გადაწყვეტილება №25943/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.12.2025
№ დოკუმენტი 25943/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25943/2/2025

08 დეკემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:---- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ს 1.10.02025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25943/2/2025).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 3.07.2025 წლის №024-41 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.09.2025 წლის №19847 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

48 056,43 ლარი. მათ შორის:

 

გადასახადი - 28 658,9

დღგ - 13 879,19

საშემოსავლო გადასახადი - 14 779,71

ჯარიმა - 12 801,4

საურავი - 6 596,13

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ქალის ტანსაცმლით ვაჭრობა ---ს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. აუდიტის დეპარტამენტის 19.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: შესამოწმებელი პერიოდში დეკლარირებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 470 275 ლარი, ხოლო რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებამ 399 389 ლარი (დღგ-ის გარეშე). გადასახადის გადამხდელს საქონელი შეძენილი აქვს მხოლოდ იმპორტის გზით ჩინეთიდან, არ აქვს ადგილობრივი შეძენები. დოკუმენტური რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალია 49 203 ლარი (დღგ-ის გარეშე), სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დეკლარირებული საწყისი ნაშთი შეადგენს - 103 246,67 ლარს (დღგ-ის გარეშე), ხოლო სმფ-ების საბოლო ნაშთი, გადასახადის გადამხდელმა ახსნაგანმარტებისა და ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის მიხედვით დააფიქსირა 122 095 ლარი (დღგ-ის გარეშე).

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის მეშვეობით ვერ ხდება დაბეგვრის ობიექტის დადგენა პირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შეუძლებელია რეალიზებული და ჩამოწერილი პროდუქციის იდენტიფიცირება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ამ მიზნით გაანგარიშდა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ანალოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებული აუდირებული საცალო ფასნამატი (ქალის ტანსაცმელი - 47.06%).

დადგენილი შემოსავლის თანხები ჩართული იქნა დღგით დასაბეგრ ბრუნვაში. შესაბამისად, დაკორექტირდა (გაიზარდა) შესამოწმებელი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესამოწმებელი პერიოდის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშებისას არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ შემოსავალთან ერთად დამატებით გათვალისწინებული იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი შესაბამისი პერიოდების მიხედვით (შეძენილი სმფ-ების ხარჯი და სხვა). შედეგად, გაიზარდა შესამოწმებელი პერიოდის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ, ასევეა დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.07.2025 წლის №024-41 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.09.2025 წლის №19847 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ იგი ყოველთვის იხდიდა გადასახადებს და შემოწმების მიერ გაანგარიშებული მონაცემები არასწორია. ამასთან, მომჩივანი აღნიშნავს, რომ თუ რაიმე იყო დამატებით გადასახდელი უნდა ჰქონოდათ მასთან კომუნიკაცია. ითხოვს ჯარიმა შეიცვალოს გაფრთხილებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილების თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის მეშვეობით ვერ განხორციელდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა პირდაპირი მეთოდით. გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი საქონლის (საცალოდ რეალიზებული პროდუქციის) აუდირებული ფასნამატით რეალიზებულად განხილვამ გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების გაზრდა დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში.

გადასახადის გადამხდელს არ აქვს არგუმენტები თუ რა ნაწილში არ ეთანხმება დარიცხვას. ამასთან, არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი.

გადასახადის გადამხდელი ითხოვს, რომ საგადასახადო ორგანო შემოიფარგლოს მხოლოდ გაფრთხილებით და არ გამოიყენოს ჯარიმა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის მეშვეობით ვერ განხორციელდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა პირდაპირი მეთოდით. გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი საქონლის (საცალოდ რეალიზებული პროდუქციის) აუდირებული ფასნამატით რეალიზებულად განხილვამ გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების გაზრდა დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში.

გადასახადის გადამხდელს არ აქვს არგუმენტები თუ რა ნაწილში არ ეთანხმება დარიცხვას. ამასთან, არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5,9); 102 (1); 105 (1,2).