ბრძანება N 33441

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.12.2023
№ დოკუმენტი 33441
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 33441

28 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“-ის (ს/ნ -----)

(მის.: -------)

2023 წლის 19 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №130) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-----“-ის (ს/ნ ----) 2023 წლის 19 ივლისის №82412/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 ივნისის №081-109 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას, კერძოდ, შემოწმებით გაანგარიშებულ ნაღდი ფულის სხვაობას. განმარტავს, რომ მის მიერ დათვლილი გადასახადი გაცილებით დაბალია. ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 აპრილის №7079 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“-ის (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 19 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 21 ივნისის №14310 ბრძანება და 22 ივნისის №081-109 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 191 397 ლარი, მათ შორის, გადასახადი 116 799 ლარი, ჯარიმა 58 390 ლარი, საურავი 16 208 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 31 ივლისის №18782 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 16 ნოემბრის №20633/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 ივლისის №18782 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ნოემბრის №20633/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

საწარმოს საქმიანობის სახეა სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები. შემოსავალი ძირითადად მიღებულია ტენდერების გზით, საბანკო ჩარიცხვებით. 2020-2023 წლებში მიღებული შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით შეადგენდა 1 670 977 ლარს, ხოლო გაცემული ხელფასი და დივიდენდი ჯამში 118 625 ლარს. შესამოწმებელ პერიოდზე გაანგარიშდა ნაღდი ფულის მოძრაობა, ბანკიდან გამოტანილ და სალაროთი გაწეულ ხარჯებს შორის დაფიქსირდა სხვაობა, რომელიც აღემატება საწარმოსთვის საჭირო გონივრულ ნაშთს. შესაბამისად, შემოწმების მიერ აღნიშნული სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომელიც მის მიერ წარდგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, კერძოდ:

„შემოწმებით განხორციელებული დარიცხვები შეიცავს მრავალ უზუსტობას, შეცდომებს და ხარვეზებს. აღნიშნულ გაანგარიშებაში შემმოწმებელს არ აქვს გათვალისწინებული საზოგადოების მიერ სამეურვეო საქმიანობის პროცესში მიმდინარე სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას წამოჭრილი აუცილებელი და გადაუდებელი მომსახურების გაწევისათვის (შენობა-ნაგებობების სახურავებზე მასალების მისაწოდებლად ავტო-ეკრანების დაქირავება, რომელთა მომსახურების ანაზღაურება კონტრაქტორ კომპანიებთან ფაქტობრივად საათობრივად გაწეულ მომსახურების მიხედვით ხდება, ძირითად მწარმოებელი პირის მიერ სალაროდან მიღებული ნაღდი ფულის გადახდით, აგრეთვე შენობების სახურავების შეცვლისა და რემონტის წარმოების პროცესში წამოჭრილი გაუთვალისწინებელი აუცილებელი და გადაუდებელი სამუშაოების შესასრულებლად დამატებითი მასალების შეძენა და აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯების ოპერატიულად გაწევა, რაც მეტწილ შემთხვევებში ფაქტობრივად სამუშაოთა მწარმოებელი პირის მიერ სალაროდან მიღებული ნაღდი ფულის გადახდით ხორციელდება. შემმოწმებელს კი საზოგადოებაში სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობად მხოლოდ განხილული აქვს მხოლოდ ხელფასებად და დივიდენდებად გაცემული თანხები.

კომპანიის საბუღალტრო მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომწოდებლებზე საბანკო ანგარიშსწორებით სულ გადახდილია 994 978,3 ლარი, ხოლო სალაროდან ნაღდი ფულით ანგარიშსწორების გზით კი 126 869 ლარი, სწორედაც ეს უკანასკნელი თანხა - 126 869 ლარი სალაროდან ნაღდი ფულით ანგარიშსწორების გზით ანგარიშვალდებული პირის მიერ მომწოდებელზეა გადახდილი, რაც პრაქტიკულად შემოწმებით განხილული არ არის საზოგადოების სალაროდან ნაღდი ფულის ხარჯვის მოძრაობაში, რამაც შედეგად განაპირობა შემოწმების მონაცემებში სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთების არასწორი გაზრდა, რაც ფაქტობრივ რეალობას არ შეესაბამება.

ამასთანავე, ფინანსური სახსრების უკმარისობის პირობებში, აღნიშნული პირის მიერ საზოგადოების შესაბამის ანგარიშებზე პერიოდულად ხორციელდებოდა გადაუდებელი და აუცილებელი ხარჯების დასაფარავად საჭირო თანხების შეტანა, რომლებიც საზოგადოების მიერ გამოიყენებოდა საჭიროებისამებრ, აღნიშნული გზით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საზოგადოების დამფუძნებლის და სამუშაოთა მწარმოებელი პირის დროებითმა შენატანებმა საზოგადოების საბანკო ანგარიშებზე სულ შეადგინა 64 333 ლარი, რომელიც შემმოწმებლის მიერ გათვალისწინებული უნდა იქნას საზოგადოების სალაროს არაგონივრული ნაშთის გაანგარიშებაში და პრაქტიკულად აღნიშნული თანხით უნდა მოხდეს იმ არაგონივრული ნაშთის შემცირება.“

ამასთან, გადასახადის გადამხდელმა საქმის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ წარმოადგენს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ მტკიცებულებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“-ის (ს/ნ ----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას, კერძოდ, შემოწმებით გაანგარიშებულ ნაღდი ფულის სხვაობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობის სახეა სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები. შემოსავალი ძირითადად მიღებულია ტენდერების გზით, საბანკო ჩარიცხვებით. 2020-2023 წლებში მიღებული შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით შეადგენდა 1 670 977 ლარს, ხოლო გაცემული ხელფასი და დივიდენდი ჯამში 118 625 ლარს. შესამოწმებელ პერიოდზე გაანგარიშდა ნაღდი ფულის მოძრაობა, ბანკიდან გამოტანილ და სალაროთი გაწეულ ხარჯებს შორის დაფიქსირდა სხვაობა, რომელიც აღემატება საწარმოსთვის საჭირო გონივრულ ნაშთს. შესაბამისად, შემოწმების მიერ აღნიშნული სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(9"ბ"), 101(1), 154(1"ა")(2"ა")(3"ა").