ბრძანება N 15387
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15387
01 ივლისი 2024
ბრძანება
უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე "------"-ის (პასპ. №"------")
(მის: "------")
2024 წლის 10 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 ივნისის სხდომაზე (ოქმი №70) განიხილა "------"-ის (პასპ. №"------") №95571/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 13 მაისის №EL250079 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2024 წლის 13 მაისს ჩამოვიდა "--------"-ის საერთაშორისო აეროპორტში. შემოწმებისას აღმოაჩნდა არადეკლარირებული თანხა 157 400 აშშ დოლარი, 160 პოლონური ზლოტი, 655 უკრაინული გრივნა და 210 ლარი. შეუდგინეს ოქმი და სანქციის სახით შეუფარდეს თანხის ჩამორთმევა.
მომჩივნის მითითებით, არის უკრაინიდან ლტოლვილი, მისი საცხოვრებელი ქალაქ "------"-ში განადგურებულია, ხოლო თანხა წარმოადგენს მისი ოჯახის საკუთრებას და განკუთვნილი იყო ბათუმში ბინის შესაძენად. არაერთხელ გადაუკვეთია საზღვარი, თუმცა აღნიშნული სამართალდარღვევა მისთვის პირველი შემთხვევაა.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, რომლითაც სანქციის სახით განესაზღვრება ჩამორთმეული თანხის 10%.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 13 მაისს "--------"-ის საერთაშორისო აეროპორტში რეისით „-------“ ("------") ჩამოფრინდა უკრაინის მოქალაქე "-------" ("-----"; პასპორტის №"-----"). საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ აღნიშნული პირი საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით, რა დროსაც მოხდა მისი შეჩერება მებაჟე-ოფიცრის მიერ. საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას, მომჩივანმა განაცხადა, რომ თან ჰქონდა მხოლოდ 7 400 აშშ დოლარი.
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა "-----"-ს (პასპორტის №"-----") ფიზიკური დათვალიერება, ასევე მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერება, რის შედეგადაც მითითებულ პირს დეკლარირებულ 7 400 აშშ დოლართან ერთად, ხელბარგში აღმოაჩნდა არადეკლარირებული ნაღდი ფული: 160 პოლონური ზლოტი, 655 უკრაინული გრივნა და 210 ლარი, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ასევე აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული/დამალული ნაღდი ფული – 150 000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხის ნაწილი მომჩივანს შემოკრული ჰქონდა წელზე, ნაწილი კი მოთავსებული ჰქონდა ბიუსტჰალტერში. მოცემული დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად, დეკლარირებული და არადეკლარირებული ნაღდი ფულის ოდენობამ შეადგინა 421485.24 ლარი.
ვინაიდან მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის არასწორი დეკლარირებით გადმოტანის ფაქტს, გამოვლენილი სამართალდარღვევისთვის საბაჟო გამშვები პუნქტი „----- -სა და ------ -ის აეროპორტები და "--------" თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 13 მაისს შედგენილ იქნა №EL250079 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც "-----"-ს ("-----"; პასპორტის №"------") დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა საქონლის ჩამორთმევა (ჩამორთმევის ოქმი №69401102154).
მომჩივანი გადაადგილდებოდა დასთან – "------" ერთად, რომლის მხრიდანაც ასევე ჰქონდა ადგილი საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის არასწორი დეკლარირებით გადმოტანის ფაქტს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;
საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, საქონლის რეექსპორტთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:
ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა;
ბ) პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;
გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საგადასახადო კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა არასწორი დეკლარირებით 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანის ფაქტს, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო მის მიერ გადაადგილებული საქონლის (ნაღდი ფულის) დეკლარირების ვალდებულების თაობაზე.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საბაჟო პასუხისმგებლობის ზომების დაწესებისას მხედველობაში მიიღება კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანის მოცულობაც. მოცემულ შემთხვევაში საბაჟო სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული საბაჟო სანქცია შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და ზიანის მოცულობას. ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე გამოყენებული სანქცია თანაზომიერია იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს ადმინისტრაციული ორგანო. ამდენად, პირისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით დაკისრებული სანქცია (საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა) თანაზომიერია ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1."------"ის (პასპ. №"------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, რომლითაც სანქციის სახით განესაზღვრება ჩამორთმეული თანხის 10%.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა მომჩივანის ფიზიკური დათვალიერება, ასევე მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერება, რის შედეგადაც მითითებულ პირს დეკლარირებულ 7 400 აშშ დოლართან ერთად, ხელბარგში აღმოაჩნდა არადეკლარირებული ნაღდი ფული.ვინაიდან მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის არასწორი დეკლარირებით გადმოტანის ფაქტს, მას დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა საქონლის ჩამორთმევა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
163,169.