ბრძანება N 21010
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21010
25 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 28 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №88) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 აგვისტოს №20055/2/2023 გადაწყვეტილებით არსებითად განსახილველად გადმოგზავნილი შპს „-------“ (ს/ნ -------) №80656/1/2023 საჩივარი, საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №EL207794, №EL207790, 28 აპრილის №EL207855 და №EL207856 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ნაწილში
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მომჩივანმა 2022 წლის 6 დეკემბერს შემოიყვანა 20 ერთეული ტრაქტორი რომლის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 147,784.00 აშშ დოლარი, 2022 წლის 21 დეკემბერს კი შემოიტანა 11 ერთეული ტრაქტორი ჯამური ღირებულებით 130,376.00 აშშ დოლარი. აღნიშნული ტექნიკა იმპორტისას არ მოხვდა „მწვანე დერეფანში“ და განესაზღვრა „ყვითელი დერეფანი“, რაც გულისხმობს დეკლარირების დასრულებას დამატებული ღირებულების წინასწარი გადახდით და კომპანია ვერ სარგებლობს ხაზინაში არსებული აქტივით. 2022 წლის აპრილის შემდგომ უფიქსირდებოდა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი აქტივი - ზედმეტობა, რისი დაგროვებაც გამოიწვია წარსულში იმპორტირებულ საქონელზე დარიცხული დღგ-ს ბიუჯეტში გადარიცხვამ, რადგან იმპორტირებული საქონელი არ ხვდებოდა „მწვანე დერეფანში“ და ტექნიკის თავისუფალი მიმოქცევის რეჟიმში გაშვებამდე კომპანია ბიუჯეტში წინასწარ იხდიდა დღგ-ს.
ამ პერიოდში საბანკო ანგარიშებზე მომჩივანს ფინანსური სახსრების დეფიციტი გაუჩნდა, რადგან კომპანიას ჰქონდა დიდი ოდენობით გაუთვალისწინებელი ხარჯები. შესაბამისად, კომპანიამ ვერ გადაიხადა დამატებული ღირებულების გადასახადი, რომელიც დაახლოებით შეადგენდა 135,000.00 ლარს. კომპანიამ გადაწყვიტა გაეხანგრძლივებინა დეკლარირების ვადები (გაატარა პირსის პროგრამაში), რაც გულისხმობს დეკლარირებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის გაგრძელებას მომსახურების საფასურის გადახდით, იმ იმედით, რომ ამ პერიოდში კომპანია შეძლებდა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობიდან გარკვეული თანხის დაბრუნებას, რათა გასჩენოდა ფინანსური შესაძლებლობა გაეიმპორტებინა ტრაქტორები. თუმცა კომპანიამ, ზემოთ უსახსრობის გამო და იმის გამოც, რომ იმ პერიოდში ზედმეტობაზე არსებული თანხების დაბრუნებაზე შემოსავლების სამსახურის მიერ უარი ეთქვა, კვლავ ვერ მოახერხა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში (60+30 კალენდარული დღეში) ტექნიკის გაიმპორტება დამატებით 30 დღიან პერიოდშიც, რაც გულისხმობს 5 ლარის გადახდას თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო ვინაიდან მომჩივნის მხრიდან დარღვეული იყო დეკლარირების ვადები შეეფარდა ჯარიმები 1,000.00 – 1,000.00 ლარის ოდენობით თითოეულ ტრაქტორზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმებით და ასევე, დაეკისრა საურავები ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.05%-ის ოდენობით. ამ პერიოდში კომპნიის მიერ არაერთხელ მოხდა განაცხადის წარდგენა შემოსავლების სამსახურში ზედმეტობაში არსებული თანხის დაბრუნების მოთხოვნით, თუმცა თანხა 2023 წლის 24 აპრილამდე არ დაბრუნებია. 2023 წლის 24 აპრილს კომპანიას დაუბრუნდა თანხა და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო განსაბაჟებელი საქონლისთვის საჭირო თანხის გენერირება და მხოლოდ ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხის მეშვეობით მოხდა ტრაქტორების დეკლარირება/გაიმპორტება.
ყოველივე აღნიშნულზე მითითებით ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტებით დაკისრებული სანქციები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, 2022 წელს შპს „-------“ მიერ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებების (ტრაქტორები: ს/ნ -------, ს/ნ -------, ს/ნ -------, ს/ნ -------) ზოგადი დეკლარირება. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებს დეკლარირების ბოლო ვადად განესაზღვრა 2023 წლის 19 თებერვალი.
ვინაიდან, შპს „-------“ მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, რუსთავის გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ, 2023 წლის 27 და 28 აპრილს შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით (№EL207794, №EL207790, №EL207855, №EL207856) შპს „-------“ დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 1 000 ლარის ოდენობით. ასევე, გამოიცა შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნები, რომლებითაც შპს „-------“ საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით იმპორტის გადასახდელებზე დაერიცხა საურავი.
სატრანსპორტო საშუალებები (ს/ნ -------, ს/ნ -------, ს/ნ -------,ს/ნ -------) მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციებით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში
ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3- ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის, დეკლარირების ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გაგრძელება შესაძლებელია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით, არა უმეტეს 30 კალენდარული დღით.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალებების დეკლარირების ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებულიო პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი ითხოვს სადავო აქტებით დაკისრებული სანქციების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაციის მიერ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებების (ტრაქტორები) ზოგადი დეკლარირება.
ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, რაზეც შედგენილი იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები. ორგანიზაციას დაეკისრა საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა თითოეული ოქმით 1 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(1); 165;