გადაწყვეტილება №25289/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25289/2/2025
02 ივლისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ს 11.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25289/2/2025).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი;
2. შემოწმების შედეგად დადგენილი სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;
2. აუდიტის დეპარტამენტის 10.04.2025 წლის №6860 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 10.04.2025 წლის №086-11 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 5.06.2025 წლის №11525 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 971 766.03 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 804 224
დღგ - 799 224
საშემოსავლო გადასახადი - 1 005 000
ჯარიმა - 902 212
საურავი - 265 330.03
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა ხილ-ბოსტნეულის იმპორტი, ასევე ადგილობრივ ბაზარზე შეძენა და რეალიზაცია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წერილის და დადგენილების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2025 წლის №2085 და 28.03.2025 წლის №5805 ბრძანებები კომპანიის საქმიანობის, 8.12.2022 წლიდან 6.02.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალურ საგადასახადო შემოწმებაზე.
საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 31.03.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 10.04.2025 წლის №6860 ბრძანება და ამავე თარიღის №086-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.06.2025 წლის №11525 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 7 760 073 ლარს (დღგ-ის გარეშე). შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ მიწოდებულია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“, ასევე, საბანკო ანგარიშიდან ამონაწერები, ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა წარდგენილია ორ ნაწილად: 8.12.2022 - 1.05.2023წ.წ. და 1.05.2024 - 18.02.2025წ.წ. პერიოდებზე, ხოლო 1.05.2023 - 1.05.2024წ.წ.
საანგარიშო პერიოდზე საწარმო ეკონომიკურ საქმიანობას არ ახორციელებს. წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, საცალო რეალიზაციის ნაწილში საქონლის ჩამოწერა ხდება თვის ბოლოს ერთიანად და არა ყოველი ოპერაციის მიხედვით, საწარმოს საქონლის 31% რეალიზებული აქვს დოკუმენტურად, ხოლო დანარჩენი საქონელი რეალიზებულია დოკუმენტის გარეშე. დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ნაწილში საწარმოს დაფიქსირებული ფასნამატი მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატისგან. 18.02.2025 წლის №2853 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საწარმოში ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია. საწარმოს წარმოდგენილ ბუღალტრულ მონაცემებში სმფების ნაშთი შეადგენს 2 567 515 კგ.-ს, ხოლო ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი საწარმო ფაქტობრივი ნაშთი შეადგენს 658 382 კგ.-ს. საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ:
შესამოწმებელ პერიოდში, თითოეულ თვეში შეძენილი და დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის რაოდენობების მიხედვით გაანგარიშებულია საქონლის სახეობების მიხედვით დოკუმენტების გარეშე თვის ბოლოს არსებული საქონლის ნაშთის რაოდენობა, რომელიც ჩაითვალა იმავე თვეში რეალიზებულად (მომდევნო თვეში შეძენილი/რეალიზებული საქონლის რაოდენობების, სმფ-ების ინვენტარიზაციის ფაქტობრივი ნაშთის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ნებართვით ვადაგასული საქონლის ჩამოწერების შესახებ განცხადება არ ფიქსირდება) კონკრეტული თვის დოკუმენტური საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით. აღნიშნულის შედეგად დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რომელსაც დაემატა დოკუმენტებით დადგენილი შემოსავალი და შესამოწმებელ პერიოდში საქონლის რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამურად განისაზღვრა 12 195 211 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე). შემოწმების შედეგად დადგენილი სხვაობა 4 435 138 ლარი (დღგ-ის გარეშე) დაიბეგრა დღგ-ით, საწარმოს ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩანიშნული იყო მ/წლის 22 მაისს, 16:30 საათზე გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, რის შესახებაც გადამხდელს ეცნობა სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით საჩივარში მითითებულ ნომერზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა დავაზე. ამასთან, არ ყოფილა წარდგენილი განცხადება საჩივრის განხილვის გადადების მოთხოვნით. