გადაწყვეტილება №22364/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.04.2024
№ დოკუმენტი 22364/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22364/2/2024

30 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 24.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22364/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

2. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 ნოემბრის №249-25 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 იანვრის №869 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 41 080 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 23 279

საშემოსავლო გადასახადი - 22 929

ქონების გადასახადი - 350

ჯარიმა - 11 640

საურავი - 6 161

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მაისის №11012 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 22 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 ნოემბრის №28914 ბრძანება და №249-25 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 41 080 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 25 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 23 იანვრის №869 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს არ აქვს წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები. საგადასახადო შემოწმებისას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული მასალებით დადგინდა, რომ მომჩივანი სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის გარეშე, უძრავი ქონების გადაფორმების სანაცვლოდ გასცემს სესხებს ფიზიკურ პირებზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით დადგინდა, რომ მომჩივანი სესხის გაცემის დროს უზრუნველყოფის საგანზე არეგისტრირებდა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებას, სესხის დაფარვის შემთხვევაში კი უზრუნველყოფის საგანი უბრუნდებოდა ქონების პირვანდელ მესაკუთრეს. ამასთან, სესხის ძირითად თანხასთან ერთად ფიზიკური პირები ------- უხდიდნენ პროცენტის თანხას. შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არ ყოფილა. გამოკითხვის ოქმებზე დაყრდნობით გამოვლინდა, რომ სულ პროცენტის სახით მიღებულმა შემოსავალმა 2020-2022 წლებში შეადგინა 114 645 ლარი. საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად, მომჩივანი ვალდებული იყო საპროცენტო შემოსავალი აესახა ერთობლივ შემოსავალში და დაებეგრა შესაბამისი გადასახადებით. შემოწმებით მომჩივანს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 61-ე, 79-ე, 80-ე, 81-ე, მე9 და 102-ე მუხლებზე.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ ------- სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის გარეშე, უძრავი ქონების გადაფორმების სანაცვლოდ გასცემს სესხებს ფიზიკურ პირებზე. შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ ინფორმაცია გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი არ ყოფილა. ამასთან, გამოკითხვის ოქმებზე დაყრდნობით გამოვლენილია, რომ სულ პროცენტის სახით მიღებულმა შემოსავალმა 2020-2022 წლებში შეადგინა 114 645 ლარი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ------- ნასყიდობის ხელშეკრულებით რეგისტრირებული უძრავი ქონებები ჩაითვალა როგორც სესხის უზრუნველყოფის საგნები, ხოლო ნასყიდობის ფასი - გაცემულ სესხად. აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ ------- სესხის გაცემის დროს უზრუნველყოფის საგანზე (უძრავ ქონებაზე) არეგისტრირებდა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებას. აღნიშნული ფაქტი სამ საკადასტრო კოდზე (-------; -------; -------) არსებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული არ არის. ამის დადასტურება შესაძლებელი არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით. აღნიშნული უძრავი ქონებები წარმოადგენს ------- საკუთრებას და ის არაფერ შუაში არ არის გაცემულ სესხებთან. შემოსავლების სამსახურს მტკიცებულებად წარმოდგენილი არ აქვს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან ფაქტები. საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს. ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს ვალდებულება მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც ეფუძნება მაღალ სტანდარტს, დაადგინოს პირის ესა თუ ის ბრალეულობა და ისე გამოსცეს მის მიმართ ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი.

აუდიტის დეპარტამენტს სესხად გაცემულად ჩათვლილი აქვს 17 000 დოლარი და მასზე დარიცხული პროცენტის სახით, საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის საფუძველზე, 75 645 ლარით აქვს გაზრდილი ერთობლივი შემოსავალი 2020-2022 წლების საანგარიშო პერიოდზე. შესაბამისად, დარიცხული აქვს ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე და ასევე ერიცხება საურავები.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შემოსავლების სამსახურს 2018 წლიდან აქვს ჩათვლილი სესხად გაცემულად თანხები და აქაც ვარაუდის საფუძველზე თვლის, რომ მას მერე მსესხებელს სესხის ძირი თანხა არ დაუბრუნებია. შესაბამისად, პროცენტი დარიცხულ აქვს ძირი თანხის უცვლელად, რომელიც დაუსაბუთებლად ზრდის ერთობლივ შემოსავალს. არც ეს ფაქტი არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და დარიცხვა არის დაფუძნებული მხოლოდ ვარაუდზე. ამ შემთხვევაშიც არ არის შეგროვებული საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც მისცემდა ადმინისტრაციულ ორგანოს ------- მიმართ დაეკისრებინა საგადასახადო ვალდებულებები.

სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლი პირდაპირ მიუთითებს, რომ თუ სესხის ხელშეკრულება დადებული არის ზეპირად, მაშინ მისი ნამდვილობის დადგენა არ შეიძლება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით. ეს უნდა დასტურდებოდეს ორივე მხარის მიერ.

შემოსავლების სამსახური თვლის, რომ სესხის ხელშეკრულება წერილობით არ არის გაფორმებული და ის არის ზეპირი ფორმით. ამის დადასტურებას ახდენს სავარაუდოდ მოწმეთა ჩვენებით. რაც შეეხება მხარეების პოზიციას, ის სრულად არის უგულვებელყოფილი. გამომდინარე აქედან, შემოსავლების სამსახურს უკანონოდ აქვს ჩათვლილი სესხად გაცემულად ზემოთ ნახსენები თანხები და ამის საფუძვლით დარიცხული თანხები არის კანონგარეშე.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან ------- სააღრიცხვო დოკუმენტაცია არ ჰქონდა, საგადასახადო ორგანომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე არაპირდაპირ გაიანგარიშა მისაღები შემოსავლები. ყურადღება არის გასამახვილებელი იმ ფაქტზე, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაცია არ ჰქონდა შემოსავლების სამსახურს, მაგრამ გაცემულ სესხზე საპროცენტო სარგებელი თვიურად განსაზღვრა 4%, ანუ წლიურად - 48%. არც ამის მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი და საპროცენტო სარგებლის განსაზღვრა დაფუძნებული არის მხოლოდ ვარაუდზე.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 102-ე, მე-18 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახური ადასტურებს, რომ მას არ აქვს დოკუმენტური მტკიცებულებები სესხის პროცენტთან დაკავშირებით. თვლის, რომ თანხები გაცემული იყო სესხის სახით და მასზე თვითონ განსაზღვრა საპროცენტო განაკვეთი წლიური 48 პროცენტით. ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა საბაზრო საპროცენტო განაკვეთებით, რომელიც დადგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, რომელიც არის საჯარო და ხელმისაწვდომი.

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის საფუძველზე სესხის პროცენტზე დაწესებული არის შეზღუდვები. შემოსავლების სამსახური ვალდებული იყო ეხელმძღვანელა აღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნით და ამის ჩარჩოებში განესაზღვრა საპროცენტო განაკვეთები. ეროვნულ ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სესხზე საპროცენტო განაკვეთების ზედა ჭერი უცხოურ ვალუტაზე შეიძლება იყოს შემდეგნაირად: 2020 წელს გაცემულ სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 16,75%-ს, ხოლო ყოველთვიური - 1,4%-ს; 2021 წელს გაცემულ სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 15,13%-ს, ხოლო ყოველთვიური - 1,26%-ს; 2022 წელს გაცემულ სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 14,23%-ს, ხოლო ყოველთვიური - 1,19%-ს. აუდიტის დეპარტამენტს კი სამივე წელს გამოყენებული აქვს წლიური 48%, ხოლო ყოველთვიური - 4%. ამ ფორმით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები არის კანონგარეშე და არ შეიძლება ამის მიხედვით პირს დაერიცხოს გადასახადები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად დამატებით დარიცხული თანხები უნდა დაექვემდებაროს შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 80-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ მომჩივანი სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის გარეშე, უძრავი ქონების გადაფორმების სანაცვლოდ გასცემს სესხებს ფიზიკურ პირებზე. შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის არ ყოფილა წარდგენილი. ამასთან, გამოკითხვის ოქმებით გამოვლინდა, რომ პროცენტის სახით მიღებულმა შემოსავალმა 2020-2022 წლებში შეადგინა 114 645 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ მომჩივანმა არ ითანამშრომლა საგადასახადო ორგანოსთან შემოწმების პროცესში და არ წარადგინა ინფორმაცია. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტი დაეყრდნო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციას/დოკუმენტაციას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 ნოემბრის №249-25 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 41 080 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 23 279 ლარი, ჯარიმა - 11 640 ლარი და საურავი - 6 161 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 270-ე, 275-ე, 272-ე, 269-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან, რადგან სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომით, რომელიც გამომდინარეობს შესაბამისი კანონმდებლობის არ ცოდნით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

2. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 23 იანვრის №869 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 102(1-ვ); 269(7)