გადაწყვეტილება №27379/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 19.06.2026
№ დოკუმენტი 27379/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27379/2/2026

19 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 20.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27379/2/2026).

 

დავის საგანი:

1. კომპანიის მიერ მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის დისთვის უძრავი ქონების მიწოდების, კომპანიის მიერ დამფუძნებლისთვის უძრავი ქონების მიწოდებად განხილვა და აღნიშნული ოპერაციის დაბეგვრის მიზნებისთვის საბაზრო ფასის გამოყენება;

2. ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული უძრავი ქონების სახელშეკრულებო ღირებულების საბაზრო ფასით კორექტირება;

3. დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის №001-310 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 8.05.2026 წლის №10314 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 226 009.37 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი -108 961.26

დღგ - 47 551.31

მოგების გადასახადი - 35 283.51

საშემოსავლო გადასახადი - 26 126.44

ჯარიმა - 54 480.40

საურავი - 62 567.71

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.02.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 23 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 დეკემბრის №28599 ბრძანება და №001-310 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 8.05.2026 წლის №10314 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1.კომპანიის მიერ მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის დისთვის უძრავი ქონების მიწოდების, კომპანიის მიერ დამფუძნებლისთვის უძრავი ქონების მიწოდებად განხილვა და აღნიშნული ოპერაციის დაბეგვრის მიზნებისთვის საბაზრო ფასის გამოყენება

ფაქტების აღწერა

კომპანიის პროექტი მდებარეობს ქ. „-------“-ში(„-------“), სადაც მდებარეობს 33 საცხოვრებელი და კომერციული ფართები, რომელთა ძირითადი ნაწილის რეალიზაცია დაბეგრილია 2020-2021 წლებში, ხოლო 2022 წლის იანვარ-მარტის განმავლობაში რეალიზებული და დაბეგრილია 12 საცხოვრებელი და ერთი კომერციული ფართი. საცხოვრებელი ფართის შემთხვევაში 1მ2 - ის ღირებულება საშუალოდ შეადგენს 465 აშშ დოლარს, ხოლო კომერციული 724 აშშ დოლარს. მშენებლობა დაიწყო 2018 წელს, 2020 წელს დაიწყო რეალიზაცია, ხოლო 2022 წელს დასრულდა მშენებლობა. შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია სულ 881მ2 უძრავი ქონება, აქედან საცხოვრებელი 551 მ2 და კომერციული 130 მ2 . საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით დადგენილ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულია 620 მ2 უძრავი ქონება, აქედან კომერციული 130 მ2 , მათზე საცხოვრებელი ფართის რეალიზაციის ფასია საშუალოდ 444 აშშ დოლარი, ხოლო კომერციული 724 აშშ დოლარი.

შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით დადგენილი საბაზრო ფასი, კერძოდ, შესამოწმებელ ობიექტთან ახლოს მდებარე ახალ და მშენებარე კორპუსებში რეალიზებული ბინების ფასები, 2022 წლის პირველ კვარტალში, რომელმაც შეადგინა 570 აშშ დოლარი საცხოვრებელ და 1 121 აშშ დოლარი კომერციულ ფართებზე. სხვაობა შემოსავალში შეადგენს 264 167 ლარს. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, სხვა პირებთან ერთად არიან დამფუძნებელი „-------“ და დირექტორი „-------“, რომელიც ამავდროულად არის დამფუძნებელიც. ფასებს შორის სხვაობა დირექტორის, „-------“-ს შემთხვევაში ჩაითვალა მიღებულად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. „-------“-ის შემთხვევაში დაიბეგრა მოგების გადასახადით საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის თანახმად და ჩაითვალა გაცემულ დივიდენდად საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის შესაბამისად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. დანარჩენ პირებზე დაიბეგრა მოგების გადასახადით საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის თანახმად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, მოგების და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, 61-ე მუხლის მე3 ნაწილზე, მე-18 მუხლის მე-2, მე-3 და მე-7 ნაწილებზე და ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 157-ე მუხლის „რ“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ, მე-2 ნაწილებზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე, 130-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და. ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე,აღნიშნავს, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ უძრავ ქონებებთან მიმართებით, მათ შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობა გავლენას ახდენს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების მიერ საბაზრო ფასის გამოყენება მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთ მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების აქტში არ ხდება მნიშვნელოვანი გარემოების განმარტება. საგადასახადო ორგანომ კომპანიის მიერ მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის („-------“-ის) დისთვის ( „-------“-სთვის) უძრავი ქონების მიწოდება განიხილა კომპანიის მიერ მისი დამფუძნებლისთვის („-------“-ის) უძრავი ქონების მიწოდებად და აღნიშნული ოპერაციის დაბეგვრის მიზნებისთვის გამოიყენა საბაზრო ფასი. კერძოდ:

