გადაწყვეტილება №20092/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20092/2/2023
14 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ს 27.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20092/2/2023).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და სალაროს ნაშთად განსაზღვრული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა;
2. დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაკისრებული ჯარიმის გაანგარიშების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2023 წლის №081-33 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12512 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 103 695,28 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 63 914
დღგ - 23 254
საშემოსავლო გადასახადი - 40 660
ჯარიმა - 28 181
საურავი - 11 600,28
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობის სახეს წარმოადგენს თამბაქოს ნაწარმით საბითუმო და საცალო ვაჭრობა (სიგარეტი, თუთუნი, თამბაქო და ა.შ). კომპანია საქმიანობას ეწევა იჯარით აღებულ ფართში, რომელიც მდებარეობს ქ. ------ში, -----ის ქუჩა №---ში.
აუდიტის დეპარტამენტის 6.03.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.08.2020 წლიდან 1.09.2022 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2023 წლის №081-33 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12512 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და სალაროს ნაშთად განსაზღვრული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის რეალიზაცია ხორციელდება საკონტროლო-სალარო აპარატისა და ბანკის მეშვეობით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საბანკო ანგარიშების ამონაწერები და საბუღალტრო პროგრამა, სადაც საქონლის მოძრაობა (შეძენა, რეალიზაცია და ჩამოწერა) და სხვა მონაცემები ასახულია ნაწილობრივ სასაქონლო ზედნადებების და ნაწილობრივ სალარო აპარატზე დაფიქსირებული შემოსავლების მიხედვით, თვეების ჭრილში ჯამური თანხებით. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ: არ ხდება გაყიდული პროდუქციის რაოდენობრივი და სახეობრივი აღრიცხვა. წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვით საცალოდ რეალიზებული საქონელი ჩამოწერილია ჯამურად თვის ბოლოს, დოკუმენტური რეალიზაციისგან განსხვავებული ფასნამატით.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზე განხორციელდა პერიოდების და საქონლის სახეობების მიხედვით პროდუქციის ჯგუფებად ჩაშლა და დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი. ბუღალტრულ პროგრამაში შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული საქონლის ღირებულება შეუდარდა შესაბამისი საქონლის შეძენის ღირებულებას გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული მონაცემებით, პერიოდების მიხედვით. მიღებული დოკუმენტური ფასნამატი გავრცელებული იქნა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე პერიოდების მიხედვით. შემოწმების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ შემოსავლებთან. შემოწმებით დადგენილმა საშუალო ფასნამატმა 2020 და 2021 წლებში შეადგინა - 2% და 2022 წელს 3%, გადამხდელის მიერ დეკლარირებული საშუალო ფასნამატი 2020 წელს შეადგენს - 1%-ს, 2021 წელს - 0,006%-ს, 2022 წელს - 3%- ს. ჯამში დეკლარირებულ დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმების მიერ დაანგარიშებულ დასაბეგრ ბრუნვას შორის გამოვლინდა სხვაობა 129 246 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე). საგადასახადო კოდექსის 73-ე, 161-ე, 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმებით განხორციელდა ნაღდი ფულადი საშუალებების მოძრაობის შესწავლა, გაანგარიშებულ შემოსავალებს შეუპირისპირდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ბიუჯეტში გადახდილი თანხა, გათვალისწინებულია გადასახადის გადამხდელის მიერ ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ნაშთები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს 2022 წლის აგვისტოს თვის ბოლოს უნდა უფიქსირდებოდეს სალაროს ნაშთი 162 641 ლარის (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით 203 302 ლარი) ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილების მიხედვით, შემოწმებით დადგენილი სალაროს ნაშთი ჩაითვალა პასუხისმგებელი პირის (დირექტორი, ------ პ/ნ -----) ხელფასის სახით განაცემად და შესაბამისად, გაიზარდა 2022 წლის აგვისტოს თვის (შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვე), საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. საგადასახადო კოდექსის მე-80, 101- ე და 154-ე მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 40 660 ლარი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელის მიერ საქონლის რეალიზაცია ხორციელდება საკონტროლო-სალარო აპარატისა და ბანკის მეშვეობით. წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებისა და საბუღალტრო პროგრამის მიხედვით ირკვევა, რომ საქონლის მოძრაობა (შეძენა, რეალიზაცია და ჩამოწერა) და სხვა მონაცემები ასახულია ნაწილობრივ (თვეების ჭრილში ჯამური თანხებით) სასაქონლო ზედნადებების და ნაწილობრივ სალარო აპარატზე დაფიქსირებული შემოსავლების მიხედვით, თვეების ჭრილში ჯამური თანხებით. ასევე დადგენილია, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას სათანადო წესით, კერძოდ, არ ხდება გაყიდული პროდუქციის რაოდენობრივი და სახეობრივი აღრიცხვა. წარმოდგენილი ბუღალტრული მონაცემებით, საცალოდ რეალიზებული საქონელი ჩამოწერილია ჯამურად თვის ბოლოს, დოკუმენტური რეალიზაციისგან განსხვავებული ფასნამატით.