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე. საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 7 760 073 ლარს (დღგ-ის გარეშე). გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, საცალო რეალიზაციის ნაწილში საქონლის ჩამოწერა ხდება თვის ბოლოს ერთიანად და არა ყოველი ოპერაციის მიხედვით. საწარმოს საქონლის 31% რეალიზებული აქვს დოკუმენტურად, ხოლო დანარჩენი საქონელი რეალიზებულია დოკუმენტის გარეშე. დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ნაწილში საწარმოს დაფიქსირებული ფასნამატი მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) დოკუმენტურად დადასტურებულ ფასნამატზე. საწარმოს წარდგენილ ბუღალტრულ მონაცემებში სმფ-ების ნაშთი შეადგენს 2 567 515 კგ.-ს, ხოლო ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი საწარმოს ფაქტობრივი ნაშთი შეადგენს 658 382 კგ.-ს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში, თითოეულ თვეში შეძენილი და დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის რაოდენობების მიხედვით გაანგარიშებულ იქნა საქონლის სახეობების მიხედვით დოკუმენტების გარეშე თვის ბოლოს არსებული საქონლის ნაშთის რაოდენობა, რომელიც ჩაითვალა იმავე თვეში რეალიზებულად კონკრეტული თვის დოკუმენტური საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით, რის შედეგადაც დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რასაც დაემატა დოკუმენტებით დადგენილი შემოსავალი და განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში საქონლის რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ხოლო შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული და დეკლარირებული ხარჯების გათვალისწინებით განხილულ იქნა საწარმოს დირექტორებზე შესაბამის პერიოდებში გაცემულ ხელფასად. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის მხრიდან საგადასახადო დავის ეტაპზე არ არის წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გასათვალისწინებელია, რომ საქმე გვაქვს მალფუჭებადი საქონლის შეძენა/რეალიზაციასთან, საქონელბრუნვიდან და საქონლის შენახვის პირობების არარსებობიდან გამომდინარე საქონლის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის გამოყენება მთლიან რპთ-ზე - არასწორია. ასეთი მაღალი ფასნამატი ფაქტიურად არ არსებობს, კომპანია არ არის ბაზრის ერთადერთი მიმწოდებელი, ერთიდაიგივე საქონელი თუ პირველ დღეს იყიდება გარკვეულ ფასში, შემდეგ დღეებში ამ საქონლის გასაყიდი ფასი მნიშვნელოვნად მცირდება (საქონლის ხარისხის გაუარესების გამო) - ეს დოკუმენტებით რეალიზაცია იქნებოდა თუ არაიდენტიფიცირებულ პირებზე საქონლის რეალიზაცია. საყურადღებოა ის, რომ დოკუმენტებით რეალიზაცია (საიდანაც შემოწმების მიერ გამოყვანილია დოკუმენტური ფასნამატი) განხორციელებულია ძირითადად ისეთ ორგანიზაციებზე, რომლის მიერ ხდება საქონლის ხარისხის მიხედვით არჩევა და შედარებით მაღალი ფასის გადახდა.
შესაბამისად, შემოწმების მიერ დადგენილი დოკუმენტური ფასის გადავრცელება მთლიან რპთ-ზე არ უნდა მოხდეს. სადავოა საქონლის ფასის განსაზღვრის პრინციპი. მოცემულ შემთხვევაში შესამოწმებელ პერიოდში შემმოწმებელს საქონლის რეალიზაცია ორ ნაწილად უნდა გაეყო: ერთი დოკუმენტური რეალიზაცია და ეს ნაწილი უცვლელად უნდა დარჩენილიყო, ხოლო საქონლის არაიდენტიფიცირებული რეალიზაციის ნაწილში ფასნამატის შესახებ ინფორმაცია მსგავსი საქმიანობის მქონე გადამხდელებისაგან უნდა გამოეთხოვა (სსკ-ის 70-ე მუხლი) კომპანიაში არსებული პირობების, ოდენობის მქონე საქონლის რეალიზაციების გათვალისწინებით და ასეთი ფასნამატის გათვალისწინებით დადგინდებოდა შესამოწმებელ პერიოდში საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი, რომელსაც უნდა გამოკლებოდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემები და დარჩენილი სხვაობა იქნებოდა დამატებით დაბეგვრის ობიექტი - რაც არ იქნა დაცული მოცემულ შემთხვევაში. სადავო აქტებით მივიღეთ ის, რომ შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების შედეგად დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებულს აღემატება 4 400 000 ლარზე მეტად, რაც არასწორია.
მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, საქონლის შენახვის სათანადო პირობების არ არსებობის გამო ფუჭდებოდა საქონელი. საქონლის გაფუჭება, განადგურება ფაქტიურად ყოველდღე ხდება, რის გამოც პრაქტიკულად შეუძლებელია საგადასახადო ორგანოს მონაწილეობით გაფუჭებული საქონლის ჩამოწერაზე საუბარი, გაფუჭებული საქონელი დაუყონებლივ გაიტანება იქვე არსებულ ნაგავსაყრელზე, საქონლის ეს ნაწილი ფაქტიურად არ იღებს მონაწილეობას რეალიზაციაში, და ისე არ ხდება, რომ ადგილი აქვს დამალული შემოსავლების არსებობას როგორც ამას შემმოწმებელი ვარაუდობს. იმის გამო, რომ შესაბამისი ნორმები არ არის დადგენილი - საქონლის გაფუჭებასთან დაკავშირებით, არ შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ აღნიშნულის უგულებელყოფა კანონიერია.
