გადაწყვეტილება №23054/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.06.2024
№ დოკუმენტი 23054/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23054/2/2024

27 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------ი“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,6.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 13.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23054/2/2024).

 

დავის საგანი:

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. შეძენილი საქონლის რეალიზებულად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №021-122 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.04.2024 წლის №8040 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 303 911,09 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 181 676

დღგ - 154 851

საშემოსავლო გადასახადი - 26 825

ჯარიმა - 90 724

საურავი - 31 511,09

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამგზავრო სატრანსპორტო გადაზიდვა. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №021-122 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 10.04.2024 წლის №8040 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 15.12.2016 წელს. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს ტენდერში მონაწილეობის გზით დადებული აქვს ხელშეკრულებები საქართველოს ------- სამინისტროსთან, ქ.----ის მერიასთან და სს „------თან“ (ს/ნ -------) სამგზავრო სატრანსპორტო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით. აღნიშნული მომსახურებების გაწევის შედეგად საზოგადოების მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 528 000 ლარი.

შემოწმების პროცესში განხორციელდა ზემოხსენებულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების ანალიზი. ხელშეკრულებებში მითითებული გასავლელი მანძილის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა საწვავის ის ოდენობა, რომელიც საჭირო იქნებოდა აღნიშნული მომსახურების გაწევისათვის.

დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული სპეც ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით შეძენილი 421 791 ლიტრი სხვადასხვა დასახელების საწვავიდან (ბენზინი, დიზელი) გაუხარჯავია 60%. ასევე გაანალიზდა შემოსავლის ის მოცულობა, რომლის მიღებაც შეეძლო საწარმოს ნაშთად დარჩენილი საწვავის მომსახურებაში გამოყენების შემდეგ. შემოწმების შედეგად, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლები დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136- ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით:

შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა ხელშეკრულებებში მითითებული გასავლელი მანძილის შესაბამისად საწვავის ის ოდენობა, რომელიც საჭირო იქნებოდა სატრანსპორტო მომსახურების გაწევისთვის. შედეგად დადგინა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული სპეც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, შეძენილი საწვავიდან 60% არის გაუხარჯავი. ასევე გაანგარიშდა შემოსავლის ის მოცულობა, რომლის მიღებაც შეეძლო საწარმოს ნაშთად დარჩენილი საწვავის მომსახურებაში გამოყენების შემდეგ.

საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს სხვადასხვა დასახელების საქონელი (სარეცხი მანქანა, აბაზანის ინვენტარი, სხვადასხვა დასახელების მილები, სამშენებლო მასალები, ელემენტები, გაზის გამათბობელი და სხვა). საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამგზავრო სატრანსპორტო გადაზიდვები.

შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ გაწეული დოკუმენტური ხარჯების, მიღებული დოკუმენტური შემოსავლების, წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების მიხედვით გაწეული მომსახურების ხარჯების და არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების მიხედვით განხორციელდა საწარმოში ფულის მოძრაობის ანალიზი. აღნიშნული ანალიზის შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც შემოწმებით განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელის განმარტებით შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა ძირითადად გამოწვეული იმ მიზეზით, რომ შემმოწმებელმა არაპირდაპირი მეთოდით გაიანგარიშა ტენდერის ფარგლებში გაწეული მომსახურებისათვის საჭირო საწვავის ოდენობა და გამოთვალა პროპორცია - რა შემოსავალს იღებდა კომპანია 1 ლიტრი საწვავიდან. ამის შემდგომ კი ტენდერისათვის მის მიერ გაანგარიშებული საწვავის რაოდენობასა და სპეც ფაქტურებით შეძენილ საწვავის რაოდენობას შორის სხვაობაზე გაიანგარიშა ვირტუალური შემოსავალი იმავე პროპორციით, რაც დაადგინა ტენდერით გაწეული მომსახურებისათვის და ეს ვირტუალური შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, დაგვეკისრა შესაბამისი სანქციაც. ცხადია, აღნიშნულ მიდგომას კატეგორიულად არ ვეთანხმებით. გადასახადის გადამხდელი ამ ეტაპზე არ ამახვილებს ყურადღებას ტენდერი ფარგლებში გაწეული მომსახურებისათვის საჭირო საწვავის რაოდენობაზე და საწვავის ზედმეტობის მიზეზებზე, რაზედაც დამატებით წარმოვადგენთ შესაბამის პოზიციას. ამ ეტაპზე კი მოვითხოვთ, რომ საწვავის ზედმეტობის სწორად გაანგარიშებული რაოდენობა უნდა ჩაითვალოს როგორც კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯი და გაუქმდეს მასზე მიღებული ჩათვლები. მითუმეტეს, რომ ზედმეტად მიღებული საწვავის ანაზღაურებაც კი არ ფიქსირდება კომპანიის ფულადი სახსრებით. გამომდინარე აქედან, უნდა მოხდეს აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება ამ ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. განისაზღვრა ხელშეკრულებებში მითითებული გასავლელი მანძილის შესაბამისად საწვავის ის ოდენობა, რომელიც საჭირო იქნებოდა სატრანსპორტო მომსახურების გაწევისთვის. დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული სპეც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, შეძენილი საწვავიდან 60% არის გაუხარჯავი. შესაბამისად, გაანგარიშდა შემოსავლის ის მოცულობა, რომლის მიღებაც შეეძლო საწარმოს ნაშთად დარჩენილი საწვავის მომსახურებაში გამოყენების შემდეგ.

