ბრძანება N 3773
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3773
19 თებერვალი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
------- (პ/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 23 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 19 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №16) განიხილა ------- (პ/ნ -------) №9620/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 21 დეკემბრის №EL303909 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვებამდე ჰქონდა უფლება სრულად მოეხდინა კუთვნილი თანხის დეკლარირება. მომჩივნის მოსაზრებით, მისი მხრიდან სამართალდარღვევას ადგილი ექნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადმოკვეთდა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს და საბაჟო კონტროლის ზონაში სრულად არ განახორციელებდა თანხის დეკლარირებას, რასაც არ ჰქონია ადგილი, ვინაიდან მას არ ჰქონდა დატოვებული საბაჟო კონტროლის ზონა. შესაბამისად მიაჩნია, რომ სადავო ოქმი შედგენილია უკანონოდ და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის ბათილად ცნობას და დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 20 დეკემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ კონტროლის ზონაში ------- რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე -------, რომელიც გადაადგილდებოდა საქართველოში რეგისტრირებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალებით სანომრე ნიშნით: -------. უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრის მიერ ეჭვის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოქალაქის ფიზიკური და მისი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების თაობაზე და საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, მოხდა მისი შეჩერება. დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი მოქალაქემ განაცხადა, რომ ჰქონდა 50 000 აშშ დოლარი და სიგარეტი, რაც ასახულია სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერში. დათვალიერების შედეგად, დეკლარირებული 50 000 აშშ დოლარის (134 920 ლარი) გარდა აღმოჩენილი იქნა 10 000 აშშ დოლარი (26 984 ლარი), რომელიც მოთავსებული ჰქონდა ტანთცმული ქურთუკის ჯიბეებში.
დეკლარირებული და არადეკლარირებული (60 000 აშშ დოლარი) ნაღდი ფულის ნომინალურმა ღირებულებამ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი 2025 წლის 21 დეკემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით ჯამში შეადგინა 161 904 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი №69601/001551.“
ვინაიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის არასწორად დეკლარირებას, საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 21 დეკემბერს შედგენილ იქნა №EL303909 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ------- საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა ნაღდი ფულის 10%- ის ოდენობით - 16 190,40 ლარი, რომელიც გადახდილი იქნა 2025 წლის 21 დეკემბერს (საგადახდო დავალება 81551633).
საქმის მასალებით ირკვევა, რომ საფოსტო გზავნილის თანახმად საჩივარი ფოსტაში წარდგენილია 2026 წლის 19 იანვარს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილია საქართველოს საბაჟო ტერიტორია და საქართველოს საბაჟო საზღვარი.
დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორია შედგება საქართველოს სახმელეთო ტერიტორიისგან, საქართველოს ტერიტორიული წყლებისა და საქართველოს შიდა წყლებისგან, საქართველოს საჰაერო სივრცისგან, განსაკუთრებულ საზღვაო ეკონომიკურ ზონაში განლაგებული დანადგარის, ნაგებობისა და ხელოვნური კუნძულის ტერიტორიისგან, რომელზედაც ვრცელდება საქართველოს განსაკუთრებული იურისდიქცია. მე-2 ნაწილი კი მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარი ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;
საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი;
საქონლის მფლობელი კი არის საქონლის მესაკუთრე, საქონლის განკარგვის უფლების მქონე პირი ან პირი, რომლის ფიზიკური კონტროლის ქვეშაც არის საქონელი.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას: ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;...
ამავე საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; ... ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი;...
საქართველოს საბაჟო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო კონტროლის ზონა არის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, სადაც საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების და პირის მიმართ ხორციელდება საბაჟო კონტროლის ღონისძიებები.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია საბაჟო კონტროლის ზონები, რომლის მიხედვით, სსაბაჟო გამშვები პუნქტი წარმოადგენს აბაჟო კონტროლის ზონას.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:
ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა;
ბ) პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;
გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საგადასახადო კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის არასწორი დეკლარირებით გადმოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქონლის და პირის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებები ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში. მოცემულ შემთხვევაში საბაჟო კონტროლის ზონას წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონა. შესაბამისად, საქონლის მფლობელი ვალდებულია მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი (მოცემულ შემთხვევაში ფული) საბაჟო გამშვებ პუნქტში შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ სწორად და სრულად წარუდგინოს საბაჟო ორგანოს, რაც მომჩივნის მიერ არ განხორციელებულა.
მომჩივნის მოთხოვნაზე სადავო აქტის ბათილად ცობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ------- (პ/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
ითხოვს სადავო ოქმის ბათილად ცნობას და დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქე, უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრის მიერ ეჭვის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოქალაქის ფიზიკური და მისი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების თაობაზე და საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, მოხდა მისი შეჩერება. დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი მოქალაქემ განაცხადა, რომ ჰქონდა 50 000 აშშ დოლარი და სიგარეტი, რაც ასახულია სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერში. დათვალიერების შედეგად, დეკლარირებული 50 000 აშშ დოლარის (134 920 ლარი) გარდა აღმოჩენილი იქნა 10 000 აშშ დოლარი (26 984 ლარი), რომელიც მოთავსებული ჰქონდა ტანთცმული ქურთუკის ჯიბეებში.
დეკლარირებული და არადეკლარირებული ნაღდი ფულის ნომინალურმა ღირებულებამ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით ჯამში შეადგინა 161 904 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი.“
ვინაიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის არასწორად დეკლარირებას, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდარღვევისთვის სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა ნაღდი ფულის 10%-ის ოდენობით - 16 190,40 ლარი, რომელიც გადახდილი იქნა მოჩივანის მიერ.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163