საგადასახადო ვალდებულებების დადგენის არაპირდაპირი მეთოდი არ გულისხმობს არარეალურ (ელემენტარულ ლოგიკას მოკლებულ) დარიცხვას, რომელიც ეს მოცემულ შემთხვევაშია. არაპირდაპირი მეთოდი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების და გარემოებების გამოკვლევას, ურთიერთშეჯერებას გულისხმობს რა დროსაც სადავო დარიცხვები მაქსიმალურად უნდა მიუახლოვდეს კუთვნილ ძირითად გადასახადებს - როგორც ეს იქნებოდა მოწესრიგებული საქმიანობის შემთხვევაში, რასაც ვერ ვიტყვით მოცემულ შემთხვევაზე. შესამოწმებელი პერიოდი მოიცავს 8.12.2022 წლიდან 6.02.2025 წლამდე პერიოდს. კომპანიაში საქონლის ნაშთი შეადგენს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში 0 კგ., შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს 2 567 515 კგ., ხოლო ინვენტარიზაციის შედეგად საწარმოს ფაქტობრივი ნაშთი 658 382 კგ. არასწორად იქნა დადგენილი, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ სულ შეძენილი საქონლის ღირებულება დღგის გარეშე შეადგენს 8 965 989.3 ლარს, აქედან რეექსპორტი შეადგენს 152 546.65 ლარს, შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 10 901 016.07 ლარს, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ სულ შეძენილი საქონლის რაოდენობა 7 016 337 კგ.-ია, ხოლო შეძენილი საქონლის ღირებულება დღგ-ის გარეშე 8 965 989.3 ლარია, საიდანაც დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის რაოდენობა შეადგენს 2 330 677.67 კგ.-ს, რეექსპორტზე გატანილია 73 261 კგ. ანუ რაოდენობრივად დოკუმენტურად რეალიზებულია შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის სულ 34%, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ სახ. ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდილია სულ 1 861 599.05 ლარი, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი საქონლის არაიდენტიფიცირებული რეალიზაციის ნაწილში შეადგენდა 12-17%-ს. შესაბამისად, არადეკლარირებული რეალიზაცია არ არის იმ ოდენობით, რომ 4 435 138 ლარზე მეტი თანხების დამატებით დღგ-ით დაბეგვრის ობიექტზე ვისაუბროთ, როგორც ეს შემოწმებას წარმოუდგენია.
მოცემულ შემთხვევაში საქონელი იყიდება შესაძლო გასაყიდ ფასში, რომ ზარალი არ იყოს დიდი. საყურადღებოა, ის რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტში სულ 1 861 599.05 ლარი, ხოლო გასაჩივრებული აქტებით გადამხდელზე დარიცხული იქნა სულ 5 2 971 766.03 ლარი, მაშინ როცა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ საქონლის შესაძენად გადახდილი იქნა სულ 8 965 989.3 ლარი ანუ სადავო აქტებით საქონლის შესაძენად გადახდილი თანხების 1/3-ის ოდენობით დამატებით დარიცხული გადასახადების თანხების გადახდაზე არის საუბარი, რაც არასწორია. საუბარია 8 965 989.3 ლარის ღირებულების საქონლის შეძენაზე და დღგ-ის ჩათვლით თორმეტ მილიონ ლარზე მეტ რეალიზაციაზე, სადაც არ არის საწყობი, არ არის სავაჭრო ქსელი, არ არის საქონლის შენახვის სათანადო პირობები და ფაქტიურად ბაზრის პირობებში ხდება საქონლის რეალიზაცია, საქმე ეხება მალფუჭებად საქონელს, სადაც არ ფიქსირდება საგადასახადო სამართალდარღვევები და მხოლოდ ფასნამატის ცვლილებით და არასწორად დადგენილ საქონლის დანაკლისზე მითითებით ხდება დამატებით დაბეგვრის ობიექტის ცვლილება - არ ნიშნავს იმას, რომ 435 138 ლარზე მეტი დამალული შემოსავლების არსებობას აქვს ადგილი კომპანიაში. აშკარაა, რომ საგადასახადო ორგანო, არაპირდაპირი მეთოდზე მითითებით, რეალიზებულ საქონელზე ფასების ცვლილებით, ასევე არასწორად დადგენილ საქონლის დანაკლისზე მითითებით დაახლოებით 4 400 000 ლარზე მეტ დამალულ არადეკლარირებულ რეალიზაციას ედავება გადამხდელს, მაშინ როცა როგორც ზემოთ აღინიშნა, შესამოწმებელ პერიოდში სულ 8 965 989.3 ლარის ღირებულების საქონლის შეძენა მოხდა მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ხოლო შემოწმების მასალებით საქონლის მთლიანი რეალიზაციის მიმართ საშუალოდ 50%-ზე მეტი ფასნამატის გავრცელებაზეა საუბარი, რაც არასწორია. საკითხავია სხვა გადამხდელების შემთხვევაშიც ასე ხდება დაბეგვრის ობიექტის დადგენა და ამ ოდენობით ხდება გადასახადების დარიცხვა შემოწმების მიერ ან დეკლარირება სხვა გადამხდელების მიერ? როგორი პრაქტიკა არსებობს ამ ნაწილში აუდიტის დეპარტამენტში და რატომ ხდება საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების/შესწავლის დროს უხეში შეცდომების/უზუსტობების დაშვება და არაპირდაპირი მეთოდით გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დადგენა რატომ გაიგება ისე, რომ ნებისმიერი ოდენობის თაობაზე შეიძლება მოედავო გადამხდელს და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მილიონობით ლარი დამატებით გადასახდელად დაარიცხო გადამხდელს.
