რომ ბრუნვის 23%-იან ნაწილში კანონმდებლობა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას დასაშვებად ხდიდა, მოითხოვს, შეიცვალოს მეთოდოლოგია - „საშუალო შეწონილი ფასის მექანიკური გავრცელება“ და ჩანაცვლდეს საქმიანობის სპეციფიკაზე მორგებული, ყველაზე მსუბუქი მიდგომით, კერძოდ, ყოველ თვეს, ყოველ კალენდარულ დღეს, უნდა გამოვლინდეს ყველა დოკუმენტური ოპერაციიდან ბანანის ერთეულის ყველაზე დაბალი ფასი, მინიმალური ფასების საფუძველზე გაანგარიშდეს თვის საშუალო მინიმალური ფასი, საშუალო მინიმალური ფასი გავრცელდეს შესაბამის კალენდარულ თვეში 23%-იან რეალიზაციაზე და ეს მიდგომა უნდა გავრცელდეს სრული შესამოწმებელი პერიოდის ყველა თვეზე სათითაოდ. დამატებით, მომჩივანი განმარტავს, რომ აუდიტორის მიერ შედგენილ საანგარიშო ცხრილებში დაშვებულია შეცდომები და აუდიტორს თავის გაანგარიშების ცხრილში 1 კილოგრამი ანანასის ფასი მექანიკური/ტექნიკური შეცდომით დათვლილი და ჩაწერილი აქვს 400 ლარზე მეტი.

 

შემოსავლების სამსახურის პოზიცია:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულ არგუმენტზე, რომლის თანახმადაც სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდებოდა, ხოლო მათი ნაწილი იყო სადავო. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში 2026 წლის 10 სექტემბერს საჩივრის განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლის მიერ მითითებული იქნა, რომ გაანგარიშებებში დაშვებული იყო მექანიკური/ტექნიკური შეცდომები, რაც უნდა შესწავლილიყო აუდიტორთან ერთად. საბჭოს აღნიშნულ სხდომაზე საჩივრის განხილვა გადაიდო საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, 2023 წლის დეკემბერში გამოყენებული ანანასის ფასი მკვეთრად განსხვავებულია და ძალიან მაღალია. ამ თვეში შესაძლებელია საშუალო ფასის გამოყენების საკითხის შესწავლა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გაანგარიშების ცხრილში (ანანასის ფასი) დაშვებული მექანიკური/ტექნიკური შეცდომების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გაანგარიშების ცხრილში (ანანასის ფასი) დაშვებული მექანიკური/ტექნიკური შეცდომების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, ადგილობრივ ბაზარზე საცალოდ რეალიზებული პროდუქციის სარეალიზაციო ღირებულების დასადგენად გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის, რეექსპორტის სასაქონლო რეჟიმის ბუღალტრულად აღრიცხულსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს შორის სხვაობის, აგრეთვე სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის დასადგენად ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგსა და საბუღალტრო მონაცემს შორის სხვაობის მიხედვით, რომელსაც ბოლოს გამოაკლდა საბუღალტრო ანგარიშზე „ვალდებულება პარტნიორზე“ კრედიტში ნაშთად არსებული თანხა, ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გაანგარიშების ცხრილში (ანანასის ფასი) დაშვებული მექანიკური/ტექნიკური შეცდომების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101(1); 154 (1,2).