გადაწყვეტილება №21683/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.04.2024
№ დოკუმენტი 21683/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21683/2/2023

25 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 22.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21683/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2023 წლის №002-244 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.11.2023 წლის №29353 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 59 223 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 33 991

დღგ - 20 642

საშემოსავლო გადასახადი - 13 349

ჯარიმა - 16 996

საურავი - 8 236

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოება, კერძოდ, სადარბაზოებში განათებების დაყენება, როგორც სახელმწიფო ტენდერებით, ასევე კერძო დაკვეთების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმებით დადგინდა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდის მონაცემების შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, გადასახადის გადამხდელს ქ.---------, და ქ. --------- გამგეობებისათვის სახელმწიფო ტენდერების საფუძველზე, შესრულებული აქვს სამშენებლო ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები. ამავე ვებ-გვერდის მიხედვით, კომპანიასთან გაფორმებულია შესაბამისი მიღებაჩაბარების აქტები და ასევე, კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხულია შესაბამისი თანხები. მოცემული ოპერაციები გადასახადის გადამხდელის მიერ არასრულად არის ასახული წარდგენილ დღგ-ის შესაბამისი პერიოდების დეკლარაციებში. ასევე დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებულია სხვადასხვა სახის საქონლის მიწოდება, რაზედაც გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები, თუმცა აღნიშნული მიწოდებები ასევე არ არის ასახული შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად;

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14008 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის (ქ. -----------) სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის დადგენა. აღნიშნული დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ვერ განხორციელდა იურიდიული პირის უფლებამოსილ წარმომადგენელთან დაკავშირება, შესაბამისად, ვერ მოხდა გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურების ჩატარება. 2022 წლის 5 აპრილის №8450 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ პროცედურული სახელმძღვანელოს მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა ნული ლარით. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების (მათ შორის გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და სასაქონლო ზედნადებების) შესწავლის შედეგად, განხორციელებული ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით, 2023 წლის პირველი ივნისისათვის, სალაროს ბუღალტრული ნაშთი შეადგენს 53 399 ლარს. შემოწმების მიერ, ასევე განხორციელდა კრედიტორული დავალიანების გადამოწმება (შერჩევით - არსებით თანხებთან მიმართებაში) და საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია მესამე პირებიდან. მიღებული ინფორმაციის შედეგად, შპს „-----------“-თან (ს/ნ -----------) მიმართებაში იკვეთება 3 096.6 ლარის კრედიტორული დავალიანების არსებობა, რომელიც გათვალისწინებული იქნა ფულადი სახსრების ნაშთის განსაზღვრისას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით განსაზღვრული სალაროს ბუღალტრული ნაშთი (აგროსილი 66 748 ლარი) ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ სახელფასო განაცემად, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა ასევე ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.10.2023 წლის №25449 ბრძანება და 13.10.2023 წლის №002-244 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.11.2023 წლის №29353 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე,73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, დადგენილ გარემოებაზე, განმარტავს, რომ კომპანიის მიმართ საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადების ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და შეფარდებული სანქცია შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებას არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს, რომ საგადასახადო კოდექსის საფუძველზე კომპანიას დაეკისრა ჯარიმა იმ მიზეზით, რომ ვერ განხორციელდა კომპანიის წარმომადგენელთან დაკავშირება, ვერ შემოწმდა სალაროს ნაშთი და ფულადი სახსრების მოძრაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

საგადასახადო ორგანოს მითითება, რომ ვერ განხორციელდა კომპანიის დირექტორთან კომუნიკაცია და აღნიშნული მიზეზით ფულადი ტრანზაქციები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, პირდაპირ არღვევს ადმინისტრაციული კანონმდებლობის მოთხოვნებს, რომლებიც დადგენილი აქვს ადმინისტრაციულ ორგანოს.

საგადასახადო ორგანოს გააჩნია არაერთი საშუალება კომუნიკაცია დაამყაროს კომპანიის წარმომადგენელთან, მოისმინოს მათი პოზიცია და პოზიციათა შეჯერების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება. ასევე, არაერთი საშუალება გააჩნია დეტალურად შეისწავლოს კომპანიის ტრანზაქციის ისტორია.

