ბრძანება N 15575
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
09 ივლისი 2025
N 15575
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--- ის“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2025 წლის 17 მაისის
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3 ივლისის სხდომაზე (ოქმი №52) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2025 წლის 17 მაისის №95755/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 აპრილის №081-81 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის შესაბამისად, მიწოდებად არ შეიძლება ჩაითვალოს წარმოებაში პროდუქციის მისაღებად გამოყენებული ნედლეული, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის შესაბამისად, მიწოდების/მომსახურების სანაცვლოდ მიღებულ ანაზღაურებად არ უნდა დაკვალიფიცირდეს თანხა, თუ ადგილი არ აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლით დამდგარ გარემოებას. წარმოების პროცესი, როცა საქმე ეხება ხარისხს, საკმაოდ სენსიტიურია და მოითხოვს სტანდარტების დაცვას. გადამხდელი აცხადებს, რომ სტანდარტებზე დაყრდნობით საწამოო პროცესში პლასიფიკატორის ნაცვლად ცემენტის გამოყენება დაშვებული ნორმაა.
2. გადამხდელი არ ეთანხმება სატრანსპორტო მომსახურების დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ კომპანიის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ გაწეულ მომსახურებაზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. აცხადებს, რომ დაბეგვრის ობიექტი არ უნდა გახდეს ქვეიჯარით მოსარგებლის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, რომელიც იშიფრება შემოსავლების მხრიდან და იჯარით გაცემული ერთხელ უკვე დაბეგრილია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 თებერვლის №2792 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „--ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 2 აპრილს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 აპრილის №7275 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №081-81 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 289 352 ლარი, მათ შორის, გადასახადი 171 800 ლარი, ჯარიმა 84 239 ლარი და საურავი 33 313 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი აღრიცხვის ანალიზით დგინდება, რომ ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლები სრულყოფიალად არ არის აღრიცხული, კერძოდ, ბეტონის წარმოებაზე ჩამოწერილი მასალის რაოდენობა აჭარბებს კალკულაციებში დაფიქსირებულ რაოდენობას.
შემოწმების მიმდინარეობისას გამოყენებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი და შედეგად დაბეგვრის ობიექტი განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქცია შემდეგი მეთოდით: წარმოდგენილი საწყისი და საბოლოო სასაქონლო ნაშთებიდან, ასევე დოკუმენტური შეძენებიდან გამომდინარე, აღებულ იქნა ისეთი მასალები, რომლითაც შესაძლებელია ბეტონის წარმოება, აღნიშნული რაოდენობიდან გამომდინარე და გადამხდელის მიერ მოწოდებულ კალკულაციებზე დაყრდნობით გაანგარიშებულ იქნა წარმოებული ბეტონის რაოდენობა, ამ მეთოდით გაანგარიშებული წარმოებული ბეტონის რაოდენობა აჭარბებს დოკუმენტურად რეალიზებულ რაოდენობას, შესაბამისად სხვაობა რეალიზებულ იქნა სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებულ ფასად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე აღნიშნული მეთოდით დათვლილი შემოსავალი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად დაკვალიფიცირდა შემოწმების ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით დადგინდა, რომ შპს „---“ (ს/ნ ---) ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვის მომსახურებას უწევდა სხვადასხვა კომპანიებს, მაგრამ აღნიშნული მომსახურებისგან მიღებული თანხების ნაწილი საწარმოს მიერ სრულად არ არის აღრიცხული ბუღალტრულ აღრიცხვაში.