საყურადღებოა ის, რომ შესამოწმებელ პერიოდში ხშირი იყო შემთხვევები, როცა საქონელი (მათ შორის გადარჩეული, შედარებით დაბალი ხარისხის საქონელი) იყიდებოდა საბითუმოდ მეწარმე სუბიექტებზე, ისე რომ მყიდველი უარს აცხადებდა დოკუმენტის გაწერაზე, აღნიშნული ქმნის იმ მოსაზრებას, რომ საქონელი შეუსაბამოდ მაღალი ფასნამატით არის გაყიდული არაიდენტიფიცირებული რეალიზაციის შემთხვევაში, ეს ასე არ არის. ამ ნაწილში სათანადო კონტროლის არ არსებობა ქმნის სერიოზულ პრობლემებს, თუ ცალკეული პირები არაკეთილსინდისიერად საქმიანობენ, სრულად არ აფიქსირებენ თავიანთ საქმიანობას და დამალულ შემოსავლებს იღებენ, ეს არ შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ შეიძლება მოედავო საქონლის იმპორტიორს და შეუსაბამოდ მაღალი ფასნამატის გამოყენებით დაუდგინო მას საგადასახადო ვალდებულებები (როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია), იმპორტიორი, რომელიც საქონელს პირდაპირ მანქანიდან ყიდის, იგი მყიდველის არჩევას ვერ გააკეთებს - საქონელი მალფუჭებადია და ასეთ შემთხვევაში იგი საქონლის დიდ ნაწილს გადაყრის გაფუჭების გამო - მყიდველის შერჩევის შემთხვევაში. ამიტომ იმპორტიორი იძულებულია საქონელი მიყიდოს დოკუმენტების გარეშე იმ გადამხდელებსაც, რომლებიც უარს აცხადებენ დოკუმენტების გაწერაზე. გარკვეულ შემთხვევაში ეს არის გადარჩეული და ხარისხ შელახული საქონელი, რომლის ფასი აშკარად დაბალია. ამ შემთხვევებში საქონელი იყიდება შესაძლო დაბალ ფასში, რომ ზარალი ცოტათი მაინც შემცირდეს. შემმოწმებელი კი თვლის, რომ ამ ნაწილში გადამხდელი დამალულ შემოსავლებს ღებულობს, რაც არასწორია. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელს უნდა მოეკვლია საწარმოს, მისი ხელმძღვანელის, დამფუძნებლის ქონებრივი/ფინანსური მდგომარეობა და ემსჯელა აღნიშნულის გათვალისწინებით - შეიცვალა/გაუმჯობესდა თუ არა მათი ქონებრივი/ფინანსური მდგომარეობა და ხომ არ გვაქვს საქმე დაუსაბუთებლად ქონების მატებასთან - რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა შეიცვალოს რეალიზებული საქონლის ფასნამატის დადგენის მეთოდი, როგორც აღინიშნა ხდება მალფუჭებადი საქონლის საბითუმოდ რეალიზაცია მოკლე დროში და ამ პირობებში საქონლის მთლიანი რეალიზაციის მიმართ საშუალო ფასნამატი უნდა იქნეს გამოყვანილი, რომელიც საშუალოდ 10-20%-ის ფარგლებში მერყეობს.
აღნიშნულის გათვალისწინებით მიღებულ დაბეგვრის ობიექტს უნდა გამოაკლდეს გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული მონაცემები და მიღებული სხვაობა დამატებით დაბეგვრის ობიექტად უნდა იქნეს განხილული და არა ისე, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია. მიაჩნია, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა დადგინდეს/დაზუსტდეს გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები და შესაბამისად, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები შესამოწმებელ პერიოდში.
