გადაწყვეტილება №28020/2/2026
📄 სრული ტექსტი
№28020/2/2026
28 ოქტომბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 26.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28020/2/2026).
დავის საგანი:
1. ბინების რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და საბაზრო ფასის გავრცელებით;
2. სალაროს არაგონივრული ნაშთის, რეალიზებული ბინებიდან მიღებული (არასრულად ასახული) თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის №002-213 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.08.2026 წლის №17860 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 196 444.69 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 681 258.7
დღგ - 294 005.52
ქონების გადასახადი (არასასოფლო მიწა) – 1 827.78
საშემოსავლო გადასახადი - 385 425.4
ჯარიმა - 403 610.1
საურავი - 111 575.89
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2017 წლის 14 ივლისს. კომპანიას მინიჭებული აქვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 26.12.2025 წლის №28623 ბრძანება და №002-213 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.04.2026 წლის №8422 ბრძანებით:
1. საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ფიზიკურ პირებზე გადაცემული ბინების დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრის მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტის, ბარტერული (გაცვლის) ხელშეკრულების გაფორმების თარიღის და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე ნაწილის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საშემოსავლო გადასახადის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 8.04.2026 წლის №8422 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 12.06.2026 წლის №27251/2/2026 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 8.04.2026 წლის №8422 ბრძანება და საჩივარი, საჩივარი, მე-2 და მე-3 დავის საგნების (ბინების რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და საბაზრო ფასის გავრცელებით. სალაროს არაგონივრული ნაშთის, რეალიზებული ბინებიდან მიღებული (არასრულად ასახული) თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა) ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 7.08.2026 წლის №17860 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადებით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრის მიზნით არაპირდაპირი მეთოდის და საბაზრო ფასის გამოყენება მართლზომიერია. ამასთან:
1. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, რეალიზებული ბინების საბაზრო ფასი საჭიროებს დამატებით შესწავლას. რეალიზებული ბინების საბაზრო ფასის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის თაობაზე. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საშემოსავლო გადასახადის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს რეალიზებულ ბინებზე შემოწმებისას განსაზღვრული საბაზრო ფასის გავრცელებით გაანგარიშებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 7.08.2026 წლის №17860 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ბინების რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და საბაზრო ფასის გავრცელებით
ფაქტების აღწერა
საგადასახადო შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაციები და დოკუმენტაცია, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები და სხვა, დამატებით მოკვლეულ და შესწავლილ იქნა ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები. აღნიშნული ინფორმაციების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებამ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად არის დამახინჯებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს, კერძოდ: კომპანიას კონკრეტული პროექტის ფარგლებში მთლიანად რეალიზებული საცხოვრებელი ბინების 10%ზე მეტი რეალიზებული აქვს ხელოვნურად შემცირებული ღირებულებით, რაც საგადასახადო შემოწმების შეფასებით წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულებების ხელოვნურად შემცირებაზე ზემოქმედების არსებით ფაქტს, ხოლო გარიგების რეალური საბაზრო ფასი 30%-ით აღემატება ხელშეკრულებაში მითითებულ ფასებს. გარდა ამისა, შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ გარიგების მონაწილე სუბიექტებიდან მყიდველი ამ ქონებაზე არ სარგებლობს დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მის ინტერესს არ წარმოადგენდა დღგ-ს ჩათვლის მოტივით რეალური საბაზრო ღირებულების მითითება. საგადასახადო კოდექსის განმარტებების შესაბამისად, საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით. შემოწმების შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ ბინებზე, გავრცელებული იქნა საბაზრო ფასები, შედეგად საბაზრო ფასსა და ნასყიდობის ფასს შორის სხვაობა საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე მუხლების შესაბამისად, დამატებით დაიბეგრა დღგ-ით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-18 მუხლის მე-2, მე-3, მე-7 და მე-11 ნაწილებით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად საგადასახადო შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაციები და დოკუმენტაცია, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები და სხვა, დამატებით მოკვლეულ და შესწავლილ იქნა ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები. აღნიშნული ინფორმაციების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებამ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად არის შემცირებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს, კერძოდ, კომპანიას კონკრეტული პროექტის ფარგლებში მთლიანად რეალიზებული საცხოვრებელი ბინების 10%-ზე მეტი რეალიზებული აქვს ხელოვნურად შემცირებული ღირებულებით, რაც საგადასახადო შემოწმების შეფასებით წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულებების ხელოვნურად შემცირებაზე ზემოქმედების არსებით ფაქტს, ხოლო გარიგების რეალური საბაზრო ფასი 30%-ით აღემატება ხელშეკრულებაში მითითებულ ფასებს. გარდა ამისა, შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ გარიგების მონაწილე სუბიექტებიდან მყიდველი ამ ქონებაზე არ სარგებლობს დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მის ინტერესს არ წარმოადგენდა დღგ-ს ჩათვლის მოტივით რეალური საბაზრო ღირებულების მითითება. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით, რის შედეგადაც საბაზროზე ნაკლებ ფასად რეალიზებულ ფართებზე, შემოწმებით გავრცელებულ იქნა საბაზრო ფასები. შედეგად საბაზრო ფასსა და ნასყიდობის ფასს შორის სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით.
