გადაწყვეტილება №26591/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.02.2026
№ დოკუმენტი 26591/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26591/2/2026

23 თებერვალი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ----- (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 19.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ----- 06.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 26591/2/2026).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.10.2025 წლის N 25712/2/2025 (03.11.2025წ. 03/77316) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 04.02.2026 წლის N 024-5 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 152 001.73 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 98 089.15 ლარი;

საშემოსავლო გადასახადი - 96 621.26 ლარი;

ქონების გადასახადი - 1 467.89 ლარი;

ჯარიმა - 34 383.10 ლარი;

საურავი - 19 529.48 ლარი;.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საერთაშორისო გადაზიდვა, მეწარმე ფლობს რამდენიმე როგორც გამწევ, ისე მისაბმელის ტიპის სატვირთო ავტომობილს.

აუდიტის დეპარტამენტის 05.05.2025 წლის N 8758 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მეწარმის საქმიანობის, 31.03.2022 წლიდან 01.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა რომ:

საბაჟო დეკლარაციების საფუძველზე მეწარმეს უფიქსირდება სატრანსპორტო მომსახურების გაწევა, კერძოდ, ტვირთის გადაზიდვა ისეთი საბაჟო პროცედურებით როგორიცაა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, ტრანზიტი, საწყობი, სხვა და რეექსპორტი.

ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს და საერთაშორისო გადაზიდვის ფარგლებში განხორციელებული მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებს წარადგენდა სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის დეკლარაციით, რომლის მიხედვითაც 03.03.2022 წლიდან 01.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდებზე, უფიქსირდება შემოსავალი 968 403 ლარის ოდენობით. შემოწმების მიმდინარეობისას, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია საბანკო ამონაწერები და ექსელის ცხრილები, რომელიც მოიცავდა განხორციელებული საერთაშორისო გადაზიდვების შესახებ მონაცემებს, კერძოდ: რეისის რაოდენობებს, განვლილ მანძილსა და საწვავის გახარჯვის მონაცემებს.

გადასახადის გადამხდელს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, სრულად არ უფიქსირდება პირველადი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ, საწვავის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი/ქვითრები და არც მატერიალური ფორმით არ წარდგენილა შემოწმების მიმდინარეობისას. ასევე, ძირითად საშუალებად აღრიცხული სატრანსპორტო საშუალებები შემოყვანილია იმპორტის გზით, რაზედაც მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე, 88-ე, 111-ე მუხლების, ასევე „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის N 415 დადგენილების და ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის N 32 დადგენილების მე-13 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების გათვალისწინებით, საერთაშორისო გადაზიდვის ფარგლებში მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა წლიური საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დეკლარირებას. გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 2022 წელს შეადგინა 58 694 ლარი, 2023 წელს 309 090 ლარი, ხოლო 2024 წელს 495 017 ლარი.

ასევე, შემოწმების მიმდინარეობისას, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან განხორციელდა ხარჯის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტების გამოყენებით. ამასთან, ვინაიდან საწვავის ხარჯის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები შემოწმების მიმდინარეობისას არ წარდგენილა, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლები საწვავის ხარჯის ნაწილში დაეყრდნენ როგორც აუდირებულ მონაცემებს, ისე გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებულ ცხრილებს, ხოლო არსებითი სხვაობა ამ ორ მონაცემს შორის არ გამოვლენილა. შესაბამისად, ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ საწვავის ხარჯმა 100 კმ.-ზე საშუალოდ შეადგინა 45 ლიტრი. ამასთან, ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ძირითადი საშუალების ხარჯის ნაწილში საამორტიზაციო ანარიცხებმა, ჯგუფი 1-ის შესაბამისად, შეადგინა 20%.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შემცირებულია მცირე ბიზნესის ნაწილში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის ოდენობა, რაც შეადგენს 9 684 ლარს, ხოლო შემოწმების შედეგად განისაზღვრა წლიური საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის ოდენობა. შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 30.06.2025 წლის N 14251 ბრძანება და ამავე თარიღის N 024 - 38 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.08.2025 წლის N 18307 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 16.10.2025 წლის N 25712/2/2025 (03.11.2025წ. 03/77316) გადაწყვეტილებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 13.08.2025 წლის N 18307 ბრძანება; აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მიერ წარდგენილი შპს ----- 04.09.2025 წლის „ი/მ ----- კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების მიერ მოხმარებული საწვავის აუდიტის შესახებ“ საექსპერტო დასკვნის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 28.01.2026 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 04.02.2026 წლის N 2236 ბრძანება და ამავე თარიღის N 024-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

სამწუხაროდ აუდიტის დეპარტამენტმა არ აღასრულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და იგივე საფუძვლებით, რაც შემოწმების აქტში იყო მითითებული უცვლელად დატოვა დარიცხული თანხები. შემმოწმებელმა საერთოდ არ იმსჯელა შპს ----- 04.09.2025 წლის საექსპერტო დასკვნაზე, რომლის თანახმად საწვავის ხარჯმა შემმოწმებლის მიერ 100 კმ-ზე საშუალოდ დადგენილი 45 ლიტრის გარდა, მეწარმის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, 100 კმ-ზე დამატებით შეადგენს 15-20 ლიტრს. შესაბამისად ითხოვს განმეორებით დაევალოს აუდიტის დეპარატმენტს შეისწავლოს ზემოაღნიშნული დასკვნა და თუ არ იზიარებს დასკვნაში მითითებულ ციფრებს კონკრეტულად დაასაბუთოს 100 კმ-ზე საშუალოდ დადგენილი 45 ლიტრის გარდა, რაც შემოწმებით იქნა დადგენილი, რატომ არ გაითვალისწინა დასკვნაში მოყვანილი მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მეწარმის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, 100 კმ-ზე საწვავის ხარჯი დამატებით შეადგენს 15-20 ლიტრს.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბჭოს 16.10.2025 წლის N 25712/2/2025 (03.11.2025წ. 03/77316) გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი შპს ----- 04.09.2025 წლის „ი/მ ----- კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების მიერ მოხმარებული საწვავის აუდიტის შესახებ“ საექსპერტო დასკვნის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის 28.01.2026 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ:

