ბრძანება N 11189
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11189
15 მაისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
უსფ(წ) „--------------ს“ (ს/ნ -----------------)
(მის.: --------------------------------------------)
2024 წლის 17 აპრილის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 აპრილის სხდომაზე (ოქმი №46) განიხილა უსფ(წ) „--------------ს“ (ს/ნ -----------------) 2024 წლის 17 აპრილის №89135/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 მარტის №066-4 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება გაწეული ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე და აღნიშნულის გათვალისწინებით, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. მიუთითებს, რომ შესყიდვის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი ვერ იქნება საგამოძიებო ორგანოებიდან მიღებული ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია რომ შესყიდვის დოკუმენტების ნაწილში მოცემული ოპერაციის ნამდვილობა გამყიდველმა ფიზიკურმა პირებმა უარყვეს. აცხადებს, რომ ფიზიკური პირები მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენენ საგადასახადო კუთხით დაბეგვრადს, შესაბამისად, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ რეალიზაციის ფაქტი მათთვის კარგავს აქტუალობას, რაც არ გამორიცხავს მათი მხრიდან არასწორ ინტერპრეტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №32775 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა უსფ(წ) „--------------ს“ (ს/ნ -----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 9 ივნისიდან 2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 19 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 21 მარტის №6228 ბრძანება და 22 მარტის №066–4 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 347 681 ლარი, მათ შორის გადასახადი 223 309 ლარი, ჯარიმა 111 755 ლარი და საურავი 12 617 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით: გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ----ის შეძენა ფიზიკური პირებისგან ადგილობრივ ბაზარზე და -----ში ექსპორტი. შემოწმებით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის აქტებისა და მის მიერ განხორციელებული ექსპორტის დეკლარაციების ანალიზით დადგინდა, რომ ----ის ექსპორტი ხდებოდა ძალიან დაბალი ფასნამატით. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი იყო 5 678 206 ლარის, ხოლო რეალიზებული 5 774 027 ლარის ---ი (ფასნამატი სხვა დამატებითი ხარჯების გარეშე შეადგენდა - 1.0172). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება უსფ(წ) „ა----------ს“ უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით. საგამოძიებო სამსახურის მიერ დადგენილია გარკვეული შესყიდვის აქტების სიყალბე/ფიქტიურობა. აღნიშნულ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული ფიზიკური პირები აცხადებენ, რომ კენკროვანი ხილის პლანტაცია არ აქვთ და არც შეძენა-რეალიზაციის ოპერაციები განუხორციელებიათ. შესაბამისად, მათივე განმარტებით, აღნიშნულ შესყიდვის აქტებში ასახული სამეურნეო ოპერაციები სინამდვილეს არ შეესაბამება.
შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოთი და გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, გადამხდელის მიერ წარდგენილი (დებიტორული და კრედიტორული დავალიანება) და სხვა მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. შედეგად, გადამხდელის მიერ მიღებული თანხები, რომელთა ეკონომიკური საქმიანობისთვის გახარჯვა არ დასტურდებოდა, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მომჩივანი არ ეთანხმება გაწეული ხარჯების 25% რენტაბელობიდან გამომდინარე გაანგარიშებას და აღნიშნულის გათვალისწინებით, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. საჩივარზე თანდართული აქვს გამყიდველი ფიზიკური პირების ნაწილის ნოტარიულად დადასტურებული ახსნაგანმარტებები შეძენილი -----ის პერიოდის, რაოდენობის, ღირებულების მითითებით და ითხოვს წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის გამყიდველი ფიზიკური პირების სათანადო წესით ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებები, მომჩივნის მიერ სადავო პერიოდში შეძენილი ------ის პერიოდის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. უსფ(წ) „--------------ს“ (ს/ნ -----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის გამყიდველი ფიზიკური პირების სათანადო წესით ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებები, მომჩივნის მიერ სადავო პერიოდში შეძენილი ------ის პერიოდის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება გაწეული ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე და აღნიშნულის გათვალისწინებით, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №32775 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 9 ივნისიდან 2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №6228 ბრძანება და №066–4 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 347 681 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის აქტებისა და მის მიერ განხორციელებული ექსპორტის დეკლარაციების ანალიზით დადგინდა, რომ საქონლის ექსპორტი ხდებოდა ძალიან დაბალი ფასნამატით . საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება მომჩივანის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით. საგამოძიებო სამსახურის მიერ დადგენილია გარკვეული შესყიდვის აქტების სიყალბე/ფიქტიურობა. აღნიშნულ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული ფიზიკური პირები აცხადებენ, რომ აღნიშნულ შესყიდვის აქტებში ასახული სამეურნეო ოპერაციები სინამდვილეს არ შეესაბამება.
შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოთი და გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, გადამხდელის მიერ წარდგენილი (დებიტორული და კრედიტორული დავალიანება) და სხვა მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. შედეგად, გადამხდელის მიერ მიღებული თანხები, რომელთა ეკონომიკური საქმიანობისთვის გახარჯვა არ დასტურდებოდა, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის გამყიდველი ფიზიკური პირების სათანადო წესით ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებები, მომჩივნის მიერ სადავო პერიოდში შეძენილი მოცვის პერიოდის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5 „ა“ .9,,ბ“); 101(1); 154(1 „ა“ .2 „ა“ და „ბ“)