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბინების რეალიზაციიდან მიღებული დასაბეგრი ბრუნვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრას და შემოწმების მეირ დადგენილ სარეალიზაციო/საბაზრო ფასს. აცხადებს, რომ ასეთი ფასის დაწესების პირობებში ვერცერთი ბინის რეალიზაციას ვერ მოახდენდნენ. რადგან ამ არეალში გარემონტებული და ავეჯით გაწყობილი ბინების ფასი 1200 აშშ დოლარიდან 1400 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა. მიუთითებს, რომ მზად არიან წარმოადგინონ მყიდველის მიერ შესაბამისი წესით დამოწმებული წერილობითი ახსნა-განმარტებები. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან გადამხდელის მიერ ბინების ფასები არსებითად შემცირებულია ოპერაციის ფაქტობრივ ფასთან მიმართებით და ბუღალტრული მონაცემები დაბეგვრის ობიექტს არ ასახავს სრულად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადებით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრის მიზნით არაპირდაპირი მეთოდის და საბაზრო ფასის გამოყენება მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ რეალიზებული ბინების საბაზრო ფასი საჭიროებს დამატებით შესწავლას. რეალიზებული ბინების საბაზრო ფასის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის თაობაზე. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მიაჩნია, რომ ზემოთაღნიშნული ადმინისტრაციული აქტების შედგენისას არასწორად იქნა მოყვანილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები: საგადასახადო ორგანოს მიერ თანხების დარიცხვას საფუძვლად დაედო ის გარემოებები, რომლებიც კანონით დადგენილი წესით სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული ამავე აქტის გამომცემი საგადასახადო ორგანოს მიერ.
იმის გამო, რომ საწარმოს მიერ არ ყოფილა სრულად დაბეგრილი მიღებული ავანსები და რეალიზებული ბინები, ასევე მის მიერ საბაზრო ფასით შეძენილი მიწის ნაკვეთის ღირებულების ანგარიშში მიწის მეპატრონეზე გადაცემული ბინების ანგარიშში, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით ბინების სარეალიზაციო ფასი განსაზღვრული იქნა 1500 აშშ დოლარის ექვივალენტით, რის გამოც გადასახადის სახით დაერიცხა 141 603 ლარი და მასთან დაკავშირებული ჯარიმა 70 802 ლარის ოდენობით“ ამ ნაწილში განხორციელებულ დარიცხვას კატეგორიულად არ ეთანხმება მისი სრული .
აბსურდულობის და უსაფუძვლობის გამო, შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით: საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, -------, ------- შავი კარკასის მდგომარეობაში რეალიზებული 4 ბინის ანგარიშში, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ახორციელებენ რეალიზებული ბინების ანგარიშში დასაბეგრი ბაზის განსაზღვრას და 1 კვ.მ. შავ კარკასის სარეალიზაციო ფასად გამოყვანილი აქვთ 1500 აშშ დოლარის ექვივალენტი, რაც სრული აბსურდია და წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულებების ხელოვნურად დამძიმების ფაქტს, ვინაიდან არცერთი მის მიერ განხორციელებულ გაყიდვაში ასეთი ფასი არ ფიქსირდება. უფრო მეტიც, შავი კარკასის მდგომარეობაში გაყიდული ბინების ანგარიშში ასეთი ფასის დაწესების პირობებში ვერცერთი ბინის რეალიზაციას ფიზიკურად ვერ მოახდენდა, იმიტომ რომ ეს მყიდველები ასეთ ფასებს არ გადაიხდიდნენ. თუ ავიღებთ თბილისში ამ შემოწმებულ წლებში ბინების გაყიდვის მაჩვენებლებს, მაშინ თვალნათლად ჩანს, რომ ამ არეალში გარემონტებული და ავეჯით გაწყობილი ბინების ფასი სხვადასხვა პერიოდში 1200 აშშ დოლარიდან 1800 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო საგადასახადო ორგანომ კი 1 კვ. მ. შავი კარკასის მდგომარეობაში რეალიზებული ბინების სარეალიზაციო ფასად განსაზღვრა 1500 აშშ დოლარი, რაც სრული აბსურდია. საგადასახადო ორგანო თვლის, რომ ბარტერით მიწის მეპატრონეებზე გადაცემული ბინების, ასევე საჯარო რეესტრში გატარებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით შავი კარკასის მდგომარეობაში რეალიზებული ბინების ღირებულება დღგ-ის და საშემოსავლო მიზნებისათვის უნდა იყოს 1 კვ.