- კომპანიას 2022 წლის 28 იანვარს „-------“-სთვის მიწოდებული აქვს ორი ერთეული უძრავი ქონება (საცხოვრებელი ფართი): ბინა №4 (60.7 მ 2 ) – 26 000 აშშ დოლარად (1მ2 = 428.34 აშშ დოლარი) და ბინა №30 (56.8 მ 2 ) – 24 000 აშშ დოლარად (1მ2 = 422.54 აშშ დოლარი);

- 2022 წლის პირველ კვარტალში კომპანიას სულ რეალიზებული აქვს 13 ერთეული უძრავი ქონება, რომლიდანაც 7 ერთეული უძრავი ქონება ( „-------“-ზე რეალიზებული უძრავი ქონებების ჩათვლით), საგადასახადო ორგანოს მიერ, ჩაითვალა კომპანიის მიერ დაკავშირებულ პირებთან განხორციელებულ ოპერაციებად. შესაბამისად, 6 ერთეული უძრავი ქონება (საცხოვრებელი) საგადასახადო ორგანოს მიერ ჩაითვალა საბაზრო პირობების ფარგლებში რეალიზებულად, სადაც მხარეთა კავშირს გარიგების პირობებზე გავლენა არ მოუხდენია. კერძოდ: ხსენებული (6 ერთეული) გარიგებების ფარგლებში ჯამში მიწოდებულია - 378.7მ2 საცხოვრებელი ფართი. რეალიზებული საცხოვრებელი ფართების ჯამური ღირებულება შეადგენს - 185 400 აშშ დოლარს, ე.ი. 1 მ2 საცხოვრებელი ფართის საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასი, 2022 წლის პირველ კვარტალში, შეადგენს 489.57 აშშ დოლარს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომპანიის მიერ, 2022 წლის 1 კვარტალში, „-------“-სათვის განხორციელებულ 2 ერთეული უძრავი ქონების მიწოდების ფასთან დაკავშირებით იარსებებს სკეფციზი, რადგან ის წარმოადგენს კომპანიის პარტნიორის ყოფილ მეუღლეს და აღნიშნულ მიწოდებებს არ გავითვალისწინებთ 1მ2 საცხოვრებელი ფართის საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასის დათვლისას, მაშინ 1მ2 საცხოვრებელი ფართის საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასი შეადგენს 505.36 აშშ დოლარს.

მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო ოპერაციის დაბეგვრის მიზნებისთვის საბაზრო ფასის გამოყენება იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილზე, მე-19 მუხლის პირველ, მე-2 ნაწილებზე მითითებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა ერთის მხრივ, იმ გარემოების დადგენა რამდენად წარმოადგენენ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები კომპანია და „-------“ ურთიერთდამოკიდებულ პირებს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით, ხოლო მეორეს მხრივ, ურთიერთდაკავშირებულობის არსებობის პირობებშიც კი, საგადასახადო ორგანოს უნდა გამოეკვლია, რამდენად იქონია გავლენა მხარეთა შორის არსებულმა ურთიერთკავშირმა გარიგების შედეგზე (გარიგების ფასზე).

უდავო გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი „-------“ და „-------“ წარმოადგენენ ერთმანეთის ურთიერთდაკავშირებულ პირებს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რადგან ისინი ნათესავები არიან, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ კომპანიასა და „-------“-ს შორის საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთდამოკიდებულება არსებობს. მეტიც, საგადასახადო კოდექსის ხსენებული მუხლის მიხედვით კომპანია და „-------“ არ წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენების წინამძღვრები.