აქვე გასათვალისწინებელია, ის რომ საქონლის გაფუჭების შემთხვევაზე არ არის საუბარი, რომელიც ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მალფუჭებადი საქონლის შეძენა-რეალიზაციის საქმეში. ამ ნაწილში გასაჩივრებული შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ვერ აქარწყლებს გადამხდელის არგუმენტებს, არ ხდება საქმის მასალების კანონშესაბამისად შეფასება, შემოსავლების სამსახური გადამხდელის არგუმენტების დაუსაბუთებლობაზე საუბრობს, მაშინ როცა საქმის მასალების და ზოგადად დღეს ბაზარზე არსებული ფაქტიური მდგომარეობის სწორი ანალიზის არარსებობაზე მიუთითებს კომპანია, ის რომ საქონელი იყიდება ბაზარზე სასაქონლო ზედნადების გაწერის გარეშე, სასაქონლო ზედნადებების გარეშე ხდება საქონლის შეძენა და გადაადგილება, ადგილი აქვს დამალული შემოსავლების არსებობას სხვა პირთა (მყიდველების) მხრიდან, საქონლის მყიდველების გარკვეული ნაწილი არ აფიქსირებს თავის საქმიანობას და საერთოდ არ/ან მიზერულ თანხებს იხდის სახელმწიფო ბიუჯეტში, რის გამოც კომპანია ვერ ახერხებს ყველა რეალიზაციაზე გაწეროს სასაქონლო ზედნადებები და დააფიქსიროს საქონლის რეალიზაციის ფასი - რის გამოც იქმნება ეს გაუგებრობა და ის წარმოდგენები/მოსაზრებები/ვარაუდები, რომ თითქოს კომპანიაში ადგილი აქვს დამალული შემოსავლების არსებობას. ეს ასე არ არის. თუ სხვა შემთხვევებში დოკუმენტური რეალიზაციისას ხდება ფასის დაფიქსირება და იგი სადავო არ არის, სხვა შემთხვევაში, როცა ფაქტიურად საბითუმოდ ხდება საქონლის რეალიზაცია მეწარმე სუბიექტებზე და მყიდველი უარს აცხადებს დოკუმენტის გაწერაზე/არ იძლევა მონაცემებს, ასეთ შემთხვევაში დოკუმენტების გაწერის შესაძლებლობისას კომპანია რატომ არ მოახდენს სხვა გადამხდელებზე (მყიდველებზე) დოკუმენტების გაწერას? რატომ და ვისი/რისი იმედით ყიდულობენ სხვა გადამხდელები საქონელს სასაქონლო ზედნადების გაწერის გარეშე? ბუნებრივია იმიტომ რომ ისინი თავს არიდებენ გადასახადებს და ამ ნაწილში სათანადო კონტროლი არ არის ბაზარზე. ამ პირობებში შემოწმების პრეტენზიები რეალიზებული საქონლის ფასებთან (საქონლის ჩამოწერებთან) მიმართებაში კომპანიის მიმართ არასწორია. შესაბამისად, ამ ნაწილში გასაჩივრებული აქტები არასწორია და ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირ განხილვაში მონაწილეობის მიღების მიზნით მომჩივანთან დაკავშირება, საჩივარში მითითებული საკონტაქტო საშუალებით, ვერ განხორციელდა. მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ შემოწმების შედეგად დადგენილი დოკუმენტური ფასის გადავრცელება მთლიან რპთ-ზე არ უნდა განხორციელდეს, შესაბამისად, სადავოა საქონლის ფასის განსაზღვრის პრინციპი.
მოცემულ შემთხვევაში შესამოწმებელ პერიოდში შემმოწმებელს საქონლის რეალიზაცია ორ ნაწილად უნდა გაეყო: ერთი დოკუმენტური რეალიზაცია და ეს ნაწილი უცვლელად უნდა დარჩენილიყო, ხოლო საქონლის არაიდენტიფიცირებული რეალიზაციის ნაწილში ფასნამატის შესახებ ინფორმაცია მსგავსი საქმიანობის მქონე გადამხდელებისაგან უნდა გამოეთხოვა (სსკ-ის 70-ე მუხლი) კომპანიაში არსებული პირობების, ოდენობის მქონე საქონლის რეალიზაციების გათვალისწინებით და ასეთი ფასნამატის გათვალისწინებით დადგინდებოდა შესამოწმებელ პერიოდში საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი, რომელსაც უნდა გამოკლებოდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემები და დარჩენილი სხვაობა იქნებოდა დამატებით დაბეგვრის ობიექტი.