მ.-ზე არა 830-850 აშშ დოლარის ექვივალენტი, არამედ 1500 აშშ დოლარის ექვივალენტი. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად მიღებული დღგ-ის ჩათვლით სხვაობა ჩათვალა, როგორც დირექტორის ხელფასი და მის ანგარიშში ასევე დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. შესაბამისად, მხოლოდ ამ უკანონო და არასწორი ქმედების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ხელოვნურად იქნა გაზრდილი 298112 ლარით და მის ანგარიშში არასწორად და უსაფუძვლოდ დაერიცხა დღგ 53660 ლარი, ასევე ამ უსაფუძვლოდ გამოყვანილი სხვაობის თანხით ხელოვნურად იქნა გაზრდილი საშემოსავლო გადასახადის ბაზა, რის გამოც ასევე უსაფუძვლოდ დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 87943 ლარის ოდენობით. ანუ მარტო, ამ უსაფუძვლო და უკანონო ქმედების საფუძველზე დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადში ზედმეტად დარიცხული გადასახადის თანხა 141603 ლარის, ხოლო ასევე უსაფუძვლოდ გავრცელებული ჯარიმის თანხა 70802 ლარია, ასევე ზედმეტად აქვს დარიცხული საურავი.
შესაბამისად, ეს დაბეგვრა არის აბსურდული და ის არანაირი დოკუმენტალური მტკიცებულებით არაა გამაგრებული. წინააღმდეგ შემთხვევაში აქტში შესაბამისი მითითება იქნებოდა, ასევე აქტზე დანართის სახით იქნებოდა დართული ის გადახდები და ის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა მყიდველებმა დაადასტურეს მათ მიერ შავი კარკასით შეძენილ ბინებში 1 კვ. მეტრში 1500 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.
დავის განხილვისას პირდაპირ აღნიშნა, რომ 2025 წლის 22 დეკემბრის შემოწმების აქტის შედგენამდე მასთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 31 ოქტომბრის №24071 ბრძანების საფუძველზე 2025 წლის 17 ნოემბერს განხორციელდა სარეალიზაციო ფასების საკონტროლო შესყიდვა, რომლის საფუძველზე დაფიქსირდა შესყიდვაზე მყოფი საგადასახადო ოგანოებისათვის კონკრეტულად შეთავაზებული ფასები კომერციულ ფართზეც, ბინებზეც და ავტოსადგომებზეც, კერძოდ, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებს 1 კვ.მ. შავი კარკასის კომერციული ფართის გასაყიდ ფასად შეთავაზა დღგ-ის ჩათვლით 1888 აშშ დოლარის ექვივალენტი, ასევე მე-3 სართულზე შიდა კედლებ ამოუყვანილი შავი კარკასის მდგომარეობაში მყოფი საცხოვრებელი ბინის, 1 კვ.მ. გასაყიდ ფასად შეთავაზა 2100 ლარი, რაც თითქმის 800 აშშ დოლარის ექვივალენტია, ხოლო ავტომანქანის სადგომის გასაყიდი ფასი შეთავაზებული იქნა 15000 ლარის ოდენობით. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებმა შეადგინეს საკონტროლო შესყიდვის 2025 წლის 17 ნოემბრის №986527 ოქმი, რომელიც ოფიციალურად იქნა ატვირთული საწარმოს გვერდზე და რომელშიც მითითებულია საკონტროლო შესყიდვით დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები. ანუ შემოწმების აქტის შედგენამდე 36 დღით ადრე ვერანაირად ვერ დაესიზმრებოდა, რომ აქტის შემდგენი არაპირდაპირი მეთოდით და გაბერილი ფასით განუსაზღვრავდა სარეალიზაციო ფასს, ასევე არ იცოდა და ვერც წარმოიდგენდა, რომ საკონტროლო შესყიდვის და ოქმის შემდგენელები ნამდვილად მყიდველები იყვნენ, თუ შემოსავლების სამსახურიდან საკონტროლო შესყიდვის მიზნით მოსული პირები და ამიტომ საკონტროლო შესყიდვისას ნაკლები ფასები უნდა შეეთავაზებინა. ოქმის შედგენიდან 6 თვეა გასული და ეს ბინები და კომერციული ფართი ეხლაც ელის მყიდველს და თუ აქტის შემდგენი მოგვიყვანს 1500 აშშ დოლარად ამ ბინების მყიდველებს, მზად არის მას გადაუხადა სოლიდური საკომისიო გასამრჯელო.
