ბრძანება N 21672

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.10.2026
№ დოკუმენტი 21672
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21672

02 ოქტომბერი 2026

ბრძანება

შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

(ფაქტ. მის.: „--------“)

2026 წლის 3 აგვისტოს საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 10 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №82) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 3 აგვისტოს 103847/1/2026 და №103849/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 6 ივლისის №085-11 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. სატრანსპორტო მომსახურების საფუძველზე ჩარიცხული თანხების დღგ-ით დაბეგვრა.

2. საწავის ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

3. ფიზიკურ პირებზე სატრანსპორტო მომსახურების სანაცვლოდ გადარიცხული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 11 მაისის №10352 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------- -ის“ (ს/ნ „--------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 6 ივლისის №15147 ბრძანება და ამავე თარიღის №085-11 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა 200 608 ლარი:

მათ შორის:

გადასახადი - 110 787 ლარი

დღგ - 34 094

მოგების გადასახადი 16 544

საშემოსავლო გადასახადი - 60 149

ჯარიმა- 81 760

საურავი 8 061

 

შემოსავლების სამსახურში საჩივრების განხილვა ჩანიშნული იყო 2026 წლის 10 სექტემბერს 16:20 სთ-ზე გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.

 

საკითხი N1.

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:

შპს „--------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 27 მაისს, იმავე დღეს რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად. კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენს „--------“-ის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-პორტალზე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების საფუძველზე, „--------“-ის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეთათვის სატრანსპორტო მომსახურების გაწევა. გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან და არ წარმოადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაზედაც შედგა სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მიხედვით. შესამოწმებელ პერიოდზე დეკლარირებულია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 1 578 885 ლარი (დღგ-ის გარეშე თანხა). შემოწმების პროცესში დამუშავდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-პორტალზე არსებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა), ასევე, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის შედეგად გამოვლინდა რომ გადამხდელს შესამოწმებელ პრიოდში 01.09.2025-დან 01.04.2026-მდე პერიოდებში სატრანსპორტო მომსახურების საფუძველზე გაფორმებული აქვს „--------“-ის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მიღება-ჩაბარების აქტები, სადაც აღნიშნულია მიღებული თანხების ოდენობა 2 062 765 ლარი (დღგ-ის ჩათვლით, ხოლო 1 748 106 ლარი დღგ-ის გარეშე) და ფაქტობრივი გადახდები, რაზეც ორივე მხარე ადასტურებს ხელმოწერით. აღნიშნულ ოპერაციებზე სრულად არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ მიღებული დღგ-ით დასაბეგრ შემოსავლებსა და მის მიერ დღგ-ით დასაბეგრ დეკლარირებულ ბრუნვას შორის, სხვაობა დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, რაზეც გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სატრანსპორტო მომსახურების საფუძველზე მიღებული თანხების დღგ-ით დაბეგვრას, იმ საფუძვლით, რომ შემოწმების მიერ დადგენილი და გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვები განსხვავდება. ითხოვს, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საკითხის დამატებითი შესწავლა.

 

შემოსავლების სამსახური მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადამხდელს 2026 წლის სექტემბრის თვიდან 2026 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდებში ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის შედეგად გამოვლინდა რომ გადამხდელს სატრანსპორტო მომსახურების საფუძველზე გაფორმებული აქვს „--------“-ის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მიღება-ჩაბარების აქტები, სადაც აღნიშნულია მიღებული თანხების ოდენობა 2 062 765 ლარი (დღგ-ის ჩათვლით, ხოლო 1 748 106 ლარი დღგ-ის გარეშე) და ფაქტობრივი გადახდები, რაზეც ორივე მხარე ადასტურებს ხელმოწერით. აღნიშნულ ოპერაციებზე სრულად არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შედეგად, გადამხდელის მიერ მიღებული დღგ-თი დასაბეგრ შემოსავლებსა და მის მიერ დღგ-ით დასაბეგრ დეკლარირებულ ბრუნვა შორის სხვაობა დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა სატრანსპორტო მომსახურების საფუძველზე მიღებული შემოსავლების დღგ-ით დაბეგვრა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საკითხი N2.

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:

