ბრძანება N 8741

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.04.2023
№ დოკუმენტი 8741
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8741

21.04.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2022 წლის 20 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 აპრილს გამართულ სხდომაზე (ოქმი №35) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №77413/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ნოემბრის №021-113 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დამფუძნებლის წინაშე არსებული ვალდებულების (საკუთარი კაპიტალის) კორექტირებას (შემცირებას) და სხვაობის თანხის დივიდენდად განხილვას. მიუთითებს, რომ 2019 წლის 1 იანვრისთვის კომპანიის ვალდებულება დამფუძნებლის წინაშე შეადგენდა 387 523 ლარს, რაც წარმოშობილი იყო დამფუძნებლის შენატანებით. აღნიშნავს, რომ შემოწმებას წარუდგინა მშენებლობის განხორციელებისთვის ---------- მიღებული კრედიტის ხარჯვის მიზნობრიობის დამადასტურებელი ინფორმაცია, მათ შორის, მშენებლობის განხორციელებისთვის საჭირო პროექტი და ნებართვები, ასევე, მიწისა და სამშენებლო მასალების შეძენის დოკუმენტაცია. განმარტავს, რომ შემოწმებამ სრულყოფილად არ გაითვალისწინა კომპანიის გაწეული ხარჯები და ასევე, მოახდინა კომპანიის ხანდაზმული პერიოდის 2012-2017 წლების საგადასახადო დოკუმენტაციის (საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადის დეკლარაციები) შემოწმება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 ივნისის №14749 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 22 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 ნოემბრის №29798 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №021-113 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 72 155 ლარი, მათ შორის გადასახადი 42 935 ლარი, ჯარიმა 21 594 ლარი და საურავი 7 626 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შპს „----------“ (ს/ნ ----------) ძირითადი საქმიანობის სახეს წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ----------, მიწის საკადასტრო კოდი: ----------. შემოწმების პროცესში შესწავლილია, როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული პროგრამა „ორისი“. აღნიშნული ბუღალტრული ჩანაწერების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ პირს 2019 პირველი იანვრისთვის (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის) დამფუძნებლის წინაშე ვალდებულება (საკუთარი კაპიტალი 5150) გააჩნდა 387 523 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში აღნიშნულ ნაშთთან დაკავშირებით მოთხოვნილ იქნა, როგორც ახსნა-განმარტება, ასევე ყველა ის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც დადასტურდებოდა საწყისი კაპიტალის ნაშთის ნამდვილობა. შემოწმებისათვის წარმოდგენილი განმარტებით, გადასახადის გადამხდელს 2012 წელს შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთი (შეძენის ღირებულება - 35 000 აშშ დოლარი, საკადასტრო კოდი: ----------), რომელზეც იგეგმებოდა სასტუმროს მშენებლობა (წარმოდგენილია აღნიშნული ნებართვის ასლი), ასევე, შეძენილი იყო სხვადასხვა სამშენებლო მასალები (ჯამში 91 793 ლარის ღირებულების - აღნიშნული დასტურდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით). ვინაიდან, აღნიშნულ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა სხვა ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, ხარჯების დაფარვა ხდებოდა ---------- ბანკიდან აღებული სესხებით. შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მიერ, წარმოდგენილია საბანკო ამონაწერები დაფუძნებიდან შემოწმების დაწყების პერიოდამდე. აღნიშნულის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ პირს ხანდაზმულ პერიოდში აღებული აქვს ჯამში 783 202 ლარის ოდენობის სესხი, რომლის ძირისა და პროცენტის დაფარვა ხდებოდა დღევანდელი დირექტორის/დამფუძნებლის ოთარ სიორდიას მიერ განხორციელებული შენატანებით (წარმოდგენილია იმდროინდელი დამფუძნებლის მიერ გაცემული მინდობილობა, რომელიც ოთარ სიორდიას აძლევდა კომპანიის მართვის სრულ უფლებამოსილებას). შემოწმების პროცესში ვერ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდებოდა სესხად აღებული თანხების მიზნობრიობა. შემოწმების მიერ, იმ ხარჯებზე დაყრდნობით, რომელთა გაწევა ნამდვილად დასტურდებოდა (მიწისა და სამშენებლო მასალების ღირებულება) დაანგარიშებულ იქნა იმ თანხების ოდენობა, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო საკუთარი კაპიტალის საწყისი ნაშთი, ასევე, სესხზე გადახდილი პროცენტებიდან გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ ის ნაწილი, რაც მოხმარდა აღნიშნულ მშენებლობას (შესაბამისი პროპორციის გათვალისწინებით). აღნიშნული ანალიზის გათვალისწინებით, საკუთარი კაპიტალის საწყისი ნაშთი 2019 წლის 1 იანვრისთვის განისაზღვრა 182 262 ლარის ოდენობით. ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის დამფუძნებელს, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, კომპანიის საბანკო ანგარიშიდან გაჰქონდა თანხები, საკუთარი კაპიტალის შემცირების ხარჯზე. შემოწმების მიერ, დაკორექტირდა აღნიშნული ოპერაციები და ის თანხები, რომელთა ოდენობაც აჭარბებდა საკუთარი კაპიტალის ოდენობას ჩაითვალა შესაბამის პერიოდებში გაცემულ დივიდენდებად. შემოწმების პროცესში, შესწავლილ იქნა პირის მიერ 2019-2021 წლების განმავლობაში მიღებული და გაუნაწილებელი მოგების ოდენობა, აღნიშნული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შეეძლო შესაბამის პერიოდებში დივიდენდის განაწილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 და 130-ე მუხლების შესაბამისად, გაცემული დივიდენდი ჩაითვალა განაწილებულ მოგებად, რამაც გამოიწვია დარიცხვა მოგების და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში, პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლზე, რომლის თანახმად:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.

2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

ამავე კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით განისაზღვრა საწარმოს საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთი, 2019 წლის 1 იანვრისთვის, რამაც შეადგინა 182 262 ლარი. ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ კომპანიის დამფუძნებელს, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საკუთარი კაპიტალის შემცირების ხარჯზე, კომპანიის საბანკო ანგარიშიდან გაჰქონდა თანხები. შემოწმებით დაკორექტირდა აღნიშნული ოპერაციები და ის თანხები, რომელთა ოდენობაც აჭარბებდა საკუთარი კაპიტალის ოდენობას ჩაითვალა შესაბამის პერიოდებში გაცემულ დივიდენდებად.

გადამხდელის არგუმენტთან, ხანდაზმული პერიოდის საგადასახადო დოკუმენტაციის შემოწმებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებების განსასაზღვრად საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დამფუძნებლის წინაშე არსებული ვალდებულების (საკუთარი კაპიტალის) კორექტირებას (შემცირებას) და სხვაობის თანხის დივიდენდად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით განისაზღვრა საწარმოს საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთი, 2019 წლის 1 იანვრისთვის, რამაც შეადგინა 182 262 ლარი. ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ კომპანიის დამფუძნებელს, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საკუთარი კაპიტალის შემცირების ხარჯზე, კომპანიის საბანკო ანგარიშიდან გაჰქონდა თანხები. შემოწმებით დაკორექტირდა აღნიშნული ოპერაციები და ის თანხები, რომელთა ოდენობაც აჭარბებდა საკუთარი კაპიტალის ოდენობას ჩაითვალა შესაბამის პერიოდებში გაცემულ დივიდენდებად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 981(1); 130; 154(1„ზ“); 275.