შესაბამისად, იმ დროს, როცა შემოსავლების სამსახურში დავის განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაადასტურეს ამ საკონტროლო შესყიდვის და ფასების ფიქსაციის ოქმის არსებობის ფაქტი, მისთვის საერთოდ გაუგებარია ასეთი მტკიცებულების არსებობის ფონზე შემოსავლების სამსახური თავის ბრძანებაში რატომ არ საუბრობს, რომ საჭიროა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა.
შემოსავლების სამსახურში დავის განხილვისას პირდაპირ განაცხადა, რომ საკონტროლო შესყიდვისას ავტოსადგომის გასაყიდ ფასად დაფიქსირებულია 1500 ლარი და რომ მის მიერ 2 ავტოსადგომი რეალიზებულია ამ ფასად და თუ 1500 ლარი თუ არ არის ავტოსადგომის სარეალიზაციო ფასი, მაშინ რატომ არ იქნა გამოყენებული ამავე მისამართზე რეალიზებული ავტოსადგომების მიმართ სხვა ფასი, რაზეც პასუხი ვერ მიიღო. უფრო მეტიც ამავე დავის განხილვისას შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს აჩვენა იგივე მისამართზე, ------- არსებული სხვა ბინების გაყიდვის ფასები საიტზე MYHOME.GE. მაგალითისათვის, ID------- განცხადება და ამ განცხადების თანხლები ფოტოსურათები, სადაც ჩანს, რომ ------- იყიდე სრულად ევრორემონტით ახლადგარემონტებული და ნაწილობრივ ავეჯით მოწყობილი ბინა 1 კვ.მ. 1387 აშშ დოლარის ექვივალენტად, ასევე სხვა ბინები და დასვა კითხვა, თუ გარემონტებული და ავეჯით გაწყობილი ახლად აშენებული ბინა იგივე ქუჩაზე, თანაც ქუჩის დასაწყისში იყიდება 1387 აშშ დოლარის ექვივალენტად, იგივე ქუჩის ბოლოში შავი კარკასის მდგომარეობაში გაყიდული ბინის ფასი როგორ უნდა იყოს 1500 აშშ დოლარის ექვივალენტი, რაზეც პასუხი ასევე ვერ მიიღო. აგრეთვე მის მიერ წარდგენილია ბინის შემძენების წერილობითი დასტურები, მათ მიერ გადახდილი თანხების ოდენობის დადასტურების შესახებ, თუმცა ამ ფაქტსაც შემოსავლების სამსახური საერთოდ არ ახსენებს და ავალებს საბაზრო ფასის შესახებ საექსპერტო დასკვნის წარდგენას, რაც მისი აზრით ყოვლად მიუღებელია და დამატებითი ხარჯის დაკისრებას წარმოადგენს.
უფრო მეტიც, დავაზე შემოსავლების სამსახურს განუცხადა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა მისგან დამოუკიდებლად მოახდინა მოქალაქე ------- სატელეფონო გამოკითხვა, რომელმაც მისგან ერთიანი გადახდით შეიძინა შავი კარკასის მდგომარეობაში მყოფი 3 ბინა და რომელმაც სატელეფონო საუბარში აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებს ცალსახად დაუდასტურა ის ფაქტი, რომ მის მიერ შეძენილ ბინებში გადახდილი იქნა ზუსტად ის თანხა, რაც ნასყიდობის ხელშეკრულებებში იყო მითითებული და მის მიერ ზედმეტი თანხის გადახდას ადგილი არ ჰქონია. ეს ფაქტი მისთვის ცნობილი გახდა შემოსავლების სამსახურში შესაბამისი საჩივრის შეტანის შემდეგ, კონკრეტულად მას შემდეგ, რაც ამ მოქალაქემ მ/წლის თებერვლის ბოლოს მიმართა გასაყიდად დარჩენილი 13 ბინიდან მისი ნათესავისთვის 1 ბინის შეძენის პირობებზე და ამ საუბარში ახსენა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან მასთან განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის შესახებ და ამცნო ამ გამოკითხვის შინაარსის შესახებ და მასზედ, რომ მან სატელეფონო ზარის განმახორციელებელ პირს დაუდასტურა, რომ მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ზემოთ რაიმე დამატებითი თანხის გადახდის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების შესახებ დავის განხილვისას მოახსენა შემოსავლების სამსახურის დავის განმხილველ პირებს და არც თავად აქტის შემდგენმა პირმა არ უარყო ასეთი სატელეფონო საუბრის ფაქტი და ამ მეორე დამატებითი მტკიცებულების ფონზეც შემოსავლების სამსახური თავის ბრძანებაში მაინც საუბრობს, რომ ამ მტკიცებულებების შესწავლა საჭირო არ ყოფილა და მხოლოდ საექსპერტო დასკვნას უნდა დაეყრდნოს შემოწმება. გააფორმებს ხელშეკრულებას და წარადგენს ექსპერტიზის დასკვნას, მაგრამ თუ ექსპერტი ნასყიდობის საგნის ფასიდან ოდნავ განსხვავებულ ფასს დადებს, მაგალითად 920 აშშ დოლარს, მაინც უნდა დაიბეგროს ეს სხვაობა, იმ პირობებში, რომ ბინის შემძენები ცალსახად და უპირობოდ ადასტურებენ, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულების ზემოთ მათ თანხა არ გადაუხდიათ? ამ კითხვაზე პასუხს ვინ გასცემს? რატომ უნდა მოხდეს განსხვავებული ფასიდან მისი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, იმ დროს როცა არსებობს გადახდილი თანხის ოდენობაზე მყიდველების შესაბამისი წერილობითი დასტურები.
იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული საკონტროლო შესყიდვით და მის საფუძველზე დადგენილი ფასებით ან ბინის შემძენთან განხორციელებული სატელეფონო ზარით დაფიქსირდებოდა 1 კვ. მ. საცხოვრებელი ფართის 1500 აშშ დოლარად შეთავაზების ან გაყიდვის ფაქტი, მაშინ პირიქით აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტშიც და შემოსავლების სამსახური 2026 წლის 8 აპრილის №8422 ბრძანებაშიც მითითებული იქნებოდა ასეთი მტკიცებულებების არსებობის შესახებ. თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ, ადგილი აქვს გამამართლებელი უდავო მტკიცებულებების უგულველყოფის ფაქტს.
თავის მხრივ წარმოადგენს მის მიერ რეალიზებული 4 ბინის შემძენი 2 მყიდველის წერილობით ახსნა-განმარტებებს, ასევე საკონტროლო შესყიდვის 2025 წლის 17 ნოემბრის №986527 ოქმს, რაც ამ კუთხით განხორციელებული დარიცხვის უსაფუძვლობას სრულად ადასტურებს.
გამომდინარე ზემოთაღნიშნულიდან ითხოვს, რომ მოხდეს მის მიერ ------- რეალიზებული 4 საცხოვრებელის ბინის ანგარიშში, არაპირდაპირი მეთოდით გამოყენებული საბაზრო ფასით ზედმეტად დარიცხული დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის და მათთან დაკავშირებული ჯარიმა-საურავების სრულად ანულირება.
უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მხრიდან დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება (მოცემულ შემთხვევაში გადასახადების დარიცხვის შესახებ) შეიძლება მიიღოს ყველა ფაქტისა და გარემოებების სრულად გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ასევე დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე და ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული ან შესწავლილი. ამდენად მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რომელიც დასაბუთებულია მის მიერ წარმოდგენილი სამართლებრივი არგუმენტაციით და რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.
ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას და დარიცხული თანხების სრულად გადაანგარიშებას მოყვანილი არგუმენტაციების და მტკიცებულებების წარდგენის გათვალისწინებით.
2. სალაროს არაგონივრული ნაშთის, რეალიზებული ბინებიდან მიღებული (არასრულად ასახული) თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდება სალაროს ნაშთი 250 794 ლარის ოდენობით და საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა 267 456 ლარის ოდენობით. შესაბამისი მეთოდური მითითების N9 დანართის მიხედვით, შემოწმებით, გაანგარიშებული იქნა საწარმოს შემოსავლებისა და ხარჯების 10% და აღნიშნულ თანხაზე მეტი თანხა მიჩნეული იქნა სალაროს არაგონივრულ ნაშთად, რომელიც დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ასევე, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს ბინები, რომლის ნაწილზე მიღებული თანხები არ აქვს აღრცხული ბუღალტერიაში, აღნიშნული თანხები საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით და საშემოსავლო გადასახადის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს რეალიზებულ ბინებზე შემოწმებისას განსაზღვრული საბაზრო ფასის გავრცელებით გაანგარიშებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2, მე-3, მე-7 ნაწილების და მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.
7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.