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი საქონლის არაიდენტიფიცირებული რეალიზაციის ნაწილში შეადგენდა 12-17%-ს. შესაბამისად, არადეკლარირებული რეალიზაცია არ არის იმ ოდენობით, რომ 4 435 138 ლარზე მეტი თანხების დამატებით დღგ-ით დაბეგვრის ობიექტზე ვისაუბროთ, როგორც ეს შემოწმებას წარმოუდგენია. მოცემულ შემთხვევაში საქონელი იყიდება შესაძლო გასაყიდ ფასში, რომ ზარალი არ იყოს დიდი. საუბარია 8 965 989.3 ლარის ღირებულების საქონლის შეძენაზე და დღგ-ის ჩათვლით თორმეტ მილიონ ლარზე მეტ რეალიზაციაზე, სადაც არ არის საწყობი, არ არის სავაჭრო ქსელი, არ არის საქონლის შენახვის სათანადო პირობები და ფაქტიურად ბაზრის პირობებში ხდება საქონლის რეალიზაცია, საქმე ეხება მალფუჭებად საქონელს, სადაც არ ფიქსირდება საგადასახადო სამართალდარღვევები და მხოლოდ ფასნამატის ცვლილებით და არასწორად დადგენილ საქონლის დანაკლისზე მითითებით ხდება დამატებით დაბეგვრის ობიექტის ცვლილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ პირობებში საქონლის მთლიანი რეალიზაციის მიმართ საშუალო ფასნამატი უნდა იქნეს დადგენილი, რომელიც საშუალოდ 10-20%-ის ფარგლებში მერყეობს. აღნიშნულის გათვალისწინებით მიღებულ დაბეგვრის ობიექტს უნდა გამოაკლდეს გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული მონაცემები და მიღებული სხვაობა დამატებით დაბეგვრის ობიექტად უნდა იქნეს განხილული.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, წარდგენილი ბუღალტრული პროგრამების მიხედვით საცალო რეალიზაციის ნაწილში საქონლის ჩამოწერას გადასახადის გადამხდელი ახდენდა თვის ბოლოს ერთიანად და არა ყოველი ოპერაციის მიხედვით, საწარმოს საქონლის 31% რეალიზებული აქვს დოკუმენტურად, ხოლო დანარჩენი საქონელი რეალიზებულია დოკუმენტის გარეშე. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი ნაშთი შეადგენს 658 382 კგ.-ს, ხოლო წარდგენილ ბუღალტრულ მონაცემებში ნაშთი შეადგენს 2 567 515 კგ.-ს.
შემოწმების შედეგად ფასნამატი არ არის გამოყენებული, თითოეულ თვეში შეძენილი და დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის რაოდენობების მიხედვით გაანგარიშებულია საქონლის სახეობების მიხედვით დოკუმენტების გარეშე თვის ბოლოს არსებული საქონლის ნაშთის რაოდენობა, რომელიც ჩაითვალა იმავე თვეში რეალიზებულად და მასზე გავრცელდა კონკრეტული თვის დოკუმენტური რეალიზაციის საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასი.
შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში, თითოეულ თვეში შეძენილი და დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის რაოდენობების მიხედვით გაანგარიშებულ იქნა საქონლის სახეობების მიხედვით დოკუმენტების გარეშე თვის ბოლოს არსებული საქონლის ნაშთის რაოდენობა, რომელიც ჩაითვალა იმავე თვეში რეალიზებულად კონკრეტული თვის დოკუმენტური საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით, რის შედეგადაც დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რასაც დაემატა დოკუმენტებით დადგენილი შემოსავალი და განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში საქონლის რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. შემოწმების შედეგად დადგენილი სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების შედეგად გაანგარიშებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული და დეკლარირებული ყველა ხარჯი, შედეგად დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი 4 070 000 ლარის ოდენობით (საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის 10%-ის გათვალისწინებით). აღნიშნული თანხის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს დირექტორს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარუდგენია. ასევე, საწარმოს უფლებამოსილი პირის წერილობითი განმარტებით, სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი არ აქვს.
საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების და მეთოდური მითითების გათვალისწინებით, ფულის ნაშთი 4 020 000 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. საწარმოს ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის არგუმენტს მოიცავს პირველი დავის საგანი
მომჩივნის არგუმენტაცია
მოცემულ შემთხვევაში შემმოწმებელმა შემოსავლების (დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის) გაანგარიშება მოახდინა არასწორად, რომელსაც შემდე გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები და მიღებული სხვაობა განხილულია სალაროს ნაშთად, რაზეც შემდგომში დარიცხულია სადავო თანხები საშემოსავლო გადასახადში - რაც არასწორია.