შემოწმებით შესწავლილ იქნა გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზე განხორციელდა პერიოდების და საქონლის სახეობების მიხედვით პროდუქციის ჯგუფებად ჩაშლა და დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც გავრცელებული იქნა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე პერიოდების მიხედვით. შედეგად, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და დეკლარირებულ ბრუნვას შორის გამოვლინდა სხვაობა. ამასთან, განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის შესწავლა, გაანგარიშებული შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების, ბიუჯეტში გადახდილი თანხის შეპირისპირებით, ასევე, დებიტორული და კრედიტორული დავალიანების გათვალისწინებით გაანგარიშდა ფულის ნაშთი, რომელიც 2022 წლის აგვისტოს საანგარიშო პერიოდში ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, გადასახადის გადამხდელის დავის წარმოების პროცესში არ წარმოუდგენია იმგვარი არგუმენტაცია/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის არგუმენტაცია
გაუგებარია აუდიტორის მტკიცებულებები, რომ შემოწმებისათვის წარმოდგენილია საბუღალტრო პროგრამა/აღრიცხვა და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც გადამხდელი საცალო ჩანაწერებს ახორციელებს ყოველი თვის ბოლოს, აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას. გადამხდელის ბუღალტრულ აღრიცხვაში ფასს-ის მოთხოვნათა შესაბამისად შენარჩუნებულია სისტემური აღრიცხვის პრინციპი. ბუღალტრული აღრიცხვის გამჭვირვალედ წარმოების მიზნით გადამხდელი ყოველი თვის ბოლოს ატარებს სმფ-ების დათვალიერებას და ფაქტიური მდგომარეობიდან გამომდინარე აზუსტებს ჩამოწერებს. აღნიშნულის მიზანია კონსიგნაციით მიღებული საქონლისთვის მომწოდებლებზე გადასახდელი თანხების დაზუსტება ან კორექტირება. ეს სამეურნეო საქმიანობის შემადგენელი ელემენტია. საწარმოს ხარვეზია ერთი, რომ მას არ გააჩნია სპეციალიზირებული პროგრამა, რომელსაც საქონლის მოძრაობის აღრიცხვისთვის იყენებენ მსხვილი სავაჭრო ობიექტები, მოცემული მაღაზიის ფართი კი არის 35,8 კვ. მეტრი, საიდანაც სავაჭრო ობიექტს უკავია დაახლოებით 10 კვ. მეტრამდე ფართი. აღრიცხვის სისწორეზე მეტყველებს თავად შედეგებიც 14,5 მლნ ლარის ბრუნვაში სხვაობა მხოლოდ 129,2 ათასი ლარია (საერთო ბრუნვის 0,089%), ანუ მინიმალურზე მინიმალური, მის მიერ განსაზღვრული ფასნამატით, აქ დარიცხული თანხების მოცემულ პირობებში მოცულობაზე კი არ არის საუბარი, არამედ სისტემაზე, რომლის მიხედვითაც თითქოს აუდიტორის მოსაზრებით თამბაქოთი ვაჭრობის სფეროში დასაქმებული ნებისმიერი პირი ურჩი გადამხდელია, რაც მოცემულ შემთხვევაში სიმართლეს არ შეესაბამება.