შპს „--------“ (ს/ნ „--------“) გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს „--------“-ის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-პორტალზე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების საფუძველზე, „--------“-ის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეთათვის სატრანსპორტო მომსახურების გაწევა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის/საინფორმაციო ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით შპს „--------“ (ს/ნ „--------“) სახელზე ავტოსატრანსპორტო საშუალება არ ფიქსირდება. სატრანსპორტო მომსახურებას კომპანია ახორციელებს ქვეკონტრაქტორი ფიზიკური პირების (ძირითადად მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდმეწარმე რეგისტრირებული ფიზიკური პირები) მეშვეობით, რომლებიც მათ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებით ახორციელებენ მოსწავლეთა ტრანსპორტირებას. კომპანიის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეძენილი საწვავის ჩამოწერის აქტები, შესაბამისად, უცნობია საწვავის ხარჯვაზე საწარმოს კონტროლის და მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების საკითხი. არ არის დაკმაყოფილებული ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის N230 ბრძანების მოთხოვნები (ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ძირითად საშუალებაზე (ავტოტრანსპორტი, სპეცტექნიკა და სხვა) გახარჯული საწვავის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის წესი). წინა საგადასახადო შემოწმების ინფორმაციით, ინდ. მეწარმე ფიზიკური პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაციით სატრანსპორტო მომსახურების გამწევი პირები (ინდ. მეწარმეები) თავად უზრუნველყოფდნენ თავიანთ სატრანსპორტო საშუალებებზე საწვავის მიწოდებას შეთანხმებული დღიური შემოსავლის თანხიდან (წინა საგადასახადო შემოწმების პერიოდში მოქმედი კონტრაქტები გრძელდება მიმდინარე საგადასახადო შემოწმების შესამოწმებელ პერიოდში, იგივე მომსახურე პირები მიმდინარე შემოწმების პერიოდზეც აგრძელებენ საწარმოსთან ეკონომიკურ საქმიანობას). ასევე, საბანკო ამონაწერის მიხედვით 24.12.2025 წელს ვიზა ბარათით განხორციელებულია პოსტერმინალზე თანხის გადახდის ტრანზაქცია 44 450 ლარის ოდენობით, რომლის ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირის დადასტურებისთვის საწარმომ ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.

ფაქტობრივი გარემოებების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 982, და 174-ე მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ შეძენილი საწვავი, რომელიც არ იქნა გამოყენებული ეკონომიკურ საქმიანობაში, ჩაითვალა არაეკონომიკურ ხარჯად. ასევე, გადამხდელს გაუუქმდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა. შედეგად, დაერიცხა მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადები, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

მომჩივნის პოზიცია:

არ ეთანხმება საწავის ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვას, მოგების გადასახადით დაბეგვრას და ამ თანხებზე დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას. ასევე, მიუთითებს, რომ საწვავის ხარჯი არ არის გათვალისწინებული ფულის ნაშთის გაანგარიშებაში. მომჩივანი მიიჩნევს, რომ დარიცხვა არასწორია, ვინაიდან შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა წარდგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის, მძღოლებთან დადებული მომსახურების ხელშეკრულებები, რომლის თანახმად მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელ საწვავს, მომსახურების ხელშეკრულების 4.6 პუნქტის საფუძველზე, დამკვეთი წინასწარ დადგენილი მარშრუტის მიხედვით, უზრუნველყოფდა თავისი სახსრებით. საწვავის თანხებს ნაღდი ანგარიშსწორებით უხდიდა შემსრულებელს. გადამხდელი მიუთითებს, რომ აღნიშნულ საკითხებზე არსებობს ერთგვაროვანი პრაქტიკა, სადაც იდენტური ფაქტობრივი გარემოებების დრო საწვავის ხარჯი იქნა გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე. მიიჩნევს, რომ ვინაიდან კომპანიის საქმიანობა პირდაპირ საწვავთან არის დაკავშირებული, ამიტომ ჩამოწერის აქტების მოთხოვნა მისთვის გაუგებარია. რადგან გამოდის, რომ ბავშვთა ტრანსპორტით გადაყვანას კომპანია უზრუნველყოფს საწვავის გარეშე.

 

შემოსავლების სამსახურის პოზიცია მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელი სატრანსპორტო მომსახურებას ახორციელებს ქვეკონტრაქტორი ფიზიკური პირების (ძირითადად მცირე მეწარმე რეგისტრიებული ფიზიკური პირები) მეშვეობით, რომლებიც მათ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებით ახორციელებენ მოსწავლეთა ტრანსპორტირებას, კომპანიას უფიქსირდება საწვავის შეძენა, თუმცა არ იქნა წარმოდგენილ საწვავის ჩამოწერის აქტები, არ იქნა წარმოდგენილი თვის ჭრილში სატრანსპორტო საშუალებების მითითებით განხორციელებული ტრანსპორტირების დაწყება-დასრულების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტი. შემოწმების მიერ, მესამე პირებისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ შპს „--------“ -სთვის (ს/ნ „--------“) გაწეული მომსახურების დროს ვის მიერ ხდებოდა საწვავის ხარჯის ანაზღაურება. გამოთხოვილი/მიღებული ინფორმაციის მიხედვით, სატრანსპორტო მომსახურების გამწევი პირები (ინდ. მეწარმეები) თავად უზრუნველყოფდნენ თავიანთ სატრანსპორტო საშუალებებზე საწვავის მიწოდებას შეთანხმებული დღიური შემოსავლის თანხიდან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ შეძენილი საწვავი, რომელიც არ იქნა გამოყენებული ეკონომიკურ საქმიანობაში, ჩაითვალა არაეკონომიკურ ხარჯად. ასევე, გადამხდელს გაუუქმდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა. შედეგად, დაერიცხა მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადები.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საკითხი N3.