11. ბ) საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი შემდეგ შემთხვევებში თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან. საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაზრო ფასი − ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ -------, ------- შავი კარკასის მდგომარეობაში რეალიზებული 4 ბინის ანგარიშში, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ახორციელებენ რეალიზებული ბინების ანგარიშში დასაბეგრი ბაზის განსაზღვრას და 1 კვ.მ. შავ კარკასის სარეალიზაციო ფასად გამოყვანილი აქვთ 1500 აშშ დოლარის ექვივალენტი, რაც სრული აბსურდია და წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულებების ხელოვნურად დამძიმების ფაქტს, ვინაიდან არცერთი მის მიერ განხორციელებულ გაყიდვაში ასეთი ფასი არ ფიქსირდება. უფრო მეტიც, შავი კარკასის მდგომარეობაში გაყიდული ბინების ანგარიშში ასეთი ფასის დაწესების პირობებში ვერცერთი ბინის რეალიზაციას ფიზიკურად ვერ მოახდენდა, იმიტომ რომ ეს მყიდველები ასეთ ფასებს არ გადაიხდიდნენ. თუ ავიღებთ თბილისში ამ შემოწმებულ წლებში ბინების გაყიდვის მაჩვენებლებს, მაშინ თვალნათლად ჩანს, რომ ამ არეალში გარემონტებული და ავეჯით გაწყობილი ბინების ფასი სხვადასხვა პერიოდში 1200 აშშ დოლარიდან 1800 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო საგადასახადო ორგანომ კი 1 კვ. მ. შავი კარკასის მდგომარეობაში რეალიზებული ბინების სარეალიზაციო ფასად განსაზღვრა 1500 აშშ დოლარი, რაც სრული აბსურდია. საგადასახადო ორგანო თვლის, რომ ბარტერით მიწის მეპატრონეებზე გადაცემული ბინების, ასევე საჯარო რეესტრში გატარებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით შავი კარკასის მდგომარეობაში რეალიზებული ბინების ღირებულება დღგ-ის და საშემოსავლო მიზნებისათვის უნდა იყოს 1 კვ.მ.-ზე არა 830-850 აშშ დოლარის ექვივალენტი, არამედ 1500 აშშ დოლარის ექვივალენტი. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად მიღებული დღგ-ის ჩათვლით სხვაობა ჩათვალა, როგორც დირექტორის ხელფასი და მის ანგარიშში ასევე დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. შესაბამისად, მხოლოდ ამ უკანონო და არასწორი ქმედების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ხელოვნურად იქნა გაზრდილი 298 112 ლარით და მის ანგარიშში არასწორად და უსაფუძვლოდ დაერიცხა დღგ 53 660 ლარი, ასევე ამ უსაფუძვლოდ გამოყვანილი სხვაობის თანხით ხელოვნურად იქნა გაზრდილი საშემოსავლო გადასახადის ბაზა, რის გამოც ასევე უსაფუძვლოდ დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 87 943 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ეს დაბეგვრა არის აბსურდული და ის არანაირი დოკუმენტალური მტკიცებულებით არაა გამაგრებული. წინააღმდეგ შემთხვევაში აქტში შესაბამისი მითითება იქნებოდა, ასევე აქტზე დანართის სახით იქნებოდა დართული ის გადახდები და ის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა მყიდველებმა დაადასტურეს მათ მიერ შავი კარკასით შეძენილ ბინებში 1 კვ. მეტრში 1500 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.
ამასთან, დავის განხილვისას აღნიშნა, რომ 2025 წლის 22 დეკემბრის შემოწმების აქტის შედგენამდე მასთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 31 ოქტომბრის №24071 ბრძანების საფუძველზე 2025 წლის 17 ნოემბერს განხორციელდა სარეალიზაციო ფასების საკონტროლო შესყიდვა, რომლის საფუძველზე დაფიქსირდა შესყიდვაზე მყოფი საგადასახადო ორგანოებისათვის კონკრეტულად შეთავაზებული ფასები კომერციულ ფართზეც, ბინებზეც და ავტოსადგომებზეც, კერძოდ, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებს 1 კვ.მ. შავი კარკასის კომერციული ფართის გასაყიდ ფასად შეთავაზა დღგ-ის ჩათვლით 1888 აშშ დოლარის ექვივალენტი, ასევე მე-3 სართულზე შიდა კედლებ ამოუყვანელი შავი კარკასის მდგომარეობაში მყოფი საცხოვრებელი ბინის, 1 კვ.მ. გასაყიდ ფასად შეთავაზა 2100 ლარი, რაც თითქმის 800 აშშ დოლარის ექვივალენტია, ხოლო ავტომანქანის სადგომის გასაყიდი ფასი შეთავაზებული იქნა 15000 ლარის ოდენობით. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებმა შეადგინეს საკონტროლო შესყიდვის 2025 წლის 17 ნოემბრის №986527 ოქმი, რომელიც ოფიციალურად იქნა ატვირთული საწარმოს გვერდზე და რომელშიც მითითებულია საკონტროლო შესყიდვით დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები. ანუ შემოწმების აქტის შედგენამდე 36 დღით ადრე ვერანაირად ვერ დაესიზმრებოდა, რომ აქტის შემდგენი არაპირდაპირი მეთოდით და გაბერილი ფასით განუსაზღვრავდა სარეალიზაციო ფასს, ასევე არ იცოდა და ვერც წარმოიდგენდა, რომ საკონტროლო შესყიდვის და ოქმის შემდგენელები ნამდვილად მყიდველები იყვნენ, თუ შემოსავლების სამსახურიდან საკონტროლო შესყიდვის მიზნით მოსული პირები და ამიტომ საკონტროლო შესყიდვისას ნაკლები ფასები უნდა შეეთავაზებინა. ოქმის შედგენიდან 6 თვეა გასული და ეს ბინები და კომერციული ფართი ეხლაც ელის მყიდველს და თუ აქტის შემდგენი მოიყვანს 1500 აშშ დოლარად ამ ბინების მყიდველებს, მზად არის მას გადაუხადოს სოლიდური საკომისიო გასამრჯელო.