ფასნამატის ცნება, მაშინ როდესაც სისტემატიურად იცვლება ეროვნული ვალუტის კურსი აბსურდულია. ფასნამატის განსაზღვრა ბიზნესის პრეროგატივაა და არა მაკონტროლებლის. ეკონომიკაში არსებობს ფასების ინდექსის ცნება, რომელსაც სტატისტიკური ორგანოები განსაზღვრავენ და იგი საჯაროა, ამასთან არსებობს ფასების ინდექსის განსაზღვრის მეთოდოლოგიაც, წარმოებისთვის კი არსებობს რენტაბელობის ცნება, რომელსაც ზემოდან ვერავინ ვერ დაარეგულირებს. ეს ბიზნესში უხეში ჩარევის მცდელობაა, ანუ ბიზნესმენის დასჯის ირიბი მექანიზმია.
გაუგებარია რატომ ხდება სალაროს ნაშთის ხელფასად აღიარების დროს მისი აგროსვა, სალაროს ნაშთი წარმოშობილია საწარმოს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების სხვაობით, ფაქტობრივ მოვლენებში განმარტებულია ხელფასის, როგორც ეკონომიკური მაჩვენებლის საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად განმარტება.
საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო შემოწმებების დროს გავრცელებული პრაქტიკაა სალაროს ნაშთის აგროსვა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების საფუძველზე, რაც არასამართლიანია და ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს და თავისი შინაარსით წარმოადგენს გადასახადები ფარული ზრდის საფუძველს, რადგან ფიზიკურ პირს ეკისრება დამატებით გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის მოძიება, რომელიც რატომღაც უნდა გადაიხადოს საგადასახადო აგენტმა. გადასახდელი თანხა წარმოდგენილია როგორც გამოყენებული დამატებითი მოსაძიებელი სიდიდე, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის ფუნდამენტურ დებულებებს. იურიდიულმა პირმა, რომელსაც სალაროში დარჩენილი აქვს ნაშთი, გადამხდელისთვის ნაშთის ზემოთ დარიცხული საშემოსავლო გადასახადი როგორ უნდა აღრიცხოს, როცა მისი მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია, ანუ გამოდის, რომ ის უნდა ჩამოიწეროს საწარმოს განკარგულებაში დარჩენილი მოგებიდან (სხვა მოცემული ხარჯების ბუღალტრულად ჩამოწერის მექანიზმი არ არსებობს, თუ მიგვითითებთ მადლობელი დაგრჩებით), ანუ გამოდის, რომ გადამხდელი ბიუჯეტში იხდის იმაზე მეტ გადასახადს, რაც საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებითაა განსაზღვრული. იგივე შემთხვევაში სალაროში ნაშთად დარჩენილი თანხა მეწარმე სუბიექტზე რომ გაიცეს, როგორ უნდა აისახოს სუბიექტის ერთობლივ შემოსავლებში, აგროსილი თუ ნაშთად დაფიქსირებული.
აქტში მითითებული დარიცხვის სამართლებრივ საფუძვლად გამოყენებული საგადასახადო კოდექსის მე-80, 81-ე და 154-ე მუხლები არ ითვალისწინებს აგროსვას.
აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საბიუჯეტო გადასახადების განსაზღვრული ნორმების ფარული ზრდის მაგალითს, რაც ეწინააღმდეგება საქართველო კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველ პუნქტს.
უცნობია სალაროს გამოყვანის მექანიზმი. შემოსავლების სამსახურმა კი უსაფუძვლოდ სრულად გაიზიარა აუდიტორის პოზიცია.