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:

შპს „--------“(ს/ნ „--------“) სატრანსპორტო მომსახურებას ახორციელებს ქვეკონტრაქტორი ფიზიკური პირების (ძირითადად მცირე მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირები) მეშვეობით, რომლებიც მათ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებით ახორციელებენ მოსწავლეთა ტრანსპორტირებას, პირველადი დოკუმენტაციის ანალიზით გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: გარდა მეწარმე სუბიექტებად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება ჯამში 193 827 ლარი გადარიცხული აქვს ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმეებად და რომელთა მიმართაც არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენების საფუძველი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, ფაქტობრივი გარემოებებისა და აღნიშნული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით შემოწმების შედეგად არამეწარმე ფიზიკურ პირებზე გადახდილი საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხები გაიზარდა და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად 20%-იანი განაკვეთით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

არ ეთანხმება ფიზიკურ პირებზე სატრანსპორტო მომსახურების სანაცვლოდ გადარიცხული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ითხოვს, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საკითხის დამატებით შესწავლა.

 

შემოსავლების სამსახური მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელს გადახდის წყაროსთან არ აქვს დაბეგრილი გაწეული მომსახურების სანაცვლოდ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები და აღნიშნული პირები არ წარმოადგენენ მეწარმეებად რეგისტრირებულ პირებს.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება სატრანსპორტო მომსახურების საფუძველზე მიღებული თანხების დღგ-ით დაბეგვრას

2.მომჩივანი არ ეთანხმება საწავის ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვას, მოგების გადასახადით დაბეგვრას და ამ თანხებზე დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას.

3.მომჩივანი არ ეთანხმება ფიზიკურ პირებზე სატრანსპორტო მომსახურების სანაცვლოდ გადარიცხული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ითხოვს, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საკითხის დამატებით შესწავლა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 27 მაისს, იმავე დღეს რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად. კომპანიის საქმიანობის საგანს ტენდერებში გამარჯვების საფუძველზე, საჯარო სკოლების მოსწავლეთათვის სატრანსპორტო მომსახურების გაწევა. ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის შედეგად გამოვლინდა რომ გადამხდელს შესამოწმებელ პრიოდში 01.09.2025-დან 01.04.2026-მდე პერიოდებში სატრანსპორტო მომსახურების საფუძველზე გაფორმებული აქვს სამინისტროსთან მიღება-ჩაბარების აქტები, სადაც აღნიშნულია მიღებული თანხების ოდენობა 2 062 765 ლარი და ფაქტობრივი გადახდები, რაზეც ორივე მხარე ადასტურებს ხელმოწერით. აღნიშნულ ოპერაციებზე სრულად არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.სსკ-ის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა.სხვაობა დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, რაზეც გადამხდელს დაერიცხა დღგ და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2.გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ტენდერებში გამარჯვების საფუძველზე,საჯარო სკოლების მოსწავლეთათვის სატრანსპორტო მომსახურების გაწევა. გადამხდელის სახელზე ავტოსატრანსპორტო საშუალება არ ფიქსირდება. სატრანსპორტო მომსახურებას კომპანია ახორციელებს ქვეკონტრაქტორი ფიზიკური პირების მეშვეობით, რომლებიც მათ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებით ახორციელებენ მოსწავლეთა ტრანსპორტირებას. კომპანიის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეძენილი საწვავის ჩამოწერის აქტები, შესაბამისად, უცნობია საწვავის ხარჯვაზე საწარმოს კონტროლის და მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების საკითხი.

წინა საგადასახადო შემოწმების ინფორმაციით, ინდ. მეწარმე ფიზიკური პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაციით სატრანსპორტო მომსახურების გამწევი პირები თავად უზრუნველყოფდნენ თავიანთ სატრანსპორტო საშუალებებზე საწვავის მიწოდებას შეთანხმებული დღიური შემოსავლის თანხიდან.ასევე, საბანკო ამონაწერის მიხედვით 24.12.2025 წელს ვიზა ბარათით განხორციელებულია პოსტერმინალზე თანხის გადახდის ტრანზაქცია 44 450 ლარის ოდენობით, რომლის ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირის დადასტურებისთვის საწარმომ ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. ფაქტობრივი გარემოებების და სსკ-ის 97-ე, 982 ,და 174-ე მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ შეძენილი საწვავი, რომელიც არ იქნა გამოყენებული ეკონომიკურ საქმიანობაში, ჩაითვალა არაეკონომიკურ ხარჯად. ასევე, გადამხდელს გაუუქმდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა. შედეგად, დაერიცხა მოგებისა და დღგ, ასევე ჯარიმა.

3.გადამხდელი სატრანსპორტო მომსახურებას ახორციელებს ქვეკონტრაქტორი ფიზიკური პირების მეშვეობით, რომლებიც მათ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებით ახორციელებენ მოსწავლეთა ტრანსპორტირებას.გარდა მეწარმე სუბიექტებად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება ჯამში 193 827 ლარი გადარიცხული აქვს ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმეებად და რომელთა მიმართაც არ არსებობს სსკ-ის გათვალისწინებული შეღავათების გამოყენების საფუძველი. სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად,შემოწმების შედეგად არამეწარმე ფიზიკურ პირებზე გადახდილი საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხები გაიზარდა და დაიბეგრა სსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად 20%-იანი განაკვეთით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

982,101,154,164,175,176.