შემოწმების ჯგუფის მიერ დათვლილი იქნა ტრანსპორტირების სასაქონლო ზედნადებები, რომლებიც არ არის აღრიცხული ბუღალტრულად. ასევე გაანგარიშდა მის მიერ განხორციელებული სატრანსპორტო მომსახურების ფასები, რომელიც გავრცელდა აღურიცხავი გადაზიდვის მომსახურების რაოდენობაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე, 154-ე, 160-ე, 163-ე, 164-ე მუხლებიდან და ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, დამატებით დადგენილი მიღებული შემოსავლის თანხა, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს; ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. დადგენილია, რომ შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქცია საწყისი და საბოლოო სასაქონლო ნაშთებიდან, ასევე დოკუმენტური შეძენებიდან გამომდინარე. აღებულ იქნა ისეთი მასალები, რომლითაც შესაძლებელია ბეტონის წარმოება, აღნიშნული რაოდენობიდან გამომდინარე და გადამხდელის კალკულაციებზე დაყრდნობით გაანგარიშებულ იქნა წარმოებული ბეტონის რაოდენობა. შემოწმებით დადგინდა, რომ წარმოებული ბეტონის რაოდენობა აჭარბებს დოკუმენტურად რეალიზებულ რაოდენობას.
მიღებული სხვაობა რეალიზებულ იქნა სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებულ ფასად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი განმარტავს, რომ წარმოების პროცესი მოითხოვს სტანდარტების დაცვას. აცხადებს, რომ სტანდარტებზე დაყრდნობით საწამოო პროცესში პლასიფიკატორის ნაცვლად ცემენტის გამოყენება დაშვებული ნორმაა. ამდენად მიიჩნევს, რომ წარმოებაში პროდუქციის მისაღებად გამოყენებული ნედლეული არ შეიძლება ჩაითვალოს მიწოდებად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. კალკულაციები). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვის მომსახურებას უწევდა სხვადასხვა კომპანიებს, თუმცა აღნიშნული მომსახურებისგან მიღებული თანხები საწარმოს მიერ სრულად არ არის აღრიცხული. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა სატრანსპორტო მომსახურების დღგით დაბეგვრა და დამატებით დადგენილი მიღებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. კალკულაციები);
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის შესაბამისად, მიწოდებად არ შეიძლება ჩაითვალოს წარმოებაში პროდუქციის მისაღებად გამოყენებული ნედლეული, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის შესაბამისად, მიწოდების/მომსახურების სანაცვლოდ მიღებულ ანაზღაურებად არ უნდა დაკვალიფიცირდეს თანხა, თუ ადგილი არ აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლით დამდგარ გარემოებას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება სატრანსპორტო მომსახურების დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი აღრიცხვის ანალიზით დგინდება, რომ ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლები სრულყოფიალად არ არის აღრიცხული, კერძოდ, ბეტონის წარმოებაზე ჩამოწერილი მასალის რაოდენობა აჭარბებს კალკულაციებში დაფიქსირებულ რაოდენობას.
შემოწმების მიმდინარეობისას გამოყენებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი და შედეგად დაბეგვრის ობიექტი განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქცია შემდეგი მეთოდით: წარმოდგენილი საწყისი და საბოლოო სასაქონლო ნაშთებიდან, ასევე დოკუმენტური შეძენებიდან გამომდინარე, აღებულ იქნა ისეთი მასალები, რომლითაც შესაძლებელია ბეტონის წარმოება, აღნიშნული რაოდენობიდან გამომდინარე და გადამხდელის მიერ მოწოდებულ კალკულაციებზე დაყრდნობით გაანგარიშებულ იქნა წარმოებული ბეტონის რაოდენობა, ამ მეთოდით გაანგარიშებული წარმოებული ბეტონის რაოდენობა აჭარბებს დოკუმენტურად რეალიზებულ რაოდენობას, შესაბამისად სხვაობა რეალიზებულ იქნა სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებულ ფასად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე აღნიშნული მეთოდით დათვლილი შემოსავალი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად დაკვალიფიცირდა შემოწმების ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოწმების ჯგუფის მიერ დათვლილი იქნა ტრანსპორტირების სასაქონლო ზედნადებები, რომლებიც არ არის აღრიცხული ბუღალტრულად. ასევე გაანგარიშდა მის მიერ განხორციელებული სატრანსპორტო მომსახურების ფასები, რომელიც გავრცელდა აღურიცხავი გადაზიდვის მომსახურების რაოდენობაზე.
დამატებით დადგენილი მიღებული შემოსავლის თანხა, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საშემოსავლო გადასახადი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველი სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. კალკულაციები). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მეორე სადავო საკითხი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163; 164; 73 (9); 101; 154.