მოცემულ შემთხვევაში უზუსტობას შეიძლება მართლაც აქვს ადგილი გარკვეულწილად, თუმცა არა იმ ოდენობით, როგორც ეს სადავო აქტებშია მითითებული. შესამოწმებელ პერიოდში უნდა დაზუსტდეს დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი. ასევე უნდა დადგინდეს გადამხდელის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები, რომლებიც გაწეული იქნა იმგვარად, რომ მასზე შესაბამისი დოკუმენტი თავის დროზე ან არ/ვერ შედგა ან იგი მოგვიანებით გაიბნა და ვერ მოხერხდა მისი შემმოწმებლისათვის წარდგენა/მიწოდება, რის გამოც შემოწმებამ დაბეგვრის ობიექტად განიხილა იგი. მოცემულ შემთხვევაში ინფორმაცია საჭიროებს დაზუსტებას. ამ ნაწილშიც გასაჩივრებული შემოსავლების სამსახურის ბრძანების მიღების დროს სადავო საკითხი სათანადოდ არ იქნა შესწავლილი/გამოკვლეული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ სადავო დარიცხვები ამ ნაწილში არასწორია და შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო ვალდებულებების დადგენა ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს და არა ისე, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია. შესაბამისად, ამ ნაწილში გასაჩივრებული აქტები არასწორია და ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
მომჩივანი განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში უნდა დაზუსტდეს დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი. ასევე, უნდა დადგინდეს გადასახადის გადამხდელის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები, რომლებიც გაწეული იქნა იმგვარად, რომ მასზე შესაბამისი დოკუმენტი თავის დროზე ან არ/ვერ შედგა ან იგი მოგვიანებით გაიბნა და ვერ მოხერხდა მისი შემმოწმებლისათვის წარდგენა/მიწოდება, რის გამოც შემმოწმებელმა დაბეგვრის ობიექტად განიხილა იგი. მოცემულ შემთხვევაში ინფორმაცია საჭიროებს დაზუსტებას. შემოწმების შედეგად გაანგარიშებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული და დეკლარირებული ყველა ხარჯი, შედეგად დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი 4 070 000 ლარის ოდენობით, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს დირექტორს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარუდგენია.
ასევე, საწარმოს უფლებამოსილი პირის წერილობითი განმარტებით, სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი კომპანიას არ აქვს. აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად დადგენილი სალაროს ნაშთის ჩათვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივანს ჯარიმა დაეკისრა 902 212 ლარი, მათ შორის: საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე 902 112 ლარი და 291-ე მუხლის საფუძველზე 100 ლარი. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 10.04.2025 წლის №086-11 საგადასახადო მოთხოვნით საურავი 265 330.03 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 291- ე მუხლზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.
შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
რეალიზებული საქონლის ფასნამატის არასწორი ცვლილებით, შეუსაბამოდ მაღალი ფასნამატის გამოყენებით არასწორად დარიცხული გადასახადების პირობებში თუ სანქციის სახით გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დაემატება 1 160 000 ლარზე მეტი თანხის გადახდა, აღნიშნული კიდევ უფრო მეტ ახალ გაუგებრობას და პრობლემებს წარმოშობს მომავალში. გასაჩივრებული აქტებით გადასახადის სახით არსებული სადავო დარიცხვები საკმაოდ დიდია და აღნიშნული საქმიანობის პარალიზებას იწვევს კომპანიაში - ყველა თანმდევი შედეგით. ეს არავის ინტერესში არ უნდა შედიოდეს, სანქციის ნაწილში სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა თუ არა პირი - მარტო ამ მიდგომით მსჯელობა არ არის საკმარისი. სანქციის გამოყენების/არგამოყენების თაობაზე მსჯელობისას მიზანშეწონილობის საკითხის უგულვებელყოფა არ უნდა მოხდეს, რამდენად მოიტანს სიკეთე სანქციისაგან გადამხდელის გათავისუფლებაზე უარი - ხომ არ მოხდება კომპანიის საქმიანობის სრული პარალიზება (მაშინ როცა მალფუჭებადი საქონლის იმპორტზე და ქვეყნის შიდა ბაზარზე საბითუმოდ რეალიზაციაზე არის საუბარი), დაიწყება და გაგრძელდება წლების განმავლობაში გაუთავებელი სასამართლო დავები თანხების გადახდის/დაკისრების მოთხოვნით და ამ ნაწილში იქნება დამატებით სასამართლოს და სასამართლოს გარეშე ხარჯები, რომ არაფერი ვთქვათ დავის პერიოდში გასაჩივრებული აქტებით გადამხდელზე დამატებით დარიცხული კუთვნილი ძირითადი თანხების გადახდის შეჩერებაზე - იმის გამო, რომ სახელმწიფომ დამატებით სანქციის სახით მიიღოს თანხები გადამხდელისაგან. ამ ნაწილში გასაჩივრებული აქტები საერთოდ დაუსაბუთებელი და არასწორია და მისი მიღების დროს არ არის გათვალისწინებული ის, თუ რა იქნება ასეთი ქმედების შედეგები მომავალში.
