გადაწყვეტილება №21742/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21742/2/2023
04 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,23.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ -ის “ 28.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21742/2/2023).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის №006-488 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №30925 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 15 077 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 11 635
დღგ - 11 293
საშემოსავლო გადასახადი - 293
ქონების გადასახადი - 49
ჯარიმა - 3 000
საურავი - 442
ფაქტების აღწერა
მომჩივნის საქმიანობაა სარესტორნო მომსახურება, საქმიანობის განხორციელების ადგილია "-------"-ში საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 6 ივლისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 2022 წლის 10 ნოემბერს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ივლისის №18435 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2020 წლის 6 ივლისიდან 2023 წლის 1 აგვისტომდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 სექტემბრის
საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 21 179 ლარს. არ არის გამოწერილი პირველადი დოკუმენტები, ანგარიშსწორება ხდება როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია სარეალიზაციო პროდუქტის კალკულაციის დოკუმენტები, ასევე მენიუ, სადაც მითითებულია სარეალიზაციო ფასები დღგ-ის ჩათვლით. თვითღირებულებისა და სარეალიზაციო ფასების ანალიზით დადგინდა ფასნამატი ჯგუფების მიხედვით (პროდუქცია - 246%, ალკოჰოლური სასმელები - 273.73%, უალკოჰოლო სასმელები - 183.55%). აღნიშნული ფასნამატის გავრცელება მოხდა როგორც შეძენილ საქონელზე, ასევე ბუღალტრული მონაცემების მიხედვით ლიკვიდაციის დროისთვის არსებულ ნაშთზე. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ოქტომბრის №24517 ბრძანება და 5 ოქტომბრის №006-488 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 15 077 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 6 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 11 დეკემბრის №30925 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
სალიკვიდაციო შემოწმებასთან დაკავშირებით, მომჩივნის მიერ 2023 წლის 3 აგვისტოს აუდიტორებისთვის წარდგენილ იქნა ახსნა-განმარტება კომპანიის საქმიანობის შესახებ. ახსნაგანმარტებაში მიუთითეს, რომ ფასნამატი შეადგენს 300%. მიუხედავად იმისა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტორებისთვის წარდგენილ იქნა ყველა პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, აუდიტორების მიერ კომპანიის ყველა რეალიზაციის ფასნამატი გადაანგარიშებულ იქნა 300%-ან ფასნამატამდე.
საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს სარესტორნე მომსახურება, რომელიც დაიწყო 2022 წლის ნოემბერში. კომპანიის თავდაპირველი სტრატეგიით პროდუქციის სარეალიზაციო ფასი განისაზღვრებოდა თვითღირებულებაზე 300%-ანი ფასნამატით. მომხმარებლების ნაკლებობის გამო საწარმოს ფინანსური მიზნები და მოლოდინები არ გამართლდა. შესაბამისად, იძულებული გახდნენ შეემცირებინათ 300%-ანი ფასნამატი, რათა მიეზიდათ მომხმარებლები და ობიექტი გამხდარიყო ცნობადი და მიმზიდველი. აქედან გამომდინარე, რეალური ფასნამატი შეადგენდა შემოწმების აქტით განსაზღვრულზე ოთხჯერ ნაკლებს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ კომპანიის რეალური შემოსავლები სრულად არის ასახული საბუღალტრო ჩანაწერებში და დეკლარირებულია შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის გამოწერილი პირველადი დოკუმენტები. კომპანია ანგარიშსწორებას ახორციელებს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. მომჩივნის მიერ წარდგენილია სარეალიზაციო პროდუქტის კალკულაციის დოკუმენტები და მენიუ, სადაც მითითებულია სარეალიზაციო ფასები დღგ-ის ჩათვლით. საგადასახადო ორგანოს მიერ ფასნამატი დადგინდა ჯგუფების მიხედვით, რომელიც გავრცელდა როგორც შეძენილ საქონელზე, ასევე ბუღალტრული მონაცემების მიხედვით ლიკვიდაციის დროისთვის არსებულ ნაშთზე.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ივლისის №18435 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2020 წლის 6 ივლისიდან 2023 წლის 1 აგვისტომდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება.თვითღირებულებისა და სარეალიზაციო ფასების ანალიზით დადგინდა ფასნამატი ჯგუფების მიხედვით.აღნიშნული ფასნამატის გავრცელება მოხდა როგორც შეძენილ საქონელზე, ასევე ბუღალტრული მონაცემების მიხედვით ლიკვიდაციის დროისთვის არსებულ ნაშთზე. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),136,158,159,163,164.