თუმცა, სადავო ოპერაციასთან მიმართებაში, საგადასახადო ორგანო შემოწმების აქტში საბაზრო ფასის გამოყენების საფუძვლად უთითებს 73-ე მუხლსაც. სავარაუდოდ აღნიშნული მუხლის საფუძველზე განხორციელდა კომპანიის მიერ „-------“-ზე უძრავი ქონების რეალიზაციის ოპერაციის კლასიფიცირება, კომპანიის მიერ მის დამფუძნებელზე „-------“-ზე რეალიზებულად, რაც იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, შემდეგი გარემოებების გამო:

- „-------“-ს და მ „-------“-ს შორის არსებულ ურთიერთკავშირს გავლენა არ მოუხდენია „-------“-სა და კომპანიას შორის დადებულ გარიგების ფასზე, რადგან კომპანიამ „-------“-ს, პირველი უძრავი ქონებების შემთხვევაში 1მ2 მიაწოდა 428.34 აშშ დოლარად, ხოლო მეორე უძრავ ქონების შემთხვევაში 1მ2 422.54 აშშ დოლარად. აღნიშნული ტარიფები კი შესაბამისობაშია კომპანიის მიერ, 2022 წლის პირველ კვარტალში, არა დაკავშირებულ პირებთან განხორციელებულ მიწოდებების ფასებთან, რომელიც უძრავი ქონების მახასიათებლების გათვალისწინებით მერყეობდა 418.76 აშშ დოლარიდან 619.76 აშშ დოლარამდე;

- მეორე მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ „-------“-მა კომპანიას უძრავი ქონებების შეძენისთანავე სრულად დაფარა შეძენილი უძრავი ქონებების ღირებულება (საბანკო ამონაწერი - დანართი 3). „-------“-ის მიერ უძრავი ქონების ღირებულება დაფინანსებული იქნა მის მიერ სხვა უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული შემოსავლიდან;

- მესამე და ასევე ძალიან მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კომპანიიდან შეძენილი უძრავი ქონებები დღემდე რჩება „-------“-ის საკუთრება და ის ცხოვრობს აღნიშნულ უძრავ ქონებაში, რაც გამორიცხავ „-------“ის მიმართ მის ცრუმაგიერობას, გადასახადის თავიდან არიდების მიზნით. ე.ი. კომპანიიდან უძრავი ქონებების ფიქტიური („-------“-ის დავალებით) გადაფორმება „-------“-ზე არ მომხდარა (ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, დანართი 4).

ყოველივე აღნიშნული კი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ერთის მხრივ, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენების წინამძღვრები, რადგან „-------“ და კომპანია არ წარმოადგენენ საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ ურთიერთდამოკიდებულ პირებს, ხოლო მეორეს მხრივ, (საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი) ურთიერთდამოკიდებულების დადგენის შემთხვევაშიც, ასეთ კავშირს გარიგების ფასზე გავლენა არ მოუხდენია.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომპანიასა და „-------“-ს შორის დადგინდებოდა საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთდამოკიდებულება, ამასთან დადგინდებოდა, რომ აღნიშნულმა ურთიერთდამოკიდებულებამ გავლენა იქონია გარიგების ფასზე, მაშინ საგადასახადო ორგანო უფლებამოსილი იქნებოდა, საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნებისთვის, გამოეყენებინა საბაზრო ფასი. თუმცა აღნიშნული საბაზრო ფასი არ უნდა განესაზღვრა იმ დასახლებაში ბინების სტატისტიკური გასაყიდი ფასით, როცა არსებობდა საბაზრო ფასის უფრო სანდო საშემფასებლო ინფორმაცია, კერძოდ: კომპანიის მიერ შესაბამის კომპლექსში არადაკავშირებულ პირებზე ფართების რეალიზაციის შესახებ მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის 1 კვარტალში, რეალიზებული საცხოვრებელი ფართების საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასი შეადგენს 489.57 აშშ დოლარს მ2 .