დირექტორზე არანაირი ხელფასის გაცემას ადგილი არ ქონია, შესაბამისად გაუგებარია რა საფუძვლით იხელმძღვანელა საგადასახადო ორგანომ, როდესაც ტრანზაქციები ხელფასად მიიჩნია და ამასთანავე, დეკლარაციაში გადასახადების შემცირებაში დაადანაშაულა.

იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ადგილი არ ქონია გადასახადების შემცირებას, შემოსავლის დამალვას და ა.შ. და რომ არც წარდგენილ საჩივარზე არ მომხდარა გარემოებების სათანადო კვლევაშესწავლა, ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად,1. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

2. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

3.პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია:

ა)ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს ქ. ----------- გამგეობებისათვის, სახელმწიფო ტენდერების საფუძველზე, შესრულებული აქვს სამშენებლო, ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები, რაზედაც გაფორმებულია შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები და კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხულია შესაბამისი თანხები. მაგრამ გადასახადის გადამხდელის მიერ, ხსენებული ოპერაციებიდან და ასევე სხვადასხვა სახის საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავლები არასრულად აქვს ასახული შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში. აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ შემოწმების მიერ ვერ განხორციელდა იურიდიული პირის უფლებამოსილ წარმომადგენელთან დაკავშირება, შესაბამისად, ვერ განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურების ჩატარება, 2022 წლის 5 აპრილის №8450 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ პროცედურული სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა ნული ლარით. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად, განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი და განისაზღვრა სალაროს ბუღალტრული ნაშთი, რომელიც კრედიტორული დავალიანების გათვალისწინებით ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, ასევე ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

აუდიტის დეპარტამენტი 23.01.2024 წლის №5006-21-14 წერილით, ფაქტობრივ გარემოებებში დაფიქსირებულ ინფორმაციაზე დამატებით აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელისგან 28.06.2023.წ №----------- წერილით გამოთხოვილი იქნა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია და ბუღალტრული პროგრამის ასლი შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდზე. აღნიშნულ შეტყობინებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 3.07.2023 წელს, მაგრამ მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა არ განხორციელებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად 400 ლარის ოდენობით, რაზედაც 2023 წლის 22 აგვისტოს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №188543. 23.08.2023 წელს, განმეორებით იქნა გამოთხოვილი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია. აღნიშნულ შეტყობინებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 23.08.2023 წელს, მაგრამ მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა არც ამჯერად განხორციელებულა. საგადასახადო ორგანომ მიმართა სასამართლოს რათა გამოთხოვილიყო ინფორმაცია სს ----------- ბანკიდან გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე თანხის მოძრაობის შესახებ. შემოწმების მიმდინარეობისას, არაერთგზის განხორციელდა დირექტორთან (-----------) დაკავშირება და საუბარი, მათ შორის მიმოწერა სოციალურ ქსელ ------------ის საშუალებით (მისი საქართველოში არ ყოფნის პერიოდში). საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ეთხოვა აუდიტის დეპარტამენტში მისვლა და ასევე, შემოწმებისთვის საჭირო სხვადასხვა სახის ინფორმაციის და დოკუმენტაციის წარდგენა, თუმცა არ განუხორციელებია, ხოლო შემდეგ ეტაპზე მასთან დაკავშირება უკვე შეუძლებელი გახდა.

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, მაგრამ არც ამჟამად არ წარმოადგენს არგუმენტებს/პოზიციებს თუ რა ფაქტობრივ/სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით მიიჩნევს დარიცხვას არამართლზომიერად. ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით ირკვევა, მომჩივანს არც შემოსავლების სამსახურში, დავის ეტაპზე არ წარუდგენია და არც ამჟამად წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს გამგეობებისათვის, სახელმწიფო ტენდერების საფუძველზე, შესრულებული აქვს სამშენებლო, ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები, რაზედაც გაფორმებულია შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები და კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხულია შესაბამისი თანხები. მაგრამ გადასახადის გადამხდელის მიერ, ხსენებული ოპერაციებიდან და ასევე სხვადასხვა სახის საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავლები არასრულად აქვს ასახული შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში. აგრეთვე, ვერ განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა. შესაბამისად, სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა ნული ლარით. განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი და განისაზღვრა სალაროს ბუღალტრული ნაშთი, რომელიც კრედიტორული დავალიანების გათვალისწინებით ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, ასევე ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 136(3);159(1);163(1,2);164(1);73(9);101(1);154(1);275(2);