ბრძანება N 6505

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.03.2024
№ დოკუმენტი 6505
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6505

26 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------ს“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 19 იანვრის და 23 თებერვლის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 29 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №21) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №86917/1/2024 და №87942/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №005-236 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემოწმებამ დაუსაბუთებლად შეცვალა დღგ-ში საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტი (პერიოდი) და სამშენებლო სამუშაოების სახით გაწეული მომსახურების დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების პერიოდად არ მიიჩნია მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის პერიოდი 2020 წლის 9 ოქტომბერი. ამის დასტურად საჩივარს თან ურთავს ხელშეკრულებას, მიღება-ჩაბარების აქტს და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას.

2. არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრული ჯარიმის ოდენობას. აცხადებს, რომ შემოწმებამ დღგ-ში საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტი (პერიოდი) შეცვალა, მაგრამ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმის ნაცვლად გამოიყენა ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული 50%-იანი ჯარიმა. აცხადებს, რომ შემმოწმებელს იმ შემთხვევაშიც კი, რომ სახეზე ყოფილიყო განხორციელებული ოპერაციის პერიოდის შეცვლის საფუძველი, დაშვებული აქვს ტექნიკური შეცდომა, რომლის შედეგად 1 858,5 ლარის ნაცვლად, მომჩივანს ჯარიმის სახით დაეკისრა 9 293 ლარი. თუმცა ჯარიმის დაკისრება საერთოდ არ უნდა მომხდარიყო, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მხრიდან არც საგადასახადო დაბეგვრის პერიოდის შეცვლას და არც გადასახადის შემცირებას ადგილი არ ჰქონია.

3. არ ეთანხმება მომსახურების გამწევ ფიზიკურ პირებზე გადახდილი ანაზღაურების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ შემოწმების აქტში მითითებული არ არის კონკრეტული ფიზიკური პირები და საბანკო ტრანზაქციები, რომელთა მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა საგადასახადო აგენტის ვალდებულება.

4. არ ეთანხმება სალაროს ნაშთის ოდენობას. აცხადებს, რომ ნაღდი ფულის უძრავი ნაშთის არარსებობას ადასტურებს საწარმოს მთლიანი ფულადი სახსრების მოძრაობის ბალანსი, რომლის თანახმად, საწარმოს წინა შემოწმების შედეგებისა და სადავო შემოწმებული პერიოდის შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით თავისუფალი ფულადი სახსრები არ რჩება იმ ოდენობით, რომ საჭირო გახდეს მისი განაცემად დაკვალიფიცირება. აცხადებს, რომ შემოწმებას სრულყოფილად არ გადაუმოწმებია ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები და ბუღალტრული გატარებები (არსებული პირველადი დოკუმენტაციის საფუძველზე), ასევე არ არის გათვალისწინებული წინა საგადასახადო შემოწმების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივლისის №16010 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 26 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 27 დეკემბრის №33374 ბრძანება და ამავე თარიღის №005-236 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 162 756 ლარი, მათ შორის, გადასახადი 79 122 ლარი, ჯარიმა 49 404 ლარი, საურავი 34 230 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1-2. საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულება სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ბიუჯეტში გადახდილი თანხების ოდენობა), ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, მიღებაჩაბარების აქტები, ფორმა 2-ები). შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა 2020 წელს გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. კერძოდ, ანალიზით დადგინდა, რომ 2020 წლის 14 სექტემბერს საწარმოსა და სსიპ ------- შორის გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტი 1 921 923 ლარის სამუშაოს შესრულებაზე. აქედან 1 523 370.9 ლარი დაბეგრილია შესამოწმებელ პერიოდამდე. საწარმოს 2020 წლის ოქტომბერში დაბეგრილი აქვს სექტემბრის თვეში შესრულებული მომსახურება. შედეგად, საგადასახადო შემოწმების მიერ პირის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2020 წლის სექტემბრის თვეში 103 252 ლარით გაიზარდა, ხოლო 2020 წლის ოქტომბრის თვეში შემცირდა. პირს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ შემოსავალს შორის. კერძოდ, 2022-2023 წლებში ბუღალტრულად აღრიცხულია, აგრეთვე, საბანკო ამონაწერებით გაცემულია, თუმცა არ არის დეკლარირებული ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი თანხები, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

4. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით, სალაროში მუდმივად უფიქსირდება ნაღდი ფულის მზარდი თანხობრივი ნაშთი. ამასთან, სააღრიცხვო მონაცემებით დგინდება, რომ პირს სალაროში აქვს მიღებული მცირე ოდენობით შემოსავალი, ხოლო საქონლისა და მომსახურების მომწოდებლებისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი აქვს თანხები. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად, შემოწმების მიერ სალაროს გონივრულ ნაშთად განხილულ იქნა საწარმოს წლიური საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის (ჯამურად) მეათედი, ხოლო თვის გონივრულ ფულად ნაშთზე მეტი თანხა მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, მინიმალური უძრავი ნაშთი დაიბეგრა შესამოწმებელი პერიოდის პირველ საანგარიშო პერიოდში, ხოლო არაგონივრული ნაშთის დარჩენილი ოდენობა გადახდის წყაროსთან დაიბეგრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ და მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.ა) არაუგვიანეს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის მომენტისა, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“–„ა.ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ა.ბ.გ) არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ მომსახურების გაწევა ხდება რეგულარულად ან უწყვეტად;

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა 2-ები). შედეგად გამოვლინდა სხვაობა 2020 წელს გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. კერძოდ, დადგინდა, რომ საწარმოსა და სსიპ ------- შორის გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტი 2020 წლის 14 სექტემბერს 1 921 923 ლარის სამუშაოს შესრულებაზე. საწარმოს 2020 წლის ოქტომბერში დაბეგრილი აქვს სექტემბრის თვეში შესრულებული მომსახურება. შედეგად, საგადასახადო შემოწმების მიერ 2020 წლის სექტემბრის თვეში 103 252 ლარით გაიზარდა, ხოლო 2020 წლის ოქტომბრის თვეში შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოს ან მისი ნაწილის მიღება–ჩაბარება ხორციელდება შსა-ს საფუძველზე მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ან მისი ნაწილის მოცულობის შესაბამისად. თუ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სამუშაოების დასრულების ვადად ჩაითვლება ხელშეკრულების ზოგადი პირობების შესაბამისად მიმწოდებლის მიერ სამუშაოების დასრულების შესახებ შეტყობინების თარიღი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილ საჩივრებში გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმებამ დღგ-ში საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტი (პერიოდი) შეცვალა, მაგრამ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმის ნაცვლად გამოიყენა ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული 50%-იანი ჯარიმა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საგადასახადო შემოწმების აქტში ტექნიკური ხარვეზის გამო ჯარიმა გავრცელებულია არასწორად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლებს სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა, საბანკო ამონაწერები, არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებთან მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებები და სხვა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ შემოსავლებს შორის. კერძოდ, 2022-2023 წლებში ბუღალტრულად აღრიცხულია, აგრეთვე, საბანკო ამონაწერებით გაცემულია, თუმცა არ არის დეკლარირებული ფიზიკურ პირებზე, ------- (პ/ნ -------), ------- (პ/ნ -------), ------- (პ/ნ -------) და ------- (პ/ნ -------) მომსახურებისათვის გადახდილი თანხები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. დამატებით აღსანიშნავია, რომ 2023 წელს გადასახადის გადამხდელის მიერ მომსახურების გაწევაზე გადახდილი თანხების ნაწილი ასახული იყო ხელფასის სახით განაცემში. საგადასახადო შემოწმების მიერ შემცირდა ხელფასის სახით განაცემის ოდენობა 10 213 ლარით და გაიზარდა მომსახურების გაწევის ანაზღაურებისას გადახდის წყაროსთან დასაბეგრი თანხა 24 043 ლარით. ჯამში 2023 წელს არარეგისტრირებული ფიზიკური პირების მიერ მომსახურების გაწევისთვის გადახდილ თანხებზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი გაიზარდა 2 766 ლარით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით, სალაროში მუდმივად უფიქსირდება ნაღდი ფულის მზარდი თანხობრივი ნაშთი. ამასთან, სააღრიცხვო მონაცემებით დგინდება, რომ პირს სალაროში აქვს მიღებული მცირე ოდენობით (3 000 ლარი) შემოსავალი, ხოლო საქონლისა და მომსახურების მომწოდებლებისათვის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი აქვს თანხები. შემოწმების მიერ სალაროს გონივრულ ნაშთად განხილულ იქნა საწარმოს წლიური საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის მეათედი, ხოლო თვის გონივრულ ფულად ნაშთზე მეტი თანხა მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, მინიმალური უძრავი ნაშთი დაიბეგრა შესამოწმებელი პერიოდის პირველ საანგარიშო პერიოდში, ხოლო არაგონივრული ნაშთის დარჩენილი ოდენობა გადახდის წყაროსთან დაიბეგრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საწარმოს გამოუვლინდა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია საბუღალტრო პროგრამა „ორისი“ და დირექტორის მიერ ხელმოწერილი ბრუნვითი უწყისები, გათვალისწინებულია 2017 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების და გადაანგარიშების მონაცემები და მეთოდური მითითების შესაბამისად, გონივრული ნაშთის გაანგარიშებაზე და ფულის ნაშთების კვალიფიკაციის განსაზღვრამდე ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების გადამოწმებით დადგენილია სალაროში ნაღდი ფულის ბუღალტრული ნაშთი (ანგარიშვალდებულ პირებზე რიცხული თანხების ჩათვლით). არაგონივრული ნაშთის გაანგარიშებაში მონაწილეობას არ იღებს 3160 ანგარიშზე (ვალდებულებები საწარმოს პერსონალის წინაშე) საწყის ნაშთად არსებული 560 000 ლარი. დამატებით აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გაანალიზდა საწარმოს მთლიანი ფულადი სახსრების მოძრაობა. შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2020 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდის შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით რჩება იმ ოდენობის თავისუფალი ფულადი სახსრები, რაც შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი არ ეთანხმება

1. შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემოწმებამ დაუსაბუთებლად შეცვალა დღგ-ში საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტი (პერიოდი).

2. დღგ-ში განსაზღვრული ჯარიმის ოდენობას.

3. მომსახურების გამწევ ფიზიკურ პირებზე გადახდილი ანაზღაურების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

4. სალაროს ნაშთის ოდენობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1-2. საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულება სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში. შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა 2020 წელს გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. საწარმოს 2020 წლის ოქტომბერში დაბეგრილი აქვს სექტემბრის თვეში შესრულებული მომსახურება. შედეგად, საგადასახადო შემოწმების მიერ პირის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2020 წლის სექტემბრის თვეში გაიზარდა, ხოლო 2020 წლის ოქტომბრის თვეში შემცირდა. პირს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ შემოსავალს შორის. კერძოდ, 2022-2023 წლებში ბუღალტრულად აღრიცხულია, აგრეთვე, საბანკო ამონაწერებით გაცემულია, თუმცა არ არის დეკლარირებული ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი თანხები, რაც დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

4. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით, სალაროში მუდმივად უფიქსირდება ნაღდი ფულის მზარდი თანხობრივი ნაშთი. ამასთან, სააღრიცხვო მონაცემებით დგინდება, რომ პირს სალაროში აქვს მიღებული მცირე ოდენობით შემოსავალი, ხოლო საქონლისა და მომსახურების მომწოდებლებისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი აქვს თანხები. შემოწმების მიერ სალაროს გონივრულ ნაშთად განხილულ იქნა საწარმოს წლიური საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის (ჯამურად) მეათედი, ხოლო თვის გონივრულ ფულად ნაშთზე მეტი თანხა მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მინიმალური უძრავი ნაშთი დაიბეგრა შესამოწმებელი პერიოდის პირველ საანგარიშო პერიოდში, ხოლო არაგონივრული ნაშთის დარჩენილი ოდენობა გადახდის წყაროსთან დაიბეგრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება; დანარჩენ ნაწილში შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 275; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 161