შემოსავლების სამსახურში დავის განხილვისას განაცხადა, რომ საკონტროლო შესყიდვისას ავტოსადგომის გასაყიდ ფასად დაფიქსირებულია 15000 ლარი და რომ მის მიერ 2 ავტოსადგომი რეალიზებულია ამ ფასად და 15000 ლარი თუ არ არის ავტოსადგომის სარეალიზაციო ფასი, მაშინ რატომ არ იქნა გამოყენებული ამავე მისამართზე რეალიზებული ავტოსადგომების მიმართ სხვა ფასი, რაზეც პასუხი ვერ მიიღო. უფრო მეტიც ამავე დავის განხილვისას შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს აჩვენა იგივე მისამართზე, ------- ქუჩაზე არსებული სხვა ბინების გაყიდვის ფასები საიტზე MYHOME.GE. მაგალითისათვის, ID------- განცხადება და ამ განცხადების თანმხლები ფოტოსურათები, სადაც ჩანს, რომ ------- იყიდება სრულად ევრორემონტით ახლადგარემონტებული და ნაწილობრივ ავეჯით მოწყობილი ბინა 1 კვ.მ. 1387 აშშ დოლარის ექვივალენტად, ასევე სხვა ბინები და დასვა კითხვა, თუ გარემონტებული და ავეჯით გაწყობილი ახლად აშენებული ბინა იგივე ქუჩაზე, თანაც ქუჩის დასაწყისში იყიდება 1387 აშშ დოლარის ექვივალენტად, იგივე ქუჩის ბოლოში შავი კარკასის მდგომარეობაში გაყიდული ბინის ფასი როგორ უნდა იყოს 1500 აშშ დოლარის ექვივალენტი, რაზეც პასუხი ასევე ვერ მიიღო. აგრეთვე მის მიერ წარდგენილია ბინის შემძენების წერილობითი დასტურები, მათ მიერ გადახდილი თანხების ოდენობის დადასტურების შესახებ, თუმცა ამ ფაქტსაც შემოსავლების სამსახური საერთოდ არ ახსენებს და ავალებს საბაზრო ფასის შესახებ საექსპერტო დასკვნის წარდგენას, რაც მისი აზრით ყოვლად მიუღებელია და დამატებითი ხარჯის დაკისრებას წარმოადგენს. უფრო მეტიც, დავაზე შემოსავლების სამსახურს განუცხადა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა მისგან დამოუკიდებლად მოახდინა მოქალაქე ------- სატელეფონო გამოკითხვა, რომელმაც მისგან ერთიანი გადახდით შეიძინა შავი კარკასის მდგომარეობაში მყოფი 3 ბინა და რომელმაც სატელეფონო საუბარში აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებს ცალსახად დაუდასტურა ის ფაქტი, რომ მის მიერ შეძენილ ბინებში გადახდილი იქნა ზუსტად ის თანხა, რაც ნასყიდობის ხელშეკრულებებში იყო მითითებული და მის მიერ ზედმეტი თანხის გადახდას ადგილი არ ჰქონია. ეს ფაქტი მისთვის ცნობილი გახდა შემოსავლების სამსახურში შესაბამისი საჩივრის შეტანის შემდეგ, კონკრეტულად მას შემდეგ, რაც ამ მოქალაქემ მ/წლის თებერვლის ბოლოს მიმართა გასაყიდად დარჩენილი 13 ბინიდან მისი ნათესავისთვის 1 ბინის შეძენის პირობებზე და ამ საუბარში ახსენა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან მასთან განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის შესახებ და ამცნო ამ გამოკითხვის შინაარსის შესახებ და მასზედ, რომ მან სატელეფონო ზარის განმახორციელებელ პირს დაუდასტურა, რომ მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ზემოთ რაიმე დამატებითი თანხის გადახდის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, უძრავი ქონების მყიდველი შეძენილ ქონებაზე არ სარგებლობს დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მიწოდებული უძრავი ქონების გარიგების ფაქტობრივი ფასი არსებითად აღემატება გარიგების განცხადებულ ფასს. საბჭო მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგების განცხადებული ფასი არსებითად განსხვავდება გარიგების ფაქტობრივი ფასისგან, საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს საბაზრო ფასის გამოყენებას. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, აგრეთვე სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. აღნიშნული ვალდებულებების შესრულების მიზანია გადასახადებით დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №990 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების წესის“ ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საბაზრო ფასი იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგებაში მითითებული ფასი არსებითად აცდენილია ბაზარზე არსებულ ფასს და გარემოებათა ერთობლიობა მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ დაფიქსირებული ფასი არ ასახავს ოპერაციის რეალურ ღირებულებას.
