გადაწყვეტილება №24900/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24900/2/2025
16 აპრილი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,27.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 10.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24900/2/2025).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2020 წლის №002-359 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 24.02.2025 წლის №3201 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 388 864,13 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 248 715
დღგ - 35 361
საშემოსავლო გადასახადი - 213 354
ჯარიმა - 123 136
საურავი - 17 013,13
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სურსათის პროდუქციის შეძენა/რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2020 წლის კამერალური შუალედური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2017 წლიდან 17.11.2020 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული გარდაცვალების მოწმობით დგინდება, რომ საწარმოს დირექტორი და 100%-ნი წილის მფლობელი "-------" გარდაცვლილია და დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრის დადგენა, შესაბამისად, საწარმოს არ ჰყავს უფლებამოსილი პირი. აღნიშნულის გათვალისწინებთ, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავლის 1%-ზე ნაკლებს წარმოადგენდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონელი, ხოლო ჩატარებული მიმდინარე საგადასახადო კონტროლის პროცედურებით შეუძლებელი იყო საქონლის იდენტიფიცირება
გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაიყო ჯგუფებად (თამბაქოს ნაწარმი, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, კვების პროდუქტები, ტკბილეული და სხვა) და აღნიშნულ ჯგუფებზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი (15%).
ამასთან, განხორციელდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. შემოწმებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა მიღებულად, ხოლო გაწეული ხარჯები გადახდილად (დოკუმენტურად გაწეულ ხარჯებს გამოაკლდა კრედიტორებისგან გამოთხოვილი კრედიტორული დავალიანების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის). შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად.
საწარმოს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების შუალედური აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2020 წლის №002-359 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 24.02.2025 წლის №3201 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 6 თებერვალს 13:00 სთზე, გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 145-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, რომ შემოწმების პროცესში საწარმოს დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ფ/პ "-------" არის გარდაცვლილი და საწარმოს არ ჰყავს უფლებამოსილი პირი. შემოწმების მიერ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საქონლის დიდი ნაწილი იყო განადგურებული (მალფუჭებადობის გამო) და აღარ დაიბრუნა უკან დისტრიბუციამ, თუმცა დოკუმენტურად და პროგრამულად, სამწუხაროდ აღნიშნული არ არის ასახული. შესაბამისად შემოსავლების სამსახურში მოითხოვა ფასნამატის პროცენტის შემცირება და დარიცხული თანხების გადაანგარიშება. უნდა გადაანგარიშდეს საშემოსავლო გადასახადის ნაწილი და საქონლის რეალიზაცია უნდა დაიბეგროს 0% ფასნამატით. მომჩივნის პოზიცია არ გაითვალისწინა შემოსავლების სამსახურმა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 24.02.2025 წლის №3201 ბრძანება უკანონოა და უნდა გაუქმდეს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ საწარმოს საგადასახადო ვალდებულები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაიყო ჯგუფებად (თამბაქოს ნაწარმი, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, კვების პროდუქტები, ტკბილეული და სხვა) და აღნიშნულ ჯგუფებზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი (15%), ხოლო შემოწმებით დადგენილი შემოსავალი ხარჯების გამოკლებით ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად.
საჩივარში მითითებულია, რომ საქონლის დიდი ნაწილი იყო განადგურებული (მალფუჭებადობის გამო), თუმცა დოკუმენტურად და პროგრამულად, არ არის ასახული. უნდა შემცირდეს ფასნამატის პროცენტი და საქონლის რეალიზაცია დაიბეგროს 0% ფასნამატით.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 26.03.2025 წლის №------- წერილი, სადაც გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილი არგუმენტებზე მითითებულია, რომ არგუმეტი არის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი. საწარმოს არ აქვს განხორციელებული საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურები.
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, ვინაიდან მომჩივნის განმარტებით არ გააჩნია ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის თაობაზე დოკუმენტაცია და შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს დადასტურება საქონლის ჩამოწერის თაობაზე, საქმის გარემოებები არ იძლევა საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველს.
ამასთან, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი მიიჩნევს,რომ მომჩივნის პოზიცია არ გაითვალისწინა შემოსავლების სამსახურმა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 24.02.2025 წლის №3201 ბრძანება უკანონოა და უნდა გაუქმდეს
ფაქტობრივი გარემოებები
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული გარდაცვალების მოწმობით დგინდება, რომ საწარმოს დირექტორი და 100%-ნი წილის მფლობელი გარდაცვლილია და დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრის დადგენა, შესაბამისად, საწარმოს არ ჰყავს უფლებამოსილი პირი. აღნიშნულის გათვალისწინებთ, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავლის 1%-ზე ნაკლებს წარმოადგენდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონელი, ხოლო ჩატარებული მიმდინარე საგადასახადო კონტროლის პროცედურებით შეუძლებელი იყო საქონლის იდენტიფიცირება. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაიყო ჯგუფებად და აღნიშნულ ჯგუფებზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი. ამასთან, განხორციელდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. შემოწმებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა მიღებულად, ხოლო გაწეული ხარჯები გადახდილად.შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9),101,154.