წარმოდგენილი საკითხებიდან გამომდინარე, იკვეთება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მეტიც მან თავისი საპროექტო შედეგები დააფუძნა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სწორედ ამიტომ, საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას არ დაირღვეს საგადასახადო კოდექსის ნორმები (საგადასახადო ორგანოებისა და გადასახადის გადამხდელის უფლება-ვალდებულებების ნაწილში), ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი და ამავე კოდექსის 96-ე მუხლი, რაც თავის მხრივ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერების და საბუღალტრო პროგრამის მიხედვით დადგინდა, რომ საქონლის მოძრაობა (შეძენა, რეალიზაცია და ჩამოწერა) და სხვა მონაცემები ასახულია ნაწილობრივ სასაქონლო ზედნადებების და ნაწილობრივ სალარო აპარატზე დაფიქსირებული შემოსავლების მიხედვით, თვეების ჭრილში ჯამური თანხებით. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კერძოდ არ ხდება გაყიდული პროდუქციის რაოდენობრივი და სახეობრივი აღრიცხვა. ბუღალტრული აღრიცხვით საცალოდ რეალიზებული საქონელი ჩამოწერილია ჯამურად თვის ბოლოს, დოკუმენტური რეალიზაციისგან განსხვავებული ფასნამატით. შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზე განხორციელდა პერიოდების და საქონლის სახეობების მიხედვით პროდუქციის ჯგუფებად ჩაშლა და დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი. ბუღალტრულ პროგრამაში შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული საქონლის ღირებულება შეუდარდა შესაბამისი საქონლის შეძენის ღირებულებას გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული მონაცემებით, პერიოდების მიხედვით. მიღებული დოკუმენტური ფასნამატი გავრცელებული იქნა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე პერიოდების მიხედვით. ნაღდი ფულადი საშუალებების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილია სალაროს ნაშთი 162 641 ლარის ოდენობით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად.
საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოკლებით. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაკისრებული ჯარიმის გაანგარიშების მართლზომიერება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების შედეგების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით 28 181 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში სადავო საკითხი გამოკვეთილი არ არის.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების დროს დარიცხული ჯარიმები არ შეესაბამება საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის 21 ნაწილის მოთხოვნებს. შემოწმების შედეგად სამართალდარღვევის მოცულობამ სულ შეადგინა 129 246 ლარი (საერთო ბრუნვის 0,9%), ანალოგიური მაჩვენებლები დგინდება თვეების ჭრილშიც, შესაბამისად, სანქციის სახით უნდა გამოყენებულიყო 10%.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2-22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის ჯარიმა დაკისრებულია საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან შემცირებული თანხის დეკლარირებულთან შედარებით თანაფარდობის მიხედვით არ არსებობს ჯარიმის ამავე მუხლის 21 და 22 ნაწილებით განსაზღვრის საფუძველი. ხოლო, დღგ-ის ნაწილში ჯარიმები განსაზღვრულია პერიოდების მიხედვით განსხვავებული პროცენტულობით საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის 21 და 22 ნაწილების გათვალისწინებით.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის ჯარიმა განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და სალაროს ნაშთად განსაზღვრული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა;
2. დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაკისრებული ჯარიმის გაანგარიშების მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ: არ ხდება გაყიდული პროდუქციის რაოდენობრივი და სახეობრივი აღრიცხვა. წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვით საცალოდ რეალიზებული საქონელი ჩამოწერილია ჯამურად თვის ბოლოს, დოკუმენტური რეალიზაციისგან განსხვავებული ფასნამატით. შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზე განხორციელდა პერიოდების და საქონლის სახეობების მიხედვით პროდუქციის ჯგუფებად ჩაშლა და დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი. ბუღალტრულ პროგრამაში შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული საქონლის ღირებულება შეუდარდა შესაბამისი საქონლის შეძენის ღირებულებას გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული მონაცემებით, პერიოდების მიხედვით. მიღებული დოკუმენტური ფასნამატი გავრცელებული იქნა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე პერიოდების მიხედვით. ჯამში დეკლარირებულ დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმების მიერ დაანგარიშებულ დასაბეგრ ბრუნვას შორის გამოვლინდა სხვაობა 129 246 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე). გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა. შემოწმებით დადგენილი სალაროს ნაშთი ჩაითვალა პასუხისმგებელი პირის (დირექტორის) ხელფასის სახით განაცემად და შესაბამისად, გაიზარდა 2022 წლის აგვისტოს თვის (შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვე), საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 40 660 ლარი და შესაბამისი ჯარიმა.
2. შემოწმების შედეგების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით 28 181 ლარი.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ასევე, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის ჯარიმა განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5"ა")(9"ბ"), 101(1), 154(1"ა"), 275.