შესაბამისად, კომპანიის მიერ აშენებულ კომპლექსში არსებულ საცხოვრებელი ფართების საბაზრო ღირებულება, 2022 წლის პირველ კვარტალში, შეადგენდა 489.57 აშშ დოლარს მ 2 -ზე.

შესაბამისად, ურთიერთდამოკიდებულებისა და გავლენის არსებობის დადგენის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის უნდა გამოეყენებინა 489.57

აშშ დოლარი მ2 -ზე. ამასთან, კომერციულ ფართან მიმართებაში საგადასახადო ორგანომ საბაზრო ფასად უნდა გამოიყენოს 850 აშშ დოლარი მ 2 -ზე, ნაცვლად გამოყენებული 1 200 აშშ დოლარი მ 2 -ზე.

შემოსავლების სამსახურს უნდა შეესწავლა და გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ორად ორი გარემოება:

- სამართლებრივად რამდენად წარმოადგენდა კომპანია და „-------“ ურთიერთდამოკიდებულ პირებს;

- განსხვავდებოდა „-------“-ზე რეალიზებული უძრავი ქონების ფასი, შესაბამის პერიოდში განხორციელებული უძრავი ქონებების სარეალიზაციო ფასისგან.

შემოსავლების სამსახური თავის გადაწყვეტილებაში არ აღნიშნავს, რატომ მიიჩნევს„-------“-ს კომპანიის ურთიერთდამოკიდებულ პირად და რატომ თვლის, რომ კომპანიის დამფუძნებელთან ნათესაურმა კავშირმა რაიმე სახის გავლენა იქონია გარიგების ფასზე.

 

2. ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული უძრავი ქონების სახელშეკრულებო ღირებულების საბაზრო ფასით კორექტირება

ფაქტების აღწერა

დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხის ნაწილში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხისა ნაწილში

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემდეგი გარემოებების გამო:

მოცემულ შემთხვევაში უდავოა ის გარემოება, რომ კომპანიის პარტნიორი (დამფუძნებელი) პირები კომპანიისთვის წარმოადგენენ საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ ურთიერთდამოკიდებულ პირებს. მაგრამ, მოცემულ შემთხვევაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებას წარმოადგენდა ის გარემოება, თუ რამდენად მოახდინა მხარეთა შორის არსებულმა ურთიერთდამოკიდებულებამ გავლენა გარიგების ფასზე.

2022 წლის პირველ კვარტალში სულ კომპანიის პარტნიორებზე მოხდა ჯამურად 372.6 მ2 საცხოვრებელი ფართის მიწოდება ჯამში 165 700 აშშ დოლარად, ე.ი. კომპანიის პარტნიორებზე რეალიზებული საცხოვრებელი ფართების საშუალო შეწონილმა ფასმა შეადგინა 444.71 აშშ დოლარი. კვადრატულის ფასი, კონკრეტული უძრავი ქონების ხარისხობრივი მახასიათებლების მიხედვით, მერყეობდა 411.86 აშშ დოლარიდან 500 აშშ დოლარამდე, რაც შესაბამისობაშია კომპანიის მიერ 2022 წლის პირველ კვარტალში არადამოკიდებულ პირებთან დადებულ გარიგებებში გამოყენებულ ფასებთან.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ კომპანიის პარტნიორები და კომპანია წარმოადგენენ საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ ურთიერთდამოკიდებულ პირებს, მათ ურთიერთდამოკიდებულებას გარიგების ფასზე გავლენა არ მოუხდენია.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგინდებოდა ურთიერთდამოკიდებულებით გამოწვეული გავლენა, საგადასახადო ორგანოს, საცხოვრებელ ფართებთან მიმართებაში, საბაზრო ფასად უნდა გამოეყენებინა 489.57 აშშ დოლარ მ 2, ნაცვლად გამოყენებული 570 აშშ დოლარისა მ2 -ზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი პირველ და მე-2 სადავო საკითხების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2, მე-3, მე-7 ნაწილების თანახმად:

2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.

საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.

საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ კომპანიას, შესამოწმებელ პერიოდში, რეალიზებული ჰქონდა უძრავი ქონება, მათ შორის საცხოვრებელი და კომერციული. ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული საცხოვრებელი ფართის სარეალიზაციო ფასი საშუალოდ შეადგენდა 444 აშშ დოლარს, კომერციული 724 აშშ დოლარს. შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის შესაბამისად დადგენილი საბაზრო ფასი. კერძოდ, შესამოწმებელი ობიექტთან ახლოს მდებარე ახალ და მშენებარე კორპუსებში რეალიზებული ბინების ფასები (2022 წლის პირველ კვარტალში), რომელმაც შეადგინა 570 აშშ დოლარი საცხოვრებელ და 1 121 აშშ დოლარი კომერციულ ფართებზე.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელმაც სადავო საკითხების ნაწილში წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებულის ანალოგიური არგუმენტები. ამასთან აღნიშნა, რომ „-------“ და „-------“ დები არიან და წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს, მაგრამ კომპანია და „-------“ არ წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს, შესაბამისად ურთიერთდამოკიდებულების პრინციპი არ უნდა გავრცელდეს, ჩვეულებრივი ტრანზაქციაა განხორციელებული, კომპანიამ „-------“-ზე პირველი უძრავი ქონების რეალიზაცია მოახდინა 428 აშშ დოლარად, ხოლო ურთიერთდამოკიდებულების შემთხვევაში საშუალო ფასი 444 აშშ დოლარია, ანუ არაურთიერთდამოკიდებულ პირთან შედარებით ფასი არაარსებითია, შემოსავლების სამსახური არ მსჯელობს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებაზე, რაშიც ვერ დაეთანხმება, არის ის, რომ არ არის სახეზე ურთიერთდამოკიდებულება, დარიცხვა მოკლებულია საფუძველს, განხორციელებული ტრანზაქცია არ უნდა იქნეს განხილული ურთიერთდამოკიდებულების პრინციპით. რაც შეეხება ურთიერთდამოკიდებულ პირებზე უძრავი ქონებების რეალიზაციას, საგადასახადო ორგანომ გამოიყენა 570 აშშ დოლარი 12 -ზე, მიაჩნია, რომ გამოყენებული უნდა იქნეს არა სხვა ბინის გასაყიდი ფასი, არამედ არაურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული ფართის საშუალო შეწონილი ფასი. ანუ სადაც ურთიერთდამოკიდებულება სახეზეა გავრცელდეს არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე განხორციელებული ტრანზაქციით განსაზღვრული საშუალო შეწონილი ფასი 1მ2-ზე 489.57 აშშ დოლარი. დამატებით განმარტა, რომ ურთიერთდამოკიდებულების შემთხვევაში საშუალო ფასი 444 აშშ დოლარია და შემმოწმებელმა გამოიყენა 570 აშშ დოლარი, „-------“-ზე ფართის რეალიზაცია განხორციელებულია 428 აშშ დოლარად, სხვა დანარჩენზე 410-430 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც სადავო არ გამხდარა, შესაბამისად არ განსხვავდება სხვა არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზაციის ფასისგან.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით განმარტა, რომ ბინები რეალიზებულია ურთიერთდამოკიდებულ და არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე არ იქნა გამოყენებული არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზაციის ფასი, რადგან დაბალი იყო, ამდენად გამოყენებული იქნა სხვა ახლომდებარე კორპუსში რეალიზებული ბინების ფასი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ უძრავ ქონებებთან მიმართებით, მათ შორის „-------“-ზე რეალიზებულ უძრავ ქონებებზე, შემოწმების შედეგად საბაზრო ფასის გამოყენება მართლზომიერია. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე არსებობდა საბაზრო ფასები, რომელიც საგადასახადო შემოწმების შედეგად კორექტირებას არ დაექვმდებარა, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე სხვა კორპუსში რეალიზებული ბინის საბაზრო ფასის გამოყენების მართლზომიერების საკითხი, მოითხოვს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი, აღნიშნულ ნაწილში, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

3. დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის №001-310 საგადასახადო მოთხოვნის თანახმად გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 54 480.40 ლარი და განესაზღვრა საურავი 62 567.71 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ, მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში რაიმე სახის საგადასახადო სამართალდარღვევა დაკისრებული არ აქვს. სადავო საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე კომპანიისთვის საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა განხორციელდა მხოლოდ ერთი საკითხის ფარგლებში (ურთიერთდამოკიდებულ პირებზე განხორციელებული მიწოდებების დაბეგვრა საბაზრო ფასებიდან). სადავო საგადასახადო შემოწმების აქტით რაიმე სხვა საკითხი ან/და სამართალდარღვევა შემმოწმებელს არ გამოუვლენია.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებენ, რომ კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს, რომელმაც სამართალდარღვევა (თუ ასეთი დადგინდება) ჩაიდინა არ ცოდნით, კერძოდ ის დაკავშირებულ მხარეებზე ყიდდა საცხოვრებელ ფართებს იმავე ფასად, რა ფასადაც ის შესაბამის ფართებს ყიდდა არა დაკავშირებულ პირებზე. ის ვერ გაითვალისწინებდა, რომ საგადასახადო ორგანო საგადასახადო შემოწმებისას აღნიშნულ ფასებს შეადარებდა იმავე დასახლებაში სხვა კომპანიების მიერ გაყიდული საცხოვრებელი ფართების სარეალიზაციო ფასებთან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 8.05.2026 წლის №10314 ბრძანება;

3. საჩივარი, პირველ და მე-2 სადავო საკითხების ნაწილში, დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად ხელახლა განსახილველად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი მიიჩნევსმ,რომ საგადასახადო შემოწმების აქტში არ ხდება მნიშვნელოვანი გარემოების განმარტება.

2.გადამხდელი მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემდეგი გარემოებების გამო.

3.მომჩივანი ითხოვს სანქციისგან გათავოსუფლებას სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილიდან გამომდინარე,ფაქტობრივი გარემოებები

1.კომპანია ფლობს 33 საცხოვრებელ და კომერციული ფართს, რომელთა ძირითადი ნაწილის რეალიზაცია დაბეგრილია 2020-2021 წლებში, ხოლო 2022 წლის იანვარ-მარტის განმავლობაში რეალიზებული და დაბეგრილია 12 საცხოვრებელი და ერთი კომერციული ფართი. საცხოვრებელი ფართის შემთხვევაში 1მ2 - ის ღირებულება საშუალოდ შეადგენს 465 აშშ დოლარს, ხოლო კომერციული 724 აშშ დოლარს.

შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია სულ 881 მ2 უძრავი ქონება, აქედან საცხოვრებელი 551 მ 2 და კომერციული 130 მ 2 . სსკ-ის მე-19 მუხლის მიხედვით დადგენილ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულია 620 მ 2 უძრავი ქონება, აქედან კომერციული 130 მ 2 , მათზე საცხოვრებელი ფართის რეალიზაციის ფასია საშუალოდ 444 აშშ დოლარი, ხოლო კომერციული 724 აშშ დოლარი.

ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, სხვა პირებთან ერთად არიან კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი,რომელიც ამავდროულად არის დამფუძნებელიც. ფასებს შორის სხვაობა დირექტორის,შემთხვევაში ჩაითვალა მიღებულად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.დამფუძნებლის შემთხვევაში დაიბეგრა მოგების გადასახადით სსკ-ის 981 მუხლის თანახმად და ჩაითვალა გაცემულ დივიდენდად საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის შესაბამისად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. დანარჩენ პირებზე დაიბეგრა მოგების გადასახადით.გადამხდელს დაერიცხა დღგ, მოგების და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

2.დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხის ნაწილში.

3.შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნის თანახმად გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა და განესაზღვრა საურავი.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე სხვა კორპუსში რეალიზებული ბინის საბაზრო ფასის გამოყენების მართლზომიერების საკითხი, მოითხოვს დამატებით შესწავლას.

საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9),981,101,154,163,164,269(7).