მიაჩნია, რომ ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომა. ამ ნაწილში გასაჩივრებული შემოსავლების სამსახურის ბრძანება მთლიანად საგადასახადო კოდექსის ცალკეულ ნორმებზე მითითებით იქნა შედგენილი და იგი საქმის მასალებთან აშკარად შეუსაბამოა - სადავო საკითხი სათანადოდ არ იქნა შესწავლილი/გამოკვლეული ბრძანების მიღების დროს.
შესაბამისად თვლის, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, კომპანია უნდა გათავისუფლდეს გასაჩივრებული აქტებით დაკისრებული სანქციებისაგან (ჯარიმისგან და საურავისგან). გასაჩივრებულ აქტებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების ჩატარება შემოსავლების სამსახურის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად კი განსაზღვრულია, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.
დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებების და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში შემმოწმებელს პასუხისმგებელი პირებისაგან, მსგავსი საქმიანობის მქონე გადამხდელებისაგან საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად ინფორმაციების გამოთხოვის გზით უნდა გაერკვია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები - რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება, ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობას და მიზანშეწონილობას. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს კანონით გათვალისწინებული რა არსებითი სახის საფუძველი არსებობდა, რომელმაც განაპირობა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ამ გარემოების გარკვევას და დასაბუთებას არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ დადგინდეს გადამხდელთან მიმართებაში ადგილი ხომ არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის (უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე) იმპერატიული დანაწესის დარღვევას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს/კანონიერი საჯარო მმართველობის სტანდარტის მიღწევას, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებსა და ფაქტების ობიექტურ შესწავლაგამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.
კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ კრძალავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები).
მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი. ადმინისტრაციულ ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა.
მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიყავს ამა თუ იმ გადაწყვეტილებამდე ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტების და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში სამართლის ნორმისა და ადმინისტრაციული ორგანოს, შესაბამისად სახელმწიფოსადმი ნდობის პირნციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე მითითებით გასაჩივრებული აქტების მიღების უფლებამოსილება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს შემმოწმებელს თვითნებური შეფასების უფლებამოსილება გააჩნდეს. ამ ნაწილში გასაჩივრებული აქტები უნდა იყოს გონივრული და შესაბამისად, დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე.
ზემოთ აღნიშნული უგულვებელყოფილი იქნა შემმოწმებლის მხრიდან. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს პრეროგატივაა მის კომპეტენციაში შემავალი საკითხი გადაწყვიტოს არა მხოლოდ კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი კანონის მოთხოვნებს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანომ აქტის გამოცემისას უნდა იხელმძღვანელოს მიზანშეწონილობის კრიტერიუმებითაც, მიზანშეწონილობა კი გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას საჯარო ინტერესების გათვალისწინებით ოპტიმალურად გადაწყვიტოს სადავო საკითხი და განახორციელოს შესაბამისი მმართველობითი ღონისძიება. გადამხდელის და სახელმწიფოს ინტერესების თანაბარზომიერი დაცვის ვალდებულებიდან (ამჟამად მოქმედი საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში შემმოწმებელს უნდა გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ზემოთ აღნიშნული დარღვევის არ არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა განსხვავებული გადაწყვეტილება - ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან. საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი;
2. შემოწმების შედეგად დადგენილი სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 7 760 073 ლარს (დღგ-ის გარეშე). გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, საცალო რეალიზაციის ნაწილში საქონლის ჩამოწერა ხდება თვის ბოლოს ერთიანად და არა ყოველი ოპერაციის მიხედვით. საწარმოს საქონლის 31% რეალიზებული აქვს დოკუმენტურად, ხოლო დანარჩენი საქონელი რეალიზებულია დოკუმენტის გარეშე. შესამოწმებელ პერიოდში, თითოეულ თვეში შეძენილი და დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის რაოდენობების მიხედვით გაანგარიშებულ იქნა საქონლის სახეობების მიხედვით დოკუმენტების გარეშე თვის ბოლოს არსებული საქონლის ნაშთის რაოდენობა, რომელიც ჩაითვალა იმავე თვეში რეალიზებულად კონკრეტული თვის დოკუმენტური საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით, რის შედეგადაც დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რასაც დაემატა დოკუმენტებით დადგენილი შემოსავალი და განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში საქონლის რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ხოლო შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული და დეკლარირებული ხარჯების გათვალისწინებით განხილულ იქნა საწარმოს დირექტორებზე შესაბამის პერიოდებში გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101;154 269 (7).