გადასახადის გადამხდელის მიერ დავების რეჟიმში წარდგენილია შპს ----- საექსპერტო დასკვნა მეწარმის კუთვნილი მხოლოდ სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალებების მიერ მოხმარებული საწვავის შესახებ. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, სპეციალიზებული (რეფრეჟერატორი) სატრანსპორტო საშუალებები მუშაობენ დამოუკიდებლად ფუნქციონირებად ძრავაზე და გარემო პირობების, დაუტვირთავი/დატვირთვის მოცულობის და ტვირთის სახეობების შესაბამისად მოიხმარს საწვავს 10-დან 60 ლიტრამდე ყოველ 100 კმ-ზე. ამასთან, ექსპერტიზა მოიცავს ცხრილს და დასკვნას გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ, სადაც მითითებულია, რომ საწვავის საშუალო ხარჯი ყოველ 100 კილომეტრზე თითოეული სატრანსპორტო საშუალებისთვის შეადგენს 15-20 ლიტრამდე მონაცემს. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებულ იქნა ცხრილები მის მიერ გაწეული საწვავის ხარჯის შესახებ, რითაც დგინდებოდა თითოეული გადაზიდვის ფარგლებში განხორციელებულ გადაადგილების შესახებ კილომეტრაჟი, გახარჯული საწვავის შესახებ მონაცემები და ღირებულება, რაც თავის მხრივ მოიცავდა როგორც გამწევი, ისე მისაბმელის (რეფრეჟერატორი) ტიპის სატრანსპორტო საშუალებების მიერ მოხმარებული საწვავის შესახებ მონაცემებს. აღნიშნული გადაზიდვების შესახებ მონაცემები შედარებულ იქნა საზღვრის კვეთისა და საბაჟო პროგრამის „ASICYDA“-ს ბაზურ მონაცემებთან გადაზიდვის პერიოდების, სატრანსპორტო საშუალებების სახისა და გადაზიდვის ოდენობების ჭრილში. შემოწმების მიმდინარეობისას, ვინაიდან არ დგინდებოდა არსებითი სხვაობა აუდირებულ მონაცემებსა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ცხრილს - საწვავის ხარჯის შესახებ მონაცემებს შორის, შემოწმება დაეყრდნო გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებულ მონაცემებს, რაც თავის მხრივ მოიცავდა საწვავის ხარჯს სრულად. გარდა აღნიშნულისა, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საწვავის ხარჯის მოცულობები არის იმ დიაპაზონში, რაც წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნის ნაწილში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არ არსებობის გამო, საგადასახადო ვალდებულება არ დაექვემდებარა დამატებით კორექტირებას (შემცირებას).

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ექსპერტის დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ სპეციალიზებული (რეფრეჟერატორი) სატრანსპორტო საშუალება არის დამოუკიდებელი წყარო და საწვავს მოიხმარს დამოუკიდებლად. ითხოვს განმეორებით დაევალოს აუდიტის დეპარატმენტს შეისწავლოს ზემოაღნიშნული დასკვნა და თუ არ იზიარებს დასკვნაში მითითებულ ციფრებს კონკრეტულად დაასაბუთოს 100 კმ-ზე საშუალოდ დადგენილი 45 ლიტრის გარდა, რატომ არ გაითვალისწინა დასკვნაში მოყვანილი მსჯელობა.

მომჩივნის არგუმენტზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საწვავის ხარჯი რაც გაითვალისწინა, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ხარჯის მოცულობაა, რომელიც შედარდა სხვა აუდირებულ მონაცემს, ვინაიდან არსებითი სხვაობა ამ ორ მონაცემს შორის არ გამოვლინდა, შემოწმება დაეყრდნო გადასახადის გადამხდელის მიწოდებულ მონაცემს და სრულად გაითვალისწინა საწვავის ხარჯი, მათ შორის სპეციალიზებული (რეფრეჟერატორი) სატრანსპორტო საშუალების საწვავის ხარჯი. გარდა აღნიშნულისა, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საწვავის ხარჯის მოცულობები არის იმ დიაპაზონში, რაც წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნის ნაწილში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არ არსებობის გამო, საგადასახადო ვალდებულება არ დაექვემდებარა დამატებით კორექტირებას (შემცირებას).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 16.10.2025 წლის N 25712/2/2025 (03.11.2025წ. 03/77316) გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

მომჩივანის კამერალურ საგადასახადო შემოწმებისას დადგინდა, რომ მიღებულ შემოსავლებს იგი ასახავდა სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით, თუმცა საწვავის ხარჯის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები არ ჰქონდა წარმოდგენილი. საგადასახადო ორგანომ ხარჯები განსაზღვრა ანალიზის საფუძველზე, შეამცირა მცირე ბიზნესის რეჟიმით დეკლარირებული თანხა და დაარიცხა დამატებითი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

მეწარმემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა. დავების საბჭომ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დაავალა საკითხის ხელახალი შესწავლა, თუმცა საბოლოოდ საგადასახადო ვალდებულება არ შემცირდა, რის შემდეგაც დავა კვლავ გაგრძელდა.

 

გადაწყვეტილება:

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 73; 269 (7); 275;.