მომჩივანს დავის წარმოების არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და დარიცხული საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. შეძენილი საქონლის რეალიზებულად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შეძენილი აქვს სხვადასხვა დასახელების საქონელი (სარეცხი მანქანა, აბაზანის ინვენტარი, სხვადასხვა დასახელების მილები, სამშენებლო მასალები, ელემენტები, გაზის გამათბობელი და სხვა) სულ 224 614 ლარის ოდენობით. ამასთან, აღნიშნულ საქონელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით სრულად აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა.

შემოწმების შედეგად აღნიშნული საქონელი განხილულ იქნა რეალიზებულად და დაიბეგრა დამატებული ღირებულის გადასახადით. საწარმოს ასევე შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

რეალიზებულად ჩაითვალა და დაიბეგრა კომპანიის მიერ შეძენილი სხვადასხვა დასახელების საქონელი (ძირითადად სამშენებლო-სარემონტო მასალები), იმ მოტივით რომ კომპანიას საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება და არც ამ საქონლის რეალიზაცია ფიქსირდება. შემოწმების პროცესში შემმოწმებლებს წარედგინა კომპანიის მიერ დადებული ხელშეკრულება უძრავი ქონებების სამომავლოდ გრძელვადიანი იჯარის ფორმით გადმოცემის შესახებ, რომლების რემონტი ხორციელდება და დასრულების შემდგომ მოხდება მათი გამოყენება კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობის მიზნით. სწორედ ამ ხელშეკრულებების ფარგლებში მისაღებ ქონებების რემონტზეა გახარჯული ეს მასალები და ამ ნაწილშიც უნდა მოხდეს დარიცხვის გადაანგარიშება.

შემოსავლების სამსახურმა კი საჩივარი განიხილა ჩვენი მონაწილეობის გარეშე, რის გამოც არ მოგვეცა შესაძლებლობა სრულფასოვნად დაგვეცვა ჩვენი პოზიცია და არ გაითვალისწინა ჩვენს მიერ საჩივარში მოყვანილი გარემოებები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია; დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს სხვადასხვა დასახელების საქონელი (სარეცხი მანქანა, აბაზანის ინვენტარი, სხვადასხვა დასახელების მილები, სამშენებლო მასალები, ელემენტები, გაზის გამათბობელი და სხვა).

მომჩივნის განმარტებით, გაფორმებული აქვს ხელშეკრულება უძრავი ქონებების სამომავლოდ გრძელვადიანი იჯარის ფორმით გადმოცემის შესახებ, რომლების რემონტი ხორციელდება და დასრულების შემდგომ მოხდება მათი გამოყენება კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობის მიზნით. სწორედ ამ ხელშეკრულებების ფარგლებში მისაღებ ქონებების რემონტზეა გახარჯული ეს მასალები და ამ ნაწილშიც უნდა მოხდეს დარიცხვის გადაანგარიშება.

მომჩივნის საქმიანობის სფეროს და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომპანიას საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება და არც ამ საქონლის რეალიზაცია ფიქსირდება, ასევე მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და შეძენილი საქონლის რეალიზებულად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №14104 და №28268 ბრძანებების საფუძველზე მომჩივანს ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 20 ივნისის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №33333 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №021-122 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 303 911 ლარის ოდენობით.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა ხელშეკრულებებში მითითებული გასავლელი მანძილის შესაბამისად საწვავის ოდენობა, რომელიც საჭირო იქნებოდა სატრანსპორტო მომსახურების გაწევისთვის. შედეგად დადგინა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული სპეც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, შეძენელი საწვავიდან 60% არის გაუხარჯავი. ასევე გაანგარიშდა შემოსავლის ის მოცულობა, რომლის მიღებაც შეეძლო საწარმოს ნაშთად დარჩენილი საწვავის მომსახურებაში გამოყენების შემდეგ.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლები დაექვემდებარა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას. შედეგად საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

ამასთან,საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს სხვადასხვა დასახელების საქონელი . საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამგზავრო სატრანსპორტო გადაზიდვები.შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ გაწეული დოკუმენტური ხარჯების, მიღებული დოკუმენტური შემოსავლების, წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების მიხედვით გაწეული მომსახურების ხარჯების და არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების მიხედვით განხორციელდა საწარმოში ფულის მოძრაობის ანალიზი. აღნიშნული ანალიზის შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც შემომწებით განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

№021-122 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №8040 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5„ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 ,,ა“.2 „ა“ და „ბ“; 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1);