ბრძანება N 6301

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.03.2024
№ დოკუმენტი 6301
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6301

22 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ ------)

(მის.: ---------)

2024 წლის 22 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 7 მარტის სხდომაზე (ოქმი №25) განიხილა შპს „------ს“ (ს/ნ ------) 2024 წლის 22 იანვრის №86983/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №006-696 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადამხდელი არამართლზომიერად მიიჩნევს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას. განმარტავს, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაციით შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ასევე აღნიშნავს, რომ არ სრულდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის არც ერთი მოთხოვნა. აცხადებს, რომ კომპანია აღრიცხვას აწარმოებს პერიოდული მეთოდით, რაც დაშვებულია კანონმდებლობით. კერძოდ, საქონლის ჩამოწერა ხდება ყოველი საანგარიშო თვის ბოლოს სმფ-ების ინვენტარიზაციის საფუძველზე. ინვენტარიზაციის შედეგები ასახულია საბუღალტრო პროგრამაში. განმარტავს, რომ პროგრამაში ჩამოწერილი პროდუქციის თვითღირებულება იდენტიფიცირდება დასახელების მიხედვით რეალიზებული პროდუქციის ღირებულებასთან, კერძოდ, თითოეული საქონლის თვითღირებულება ჩამოწერილია პროგრამულად პერიოდული აღრიცხვის წესების დაცვით. ორისის საბუღალტრო პროგრამაში შაბლონურ გატარებებში „დოკუმენტები/სასაქონლო ზედნადები“ ინდივიდუალურად ჩამოიწერება თითოეული საქონელი რაოდენობრივად და გასაყიდი ფასით, რასაც თან ახლავს სასაქონლო ზედნადებები, სათითაო სალაროს ჩეკის გატარებებით ნახვაც შეიძლება პროგრამის აწყობილ ავტომატურ გატარებებში. ასევე აღნიშნავს, რომ ორგანიზაციაში ჩატადა ინვენტარიზაცია, სადაც არ გამოვლინდა დარღვევა და საშუალო ფასნამატმა შეადგინა 2,9%, რაც არ არის გათვალისწინებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ.

2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და ხარჯებს შორის სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვას. განმარტავს, რომ აუდიტორი ვერ ადასტურებს დაქირავებულ პირებზე ხელფასის გაცემის შემთხვევას, სადაც წარმოიქმნებოდა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, რის გამოც მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით განხორციელებული დარიცხვა არასწორია და ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ნოემბრის №27222, 13 ნოემბრის №27761 და 25 დეკემბრის №32589 ბრძანებების საფუძველზე შპს „-------ს“ (ს/ნ ------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის - 2023 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2023 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №32969 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-696 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 206 681 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 123 035 ლარი, ჯარიმა 60 658 ლარი და საურავი 22 988 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადამხდელი აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, თუმცა წარმოდგენილი სააღრიცხვო პროგრამით ვერ ხერხდება დაბეგვრის ობიექტის დადგენა. კერძოდ, სრულად ვერ დგინდება მიღებული შემოსავლებისა და მასთან დაკავშირებული ჩამოწერილი მასალის ურთიერთკავშირი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ნოემბრის №27915 ბრძანებით ჩატარდა გადამხდელის სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ღირებულებით შეადგენს 171 203 ლარს და 2023 წლის 15 ნოემბრის №28095 ბრძანებით, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც, კომპანიას ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 543 ლარს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, ინვენტარიზაციის მიერ დადგენილი ნაშთის გათვალისწინებით, გავრცელდა დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატი კატეგორიების მიხედვით, შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. კომპანიას დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების საფუძველზე, ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, დადგენილ იქნა განკარგვადი თანხა, რომლის გახარჯვაც არ დასტურდება. ამასთან, 2023 წლის 15 ნოემბრის №28095 ბრძანებით, ჩატარდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც კომპანიას ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 543 ლარს. შემოწმებით დადგენილი განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, სახელფასე განაცემად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. აღნიშნულის შედეგად კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, შესაბამისად საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. ასევე მართლზომიერად განხორციელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე ინვენტარიზაციის მიერ დადგენილი ნაშთის გათვალისწინებით დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატის გავრცელება კატეგორიების მიხედვით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის მიხედვით დადგინდა განკარგვადი თანხა, ამასთან, ჩატარდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც კომპანიას ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 543 ლარს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ განკარგვადი თანხის ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არამართლზომიერად მიიჩნევს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და ხარჯებს შორის სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადამხდელი აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, თუმცა წარმოდგენილი სააღრიცხვო პროგრამით ვერ ხერხდება დაბეგვრის ობიექტის დადგენა. კერძოდ, სრულად ვერ დგინდება მიღებული შემოსავლებისა და მასთან დაკავშირებული ჩამოწერილი მასალის ურთიერთკავშირი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ნოემბრის №27915 ბრძანებით ჩატარდა გადამხდელის სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ღირებულებით შეადგენს 171 203 ლარს და 2023 წლის 15 ნოემბრის №28095 ბრძანებით, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც, კომპანიას ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 543 ლარს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, ინვენტარიზაციის მიერ დადგენილი ნაშთის გათვალისწინებით, გავრცელდა დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატი კატეგორიების მიხედვით, შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. კომპანიას დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების საფუძველზე, ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, დადგენილ იქნა განკარგვადი თანხა, რომლის გახარჯვაც არ დასტურდება. ამასთან, 2023 წლის 15 ნოემბრის №28095 ბრძანებით, ჩატარდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც კომპანიას ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 543 ლარს. შემოწმებით დადგენილი განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, სახელფასე განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. აღნიშნულის შედეგად კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(5"ა")(9"ბ"), 101(1), 154(1"ა")(2"ა""ბ").