ბრძანება N 6787

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.04.2025
№ დოკუმენტი 6787
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6787

08 აპრილი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ----) 2025 წლის 24 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 მარტის სხდომაზე (ოქმი №23) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 17 მარტის №24826/2/2025 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----ის“ (ს/ნ ---) №93901/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 დეკემბრის №161-13 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

1. მომჩივანი არ ეთანხმება იმ შეძენილი მასალის რეალიზებულად მიჩნევას, რომლის მიტანის მისამართი არ ემთხვევა საწარმოს არსებული პროექტების მისამართებს. შესაბამისად, გადამხდელი ასაჩივრებს ზემოაღნიშნულის შედეგად დარიცხულ დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადებს. გადამხდელი მიუთითებს, რომ ახალი მოთხოვნის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტმა 79 765 ლარის შეძენილი მასალებიდან გაითვალისწინა 26 998 ლარის მასალა, თუმცა არ გაითვალისწინა 52 767 ლარის შეძენა. ეს თანხა დაიბეგრა, რადგან შეძენების დროს გამოწერილ ზედნადებებში არასწორად არის მითითებული მისამართები, რომელიც ვერ შეედარა კომპანიის მიერ მოგებული სახელმწიფო ტენდერების მისამართებს. გადამხდელი აღნიშნავს, რომ აღნიშნული გამოწვეულია მომწოდებლის მიერ დაშვებული შეცდომით და დაუდევრობით. კომპანიამ ამ ფაქტის გამოსასწორებლად დაამყარა კომუნიკაცია მსხვილ მომწოდებლებთან და შეუთანხმდა, რომ მომწოდებლები მოიწერებიან ოფიციალურ წერილს. გარდა ამისა შპს „---ის“ ძირითადი დამკვეთი სახელმწიფო სტრუქტურებია, რაზეც მოგებულია ტენდერები და გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტები, თუმცა შემოწმება მოხდა არა მიღება-ჩაბარებაში აღნიშნული პროდუქციის დასახელებებით და რაოდენობებით არამედ სასაქონლო ზედნადებებში ჩაწერილი მისამართებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს, მათი არგუმენტების გათვალისწინებას და 52 767 ლარის შესყიდვის ჩათვლას. ვინაიდან კომპანიის საქმიანობის სფეროს არ წარმოადგენს სამშენებლო მასალებით ვაჭრობა.

2. მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად გაანგარიშებული ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორის ხელფასად კვალიფიკაციას და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, კერძოდ:გადამხდელის განმარტებით, შპს „---ის“ 2021 წლის საწყის ეტაპზე გააჩნდა დავალიანება უპროცენტო სესხის სახით მისი დირექტორის და დამფუძნებლის ----ის მიმართ. გადამხდელი მიიჩნევს, რომ შემმოწმებელმა ამ ნაწილში მათი არგუმენტი არ გაიზიარა, მოითხოვა შემოტანილი სესხის მიზნობრიობა და მათ განმარტეს, რომ აღნიშნული თანხა გაიცა მცირე მეწარმეებზე დაგროვილი დავალიანების დასაფარად, რომლებიც ემსახურებოდნენ შპს „---ს“, რათა დავალიანების დაფარვის შემდეგ პრობლემა არ შეჰქმნოდა ზემოხსენებულ ტენდერს. მიუთითებს, რომ კომპანია თანამშრომლობს სანდო ხელოსნების ჯგუფთან, რაც ძირითადი საფუძველია ტენდერის ხარისხიანად შესრულებისთვის. გარდა ამისა, მომჩივანი აღნიშნავს, რომ პანდემიური პერიოდის დროს კომპანიას გააჩნდა ზარალი, რამაც გამოიწვია დამფუძნებლის მიერ კომპანიაში სესხის სახით თანხის შემოტანა.

მომჩივანი მიუთითებს, რომ საწარმომ 2023 წლის 30 სექტემბერს ----ს საქვეანგარიშოდ გატანილ თანხაზე 280 000 ლარზე გაუფორმა სესხის ხელშეკრულება და დაავალდებულა აღნიშნული თანხა დაფაროს 2024 წლის 31 დეკემბრამდე -140 000 ლარის ოდენობით და 2025 წლის 31 დეკემბრამდე 140000 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურმა აღნიშნული თანხა ფულის ნაშთის გაანგარიშების შედეგად დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელი ითხოვს 30.09.2023 წელს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების და სალაროს გასავლის ორდერების გათვალისწინებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №21405 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 29 ივლისის №161-9 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წლის 28 აგვისტოს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---ის“ (ს/ნ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, პროექტებთან მიმართებით შესაბამის ობიექტზე გადაზიდული მასალების/სასაქონლო ზედნადებების შესახებ გაშიფრული ინფორმაცია;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №21405 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 11 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 15 697 ლარით, მათ შორის, გადასახადი 10 866 ლარით და ჯარიმა 4 831 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 25 დეკემბრის №161-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2025 წლის 24 იანვარს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 6 თებერვლის №1773 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2025 წლის 17 მარტის №24826/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 6 თებერვლის №1773 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 17 მარტის №24826/2/2025 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

1. გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ ცხრილის სახით წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია. კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა ზედნადებებთან დააკავშირა იმ პროექტებზე გამოწერილი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა მომსახურების შემადგენელი ნაწილიც იყო ზედნადებებით შეძენილი საქონელი. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია. შესწავლის შედეგად გამოვლინდა ისეთი შემთხვევები, როცა ზედნადებში მითითებული მიტანის მისამართები არ ემთხვევა ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურებით იდენტიფიცირებულ ობიექტის მისამართებს. ასევე, ზოგ შემთხვევაში ზედნადების თარიღი აღემატებოდა დაკავშირებული ანგარიშფაქტურების საანგარიშო პერიოდს. ზოგ შემთხვევაში ზედნადების თარიღი უსწრებდა ხელშეკრულების თარიღს. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციიდან, მხოლოდ 26 998 ლარის ღირებულების ზედნადებები დაიდენტიფიცირდა და დაკავშირდა პროექტებთან, შესაბამისად გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დღგ-ის თანხა 4 117 ლარით, საშემოსავლო გადასახადის თანხა 6 749 ლარით, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმა 15 697 ლარით.

2. გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა 18.12.2020 წლით დათარიღებული სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კომპანიას დამფუძნებლისგან (შემოწმების მიღმა პერიოდში) აღებული აქვს 76 590 ლარის ოდენობით უპროცენტო სესხი. ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარის ხელმომწერი პირია კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი ---. ამასთან ხელშეკრულება არ არის დადასტურებული ნოტარიულად. გადასახადის გადამხდელის განმარტებით აღნიშნული სესხის საჭიროება კომპანიას წარმოეშვა 2021 წლის 20 იანვრის სახელმწიფო ტენდერის (---) სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისათვის. ასევე, წარმოდგენილ იქნა 2021 წლით დათარიღებული გასავლის ორდერები, რომლის მიხედვითაც სესხი დაფარულია სრულად. შემოწმების პერიოდში გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან. ბუღალტრული პროგრამა წარმოდგენილი იყო არასრულყოფილი ფორმით. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სესხის საჭიროების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით კი აღნიშნული სესხის საჭიროება ვერ დადგინდა. ამასთან, შემოწმების მიერ ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშება განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით და იმ დაშვებით, რომ კომპანიას არ გააჩნდა დებიტორ-კრედიტორი და სალაროს საწყისი ნაშთები.

შესაბამისად აღებული სესხის საწყის ნაშთში გათვალისწინება და შემდგომ გასავლის ორდერების მიხედვით გადახდილად ჩათვლა არ ცვლის ფულის მოძრაობის გაანგარიშებას და მათემატიკურ შედეგს. გადასახადის გადამხდელის მიერ ასევე წარმოდგენილია 2023 წლის 30 სექტემბრით დათარიღებული სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საწარმოს კომპანიის დირექტორზე/დამფუძნებელზე გაცემულმა სესხმა შეადგინა 280 000 ლარი, რომელიც ამავე პირს კომპანიიდან საქვეანგარიშოდ გატანილი აქვს 01.01.2022-დან 30.09.2023 წლამდე პერიოდებში. აღნიშნული ხელშეკრულებით გადამხდელი აცხადებს, რომ 2022 წლიდან დირექტორის მიერ სალაროდან გატანილი თანხები ჩაითვალოს სესხად. აღნიშნული ხელშეკრულებაშიც მონაწილე მხარეების ხელმომწერი პირია კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი ---. ამასთან, არც ეს ხელშეკრულება არ არის დადასტურებული ნოტარიულად. ამავდროულად წარმოდგენილია მხოლოდ სალაროს გასავლის ორდერები, თუმცა გადამხდელის მიერ არაა აღრიცხული სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობა, რომლის მიხედვითაც დადასტურდებოდა აღნიშნულ პერიოდში გაცემული სესხის ოდენობის თანხის სალაროში არსებობის ფაქტი. ასევე, ხელშეკრულება არ ითვალისწინებს რაიმე სახის პროცენტის ან სარგებლის დარიცხვას. აღნიშნულიდან გამომდინარე საკითხი არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას. შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადაანგარიშების დასკვნასა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ასახულ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, ზედნადებებთან დაკავშირებული გამოწერილი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები (რომლის მომსახურების შემადგენელი ნაწილიც იყო ზედნადებებით შეძენილი საქონელი). შედეგად გამოვლინდა ისეთი შემთხვევები, როცა ზედნადებში მითითებული მიტანის მისამართები არ ემთხვეოდა ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურებით დაიდენტიფიცირებულ ობიექტის მისამართებს. ასევე, ზოგ შემთხვევაში პროექტზე მიკუთვნებული ზედნადების თარიღი აღემატებოდა დაკავშირებული ანგარიშ-ფაქტურების საანგარიშო პერიოდს. ზოგიერთ შემთხვევაში ზედნადების თარიღი უსწრებდა ხელშეკრულების თარიღს. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციიდან, მხოლოდ 26 998 ლარის ღირებულების ზედნადებები დაიდენტიფიცირდა და დაკავშირდა შესაბამის პროექტებთან. შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, გადაანგარიშების დასკვნასა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ასახულ გარემოებებზე, კერძოდ:

● აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილია 2020 წლის 18 დეკემბრის სესხის ხელშეკრულება, რომლის მონაწილე ორივე მხარის ხელმომწერი პირია კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი ---. ხელშეკრულება არ არის დადასტურებული ნოტარიულად. გადასახადის გადამხდელის განმარტებით აღნიშნული სესხის საჭიროება კომპანიას წარმოეშვა სახელმწიფო ტენდერის (---) სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისათვის, აღნიშნული ტენდერი კი თითქმის ორი თვის შემდგომი, 2021 წლის 20 იანვრის თარიღისაა. შესაბამისად, შეუძლებელი იყო გადასახადის გადამხდელს წინასწარ განესაზღვრა ხარჯის საჭიროება. მიუხედავად ამისა, გადასახადის გადამხდელს ეთხოვა შემოწმების მიღმა პერიოდში (18.12.2020-31.12.2020) გაწეული ხარჯების შესახებ დოკუმენტაციის წარმოდგენა. აღნიშნული დოკუმენტაცია არც გადაანგარიშებისა და არც გასაჩივრების ეტაპზე წარმოდგენილი არ არის. ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით განხორციელდა 2016-2020 წლების საანგარიშო პერიოდის დეკლარირებული შემოსავლებისა და დოკუმენტური ხარჯების ანალიზი, რის შედეგადაც არ დადასტურდა დამატებითი ფულის საჭიროება.

ამასთან, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალურ ვებ-გვერდზე წარდგენილია ნულოვანი ფინანსური ანგარიშგებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იქნა დადასტურებული შემოწმების მიღმა პერიოდში აღებული სესხის ამავე პერიოდში გახარჯვა, სესხის საწყის ნაშთში გათვალისწინება და შემდგომ გასავლის ორდერების მიხედვით გადახდილად ჩათვლა არ შეცვლიდა ფულის მოძრაობის გაანგარიშებას და მათემატიკურ შედეგს. შესაბამისად, დარიცხული თანხები არ შემცირდა.

● გადამხდელის მიერ წარდგენილია 2023 წლის 30 სექტემბრით დათარიღებული სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საწარმოს დირექტორზე/დამფუძნებელზე გაცემულმა სესხმა შეადგინა 280 000 ლარი, რომელიც ამავე პირს კომპანიიდან საქვეანგარიშოდ გატანილი აქვს 01.01.2022- დან 30.09.2023 წლამდე პერიოდებში. გადამხდელი აცხადებს, რომ 2022 წლიდან დირექტორის მიერ სალაროდან გატანილი თანხები ჩაითვალოს სესხად. აღნიშნული ხელშეკრულებაშიც მონაწილე მხარეების ხელმომწერი პირია კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი ---. აღნიშნული ხელშეკრულებაც არ არის დადასტურებული ნოტარიულად. ამავდროულად, წარმოდგენილია მხოლოდ სალაროს გასავლის ორდერები, თუმცა გადამხდელის მიერ არაა აღრიცხული სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობა. ასევე, ხელშეკრულება არ ითვალისწინებს რაიმე სახის %-ის ან სარგებლის დარიცხვას. აღნიშნულიდან გამომდინარე საკითხი არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სადავო საკითხების დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

1.მომჩივანი არ ეთანხმება იმ შეძენილი მასალის რეალიზებულად მიჩნევას, რომლის მიტანის მისამართი არ ემთხვევა საწარმოს არსებული პროექტების მისამართებს.

2. მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად გაანგარიშებული ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორის ხელფასად კვალიფიკაციას და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სასაქონლო ზედნადებებით მასალების შეძენა რომელიც გადაზიდულია მისამართებზე, სადაც საწარმოს შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტებით პროექტის განხორციელება არ უფიქსირდება.

შემოწმების მიერ აღნიშნული მასალები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით ჩაითვალა რეალიზებულად და რეალიზაციის თანხა ამავე კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლების შესაბამისად დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელთან 2024 წლის 20 თებერვალს ჩატარებულია სალაროს ინვენტარიზაცია, რომლითაც დადგინდა, რომ გადამხდელს სალაროს და ნაღდი ფულის ნაშთი არ უფიქსირდება. არაპირდაპირ იქნა გაანგარიშებული სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 2 1.