საგულისხმოა, რომ საგადასახადო კანონმდებლობა ეფუძნება ფორმაზე შინაარსის აღმატებულების პრინციპს, რომლის თანახმადაც ოპერაციის შეფასება უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ გარიგების ფორმის, არამედ მისი შინაარსის გათვალისწინებით. შესაბამისად, თუ გარიგებაში დაფიქსირებული ფასი, მნიშვნელოვნად განსხვავდება ბაზარზე არსებული ფასისგან, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია შეაფასოს, არის თუ არა ფასი ხელოვნურად შემცირებული გადასახადების გადახდისგან თავის არიდების მიზნით.
ამასთან, „გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების წესის“ მე-2 პუნქტი პირდაპირ ადგენს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუ დაასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის გაცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან, რაც შეიძლება დადგინდეს არა მხოლოდ ხელშეკრულების ფორმალური მონაცემით, არამედ გარიგების შინაარსის შეფასებით, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი ფასის ხელოვნურად შემცირების შესახებ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, შეფასდეს რამდენად რეალურია გარიგებაში დაფიქსირებული ფასი, შეესაბამება თუ არა იგი საბაზრო პირობებს, არსებობს თუ არა ასეთი ფასის გამოყენების დასაბუთებული მიზეზი.
განსახილველ შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტის პოზიციით, სახეზეა საბაზრო ფასიდან არსებითი გადახრა, გარიგებებში მითითებული ფასი მნიშვნელოვნად დაბალია ანალოგიური ობიექტების საბაზრო ფასთან შედარებით, აღნიშნული განსხვავება არ წარმოადგენს ჩვეულებრივ კომერციულ ფასდაკლებას, შემცირებული ფასი დაფიქსირებულია მრავალჯერადად (სისტემურ ხასიათს ატარებს) და არ არსებობს მისი ეკონომიკურად დასაბუთებული ახსნა.
აღნიშნული გარემოებების ერთობლიობა ქმნის საფუძვლიან ვარაუდს (ადასტურებს), რომ გარიგებაში გამოყენებული ფასი შესაძლოა არ ასახავდეს დამოუკიდებელ მხარეებს შორის საბაზრო პირობებში ჩამოყალიბებულ ფასს, რაც საგადასახადო ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, გადასახადებით დაბეგვრის მიზნისთვის გამოიყენოს საბაზრო ფასი და შესაბამისი გადასახადები განსაზღვროს საბაზრო ღირებულების მიხედვით.
საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ აქტში მითითებულია ოპერაციის ფორმა-შინაარსი და საგადასახადო ორგანოს არგუმენტაცია საბაზრო ფასის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საგადასახადო ორგანო ასაბუთებს, რომ განცხადებული ფასები არსებითად შემცირებულია ოპერაციის ფაქტობრივ ფასთან მიმართებით და ბუღალტრული მონაცემები დაბეგვრის ობიექტს არ ასახავს სრულად, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადებით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრის მიზნით არაპირდაპირი მეთოდის და საბაზრო ფასის გამოყენება მართლზომიერია.
რაც შეეხება შემოწმებისას გამოყენებული (გავრცელებული) საბაზრო ფასის ოდენობას, საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის წარმომადგენლის ზეპირ განხილვაზე გაკეთებულ განმარტებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის 7.08.2026 წლის №17860 ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილების საფუძველზე, მიმართა სერტიფიცირებულ ექსპერტს, რომელმაც შეადგინა საექსპერტო დასკვნა და კვადრატული მეტრის ფასი განსაზღვრა დაახლოებით 850 დოლარის ფარგლებში, თვითონ დაფიქსირებული ჰქონდა 830 დოლარი, იმ დროს, როცა საგადასახადო ორგანომ საბაზრო ფასის ოდენობა განსაზღვრა 1 500 დოლარის ოდენობით. ასევე, მხედველობაში იღებს შემოსავლების სამსახურის 7.08.2026 წლის №17860 ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 1. პირველ სადავო საკითხზე, რეალიზებული ბინების საბაზრო ფასის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის თაობაზე, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). 2. საშემოსავლო გადასახადის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს რეალიზებულ ბინებზე შემოწმებისას განსაზღვრული საბაზრო ფასის გავრცელებით გაანგარიშებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის 7.08.2026 წლის №17860 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის 7.08.2026 წლის №17860 ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.